ქვეყნიდან გაქცევის მცდელობა და ლიტერატურაში აღმოჩენილი რეალობა - გზაპრესი

ქვეყნიდან გაქცევის მცდელობა და ლიტერატურაში აღმოჩენილი რეალობა

თანამედროვე მიდგომას, რომ ადამიანს წიგნის კითხვა ბავშვობიდანვე უნდა შევაყვაროთ, მიშა ანდღულაძე არ ეთანხმება: "ბავშვისთვის წიგნის კითხვის შეყვარება ცოტათი არარეალური და არასწორიც მგონია, სანამ ის ჯერ კიდევ წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობს. იქიდან რომ გამოვა, მერე თავად უნდა გადაწყვიტოს - წარმოსახვით სამყაროში ცხოვრება განაგრძოს, თუ ლიტერატურაში რეალობის ძიება დაიწყოს", - ამბობს "კომედი შოუს" მსახიობი და სცენარისტი, რომელსაც საზოგადოება მალე მწერლის ამპლუაში იხილავს. "ნაკურთხი სიცოცხლე" - ასე ჰქვია მიშა ანდღულაძის საავტორო რომანს, რომელზეც ის 3 წელი მუშაობდა...

- წიგნებით საკმაოდ გვიან დავინტერესდი. ბავშვობაში სხვა რაღაცებით - ხატვით, მუსიკით, გართობით ვიყავი გატაცებული. როგორც ნევრატული ბავშვი, დიდხანს კონცენტრირებას ვერ ვახერხებდი - ერთ პოზაში დიდხანს გაჩერების პრობლემა იყო და არა - ის, რომ წიგნი არ მაინტერესებდა... ამჟამად, წიგნებით ისე დავინტერესდი, რომ სულ მალე საავტორო რომანს თავადაც გამოვცემ.

- წიგნებით როგორ დაინტერესდით?

- წიგნების კითხვის საჭიროება ცხოვრებამ უფრო დამანახვა - დიდი "პანჩური" მომხვდა, შემდეგ კი მივხვდი, რომ სხვა გზა არ იყო: ტვინი მეტად უნდა გამეხსნა, რომ დამენახა საკუთარი თავიც და ისიც, თუ რა ხდებოდა ჩემ გარშემო, რეალურად.

- გახსოვთ, პირველად წასაკითხად რომელი ნაწარმოები შეარჩიეთ დამოუკიდებლად?

- კითხვა ბავშვობაში დავიწყე. სავარაუდოდ, ჩემ მიერ შერჩეული და წაკითხული პირველი ნაწარმოები "ტომ სოიერის თავგადასავალი" იყო...

- მოზარდობისას რომელი ჟანრის წიგნები გიზიდავდათ?

- ყველა, რასაც მაშინ კითხულობდნენ: "ბიბლიოთეკა ბავშვებისთვის" - ყველა სახლში გამოწერილი ჰქონდათ. იდო და იდო (იცინის)... მაინ რიდის, ჟიულ ვერნის ნაწარმოებები მიყვარდა...

- თქვენზე განსაკუთრებულად ძლიერი ზეგავლენა რომელმა ნაწარმოებმა მოახდინა?

- ამჟამად, ჩემს ფავორიტებად კაფკას, ბუკოვსკის, ანდრეი პლატონოვის ნაწარმოებებს დავასახელებ.

- რატომ გხიბლავთ ამ ავტორების ნაწარმოებები?

- მათ "გამარჯვებულ მწერლებს" დავარქმევდი: ტრაგიკული, მძიმე ცხოვრება ჰქონდათ. შეიძლება, ცხოვრებაში დამარცხდნენ, მაგრამ ლიტერატურაში გაიმარჯვეს. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ჩემთვის მწერალი მაინც თავისი ბიოგრაფიით განიხილება და არა - ცალკე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა მწერალმა ვერ მოახერხა, ისე ეცხოვრა, როგორც წერდა...

- მშობლიურ ლიტერატურაზე რას გვეტყვით?

- სიმართლე გითხრათ, ქართული ლიტერატურა ყველაზე ნაკლებად მიზიდავს. მიმაჩნია, რომ ქართულ მწერლობაში ახალი სიტყვა ჯერ კიდევ სათქმელი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყნის წარმომადგენლები ვართ, რაღაც ახალი "გასახსნელი" გვაქვს. ამ საკითხს იმედით ვუყურებ. ქართულ მწერლობაში 1-2 ადამიანი მეგულება, ვისაც ახალი ენერგია, ახალი სიტყვა ნათქვამი აქვს, მაგრამ ჯერ გამოფხიზლების, კითხვების დასმის პროცესში ვართ.

