"ყველა მდიდარს თავისებური პრობლემები აქვს, როგორც ჩვენ - ჩვენი..." - გზაპრესი

"ყველა მდიდარს თავისებური პრობლემები აქვს, როგორც ჩვენ - ჩვენი..."

ამიკო ჩოხარაძის საქმიანობის ტრამპლინი იუმორი იყო, თუმცა მისი შემოსავალი მხოლოდ იუმორისტულ პროგრამებს არ უკავშირდება: მაგალითად, საღამოებზე წამყვანობასაც ითავსებს, ცეკვა-სიმღერაც კარგად გამოსდის, მაგრამ მიხვდა, რომ ნებისმიერ სამუშაო სფეროში იუმორი საჭიროა...

- ფულის საჭიროება-მნიშვნელობა 14-15 წლისამ გავაცნობიერე. მეგობრებთან ერთად წასვლის სურვილმა, ფულის შეკრების საჭიროებამ მიმახვედრა, რომ ჯიბეში "1-2 კაპიკი" უნდა გქონოდა ადამიანს (იცინის)...

- პირველი ჰონორარი როდის და რისთვის მიიღე?

- პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. მე და მეგობრები - მამუკა ჩაუშბა და გიორგი სიხარულიძე მამუკას სახლში ვიყავით. სადარბაზოში კარგი ექოა. "ჩაკრულო" ვიმღერეთ. მამუკას ბებიამ ლარ-ლარი დაგვირიგა. ეს იყო ჩვენი პირველი ჰონორარი (იცინის).

- ფულის დამოუკიდებლად შოვნა როდის გადაწყვიტე?

- დაახლოებით 17 წლისამ მუშაობისთვის შემზადება დავიწყე: შევისწავლე დიჯეის აპარატი, "გადაყვანები" და ა.შ. ბათუმში, კლუბებში დიჯეიდ ვიმუშავე - "ივენთებზე" ვუკრავდი. შემდეგ, საზღვაო აკადემიაში რომ ვსწავლობდი, "კავეენში" ვითამაშე, მერე აჭარის ნაკრებში გადავედი, იქიდან - საქართველოს ნაკრებში და ქვეყანას ბევრი წარმატება მოვუტანე. მაგალითად, 2014 წელს საქართველოს ნაკრები პრემიერ ლიგის ჩემპიონები გავხდით - რუსული გუნდი რუსეთშივე, თავიანთ ენაზე დავამარცხეთ და ა.შ. საქართველოს ნაკრების სახელით, უკრაინის უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდი, როცა ტელევიზიაში მიმიწვიეს... შემდეგ, "კომედი ჯგუფიდან" "ჯიდიესზე" განვითარებისთვის წავედი, სადაც "სკეტჩური" იუმორის გარდა, კიდევ ბევრი რამ ვისწავლე (არა მხოლოდ იუმორის სფეროში). შემდეგ სამუშაოდ სხვაგან გადავედი, მერე - მოსკოვში. 2018 წელს საქართველოში დავბრუნდი. ჩამოსვლისთანავე, ნოე სულაბერიძემ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა შემომთავაზა. დავთანხმდი და გავიმარჯვე... 2019 წელს ისევ "რუსთავი 2"-ს დავუბრუნდი - "აღმოჩნდა", რომ დედამიწა მრგვალია (იცინის).

- მას მერე, რაც შემოსავლის საკუთარი წყარო გაგიჩნდა, ფინანსური კრიზისი შეგქმნია?

- რა თქმა უნდა, მეც ხომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ბანკის ვალები მაქვს (იცინის). რთულ სიტუაციაშიც ვყოფილვარ, არ ვმალავ. ქვეყანა სწორედ ამის გამო დავტოვე და რუსეთში გავემგზავრე. იქაც ვმუშაობდი და 1-2 "კაპიკს" "ვაკეთებდი", რომ ჩემი ფინანსური კრიზისი გამომესწორებინა. ამ ეტაპზე, ჩემს ფინანსურ მდგომარეობას არ ვუჩივი. მადლობა ღმერთს, კარგად ვარ, თუმცა პანდემიის გამო, მგონი, ახლა ფინანსურად ყველას უჭირს - ფეხზე მძლავრად ვერ ვდგავართ.

GzaPress

- ყოფილა შემთხვევა, როცა მუშაობის ხალისი არ გქონია?

