სამ თაობას გაწვდენილი ნიჭი - კოტე ფოცხვერაშვილიდან გოგი ჩლაიძემდე - გზაპრესი

სამ თაობას გაწვდენილი ნიჭი - კოტე ფოცხვერაშვილიდან გოგი ჩლაიძემდე

სიმფონიური, ვოკალურ-სიმფონიური, საგუნდო, კამერულ-ინსტრუმენტული და კამერულ-ვოკალური ნაწარმოებების, 4 ოპერის, 23 კინოფილმისა (მათ შორის, "კუკარაჩა", ქეთი დოლიძის ხუთი, რამაზ გიორგობიანის ხუთი, ზაზა კოლელიშვილის სამი ფილმი) და 100-ზე მეტი დრამატული სპექტაკლის მუსიკის ავტორს, კომპოზიტორ გოგი ჩლაიძეს ფართო საზოგადოება ყველაზე კარგად ფილმ "გარიგების" მუსიკის ავტორად იცნობს.

პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მუსიკალურ ხელმძღვანელსა და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს ინტერვიუს ჩასაწერად შინ ვესტუმრეთ, სადაც ჩვენი ყურადღება საოცარი სილამაზის უძველესი, ისტორიული "თავგადასავლის" მქონე ავეჯით გაწყობილმა ინტერიერმა მიიპყრო. ინტერვიუ როიალის იმიტაციით გაფორმებულ ვერანდაზე, ბატონი გოგის მიერ შექმნილ-დამკვიდრებული სადღეგრძელოების ფონზე ჩავწერეთ...

- ახლახან ერთდროულად ორ ოპერაზე მუშაობა დავასრულე. ერთი მონოოპერაა ვარლამ ნიკოლაძის ლიბრეტოს მიხედვით. მეორე, "თქმულება ფიროსმანზე" ჩემი შემოქმედების მთავარ ოპერად მიმაჩნია. ამირან შალიკაშვილმა თავისი ლექსების კრებული, "ხილვები ფიროსმანზე" მისახსოვრა და წიგნს ასეთი მინაწერი გაუკეთა: "გოგიჯან! ჩვენი ურთიერთობის გარდა, არსებობს ხელუხლებელი შემოქმედება. ეს არის ჩვენი სანთელი. იმედი მაქვს, შენ ამ სანთელს არ ჩამიქრობ!" ეს ერთგვარი პროვოცირება გახლდათ ამ თემაზე მუშაობის დასაწყებად. ასე რომ, ლიბრეტო ჩემი და ამირანის ერთობლივი ნამუშევარია. თბილისის საოპერო თეატრს ნაწარმოების სანოტო ვარიანტი უნდა წარვუდგინო. ქუთაისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა საბავშვო ოპერა მთხოვა. საერთოდ, თითზე ჩამოსათვლელია ქართული საბავშვო ოპერები - სულ ოთხი თუ ხუთი. საფორტეპიანო კონცერტი, "თბილისური რაფსოდია", ლექსო თორაძისთვის შეიქმნა და ვატო კახიძის ყოველწლიურ ფესტივალზე შესრულდა. მალე ლექსოს მეორე კონცერტსაც გავუგზავნი.

- საავტორო კონცერტებით განებივრებული ხართ...

- საგუნდო მუსიკაში ბევრს ვმუშაობ. იოსებ კეჭაყმაძე ჩემი უფროსი მეგობარი გახლდათ. როცა მისი გუნდები მოვისმინე, იმდენად შთამბეჭდავი იყო, მათი წერა მეც დავიწყე. მისი გავლენით რვა საგუნდო ციკლი დავწერე. შარშანწინ შედგა საავტორო საგუნდო კონცერტი, რომელიც სოსო კეჭაყმაძის ხსოვნას მივუძღვენი.

- ფილმ "გარიგების" მუსიკა, მართლაც, არაჩვეულებრივია, მაგრამ სხვა თქვენი არაერთი ნაწარმოებისგან განსხვავებით, ძალიან პოპულარული გახდა. ამ ფაქტის თქვენეული ახსნა როგორია?