GzaPress

- ქართული ლიტერატურა ყველაზე ნაკლებად მიზიდავსო, რომ აღნიშნეთ, თანამედროვე ქართულ ლიტერატურას გულისხმობდით?..

- სწორედ თანამედროვეს არ ვგულისხმობ, პირიქით - თანამედროვე ძალიან მაინტერესებს. რაც წინა საუკუნეშია შექმნილი, ჩემთვის უკვე ნაკლებად საინტერესოა, რადგან მათ თავიანთი სიტყვა თქვეს. მას შემდეგ ჩვენს ცნობიერებაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ვერც ვერაფერი გავითვალისწინეთ. ამიტომ, წინა საუკუნის მწერლობა საინტერესოც არის და უცნაურიც, მაგრამ პირადად მე, დღეს რა ხდება და ხვალ რა მოხდება, ეს უფრო მაინტერესებს. გასაგებია, შოთა რუსთაველი და ვაჟა-ფშაველა გვყავდა, მაგრამ - ისევ ლიტერატურის მოყვარულთათვის და ხალხის მცირე ნაწილისთვის, თორემ უმეტესობისთვის ეს ისევეა გასაგები, როგორც მაგალითად, ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელსაც ხანდახან ქუჩაში წავაწყდები ჩე გევარას გამოსახულებიან მაისურში გამოწყობილს, მაგრამ მაისურის პატრონს რომ დავკვირვებივარ, მას ჩე გევარა ჰენდრიქსი ან სხვა მუსიკოსი ჰგონია... არსებობს რეალური გააზრება და ტრენდი, ისევე, როგორც შეიძლება, უცნაურ ადამიანზე აბსოლუტურად უცნაური სიმბოლო აღმოაჩინო - სამოსზე, აზრებში... წინა საუკუნის მწერლებმა რჩევები კი მოგვცეს, მაგრამ ეს რჩევები "ტრენდად" არის გააზრებული. ასე რომ, სანამ სინამდვილე მოდურია, ის სარგებელს ვერ მოგვცემს...

- რომელიმე წიგნი მისი მოდურობის გამო წაგიკითხავთ?

- კი. "მგლის ბილიკი" და "საშობაო მეჯლისი" გამახსენდა, რომლებსაც 90-იან წლებში ყველა კითხულობდა. შესაბამისად, მერე შენც კითხულობ... გართობის მიზნით, ასეთი ლიტერატურის ხელახლა გადაკითხვა შეიძლება... ახლა უცებ, გოჩა მანველიძის "სარანგი" გამახსენდა - "კომედი შოუში" ვხუმრობდით ხოლმე... თანამედროვე მწერლობას რაც შეეხება, მაგალითად, თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე" მოდურია. ჩემს შემთხვევაში, მოდურობას გავლენა არ მოუხდენია - იმიტომ წავიკითხე, რომ მაინტერესებდა, ახალი თაობის წარმომადგენლები რას წერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ეს ლიტერატურა ჩემთვის ნაკლებად საინტერესო იყოს, მისასალმებელია, რომ არსებობს ენერგია და წერის სურვილი, მით უმეტეს, რომ მაინც პატრიარქალურ "ბრჭყალებში მოქცეული" ვართ, ეს მწერალი კი ახალგაზრდა ქალია, რომლის წიგნიც მოდურია. მისი ენერგია და გამბედაობა მნიშვნელოვანია. ველოდები, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, თათული ღვინიანიძე კიდევ უფრო მაგარი მწერალი გახდება. სხვათა შორის, ბევრი, ძალიან მაგარი ქალი მწერალი გვყავს და ეს მახარებს...

- რომელიმე ქვეყნის ლიტერატურა თქვენს განსაკუთრებულ ინტერესს ხომ არ იწვევს?

- ლიტერატურისადმი, როგორც თუნდაც, მუსიკისადმი ჩემი ინტერესი იცვლება ხოლმე. ბოლო პერიოდში, ამერიკული ლიტერატურა ძალიან მაინტერესებს (ჩემი აზრით, ჩვენთან მაინც ევროპული უფროა შემოღწეული, ვიდრე ამერიკული). აღმოსავლურიც საინტერესოა... როცა სამშობლოდან გავდივართ, კონკრეტული ქვეყნის შესახებ ჩვენი წარმოდგენები იქ არსებულ რეალობას არ ემთხვევა. ნებისმიერი კულტურის აღმოსაჩენად ლიტერატურა საუკეთესო საშუალებაა (ასევე - მუსიკა, ხელოვნების ნებისმიერი დარგი...). მაგალითად, როცა ამერიკაში ჩავედი და იქ 1 თვე ვიცხოვრე, ის ამერიკა ვერ ვიპოვე, რაც ჩემს წარმოსახვაში იყო. რეალური ამერიკა სხვანაირი აღმოჩნდა. მისი აღმოჩენა ლიტერატურაში უფრო მეტად შევძელი... თუმცა რეალობაში ქვეყნის აღმოჩენა შეიძლება, თუკი ამის ძიებას ურბანულად, სოციალურ გარემოში უფრო მეტად დავიწყებთ. მშობლიური ქვეყნის შესახებაც იმავეს თქმა შემიძლია: მაგალითად, სულ ვამბობ, - შეიძლება, ადგილობრივი მკვიდრი თბილისში გავიდეს და მშობლიური ქალაქი ხელახლა აღმოაჩინოს-მეთქი...

- აქვე გვითხარით, ამერიკაში როდის იყავით და რა მიზნით გაემგზავრეთ?

- შარშან გავემგზავრე. მიზანი ერთი სისტემიდან მეორეში გაქცევა იყო, თუმცა დროულად მივხვდი, რომ ეს საკუთარი თავისგან გაქცევას უფრო ჰგავდა, ვიდრე სისტემიდან, რადგან შეიძლება, აქ არ მოგწონდეს ერთი, მაგრამ სხვაგან მეორე უკიდურესობას შევეჩეხოთ. ასე რომ, ეს გაქცევის და გადასინჯვის მცდელობა იყო, რაც საბედნიეროდ, მცდარი ნაბიჯი აღმოჩნდა...

- ვიდრე საავტორო წიგნზე მუშაობას დაიწყებდით, წინათ, თუნდაც - ბავშვობაში, წერის სურვილი გაგჩენიათ? იქნებ დღიურს აწარმოებდით?

- არა, არასოდეს...

- ამის სურვილი ახლა რამ გაგიჩინათ?

- არ ვიცი. ეტყობა, დაგროვდა ინფორმაციაც...

- რომელი ავტორის წერის მანერა მოგწონთ და გარკვეული ზეგავლენა ხომ არ მოახდინა თქვენი წერის სტილზე?

- ამის შესახებ რომ ვილაპარაკო, ძალიან კომიკური გამოვჩნდები. შეიძლება, ისედაც კომიკური ვჩანვარ - ჩემი "ცნობადობა" ლიტერატურისგან აბსოლუტურად განსხვავებულია, თუმცა ჩვენზე გავლენას ყველაფერი ახდენს: წიგნებიც, ადამიანებიც, გარემოც, კულტურაც, ქვეყანაც, საკვებიც, სასმელი წყალიც და ა.შ.

- გვითხარით, რის შესახებ არის თქვენი წიგნი?

- წიგნში არის მხატვრული ლიტერატურის დეტალები, ბიოგრაფიულიც, დოკუმენტურიც და ამბები, რომლებზეც ხალხი ან ჩურჩულით ლაპარაკობს, ან - საერთოდ არ საუბრობს. ამაზე ლაპარაკს საზოგადოების მცირე ნაწილი ცდილობს, მაგრამ ჯერ კიდევ ტაბუდადებულია.

- როგორ ფიქრობთ, საზოგადოება მწერლის ამპლუაში როგორ მიგიღებთ?

- იმედია, ქვეყნიდან გაქცევა არ მომიწევს და სადმე არ დამხვდებიან, თუმცა ეგეც არ არის პრობლემა: თუ გაქცევა მომიხდა და მუშტი ან ქვა მომხვდა, წიგნისთვის ძალიან კარგი იქნება. ვნახოთ... რაც უფრო მეტი ქვა მომხვდება, ლიტერატურულად, წიგნი უფრო წარმატებული იქნება.

- თქვენი რომანი მკითხველს რას შესძენს?

- საერთოდ, ყველა წიგნი პრობლემას უნდა ეხებოდეს. ლიტერატურის და საერთოდ, შემოქმედების მიზანი შეკითხვების დასმა უნდა იყოს. შეიძლება, პასუხი ვერ მიიღოს, მაგრამ კითხვები მაინც უნდა დასვას და თუ რეალობას ვერ შეცვლის, აღწეროს მაინც. მიზანიც ეს არის...

- ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერასაც ხომ არ აპირებთ? როგორ ფიქრობთ, თქვენი ცხოვრება წიგნის სიუჟეტისთვის საინტერესო იქნება?

- თქვენში ტელეპათის ნიშნებს ვხედავ (იცინის). იდეაში, ბევრი წიგნი მაქვს, მაგრამ ჯერ ვნახოთ, პირველი რას იზამს... ერთი მნიშვნელოვანი ადამიანის რეცენზიას ველოდები, შემდეგ კი პრეზენტაციასაც დავგეგმავთ...

ეთო ყორღანაშვილი