რა არის სიყვარული და ცხოვრების სტანდარტი ანდრია გველესიანისთვის? - გზაპრესი

რა არის სიყვარული და ცხოვრების სტანდარტი ანდრია გველესიანისთვის?

- ვიმედოვნებ, თეატრს მალე დავუბრუნდებით, რადგან სცენა, თეატრი ძალიან გვენატრება. სამწუხაროდ, ოქტომბერშიც ბევრი კონცერტი გაუქმდა. თეატრში ასევე, პერფორმანსები, სპექტაკლები უნდა დაგვეწყო, მაგრამ ნოემბერში "გადავიდა". იმედია, ეს ამბავი ნოემბერს აღარ გადასცდება... მთელ მსოფლიოს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას პანდემიის მალე დაძლევას და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას, ჯანმრთელობას ვუსურვებ!..

- როდესაც სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- რავი, მგონი, კარგი ტიპია, ვისაც ვხედავ. ცუდი არ უნდა იყოს (იცინის)... ვხედავ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად უკეთესი უნდა იყოს.

- ოდესმე შენს შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნია?

- ჯერჯერობით, ასეთი რამ არ მომხდარა. იმედია, მომავალშიც ასე გაგრძელდება.

- საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გვითხარი, ადამიანები ნამდვილ სახეს როგორ სიტუაციაში ავლენენ?

- ძირითადად, კრიტიკულ, ფორსმაჟორულ სიტუაციებში, რადგან საერთოდ, ყველანი რაღაც ნიღაბს მაინც ვირგებთ ხოლმე...

- შენთვის უთქვამთ, შენ შესახებ სხვაგვარი წარმოდგენა გვქონდა, მაგრამ სულ სხვანაირი ყოფილხარო?

- კი, უმეტესად ასე ხდება და რატომ - არ ვიცი. ძალიან კომუნიკაბელური, აქტიური ადამიანი ვარ. რატომღაც, ბევრს "შორიდან" (ტელეეკრანიდან თუ სოციალური ქსელიდან) ჩემ შესახებ ისეთი წარმოდგენა შეჰქმნია, თითქოს უფრო "დისტანცირებული ადამიანი" ვარ, მაგრამ როცა გამიცნობენ, მერე ხვდებიან, რომ შეცდნენ. ვაფასებ, ვინც მეუბნება, სხვანაირი მეგონე და თურმე როგორი ყოფილხარო...

- საკუთარი გვარ-სახელი ბოლოს როდის "დაგუგლე"?

- აუფ... არ "დამიგუგლავს", მაგრამ "დავაიუთუბე": ჩემს ახალ სიმღერას ვეძებდი და საძიებო ველში "ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე" ჩავწერე.

- ისეთი საქციელი ჩაგიდენია, რომლის გახსენებისას დღესაც წითლდები?

- ბევრი რაღაცის მრცხვენია, მაგრამ მგონი, არ ვწითლდები. ამ დროს სარკეში უნდა ჩავიხედო და მივხვდები (იცინის)... ნებსით თუ უნებლიეთ, რაღაც ისეთი ყველა ადამიანს ჩაუდენია, რისი გახსენებისაც რცხვენია. განსაკუთრებულად სამარცხვინო საქციელი არ ჩამიდენია, რომ სადმე გადავხტე და თავი მოვიკლა.

- შენ და შენი მეუღლე ერთმანეთს რა მეტსახელებით მიმართავთ?

- აუ, ამას რა ჩამოთვლის?!. ძირითადად, "პრინცესას" ვეძახი, ის - "სიყვას".

- ოჯახის სხვა წევრები და მეგობრები რა მეტსახელით მოგმართავენ?

- ყველა ანდრიას მეძახის. მეტსახელები დიდად არ მიყვარს და არც მაქვს. ძალიან შორეულ ბავშვობაში "ბასტის" მეძახდნენ. ეს ჩემი ერთადერთი მეტსახელი იყო...

- მეუღლეში ყველაზე მეტად, რა თვისებას აფასებ და როგორ ფიქრობ, ის რას აფასებს შენში?

- ყველაზე მეტად ორივე ყურადღებას ვაფასებთ. ეს უმნიშვნელოვანესია - რეალურად, ყველა ურთიერთობა ამით განისაზღვრება... ძალიან ბევრი ადამიანი მიყვარს, მაგრამ ოჯახის ბევრ წევრსაც სათანადო ყურადღებას ვერ ვუთმობ. ეგ ჩემი დიდი მინუსია. ჩემი და მაიკოს შემთხვევას რაც შეეხება, ერთმანეთის მიმართ ზედმეტად ყურადღებიანებიც კი ვართ. პრინციპში, სიყვარული ეს არის...

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად, რას აკეთებ?