- სამონტაჟოში რეჟისორ დათო ნაცვლიშვილის შედევრზე, "ლეონარდოზე" ვმუშაობდი, ფირს მუსიკას ვადებდით. სხვათა შორის, ამ უნიჭიერეს რეჟისორს მას შემდეგ ფინანსების პრობლემის გამო ფილმი აღარ გადაუღია, კახეთში გადავიდა და ფერმერულ საქმიანობაში ჩაერთო. სწორედ ამ დროს ოთახში ზაზა კოლელიშვილი შემოვიდა. მითხრა, წამოდი, მასალას გაჩვენებ, ფილმი გადავიღეო. ძალიან მომეწონა. მუსიკის დაწერა მთხოვა. მხოლოდ გამოსახულებას ვუყურებდი. გოგა პიპინაშვილის ხელის მოძრაობამ, რომელიც ფილმში მუსიკოსს თამაშობს, უცებ "დაბადა" მუსიკა. ეს ნაწარმოები ბევრჯერ "გადაამღერეს" და ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს... წელს სამ ფილმზე უნდა ვიმუშაო. თბილისის ყველა თეატრში 150-მდე სპექტაკლის მუსიკაზე ვიმუშავე.

- თქვენი ბაბუა, ჩვენი პირველი სახელმწიფო ჰიმნის, "დიდების" ავტორი, სახელგანთქმული კომპოზიტორი, კოტე ფოცხვერაშვილი იყო... ფაქტია, ოჯახური ტრადიცია გაგრძელდა...

- დიახ, კოტე დედას მამა გახლდათ. ჩემს ბავშვობაში ქვეყანაში არაერთი სახელმწიფო ანსამბლი იყო. ჩვენს ოჯახში შეიქმნა ძალიან ცნობილი მეჩონგურე ქალთა ანსამბლი, რომელსაც ჯერ ბებია, კოტეს მეუღლე, შემდეგ კი ჩემი დეიდა, ნათელა ფოცხვერაშვილი ხელმძღვანელობდა. რუსთაველზე დიდი ბინა გვქონდა. რეპეტიციები ამ სახლში ტარდებოდა. როცა დაძინებისას რაიმეს ანსამბლის რეპერტუარიდან მიმღეროდნენ, ვხვდებოდი, თუკი რამეს გამოტოვებდნენ ან შეეშლებოდათ. დეიდა კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო. მასთან სწავლობდნენ და ჩვენთან ხშირად იკრიბებოდნენ ოთარ თაქთაქიშვილი, რეზო ლაღიძე, შოთა მილორავა.

GzaPress

- გამორჩეული ხმა ჰქონდა თქვენს მამასაც...

- დიახ, მამას ბრწყინვალე მუსიკალური მონაცემები ჰქონდა, მაგრამ ნოტებით ვერ ვივლიო და მუსიკალურ კარიერაზე უარი თქვა. მასთან დაკავშირებით ერთ გახმაურებულ ამბავს მოგითხრობთ: 27 წლის ზაქარია ზოოპარკის დირექტორი იყო. დღე დამთავრდა, დამთვალიერებლები, თანამშრომლები წავიდნენ. ზაქარია კაბინეტში მაგიდასთან რაღაცას წერდა. მოულოდნელად ოთახში ნელი ნაბიჯით ვეფხვი შევიდა. მამა ზოოლოგი, ბიოლოგი იყო. იცოდა, თუ ვეფხვი ძალიან მშიერი არ არის, ლეშს არ ეკარება. უცებ მოიფიქრა და მკვდარი განასახიერა. ვეფხვმა გვერდი აუარა და მეორე ოთახში შევიდა. დირექტორი უცებ წამოიჭრა და იმ ოთახის კარი ჩარაზა. მეორე დღეს გაზეთ "კომუნისტში" დაიბეჭდა ქება-დიდების ტექსტი სათაურით - "ყოჩაღი ზაქარია". აღმოჩენოდა, რომ მომვლელს გალია ღია დარჩა. მამა დიდხანს ხელმძღვანელობდა ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სამმართველოს. მოქეიფე კაცი იყო, შესანიშნავი ტენორი. ერთ უცნაურ ეპიზოდს გავიხსენებ დედასთან დაკავშირებითაც... ამირან შალიკაშვილის თეატრში მუსიკალური ხელმძღვანელი ვარ. დათო შალიკაშვილმა სპექტაკლი დადგა, რომელსაც ცოცხლად ვაფორმებ. როიალთან ნაწარმოებს ვიმეორებდი, რადგან საღამოს სპექტაკლზე უნდა შემესრულებინა. დედა იწვა. ეს მუსიკა ძალიან მოსწონდა. რომ დავასრულე, მთხოვა, გაიმეორეო. მისი ოთახიდან გამოვედი, დავუკარი. შევბრუნდი, რომ მეკითხა მოეწონა თუ არა და მომვლელმა ქალმა მითხრა, უკვე აღარ სუნთქავსო...

