"სიზმარში ხშირად ვხედავ, რომ ჩემს საყვარელ პარტნიორთან სექსი მაქვს" - გზაპრესი

"სიზმარში ხშირად ვხედავ, რომ ჩემს საყვარელ პარტნიორთან სექსი მაქვს"

სახელი, გვარი: მარკუს მეტრეველი.

ასაკი: 38 წლის:

განათლება: დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (მოდელირების ფაკულტეტი) და მუსიკალური აკადემია საბერძნეთში.

ამჟამინდელი საქმიანობა: სიმღერა, დიზაინერობა. ასევე, 10 წელზე მეტია, პედაგოგია (სხვადასხვა სამოდელო სააგენტოში ასწავლის მოდის ისტორიას, დეფილეს, სასცენო ხელოვნებას და ფოტოგრაფიას). ჰყავს 300-მდე სტუდენტი.

ჰობი: მოგზაურობა.

ცხოვრების დევიზი: "ნუ დაემორჩილები შენს კომპლექსს, არამედ დაიმორჩილე იგი".

- მარკუს, თქვენი პიროვნული თვისებებიდან რომელი გეამაყებათ ყველაზე მეტად?

- ჩემთვის ერთგულება ყველაზე დასაფასებელია. ვფიქრობ, ამით მეც შემიძლია ვიამაყო, ძალიან ერთგული ადამიანი ვარ და ამ გზიდან არასოდეს გადავუხვევ... რა თქმა უნდა, ასევე დავასახელებ უფლის დიდებას, უფალთან ახლოს ცხოვრებას, არსებობას...

- ადამიანებს იოლად უმეგობრდებით?

- ვერა, რადგან დღეს გაფუჭდა "მეგობრობის ინსტიტუტი" - ადამიანების ნაკლებად მჯერა. ამიტომ ვიდრე ვინმეს "მეგობარს" დავარქმევ, ის ადამიანი რამდენიმე ეტაპს გადის. შემდეგ შეიძლება, ჩემს მეგობრად ვაღიარო. ისე, ჩემთან მეგობრობა რთულია.

- თქვენთვის ცუდი განწყობის უებარი წამალი რა არის?

- რასაკვირველია, უმთავრესი მუსიკაა, ასევე - შოპინგი. როდესაც ცუდ განწყობაზე ვარ, თავს ყოველთვის ამით ვიხალისებ: ან ვმღერი, ან - მუსიკას ვუსმენ, ან - ვშოპინგობ.

- თქვენი ფავორიტი დიზაინერები ვინ არიან?

- ალექსანდრ მაკქუინი, ტიერი მიუგლერი და ჟან-პოლ გოტიე. ქართველებიდან ძალიან მომწონს ავთანდილის ხედვა (მისი ბოლო კოლექციები ჩემთვის საინტერესოა), ფატუნა ბუშიჰედი, ალექსანდრე არუთინოვი, ხატკო (რომლის "ლუქსაც" ყოველდღიურად ხშირად ვიყენებ) და საკუთარი თავი (იცინის).

- თქვენი შექმნილი სამოსი ხშირად გაცვიათ?

- საკუთარი თავი ამიტომ ვახსენე: როდესაც სცენაზე გამოვდივარ, ჩემი შექმნილი სამოსი მაცვია ხშირად.

- ცხოვრებაში თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?

- იმას, რომ ვფიქრობ, კარგი ადამიანი ვარ - ეს ჩემთვის უპირატესია და რა თქმა უნდა, ჩემს ორ შვილს, რომელიც ღმერთმა მაჩუქა.

- ბავშვები უხერხულ შეკითხვებს გისვამენ ხოლმე?

