თვალთმაქცობა, გაუბედაობა და ბავშვის აღზრდისას დაშვებული შეცდომები - გზაპრესი

თვალთმაქცობა, გაუბედაობა და ბავშვის აღზრდისას დაშვებული შეცდომები

"რუსთავი 2"-ის ეთერში "მენტალური ომები" დაიწყო. "ბრძოლის ველის" მთავარი მასპინძელი აქტივისტი ირინა ტორონჯაძე გახლავთ. საზოგადოების აზროვნების წესს, რასაც მენტალიტეტი ჰქვია, ჩვენს ცხოვრებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ამ გადაცემაში წინ წამოწეული იქნება რეალური და მწვავე პრობლემები, მოვისმენთ არგუმენტირებულ დებატებს და მოიძებნება ამ პრობლემების გადაჭრის გზები.

ახლა კი ვნახოთ, რის გამო აქვს მთავარი კონფლიქტი რეალობასთან ირინა ტორონჯაძეს?

- წლების განმავლობაში, სხვადასხვა სატელევიზიო შოუს რესპონდენტი ხშირად ვიყავი. იყო შემთხვევები, როცა გარკვეული თემები ბოლომდე არ იშლებოდა. გამიჩნდა სურვილი, საავტორო გადაცემა გამეკეთებინა. ქალთა უფლებების გარდა, საზოგადოების წინაშე ძალიან ბევრი საჭირბოროტო საკითხი დგას: ემიგრაცია, შრომითი უფლებები, ბავშვთა აღზრდის საკითხი, რომლებსაც სათანადო ყურადღება არ ექცევა. სხვადასხვა ტელეკომპანიას დავუკავშირდი. აზრების ყველაზე მეტი თანხვედრა "რუსთავი 2"-ის პროდიუსერებთან მოხდა. ამ ტელევიზიას ახალი სუნთქვა გაეხსნა, სხვანაირია. მაყურებელი მიცნობს, როგორც რესპონდენტს, მაგრამ საზოგადოების წინაშე როგორც წამყვანი, პირველად წარვდექი.

- რთული აღმოჩნდა?

- ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მეასე გადაცემა მიმყავდა. ჩემი მისია იმდენად მაქვს გააზრებული, ყოველგვარ შიშს, ღელვას, შფოთვას მაძლევინებს და ფეხზე მყარად ვდგავარ. გარდა ამისა, ჩემ გვერდით არიან პროფესიონალები, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ. რაც შეეხება გადაცემის ფორმას და განსხვავებულობას, შოუებში არაერთხელ გვიხილავს ლიბერალებისა და კონსერვატორების დაპირისპირება. ვეცდები, ჩემს გადაცემაში ეს დაპირისპირება მოხდეს არგუმენტირებულად და არ გადაიზარდოს პიროვნულ შეურაცხყოფაში. სხვა რესპონდენტებისგან სწორედ ეს გამომარჩევდა - პროვოცირების მიუხედავად, ამ სტანდარტს არასდროს ვკარგავდი. ჩემს გადაცემასაც ეს ნიშანი ექნება.

- როგორ ფიქრობთ, ეს რესპონდენტებს არ გაუჭირდებათ? არგუმენტების მოყვანას საკითხის შესწავლა სჭირდება, ასეთი მომზადებული რესპონდენტების მოლოდინი გაქვთ?

- რა თქმა უნდა, იოლი არ იქნება. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, დებატების კულტურა ნაკლებადაა განვითარებული, მათ შორის პოლიტიკოსებშიც. ყველას უჭირს, ზღვარი დაიცვას, ეს სხვა კულტურას მოითხოვს.

- საზოგადოების მენტალიტეტი როგორ ყალიბდება?

- მენტალიტეტი - ეს საზოგადოების აზროვნების წესია. აზროვნების წესზე პირველ რიგში, გავლენას აღზრდა ახდენს; რაც ჩვენში 7 წლამდე ხდება, ის არის ჩაბუდებული. შემდეგ პიროვნება შესაძლოა განვითარდეს, შეიცვალოს, მაგრამ 50 წლის ადამიანის მენტალიტეტს რომ ჩავეძიოთ, 7 წლამდე ასაკში ჩადებულ ფრაზებს აღმოვაჩენთ. აღზრდაში ჭამას, ჩაცმას და ლექსების დაზეპირებას კი არა, თითქოს უნებლიეთ გასროლილ ფრაზებს ვგულისხმობ.

- მაგალითად?