- კომპოზიტორობამდე იყო ფორტეპიანო... იმედისმომცემი პიანისტი იყავით...

- ფორტეპიანოს ვეუფლებოდი, მაგრამ სასწავლო პროცესი არ მომწონდა. ექვსი წლის შემდეგ დედას ვუთხარი, რომ სწავლა აღარ მინდოდა. დირექტორმა დედას უთხრა, თქვენ, შესაძლოა, არ იცით, მაგრამ გოგის იმდენად კარგი მონაცემები აქვს, გაყვანაზე ვერაფრით დაგთანხმდებითო. გადაწყვიტეს, ჩემთვის მასწავლებელი შეეცვალათ და ახალგაზრდა, ლამაზ პედაგოგს მიმაბარეს. აბსოლუტურად სხვა შემართებით დავიწყე სწავლა. ფრიადზე დავასრულე, მერე სწავლა ტექნიკუმში, შემდეგ კი კონსერვატორიაში გავაგრძელე. იმედისმომცემი პიანისტი ვიყავი, მაგრამ პიანისტი, ფაქტობრივად, სპორტსმენია, მე კი უფრო ბოჰემური "მიმართულება" მქონდა ცხოვრებაში და მალე ჩემს საქმესაც მივაგენი (იცინის). ამ პერიოდში ძალები არქიტექტურაში, მწერლობასა და სპორტში მოვსინჯე. საბოლოოდ, არჩევანი კომპოზიტორის შემოქმედებაზე შევაჩერე და კონსერვატორიაში ახლა უკვე საკომპოზიციო ფაკულტეტზე ჩავირიცხე. მუსიკის წერის დაწყება, გარკვეულწილად, ლირიკულ განწყობასთან იყო დაკავშირებული. მოსკოვში დიდი გატაცება მქონდა. პირველი მელოდია თვითმფრინავში "მოფრინდა". ეს და მანამდე დაწერილი რამდენიმე მელოდია შოთა მილორავას ვაჩვენე. მისი რჩევით, კონსერვატორიაში ჩავაბარე. ანდრია ბალანჩივაძის მამა, მელიტონი ბაბუას მეგობარი იყო. ძალიან მინდოდა ანდრიასთან მოხვედრა. გამოცდებს სრულიად ახალგაზრდა, 45 წლის დავით თორაძე, ლექსო თორაძის მამა ესწრებოდა. უთქვამს, ეს ბიჭი მე "მომეცითო". გაწბილებული დავრჩი, მაგრამ მას შემდეგ, რაც გუგულისთან (ასე ეძახდნენ დავით თორაძეს. - ავტ.) სახლში ფეხი პირველად შევდგი, აღარც გამოვსულვარ - იმ ოჯახის წევრი გავხდი. დღეს ბედნიერი ვარ, რომ ჩემი აღზრდა მოისურვა. ჩემზე ამბობდა, ლექსო რომ მთავრდება, გოგი იწყებაო. ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა მუსიკის ახალი ტალღა, ახალი მუსიკალური აზროვნება მკვიდრდებოდა. ჩანაწერები არ არსებობდა. გუგული ახერხებდა მათ მოპოვებას და მისი სახლი ერთგვარი სალონივით იყო. სხვა პედაგოგების სტუდენტებიც იქ იკრიბებოდნენ, რომ თანამედროვე ჩანაწერები მოესმინათ. კომპოზიტორებს სოხუმსა და ბორჯომში ორი დასასვენებელი ადგილი გვქონდა. ბორჯომის სახლი წინა მთავრობამ ჩამოგვართვა. კომპოზიტორებს ძალიან გვიყვარს მოლხენა. მე მქონდა ბედნიერება, ამ საოცარ ხალხთან ერთად ხშირად ვყოფილიყავი. გარდა პროფესიული ურთიერთობისა, გვქონდა არაჩვეულებრივი პიროვნული დამოკიდებულება. სახლში უცხოელი კომპოზიტორებიც ისვენებდნენ. 13 კოტეჯიდან ერთ-ერთში ანდრია ბალანჩივაძე ცხოვრობდა. საოცარ ისტორიებს მოგვითხრობდა. ერთხელ ვუთხარი კიდეც, დამნაშავე ხართ, რადგან როცა ცოცხალი აღარ იქნებით, ეს ისტორიები დაიკარგება, თქვენ კი ჩანაწერებს არ აგროვებთ-მეთქი. ასეც მოხდა... არადა, უამრავ საინტერესო რამეს მოგვითხრობდა ოჯახის, ქართული მუსიკის, თავისი ძმის, ბალანჩინის შესახებ.