- პატარა ასაკის ბევრი მოსწავლე მყავს. მათ ბევრი უხერხული შეკითხვა დაუსვამთ. მაგალითად, ასეთ შეკითხვებს ჩემი სიმღერის - "ბავშვი" გამოსვლამდეც მისვამდნენ. მერე ვეუბნებოდი, - სიმღერა უკვე გამოსულია, ბავშვებო, შეგიძლიათ, მშობლებთან ერთად დასხდეთ და განიხილოთ, საიდან ჩნდებით, ტყუილში რომ არ იცხოვროთ-მეთქი (იცინის). შესაბამისად, ეს სიმღერა იმიტომ ჩავწერე, რომ პოსტსაბჭოთა გადმონაშთიდან, ყველა რომ გვატყუებდა - წერომ მოგიყვანათ, ბაზარში გიპოვეთო, ტყუილზე დაფუძნებული "სიმართლე" არასოდეს მომწონდა. მე და გია ნიკოლაძემ იუმორი და რეალობა "ჩავრთეთ". რა თქმა უნდა, ახალი ვერსიით უნდა გამოვუშვა, მაგრამ სხვათა შორის, თავის დროზე, ამ სიმღერამ დიდი სკანდალი გამოიწვია (იცინის).

- ახლა რომელ სიმღერებზე მუშაობთ?

- ახალ სიმღერაზე - "გული თქვენით თბება" მუშაობა დავასრულე. მუსიკის ავტორი ბორიკო შხიანი გახლავთ, ტექსტის - ნანა ცინცაძე. სიმღერა 2 არაჩვეულებრივ ბავშვთან - მარიამ ბერძენიშვილთან და ანასტასია ბაკურაძესთან ერთად ჩავწერე. კლიპიც გადავიღეთ, რომლის რეჟისორი სანი ნადირიძე გახლავთ. სატელევიზიო ეთერში მალე იხილავთ. მეორე სიმღერაზეც ვმუშაობ. მუსიკის ავტორი ბორიკო შხიანი და ნატო ღოღობერიძე არიან, ტექსტის - ქეთი ორჯონიკიძე. კლიპს სანდრო ნადირიძე გადაიღებს.

- რომელი საკვების ჭამის ცდუნებას ვერ უძლებთ დიეტის დროსაც?

- ტკბილეულის. როგორი ჯანსაღი კვების რეჟიმს, რაციონსაც არ უნდა ვიცავდე, ტკბილეულს თავს მაინც ვერ ვარიდებ.

GzaPress

- სკოლაში ბულინგის მსხვერპლი გამხდარხართ?

- ჩემს ცხოვრებაში ბულინგი დიდი დოზით იყო (არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეობის პერიოდში, არამედ - მოზრდილ ასაკშიც). სკოლა ევროპაში დავამთავრე. ყოველთვის ცუდად მახსენდება... ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ გაბოროტდებიან, თუნდაც - ცუდი მოვლენების გამო; ყოველთვის დაფიქრდნენ, იაზროვნონ და კომენტარები მერე დაწერონ.

- ცხოვრების რომელიმე ეტაპზე უსარგებლო ადამიანად გიგრძნიათ თავი?

- ვერ ვიგრძნობდი, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გარშემო ისეთი ადამიანები მყავს, რომლებიც ჩემი არსებობით ბედნიერები არიან. ამიტომ ძლიერ დეპრესიაშიც რომ ვყოფილიყავი, თავს უსარგებლოდ მაინც ვერ ვიგრძნობდი. ჩემი არსებობა ბევრს უხარია, მეც მახარებს მათი არსებობა (იღიმის).

- თქვენთვის ყველაზე უცნაური რა უჩუქებიათ?

- (იცინის) ვაიმე, მეგობრებმა გასაბერი ქალი მაჩუქეს. ეს სასწაული იყო: საჩუქრის ყუთი რომ გავხსენი, უცებ, ამხელა ქალი გაიშალა - პირგაღებული, ხელებგაშლილი (იცინის)...

- რატომ მიიჩნიეს საჭიროდ, რომ ასეთი საჩუქარი მოეძღვნათ?

