"ექიმთან დროულად მივედი, საქმე ქიმიამდე არ მისულა"
font-large font-small
"ექიმთან დროულად მივედი, საქმე ქიმიამდე არ მისულა"
მსახიობის ყველაზე დიდი "კაიფი" და აზარტი

თათა ლუდომანია. დეიდას სახლი გაუყიდა, მერე ბინა იქირავა და უამრავ მევალეს ნაქირავებ ბინაში ემალებოდა, შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, კლინიკაში მკერდის კიბოს მკურნალობს, ქიმიის გადასხმას იკეთებს, - ჯერ სულ ესაა, რაც ამ პერსონაჟის შესახებ ვიცით. მომდევნო სერიებში მასზე უფრო მეტს გავიგებთ. თათას როლს მსახიობი ქეთი ჩაჩუა ასრულებს, თან ისე, რომ მეგობარმა ეკრანზე მისი ამოცნობა ვერ შეძლო.
როგორ მოირგო მძიმე სენთან მებრძოლი ლუდომანი ქალის როლი? - ამას თავად გვიამბობს.


- "ქიმია" აქტუალურ თემას ეხება. ეს ძალიან დროული პროექტია, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვისაა საჭირო. მეც მქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, მაგრამ ექიმთან დროულად მივედი და საქმე ქიმიის გადასხმის საჭიროებამდე არ მისულა. ჩემი პერსონაჟი ლუდომანია, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. ამ პროექტში კასტინგის გზით მოვხვდი. გადაღებების პერიოდი ძალიან საინტერესო იყო.
- ამ როლის გათავისება რთული არ აღმოჩნდა?
- ბევრს ჰგონია, რომ ძალიან რთული იქნებოდა. ასე ნამდვილად არ იყო. მსახიობისთვის როლი რაც უფრო რთულია, მით საინტერესოა.
- ემოციური მხარე ვიგულისხმე და არა - შესრულების ტექნიკა.
- ამ მხრივაც არ ყოფილა სირთულე. ძალიან საინტერესო როლია.
- მუშაობის პროცესში პირადი ამბავი რამდენად დაგეხმარათ?
- ნაკლებად. გარკვეული ხნის წინ მკერდზე ტკივილი ვიგრძენი. ექიმთან რომ მივედი, აღმოჩნდა, რომ სიმსივნური პრობლემა იყო, მაგრამ დროულად მისვლამ გადამარჩინა.
GzaPress
- პირადი ამბით ბევრი ქალბატონისთვის საუკეთესო მაგალითი ყოფილხართ.
- ამ შემთხვევაში დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯანმრთელობის ფასი არაფერია. გამოკვლევები პერიოდულად, აუცილებლად უნდა ჩავიტაროთ. ექიმთან მისვლის შიში ყველას აქვს და მეც მქონდა, მაგრამ დავძლიე. ტკივილი მაწუხებდა, ხელით შეხებითაც იგრძნობოდა, ყველაფერი რიგზე რომ არ იყო. მედიკამენტებით მკურნალობამ უშედეგოდ ჩაიარა. ექიმმა ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, მეც დავთანხმდი. ორივე მკერდიდან ამომკვეთეს პრობლემური ნაწილი, ბიოლოგიური მასალა დაითესა და მადლობა უფალს, პასუხი კარგი იყო.
- თქვენი პერსონაჟი ყველა პაციენტისგან გამორჩეულია...
- (მაწყვეტინებს) იცით, რომ ზოგს ნამდვილი პაციენტი ვგონივარ? ამბობენ, ეს ნამდვილი პაციენტი მოიყვანეთ და ათამაშებთო?
- ეს კომპლიმენტია, არა?
- რა თქმა უნდა. ეს რომ გავიგე, გამიხარდა. უმეტესად დადებითი გამოხმაურება მესმის. თემა ძალიან მძიმეა, მაგრამ იუმორი და გადმოცემის ფორმა სიმძიმეს აქარწყლებს. სერიალი მაყურებელმა კარგად მიიღო. უზარმაზარი მადლობა გრიმიორებს - ისე "გადამაკეთეს", ეკრანზე საკუთარმა მეგობარმაც ვერ მიცნო. მეორე მეგობარი ეუბნებოდა, ეს არისო და ის არ იჯერებდა. მიკვირს, ამ სერიალზე ყველა კარგმა ადამიანმა თავი ერთად როგორ მოიყარა? მადლობას ყველას საჯაროდ ვეუბნები.