- დანაკლისის განცდა თუ გაქვთ - არ ფიქრობთ, რომ თქვენი შემოქმედება უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენდა, თუკი საზღვარგარეთ იცხოვრებდით?

- არც კი მიფიქრია ამის შესახებ. გულწრფელად - თბილისის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. დილით რომ ყურმილი არ ავიღო, მეგობრებს არ დავურეკო და დღე არ დავგეგმო - ცხოვრება აზრს დაკარგავს. შესაძლოა, ბევრი რამე მქონოდა, მაგრამ არ მექნებოდა ის სულიერება, რაც ახლა გამაჩნია. ამის გამო არაერთ "საკაბინეტე" შეთავაზებაზეც მითქვამს უარი. უამრავი საინტერესო გასტროლი მქონია, მაგრამ ერთ კვირაში დაუძლეველი ნოსტალგია მიპყრობს. ხანგრძლივი დროით აგარაკზეც ვერ ვძლებ - თბილისში გამოვრბივარ.

- ზოგიერთი თქვენ მიერ დაწერილი მუსიკის ტექსტის ავტორი თავად ბრძანდებით. ასწორებთ სხვის ტექსტებს. წერთ ლექსებსაც...

- ასე ვერ ვიტყოდი, რადგან ეს ერთ კონკრეტულ პერიოდს უკავშირდება, როცა ჩემმა შემოქმედებამ ერთთვიანი ტრანსფორმაცია განიცადა... ყოველგვარი წინა პირობის გარეშე, ერთ დღეს სახლში მოსულმა ოთხტაეპიანი ლექსი დავწერე. ამ დღიდან ერთი თვეში 400-ზე მეტი ნამუშევარი შეიქმნა. არც მანამდე, არც მას შემდეგ პოეზიასთან ამ მხრივ არანაირი კავშირი არ მქონია. დროის ამ მონაკვეთში მუსიკა საერთოდ ამოვარდა ჩემი დღის რეჟიმიდან და ის მხოლოდ ლექსებით ჩანაცვლდა.

- ოჯახის შესახებაც გვითხარით...

- პირველი ქორწინებიდან, რომელიც 26 წელი მაია ჩაჩავასთან ერთად გავატარე, ორი შვილი მყავს - კოტე და ნინო. კოტეს ერთი, ნინოს კი ორი შვილი ჰყავს. ჩემი მეუღლე, პროფესიით მსახიობი მარი ჩაჩანიძე პანტომიმის თეატრის დასის ხელმძღვანელი გახლავთ.

შორენა ლაბაძე