- თინეიჯერობისას ძალიან "გიჟური ცხოვრება" მქონდა. მგონი, ამიტომ "გამეკაიფნენ" (იცინის).

- გაგეცინათ თუ გაბრაზდით?

- სახალისო იყო. ძალიან პოზიტიურად აღვიქვი.

- უცნაური ქათინაურის შესახებაც გვითხარით...

- კი, უცნაური ქათინაური უთქვამთ, ოღონდ - ძალიან პირადულია და როგორ გითხრათ (იცინის)? უხერხული იქნება...

- როგორ სიზმრებს ხედავთ?

- ხშირ შემთხვევაში - ეროტიკულს (იცინის). სიზმარში ხშირად ვხედავ, რომ ჩემს საყვარელ პარტნიორთან სექსი მაქვს. სიზმარშიც ერთად ვართ.

- ვინ არის თქვენი რჩეული?

- ძალიან მაგარი ადამიანია, ძალიან მიყვარს. უკვე 2 წელია, ერთად ვართ, თავს კარგად ვგრძნობთ.

- "ფეისბუკი" თუ "ინსტაგრამი" - უპირატესობას რომელს ანიჭებთ?

- ორივეს - თანაბრად, რადგან ჩემთვის ორივე პლატფორმაა, სადაც მეგობრებს ჩემს სიახლეებს ვუზიარებ, თუმცა შეიძლება, ითქვას, რომ "ინსტაგრამზე" უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს. "ფეისბუკზე" ცოტათი ქაოსია.

- ზაფხული თუ ზამთარი?

- მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში დიდ დისკომფორტს ვგრძნობ (სულ მცხელა და ვოფლიანობ), მაინც ზაფხულს დავასახელებ. ისე, შემოდგომა მირჩევნია.

- ყავა თუ ჩაი?

- რასაკვირველია - ყავა, ყოველთვის (იღიმის)!

- მთელი თვის განმავლობაში, მხოლოდ 1 ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეთ, რომელს აირჩევდით?

- თეთრს, რადგან ჩემს სულიერ მდგომარეობასთან ასოცირდება.

- სპეტაკი სული გაქვთ თუ?..

- კი, ძალიან სუფთა, ლაღი და როგორც აღნიშნეთ, სპეტაკი (იღიმის).

- მილიონი დოლარი რომ მიიღოთ, როგორ გაანაწილებდით, თქვენს ცხოვრებას როგორ წარმართავდით?

- უკვე მიღებული მაქვს და დავაბანდე კიდეც. ერთ ადამიანს ვგულისხმობ, რომელიც ამ ინტერვიუს წაიკითხავს. ის არის ჩემი მილიონი დოლარი და უფრო მეტიც (იღიმის)...

- ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ღირებულება განსაზღვრავს?

- სიყვარული, ერთგულება, ერთმანეთის პატივისცემა და დაფასება. სამწუხაროდ, ქართველებს ერთმანეთის დაფასებისა და აღიარების უნარი გვაკლია.

- როცა უცნობი ადამიანები ვერ გცნობენ, როგორი რეაქცია გაქვთ?

- საბედნიეროდ, მსგავსი შემთხვევა არც მქონია, თუმცა ამას არც ვაკვირდები: ქუჩაში თავდახრილი დავდივარ, სახეში არავის ვუყურებ. შესაბამისად, ვინ მიყურებს და მაკვირდება, არასოდეს შემინიშნავს, თუმცა სასიამოვნოა, როცა გცნობენ, რადგან ეს ერთგვარი დაფასება და აღიარებაა. თუ ვინმე ვერ მიცნობს, რა თქმა უნდა, ეს ჩემს გაღიზიანებას არ გამოიწვევს.

- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- ერთ ჩვილ ბავშვს, რომელიც ჯერ ისევ იზრდება და ვითარდება, ყველაფერი ადვილად სწყინს და ყველას ენდობა (იღიმის).

ეთო ყორღანაშვილი