- ბიჭებს ხშირად ეუბნებიან: "რატომ ტირი, გოგო ხომ არ ხარ?" ან "შენ ვაჟკაცი უნდა იყო და ემოციები არ უნდა გამოხატო". დამკვიდრებულია სტერეოტიპი, თითქოს დედა ყოველთვის მართალია, არადა, ზოგჯერ შენ უფრო იცი, უკეთესი რა არის და დედა ყოველთვის მართალი რატომაა?!. ასეთი მიდგომა პიროვნულ განვითარებას აფერხებს. ფრაზებზე, რომლებიც ჩვენს ქვეცნობიერში იდება, ჩვენი აზროვნების სტილი შენდება. მერე ამის შეცვლა ძალიან ძნელია, თავში ჩადებული სტერეოტიპების გადათამაშება არის ურთულესი. საზოგადოების უმრავლესობა არ ფიქრობს თავისით. ეს უკვე ინსტიტუციების ბრალი და "დამსახურებაა". სახელმწიფო ფიქრობს უმრავლესობის მაგივრად, შენ რა უნდა გააკეთო, რა არ უნდა გააკეთო, რისთვის დაისჯები და რისთვის - არა. ეკლესია ფიქრობს ადამიანის სულიერ ცხოვრებაზე, ის როგორ და რა ფორმით იქნება ღმერთთან ახლოს და როგორ დაშორდება მას. საზოგადოების უმრავლესობა ამას მიჰყვება, ცნებებისა და კანონების სახით იღებს. ძალიან ცოტა ადამიანი იწყებს ფიქრს, რა შეიძლება იყოს ამ მოცემული ფორმულების მიღმა. ასეთი ადამიანების მიმართ ხშირად ვლინდება აგრესია: უმრავლესობას მისგან განსხვავებული ადამიანები არ უყვარს.

- ამ სამყაროში, პირადად თქვენ, ყველაზე დიდი კონფლიქტი რეალობასთან რის გამო გაქვთ?

- თვალთმაქცობის გამო. თავად ძალიან გულწრფელი ვარ, გარშემო კი თვალთმაქცობის ნიაღვარია. მინახავს "მოგრუზინო" ტიპები, რომლებიც იქაჩებიან, ცოლი სამზარეულოში უნდა ჰყავდეს, თავად სხვის ხარჯზე ცხოვრობს თუ დასჭირდება, შეუძლია იძალადოს მეუღლეზე, თან მის გარეშე ვერ ცხოვრობს... როცა ასეთ კაცს ცოლი ტოვებს, თავს დამცირებულად გრძნობს. ამ ტიპის ადამიანებს ურთიერთგამომრიცხავი მოქმედებები აქვთ. სინამდვილეში, ეს გაორების ბრალია. ასეთმა კაცმა არ იცის, მისი ნამდვილი სახე რა არის. სოციუმი რასაც სთავაზობს, იმას ფილტრის გარეშე, ბოლომდე "ყლაპავს" და როცა ეს მის ნამდვილ ემოციებს აღარ ემთხვევა, ხდება გაორება: მასში ერთდროულად მონსტრიც ცხოვრობს და უსუსური ბავშვიც. ამიტომ ვიღებთ ამდენ მოძალადეს. რაც უფრო გულწრფელები ვიქნებით, მით უკეთესია. კაცი შეიძლება იყოს ემოციური და ეს ემოციები დაუფარავად გამოხატოს, შეიძლება ქალისგან მიიღოს დახმარება, ეს დამამცირებელი არ უნდა იყოს. ძალიან რთულია დაბადებიდან ვაჟკაცობის გაქაჩვა და სულ გმირის ნიღბის ტარება. ფსევდოძალაუფლების მიღმა ხშირად უსუსურობაა მომწყვდეული.

GzaPress

- ყველა მოძალადე უსუსურია - ეს ფსიქოლოგიური ფორმულაა. თვალთმაქცობის გარდა, თქვენთვის შემაწუხებელი და თვალში საცემი კიდევ რა არის?

- შრომისმოყვარეობა გაქრა, სადღაც ღრმადაა დამარხული. არ შეიძლება, ერი, რომელიც არის ნიჭიერი და დიდი რესურსი აქვს, ასეთი ტოტალური არაპროფესიონალიზმისა და სიზარმაცის ზღვარს მიღმა იყოს. სიზარმაცე ადამიანის თვისება არ არის, ეს ერთგვარი შიშია, რომელიც ერის დონეზე გამოსაკვლევია. ისტორიულად იმდენი ბრძოლა გვქონია და იმდენჯერ მივკედლებივართ იმას, ვისთან ყოფნაც არ გვინდოდა, ამან "დაგვაჩმორა". გამოთქმა - "ქართველი ნიჭიერი და ზარმაცია" - ძალიან ვერაგია, მაგრამ ჩვენ ეს სიზარმაცე უნდა დავძლიოთ. ილია ჭავჭავაძე ამაზე წერდა, გაღვიძება როდის უნდა გვეღირსოსო?! ერთი ადამიანი, სულაც ილია, ხელმეორედ რომ დაიბადოს, ამ პრობლემას ვერ უშველის. ძლიერი საშუალო ფენა უნდა ჩამოყალიბდეს, ცვლილებები საზოგადოებიდან უნდა წამოვიდეს, თორემ ვერც ერთი მთავრობა ვერ გადაგვარჩენს.