- თქვენი პერსონაჟი ლუდომანია. თავად თუ ხართ აზარტული?
- აზარტული თამაშების მიმართ ინტერესი საერთოდ არ მაქვს, მაგრამ ჩემი საქმისა და მიზნის მიღწევის აზარტი - მოჭარბებულად.
- თქვენი ეკრანული როლები მახსოვს სერიალებში - "კლინიკა" და "გოგონა გარეუბნიდან", ფილმში "ჭამა და სექსი". ამ დროს, სხვადასხვა თეატრში ძალიან ბევრ როლს ასრულებთ. ეს თქვენი არჩევანია? აქამდე კინოროლებით არ ინტერესდებოდით?
- ისე მოხდა, თეატრში გაცილებით მეტი როლი მაქვს შესრულებული. კასტინგზე როცა მეძახიან, მივდივარ, მაგრამ შენი ტიპაჟი რეჟისორისთვის ყოველთვის მისაღები ვერ იქნება. სცენაზე და კამერის წინ თამაში ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია, მაგრამ ორივე საინტერესოა.
- მსახიობობაზე ბავშვობიდან ფიქრობდით?
- არა, ეს სურვილი ჩემთან მოგვიანებით მოვიდა. არტოს ბაღში, გოგი თოდაძესთან დავდიოდი. როგორც ჩანს, ამ პერიოდმა ჩემზე გავლენა მოახდინა. სკოლა რომ დავასრულე, გამიჩნდა სურვილი, თეატრალურში ჩამებარებინა. საბუთები ისე შევიტანე, ტურებსა და გამოცდებზე ისე გავდიოდი, ახლობლებიდან არავინ იცოდა, ვმალავდი. ვიყავი ერთადერთი აბიტურიენტი, რომელსაც გარეთ გულშემატკივარი არ ელოდებოდა. მივდიოდი, მოვდიოდი, მივდიოდი, მოვდიოდი, გავიარე ტურები, ჩავაბარე გამოცდები და შინ რომ დავბრუნდი, ეს ამბავი ოჯახის წევრებს მერე გავუმხილე. რაა?! - შესძახეს გაკვირვებულებმა (იცინის). რომ გავიგე, უკვე სტუდენტი ვიყავი, ემოცია ვინმესთვის ხომ უნდა გამეზიარებინა! იმ წუთში ჩემ გვერდით ჩემიანი არავინ იყო და სიხარულისგან ვიღაცას შევახტი, ის ვიღაც მერე ჩემი ჯგუფელი აღმოჩნდა.
- ეს პროფესია ისეთივე საინტერესო აღმოჩნდა, როგორიც წარმოგედგინათ?
- მგონი, უფრო საინტერესოც. თეატრალურში დილით რომ შევდიოდი, ღამით გამოვდიოდი. მთელი დღე იქ ვცხოვრობდი, სულ ვმუშაობდი, რაც არ გამომდიოდა, იმას დიდი შრომის შედეგად მაინც ვაღწევდი. მუშაობა მიყვარს, ეს სიამოვნებაა, მით უმეტეს მაშინ, როცა შენი პროფესია გიყვარს.
- თქვენი პირველი როლი პროფესიულ სცენაზე რომელი იყო?
- სასწავლებელი რომ დავასრულე, პირველივე შემოთავაზება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გრანდიოზული. ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლში, ყველა მსახიობი ქალისთვის საოცნებო პერსონაჟი - ოფელია ვითამაშე. რუმინეთში გასტროლზე ვიყავით, პრემიერა იქ გაიმართა და ისე ვნერვიულობდი, იმდენად დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, იმ წუთებში ჩემი პულსაციის დათვლა შეუძლებელი იქნებოდა.
GzaPress
- თქვენი პარტნიორები ვინ იყვნენ?