- კი, როცა ცხოვრებაში რაღაც პრობლემა მქონია. დეპრესიაში და "ჩაწოლილი" არ ვყოფილვარ, ექიმების დახმარება და წამლები არ დამჭირვებია, მაგრამ მოწყენილობის პერიოდი მქონდა. ოჯახის, მეგობრების გვერდით დგომით, ჩემი დაუღალავი შრომით, ბრძოლისუნარიანობით, ჯიუტობით შესაბამისი შედეგიც მიმიღია.

- რთულ პერიოდში, ვინმესთვის დახმარება გითხოვია?

- რა თქმა უნდა, თუნდაც - ფინანსურად, მეგობრებისთვის მხარში ამოდგომა ჩვეულებრივი ამბავია. შეიძლება კონკრეტულ სიტუაციაში, ჩემს მეგობარს არ ჰქონდეს ფული, ასეთ დროს მირჩევნია, ფინანსურად მხარში ამოვუდგე, ოღონდ - არა სესხით (სიტყვა "სესხი" არ მიყვარს - ბანკებმა შემაძულეს), არამედ - ჩუქებით, თუკი საშუალება მაქვს.

- ბერასთვის, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა გაკავშირებს, დახმარება გითხოვია?

- ბერა ძალიან კარგი, ნიჭიერი, შრომისმოყვარე და კეთილი ადამიანია. დიდ პატივს ვცემ და თავის საქმეში დიდ წარმატებას ვუსურვებ. ვგულშემატკივრობ. შესაბამისად, კარგ ადამიანებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მისგან მორალური მხარდაჭერა მიგრძნია. როცა ასეთი ადამიანი გვერდით გყავს, თავს კარგად გრძნობ... მიმაჩნია, რომ როცა რაღაც პრობლემა გაქვს, თავად უნდა მოაგვარო, დაალაგო და მეგობრის საზრუნავი არ გახადო. თუკი მეგობარმა იცის, რომ ფინანსური პრობლემა მაქვს, ადგება და მომიგვარებს, ყოველთვის მადლობელი ვიქნები, რა თქმა უნდა. ბერას უკითხავს, რამე ხომ არ გჭირდებაო? იმ სიტუაციაში დიდად არაფერი მჭირდებოდა, რომ შემეწუხებინა ბერა ან მისი ოჯახი. ბანკის ვალი მაქვს და დამეხმარე-მეთქი, ამის თხოვნა ცოტათი უხერხულია, ლამაზი საქციელი არ არის (იცინის). ყველას თავისი პრობლემა აქვს, მათ შორის - დარწმუნებული ვარ, ბერასაც და მის ოჯახსაც. რადგან ბევრი ფული აქვთ, იმას არ ნიშნავს, რომ უპრობლემოდ ცხოვრობენ. ყველა მდიდარს თავისებური პრობლემები აქვს, როგორც ჩვენ - ჩვენი... საერთოდ, ნებისმიერი ადამიანი სირთულეს თავისებურად აღიქვამს. მაგალითად, შესაძლოა, ვიღაცამ ფინანსური პრობლემა ვერ გადაიტანოს, გაგიჟდეს, მაგრამ პირადად მე, შემიძლია, პრობლემის მოსაგვარებლად ვიბრძოლო და ამისთვის არავინ შევაწუხო. 32 წლის ვარ და შინაგანადაც თავს ისე სუსტად არ ვგრძნობ, რომ ჩემს ცხოვრებისეულ პრობლემებს ვერ გავუმკლავდე.

- პანდემია შენს ბიუჯეტზე როგორ აისახა?

- პანდემიის დროს ფინანსური კრიზისი ნაკლებად ვიგრძენი, რადგან ოჯახში უფრო მეტი დრო გავატარე. სხვათა შორის, ნებისმიერ ადამიანს ვურჩევ, რომ კაფესა და რესტორნებში საკვებად სიარული შეწყვიტოს - სახლში კვება გაცილებით იაფი ჯდება. თან, უფრო სანდო ადამიანი და უფრო გემრიელადაც ამზადებს... ჩემი ნერვიულობის მიზეზი ხალხის სიკვდილი, ინფიცირებაა... საერთოდ, მინიმალური თანხით თავის გატანა შემიძლია. ადამიანს შეგიძლია, 2 ლარად გაცილებით გემრიელი საჭმელი მოამზადო და 10-ლარიანი საკვები არ იყიდო. თან, ჩვენი ქვეყანა ამის საშუალებას გვაძლევს.

- ფულის მფლანგველი ხარ?