- ამის გამოსასწორებლად გადადგმულ ნაბიჯებს თუ ხედავთ, სასიკეთო ძვრა იგრძნობა?

- წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში, ყველაფერი წინ გადადგმული ნაბიჯია. იმდენად მანიაკალური ხელისუფლება გვყავდა, ბოსტნის გაშენებაც კი მიღწევა და წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მეტის მოლოდინი გვაქვს. სამწუხაროდ, ყველა სფეროში პროფესიონალების დეფიციტია. თავის დროზე, ქვეყნიდან დიდი ნიჭის გადინება მოხდა საზღვარგარეთ. ნათელი გონების ადამიანები ჩვენს ქვეყანაში ისევ არიან, მაგრამ - ნაკლებად აქტუალურები. დღეს წინა ხაზზე წამოიწიეს ჩალიჩა ტიპებმა, ცოტათი თავხედებიც რომ არიან. ესენი ქვეყანას წინ ვერ წაიყვანენ. ვინც გონიერია და ამის შესაძლებლობა აქვს, ისინი ჩრდილში დგანან. ქართველებს, განსაკუთრებით ინტელექტუალებს, გაუბედაობა გვახასიათებს. ინტელექტუალი ზის და ფიქრობს, გამოთქვას თუ არა საჯაროდ საკუთარი აზრი. სანამ ამ ნაბიჯის გადადგმას მოიფიქრებს, ვიღაც სულელი გამოხტება და ბევრს ილაპარაკებს, ვიღაც გაიკეთებს მაკიაჟს, დაიბერავს ტუჩებს, დაჯდება ეთერში და საკუთარ თავს გახდის აქტუალურს. ინტელექტუალი კი ზის და ფიქრობს...

- ამ ადამიანების წინ წამოწევა რა ფორმით უნდა მოხდეს?

- ეს აღზრდის პრობლემაა. ჩვენი დედები და მამები მუდმივად აკრიტიკებდნენ შვილებს. ინტელექტუალებს თვითკრიტიკაც მაღალ დონეზე აქვთ, გაუნათლებელი რაც უნდა აკრიტიკო, დალევის და ჭამის იქით არც არაფერი აინტერესებს და ელაპარაკე, რამდენიც გინდა, ინტელექტუალი კი იჩაგრება. ეჭვგარეშეა, ეს მშობლების პასუხისმგებლობაა. ბავშვი უნდა შეაქო, უთხრა, რომ უკეთესადაც შეუძლია, ჩვენთან კი აკრიტიკებენ. ეს მიდგომა დამანგრეველია, მით უმეტეს - 7 წლამდე ასაკში. საბჭოთა კავშირში, რამდენადაც მაღალ დონეზე იყო მეცნიერებები, იმდენად დაბალ დონეზე იყო ფსიქოლოგია. ბევრს დღესაც არ ესმის, მშობლებმა ბავშვის თანდასწრებით რატომ არ უნდა იჩხუბონ, ბავშვს ამით რა მოუვა. ვერც იგებენ, ეს ბავშვისთვის რამხელა ტრავმაა. ფსიქოლოგიური განათლების უქონლობიდან მთელი რიგი მენტალური პრობლემები მოდის.

- თქვენი აზრით, თანამედროვე დედები ბავშვებს როგორ ზრდიან?

- გარკვეული ნაწილი მეორე უკიდურესობაშია, ძალიან ბევრ რამეს ითვალისწინებენ. გულგრილობას და ბავშვის საჭიროებების უგულებელყოფას ეს მეორე უკიდურესობა ჯობია. არიან დედები, რომლებიც შვილებს მუდმივად კუდში დასდევენ, მის ფსიქოლოგიაში იჭრებიან, პიროვნულ სივრცეს აღარ უტოვებენ. ასეთ ბავშვებს მერე დეპრესია ემართებათ, შფოთვითი აშლილობები ეწყებათ და უფროსები ვერ იგებენ - რა დაემართა? რა დავაკელი? გადაყოლილი ვარ... პრობლემაც ზუსტად ესაა. ამ თემას გადაცემას აუცილებლად მივუძღვნი.

ზუსტად ვიცი, ჩემს სტუდიაში ტემპერატურა იმდენად მაღალი იქნება, "მენტალურ ომებს" მაყურებელი აუცილებლად ეყოლება. მაყურებელს შოუ უყვარს, მაგრამ შოუს ნეგატიურ კონტექსტში ნუ განვიხილავთ. აქ ადამიანები საკუთარ თავს დაინახავენ, ზოგიერთი გაღიზიანდება. შევეხებით ნამდვილ პრობლემას და არა - გამოგონილს, "დავარცხნილს". რაც მთავარია, თემის მიხედვით გვეყოლება მენტორები, პროფესიონალები და იმ პრობლემებიდან, რომლებიც ყველას გვეხება, გამოსავალ გზებზე ვისაუბრებთ.

თამუნა კვინიკაძე