- თვალებს ვახამხამებ, ვსუნთქავ (იცინის)... ახლა მაიკო მკარნახობს, ტელეფონში ხარ "ჩართულიო", მაგრამ არ ვეთანხმები... პრინციპში, ჩემი ყველა დღე განსხვავებულია, მაგრამ ყველაზე ხშირად ვმღერი და ვუკრავ. არის დღეები, როდესაც ვვარჯიშობ, ძაღლს ვარბენინებ, ვსეირნობ... არის დღეები, როცა ასე არ ვიქცევი, მაგრამ რომ არ ვიმღერო და არ დავუკრა, ასეთი დღე იშვიათია.

- დაგვისახელე პოპულარული მომღერალი, რომელიც არ მოგწონს.

- საერთოდ, რაც არ მომწონს, იმაზე ყურადღებას დიდად არ ვამახვილებ. შესაბამისად, ისეთ მომღერლებს ვერც ვიმახსოვრებ, ვინც არ მომწონს. ხომ არიან მომღერლები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით უცებ ძალიან პოპულარულები ხდებიან, ბევრს კი ისინი არ მოსწონს?.. ალბათ 5 წლის წინ ამ შეკითხვის პასუხად ბევრი ჯასტინ ბიბერს დაასახელებდა, მაგრამ პირადად მე, ამ ბავშვს ვაფასებ - ძალიან ნიჭიერად მივიჩნევ... მოკლედ, გადაჭრით ვერავის შესახებ ვერ ვიტყვი, რომ არ მომწონს, ასეთი არავინ მახსენდება...

- დაასახელე სამი რამ, რაც შენი აზრით, ადამიანმა სიცოცხლეში აუცილებლად უნდა გააკეთოს.

- სტანდარტი ხომ ასეთია: ხე დარგოს, სახლი ააშენოს და შვილი გაზარდოსო? ამას ვემხრობი, მაგრამ ჩემეულ სტანდარტს გეტყვი: უპირველეს ყოვლისა, ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს, რომ მთელი არსებით იცხოვროს, თავისი საყვარელი საქმე ბოლომდე აკეთოს - ჩარჩოებში არ მოექცეს.

- ერთი კვირა მხოლოდ ერთი კონკრეტული კერძის ჭამის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევ?

- გურმანი საერთოდ არ ვარ. მაიკო სულ მეკითხება, რომელი კერძი მინდა, მაგრამ პასუხი არასოდეს მაქვს, რადგან ყველაფერს ვჭამ, საცივის, ჩალაღაჯისა და მსგავსი ქართული კერძების გარდა... ერთი კვირა რამე ჯანსაღი კერძი რომ მქონდეს, კარგი იქნებოდა, რომლის ინგრედიენტებიც ხორცი (ზომიერად) და მწვანე საკვები იქნება. ეს მეყოფოდა.

- დილით ჯერ საუზმობ თუ სოციალურ ქსელს სტუმრობ?

- ძირითადად, სოციალურ ქსელს ვსტუმრობ. საერთოდ, საუზმემდე ჯერ ჭიქა წყალს ვსვამ, ვვარჯიშობ... საუზმე ცოტათი გვიან გადაიწევს ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ დილით ადრე (მაქსიმუმ 10 საათზე) ვდგები.

- ყველაზე უკეთ, რომელი საქმე გამოგდის?

- ხელოვნება. ამაზე არც დავფიქრდები, რადგან ხომ არის შემთხვევები, როცა ადამიანში ბავშვობიდან ხელოვნების მიმართ ლტოლვა ჭარბობს და იმის იქით გზა არ არის?!. შეიძლება სხვა საქმეც გამომსვლოდა, თუნდაც სპორტსმენობა, რადგან მოცურავე, ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ხელოვნებამ გაიმარჯვა - რომ დავფიქრებულვარ, ყველაზე მეტად, "ამ საქმის ვარ", ყველაფერს ამაში ვდებ.

- მაშინ ასე გკითხავ: მომღერალი უფრო კარგი ხარ თუ მსახიობი?

- კარგი არტისტი ვარ, ასე გიპასუხებ, თუმცა რამდენად კარგი ვარ, ეგ საკითხავია...

- შენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევ?

- ალბათ ფეთქებადობას. ცოტა არ იყოს, ისეთი ადამიანების მშურს, ვინც გარკვეულ ფაქტებს ნაკლებად ემოციურად აღიქვამენ.

- კმაყოფილების განცდა ბოლოს რის გამო დაგეუფლა?

- ალბათ, ჩემი ბოლო საავტორო სიმღერის ("ჩვენ") გამო, რომელიც მაიკოსთან ერთად "გადუეტდა" - ასეც დაგვემართა (იღიმის)... საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ ვარ, მაგრამ ეს სიმღერა საზოგადოებამ როგორც მიიღო, ამის გამო კმაყოფილების განცდა ნამდვილად დამეუფლა.

ეთო ყორღანაშვილი