- ბუმბერაზი ადამიანები: გურამ საღარაძე, თათული დოლიძე, ნიკო გომელაური, ჰამლეტის როლს გოჩა კაპანაძე ასრულებდა. ეს იყო უბედნიერესი პერიოდი. პრემიერა რომ დასრულდა, გურამ საღარაძემ მითხრა: შვილო, შენ იმდენად დიდი ემოცია გაქვს, დაგღუპავსო. ეს სიტყვები სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება. სულ მეფერებოდა და მადლობას მიხდიდა. სიხარულისა და ბედნიერებისგან ცუდად ვიყავი. მსახიობის პროფესია (საერთოდ, ცხოვრებაც) ასეა, ზოგჯერ არის პაუზები, მერე კი ყველა როლი ერთდროულად მოდის... ყველა პროფესიის ადამიანთან ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მსახიობობა ზეპროფესიაა. საოცარია, ყველაზე მეტად საინტერესოა...
- როგორ ფიქრობთ - ამ პროფესიაში მთავარი რა არის?
- გულწრფელობა, სიყვარული, საქმისადმი თავდადება, დაუღალავი შრომა, სინამდვილე...
- იღბლიანი მსახიობი ხართ?
- იღბლიანი ვარ. რომ ვთქვა, ასე არ არის-მეთქი, ეს ყველაზე დიდი უმადურობა იქნება.
- სანამ მაყურებლის წინაშე წარდგებით, გარკვეულ საფეხურებს გადიხართ: პიესის გაცნობა, როლზე ფიქრი, პერსონაჟის შექმნა... ყველაზე საინტერესო რომელი ეტაპია?
- ჯერ მაგიდასთან მუშაობ, კითხულობ, მერე სცენაზე გადადიხარ, განათება ირთვება, კოსტიუმს ირგებ, გრიმი გიკეთდება, რეკვიზიტს გაძლევენ, პერსონაჟის სახე თანდათან იკვეთება. აი, ეს პერიოდი ყველაზე დიდი "კაიფია". პრემიერა კი ცალკე თემაა. ამ დროს მხოლოდ სპექტაკლით ვცხოვრობ; მავიწყდება, სამყაროში რა ხდება. დედა მყავდა ავად, გადაღებებზე დავდიოდი და ეს ამბავი გონებიდან მიქრებოდა, ვიღაცისთვის ხომ წარმოუდგენელია. ასეთი დიდი შრომის შემდეგ, გამოდიხარ სცენაზე. მაყურებელი (მით უმეტეს - მოზარდ მაყურებელთა თეატრში) ყველაფერს გრძნობს. აპლოდისმენტები ყოველგვარ დაღლილობას გავიწყებს.
- თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?
- ჩემი მეუღლე მსახიობი პაატა კიკვაძე გახლავთ. ჩვენი შვილი, დანიელ კიკვაძე სვეტიცხოვლობას 7 წლის გახდა.
- მსახიობმა მეუღლემ სერიალში თამაში როგორ მოგიწონათ?
- მითხრა, შენ დიდი ოხერი ვინმე ხარო! ეს სიტყვები კომპლიმენტად მივიღე.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ბევრი ადამიანი ხაფანგს დაგიგებს, გეტკინება, მაგრამ ყველაფერი უნდა გადალახო"
"მამამისმა მისი ემოციების ამსახველი ვიდეო გამომიგზავნა..."
"უხერხულია, როგორ შეიძლება, ეს შეკითხვა უცხო ადამიანს დაუსვა"
"მადლობა ღმერთს, რომ ვახერხებ, სცენას არ მოვწყდე!"
"კერძს რომ ვაკეთებ, ვეფერები, გულში ვლოცულობ"
რომელი ცუდი თვისება გამოასწორა ვერიკო ტურაშვილმა და რატომ არ სჭირდება სხვებისგან შენიშვნები?
ვინ უწინასწარმეტყველა მომავალი წარმატებები გელა გნოლიძეს
როგორ აქცია ხათუნა კობახიძემ თავისი ჰობი წარმატებულ ბიზნესად
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი