კონკურენტი კანდიდატების "კეთილგანწყობილი" "კონტრა" - გზაპრესი

კონკურენტი კანდიდატების "კეთილგანწყობილი" "კონტრა"

წინასაარჩევნო პოლიტიკური მარათონი ბოლო ფაზაში შევიდა და საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობის არჩევა/დაკომპლექტებამდე სულ ცოტა დრო რჩება. შესაბამისად, თითოეული კანდიდატი კიდევ უფრო აქტიურად და ენერგიულად ცდილობს ელექტორატის მოხიბვლას და დარწმუნებას იმაში, რომ სწორედ თვითონაა "ის ერთადერთი", რომელიც მას ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და იმ პრობლემების ხელისუფლამდე მიტანაში დაეხმარება, რომლებიც მთავრობების წევრებმა ისედაც ზედმიწევნით კარგად იციან ხოლმე... ხშირ შემთხვევაში, ნეიტრალური ამომრჩეველი, პიროვნულად ყველა მათგანის მიმართ შეიძლება იყოს კეთილგანწყობილი, მაგრამ საარჩევნო ბიულეტენთან და კალამთან განმარტოებისას, სულ მცირე დეტალიც კი გადაწონის და წყვეტს თავისი რაიონის მაჟორიტარის ბედს.

წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატები გოგი წულაია და ნანუკა ჟორჟოლიანი თავიანთი წინასაარჩევნო სამზადისისა და ფეხით შემოვლილი სოფლების შესახებ გვიამბობენ.

- როგორია თქვენი წინასაარჩევნო მარათონი და იმ ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებლების განწყობა თქვენდამი, რომელთა კანდიდატებიც ხართ? რა პრობლემებს გიზიარებენ ისინი?

ნანუკა:

- ორ კვირაში 52 სოფელი მოვიარეთ, კარდაკარ და წარმოიდგინეთ, რა გიჟურ ტემპში ვმუშაობთ, დღეში 9-12 კილომეტრს ფეხით დავდივართ. ძირითადად, მათთანაც ის პრობლემებია, რაც ყველგან, მნიშვნელობა არა აქვს, იმერეთში ივლით კვლევაზე, კახეთსა თუ გურიაში - უმუშევრობა, გაზრდილი ფასები და სოციალური სიდუხჭირე აწუხებს ყველას, სხვა პერსონალურ პრობლემებთან ერთად.

რაც შეეხება განწყობას, დადებითად მხვდებიან და ზოგი მართლაც გულწრფელად მეუბნება, რომ შესაძლოა, პარტიის ამომრჩეველი არ იყოს, მაგრამ პირადად ჩემ მიმართ კეთილგანწყობილია. სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ. მე ხომ ჩემს გადაცემას ყველასთვის ვაკეთებდი და არა - მხოლოდ ერთი რომელიმე პარტიის ამომრჩევლისთვის, ამიტომ, ეს უკვე მათთან შეხვედრების დროსაც აისახება განწყობაზე და ამისთვის დიდი მადლობა. ვპირდები ხალხს, რომ ვიქნები მათი პრობლემების დარაჯი და მნახავენ არა ოთხ წელიწადში ერთხელ, არამედ ხშირად! მათთვის მიუწვდომელი არ ვიქნები და მხოლოდ პარლამენტიდან არ დაველაპარაკები.

GzaPress

გოგი:

- მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და გულის ოპერაცია გავიკეთე. სულ ცოტათი, რამდენიმე წუთით გადავრჩი, რომ ეს ყველაფერი ფატალურად არ დამთავრდა და ექიმებისა და ექთანების წყალობით, ცოცხალი ვარ. ახლა რეაბილიტაციის პერიოდი მაქვს, ყოველდღიურად უკეთესად ვგრძნობ თავს, თუმცა, ჯერ მაინც სუსტად ვარ. შეხვედრებზე სიარული, სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირს, საუბარიც, მაგრამ მაინც ყოველდღე დავდივარ ოფისშიც, ხალხშიც, ბაზარშიც, ამის კადრებიცაა და მაინც ვიძლევი ინტერვიუებს. თავს ისე ვერ ვგრძნობ, როგორც მჩვევია და ჩემს თავზე ვბრაზობ. ვცდილობ, ემოციები მოვთოკო, ნაკლები დატვირთვა მივაყენო გულსა და ორგანიზმს. ექიმებმაც ეს მირჩიეს.

საავადმყოფოში ყოფნის პერიოდი ჩამივარდა, თორემ რაც თავი მახსოვს, სულ მოსახლეობასთან შეხვედრებზე არ დავდივარ? სულ რაღაცას ვაპროტესტებდი და ვყვიროდი. ხალხის განწყობა და ყოფა მძიმეა. ხელისუფლება კი ეუბნება, კარგად ცხოვრობთო, მაგრამ როცა სავალუტო ჯიხურს ახედავ და დოლარი "გარბის", პროდუქტი გაძვირდა, კორონავირუსის შედეგები კატასტროფულადაა გაზრდილი, ხვდები, რომ ვერ არის კარგად ყველაფერი და მოსახლეობაში ნამდვილადაა იმის განცდა, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს, დამთავრდეს. თუმცა, იმის შიშიცაა, "ნაციონალები" არ მობრუნდნენ და უარესი არ მივიღოთო. ამაზე და ასეთ ადამიანებზე თამაშობს მთელი "ქართული ოცნება", ვისთვისაც მიშაა მთავარი საფრთხობელა, მაგრამ ისეთებიც არიან, ვისაც მოჰბეზრდა აქედან "მიშა მოდის" ძახილი, იქიდან - "მოვდივარ და მოვდივარ". მოსაწყენია. ამიტომ, თავიანთ ხმებს სხვა პარტიებს მისცემენ და ისინი 1%-იან ბარიერს ადვილად გადალახავენ. ყოველი ხმა პარლამენტში აისახება, ამის იმედი მაქვს.

- გამარჯვების შემთხვევაში, რას შეცვლით საკანონმდებლო ორგანოში თქვენი ყოფნით? დაასახელეთ კანონპროექტი, რომელსაც პირველ რიგში შეიტანდით პარლამენტში.

ნანუკა:

- გააჩნია, იცით. ამ შემხებლობიდან გამომდინარე, ალბათ დღის წესრიგში დავაყენებდი შშმ პირების კონკრეტულ დეფინიციას, რადგან მაგალითად, ბევრი სმენადაქვეითებული და მხედველობის პრობლემის მქონე პირი ვნახე, რომელთა ფულის სუბსიდირებას ბიუჯეტი აღარ ახდენს. წარმოიდგინეთ, სოფელში ცხოვრობს მოხუცი, რომელსაც უსინათლო შვილი ჰყავს და რეგულაცია არაა, რომ მისთვის ძიძის აყვანა მოხდეს. ამ ყველაფერს ახლა პირადად შევეჩეხე და ყველაზე მეტად მათ უზრუნველვყოფდი.

კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად, სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხების მოგვარებაზე ვიმუშავებდი. განსაკუთრებით, სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების შემთხვევაში, რადგან, ის ბავშვები იმავეს არ უნდა იხდიდნენ, რასაც პირობითად, ჩემი შვილი. მესმის, კერძოა, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან განათლების სუბსიდირება უნდა ხდებოდეს. ეს ორი უმთავრესი ამოცანაა ჩემთვის.

გოგი:

- პირველ რიგში, თვითმმართველობის კანონია მისაღები! თუ გვინდა, სამუშაო ადგილები გაჩნდეს და სოფელი, ქალაქი და საქართველო განვითარდეს, ხალხი თბილისში ან ემიგრაციაში არ უნდა გარბოდეს. თბილისიც რა განვითარებულია, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კი ვუყურებთ. ეს ქალაქი ვეღარ უძლებს ამდენს. ხალხი ადგილობრივად უნდა დასაქმდეს! ასევე, მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმა.

- რა სიტუაციაა რეგიონში ინფრასტრუქტურის კუთხით?

ნანუკა:

- ყველგან რთული მდგომარეობაა, მაგრამ კომიკურ სიტუაციებსაც წავაწყდი - სოფლის ერთ კონკრეტულ ჩიხში ასფალტი იმიტომ არ არის, რომ იქ "ნაციონალები" ცხოვრობენ და ეუბნებიან, თქვენ გზას არ დაგიგებთო. პოლიტიკური რევანშები რომ გვერდზე გადავდოთ, გზა ბევრ სოფელში არ არის. საერთაშორისო და მსოფლიო ორგანიზაციები ქვეყნებს ეხმარებიან, რომ ინფრასტრუქტურა მოგვარდეს, თუმცა, როგორც ჩანს, კონკრეტული ხელისუფლებისთვის ეს პრიორიტეტი არაა. მეტსაც გეტყვით, ვნახე სკოლები, რომელთა რეაბილიტაცია ოთხჯერ მოხდა, ანუ ხომ ხვდებით, რა უხარისხოდ გააკეთეს? ესეც ხშირია.

მაჟორიტარ დეპუტატს რა შეუძლია? ის პროცესში ვერ მონაწილეობას და ხალხს რომ დაჰპირდეს, გზას დაგიგებთო, ტყუილი იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ის გზა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაუგოს!

- წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი და მიმდებარე სოფლები - რომელს რა პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ უფრო მეტად განვითარდნენ? თქვენ რას ხედავთ, რა პრიორიტეტებს?

ნანუკა:

- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ვანიც აღმოჩენა იყო და ხონიც, ტურისტული ზონის თვალსაზრისით; წყალტუბოს ხომ საერთოდ, უდიდესი პოტენციალი აქვს. მას ვუყურებ როგორც დიდ, სარეაბილიტაციო ქალაქს, სადაც იქნება თუნდაც, ფსიქიატრიული, მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი დიდი სარეაბილიტაციო კლინიკები, ასევე, ნარკოლოგიური. ბიუჯეტი ყველაფრის სუბსიდირებას ვერ განახორციელებს და კერძო ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

გლობალური საკითხების გარდა, ჩემთვის ყველაზე მთავარი ახლა იცით, რა არის? ოჯახი არ მინახავს, ერთი ემიგრანტი მაინც რომ არ ჰყავდეს. ძირითადად, მამაკაცები გვხვდებიან, რადგან ქალები ემიგრაციაში არიან...

პირობითად, სამტრედიაში, შესანიშნავი გარემოა იმისთვის, რომ სამკერვალოები გაიხსნას, სამტრედიელი მკერავი ქალები ფოთელებს მიჰყავთ სამუშაოდ, დიდი რესურსი აქვთ, ამ ნიჭით გამოირჩევიან. მაჟორიტარი ამ ყველაფერს მოახერხებს იმ შემთხვევაში, თუ დიდი ცვლილებები მოხდება და ხელისუფლება შეიცვლება. მე ჩემს ძალისხმევას არ დავიშურებ. "ლელოდან" ოპონენტს უთქვამს ჩემზე, ინფლუენსერობა ეყოფაო? ჰო, ეყოფა, თუნდაც, პატარ-პატარა ინვესტიციებს. ქალი რომ გეუბნება, ჩემს შვილს ორი დღეა თხილს ვაჭმევ, იმიტომ, რომ საჭმელი არ მაქვსო, ასეთი ტიპის ქვეყანაში, ერთეული ადამიანების დახმარებაც ბევრს ნიშნავს.

- როგორ მიგაჩნიათ, რა პროფესიის უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატობის მსურველი პირი და საერთოდ, აქვს თუ არა ამას მნიშვნელობა?

ნანუკა:

- რეიგანი მსახიობი იყო, სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, დიპლომატია და მოდი, შევადაროთ. მესმის, ქვეყნებიც სხვა მასშტაბისაა, მაგრამ მაინც, პერსონალური შედარება რომ გავაკეთოთ... ამიტომ, არ ვიცი, პროფესია განსაზღვრავს თუ არა რაღაცის კეთების სურვილს და ენთუზიაზმს. მინახავს მსახიობი, რომელიც ღირებულს ქმნის და პოლიტიკოსიც, არაფრის მაქნისი და თაღლითი, მოღალატე, რუსეთუმე. ამიტომ, მთავარი ისაა, თუ როგორ ვუყურებთ საკითხს. შესაძლოა, ბევრი სპორტსმენი მეტად კომპეტენტური იყოს, ვიდრე - პოლიტიკოსი. კანონი, რომელსაც იღებ, წინასწარ წაკითხული უნდა გქონდეს და ხმა ისე მისცე. ესაა შენი პასუხისმგებლობის შეგრძნება და ამას პროფესია კი არა, ჩვენი პერსონალური ხასიათი განსაზღვრავს.

მე ამბიციური ტიპი ვარ და ეს ნიშნავს იმას, რომ წარუმატებელი პროექტები არ მიყვარს და არ მაქვს, ჩემს ბალანსზე წარუმატებელი პროექტი არ ირიცხება! შესაბამისად, ჩემს ცხოვრებაში ამას განვიხილავ, როგორც პროექტს და ყველაფერს ვიზამ, რომ წარმატებული იყოს!

გოგი:

- ამას მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ადამიანს პოლიტიკური ალღო, ნიჭი უნდა ჰქონდეს, თორემ ამ საქართველოში ყველა პოლიტოლოგიას ვერ დაამთავრებდა, მით უმეტეს, საბჭოთა კავშირის პერიოდში. ამიტომ, ამ პოლიტიკაში ყველა სფეროსა და ყველანაირი განათლების მქონე ადამიანები ვართ, მაგრამ გვაქვს მიდრეკილება პოლიტიკისადმი და თავს რეალიზებულად ვგრძნობთ.

- როგორ უყურებთ ამ საკითხს - რა არის მაჟორიტარობა თქვენთვის? რა ფუნქცია აკისრია მას?

GzaPress

ნანუკა:

- მაჟორიტარობა ჩემთვის არის კონკრეტული ადამიანის წარმომადგენელი პარლამენტში. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება გავიგო და ხმა ამოვიღო იმაზე, რაც კონკრეტული სოფლის კონკრეტულ ადამიანს უჭირს, ვინც მე ხმა მომცა და მენდო. ხალხში სრული ნიჰილიზმია. პოლიტიკოსებს რომ ხედავენ, ცუდად ხდებიან, იმდენად არ უყვართ, რადგან მათი აღარაფერი სჯერათ. მოკლედ, დიდი გეგმები მაქვს.

გოგი:

- საერთოდ, ვთვლი, რომ მაჟორიტარობა არ უნდა არსებობდეს. ყოველ ქალაქს თითო მაჟორიტარი ჰყავდა და მაინც არაფერი კეთდებოდა და ახლა რა უნდა იყოს? დადგება ამის გაუქმების დროც.

- ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტად? რას იტყვით თქვენს სხვა კონკურენტებზე, ერთმანეთზე და როგორ ფიქრობთ, რა შანსები გაქვთ?

ნანუკა:

- მხოლოდ "ქართულ ოცნებას". დიდ პატივს ვცემ კაკოს, დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ ის ჩემი კონკურენტი არ არის, ოპოზიციაა. ბატონი გოგი წულაიას მიმართაც პოზიტიური განწყობა მაქვს, ქუჩაშიც შევხვედრივართ, მოსახლეობასთან ურთიერთობისას და ყოველთვის ღიმილით ვესალმებით ერთმანეთს. სხვათა შორის, აქ, ამ ოლქში, ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, ქვებს არ ვესვრით ერთმანეთს, ვმღერით, ვცეკვავთ და ვმხიარულობთ (იცინის). ჩვენი საარჩევნო კამპანია ძალიან ფერადია და ხელის გადაგრეხასა და დედის გინებაზე არაა ორიენტირებული.

გოგი:

- ზღაპრებს რომ არ მოვყვე, ვფიქრობ, ჩვენი პარტია 3-4%-ს აიღებს. ამის იმედს მაძლევს ის, რომ ბევრი ადამიანი გამოხატავს კეთილგანწყობას, თუნდაც, ჩემ მიმართ. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ადამიანი მგულშემატკივრობდა და რა სიყვარულს, სითბოსა და თანადგომას გამოხატავდნენ, ცუდად რომ გავხდი. იშვიათად, პოლიტიკოსს ამხელა სიყვარული ჰქონდეს და ეს მიხარია, ვუფრთხილდები ამას, რაც ბრძოლითა და თავდადებით მოვიპოვე. იმედი მაქვს, ეს სიყვარული ხმებში აისახება.

წარმოიდგინეთ, მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა ჯამში "ქართულ ოცნებაზე" მეტი ხმა რომ მიიღოს, ისინი იხუვლებენ და უცებ დატოვებენ პარტიას, მათ ხომ საერთო იდეოლოგია, პრინციპები, ღირებულებები, ერთმანეთთან დიდი მეგობრობა და სიყვარული არ გააჩნიათ. მე კონკურენტად არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აღვიქვამ. მგონია, რომ 10-12 პარტია ზღვარს გადავლახავთ. "ნაცებისა" და "ოცნების" გარდა, მე ყველას მოკავშირედ ვთვლი.

რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანს, შეიძლება ბევრ პოლიტიკოსსაც აჯობოს, წარმატებული და შემდგარი ჟურნალისტი ნამდვილად არის, მშვენიერი გოგონაა, მასთან საპრეტენზიო ნამდვილად არაფერი მაქვს. თუმცა, ის თბილისში ცხოვრობს, პარლამენტში ყოფნისას მეც მანდ ვცხოვრობდი და კარგად ვიცი, რა შორს ხარ აქაური პრობლემებისგან, როცა თბილისში ხარ. რეგიონებში სულ სხვა პროცესი მიდის. ღმერთმა გაუმარჯოს, წარმატებებს ვუსურვებ! სუსტი კანდიდატი დაუყენეს. გივი ჭიჭინაძე კარგი კაცია, ნიჭიერი, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი... "ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო". არ არის და მორჩა! აქამდე რა თქვა და რა გააკეთა, აბა? ან რას ეცადა მაინც? გავიგე, კარგი კაცია, ეხმარება ზოგს, მივიდა ვიღაც ვანელი კაცი, დედა მყავს მკვდარიო, გასვენება სთხოვა და გაასვენებინეს, ვანის ბიუჯეტიდან გადაუხადეს ფული. გასაგებია, მაგრამ ვანის მოქალაქე მათთან რომ არ მიდიოდეს, დედა გამასვენებინეო და ეს თავისით მოახერხოს, ამისთვის რა გააკეთა ჭიჭინაძემ? ასე არ იმართება ქვეყანა და ვერ მივალთ კარგ გზამდე. მგონია, მეორე ტური გარდაუვალია. ვნახოთ, ხმები როგორ გადანაწილდება.

თამთა დადეშელი