- დიახ. ამიტომაც ვამბობ, რომ ფულის მიმართ დიდი ინტერესი არ მაქვს. ახლა პანდემიაა, "ივენთები" აღარაა, ნაკლები შემოსავალია... დროის უმეტეს ნაწილს სახლსა და სამსახურში ვატარებ. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ფული მჭირდება. სადამდეც საბანი გამწვდება, იქამდე უნდა გადავიფარო... ფულის გაფრთხილებაც არ მიყვარს. ხელფასი რომ დამერიცხება, ბარათიდან თანხას "ვხსნი", პირდაპირ სახლში მიმაქვს და მეუღლეს ვაბარებ, რომ სადღაც არ წავიდე და არ დავხარჯო. კარგი საქციელია, როცა სამეგობრო წრეში ფულს ხარჯავ, მაგრამ მერე ზღვარს ვეღარ "ვიჭერ" და მეორე დღეს იმაზე ვფიქრობ, სად წავიდე, რომ ფული ვისესხო (იცინის).

- ანუ ბიუჯეტის განკარგვაში მეუღლე გეხმარება?

- კი, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მფლანგველები ვართ. მეუღლე უფრო ხშირად ბავშვებთან ერთადაა, სახლში. შესაბამისად, მას უფრო მეტად უწევს ფიქრი საკვებზე, სკოლაზე... როგორც ყველა, ჩვენც ოჯახურ ბიუჯეტს გადავდებთ ხოლმე, დანარჩენს კი ვფლანგავთ. ჩვენც ახლა, მილიონებს არ ვფლანგავდეთ... ერთ შაბათ-კვირას გავფლანგავთ, მერე კი ისევ სამსახური-სახლის რეჟიმში "ვჯდები" (იღიმის).

- შეგიძლია, გასესხებული თანხის დაბრუნება მოსთხოვო ადამიანს?

- სესხად იშვიათად მიმიცია, უფრო - მიჩუქებია. როცა 30-50 ლარზეა საუბარი, ისეთ სიტუაციაში არ ვარ, რომ ეს თანხა უცებ დამჭირდეს და რამე გადამიწყვიტოს. თუ დამჭირდება, მირჩევნია, არ შევაწუხო, ზედმეტი საფიქრალი არ გავუჩინო და როცა საშუალება ექნება, თავად მომცეს, მე კი წავიდე და სხვისგან ვისეხო ის 30 ლარი, თუ ასეთი მნიშვნელოვანია.

- როცა თავად გისესხებია და მაგალითად, დროულად ვერ დაგიბრუნებია, როგორ მოქცეულხარ?

- თუკი შეგპირდი, რომ ფულს 1 კვირაში დაგიბრუნებდი, მაგრამ რამდენიმე დღეში გავიგე, რომ თურმე, 1 კვირაში ფულის მოცემა არ შემიძლია, 2-3 დღით ადრე დაგირეკავ და საქმის კურსში ჩაგაყენებ. ეს ელემენტარული ყურადღებაა, თორემ არავინ დაგახრჩობს. დიპლომატიური მოლაპარაკებების მომხრე ვარ.

- მშობლებს ბოლოს ფული როდის სთხოვე?

- შეიძლება - გუშინწინ (იცინის). ზოგჯერ არის შემთხვევა, რომ ჯიბეში ფული არ მაქვს, ინტერნეტით ვსაუბრობ და ანგარიში ამომეწურა. დედაჩემისთვის მითქვამს, - 20 ლარი ჩამირიცხე, რომ ინტერნეტი ჩავრთო-მეთქი. როცა საშუალება მაქვს, რაღაცას მეც ვუგზავნი, ოღონდ - 20-30 ლარს კი არა, არამედ - მაგალითად, ზაფხულში, როცა მშობლებთან ჩავდივარ, ჩემს დაიკოს "2 კაპიკს" ვჩუქნი ან რამეს ვიყიდი და სახლში ავიტან. ოჯახია, რა... ძმები ერთმანეთისგან ფულს ვერ ვისესხებთ, უნდა ვაჩუქოთ (იცინის). მაგალითად, როცა ოჯახის რომელიმე წევრს საჭმელი არ აქვს, დანარჩენები ლუკმის გადაყლაპვას ვერ შეძლებენ - ყველა იმაზე შეთანხმდება, რომ ლუკმა უნდა გავუყოთ, ვისაც ეს სჭირდება.

- შვილების სურვილებს როგორ უმკლავდები? ზოგჯერ ბავშვების მოთხოვნები უფროსებისთვის პრიორიტეტული არ არის.

- გადავრჩი, რადგან ჩემი ბავშვები რეალისტები არიან - არარეალურ რაღაცებს არ მთხოვენ. ხელფასის დღეს ელოდებიან, რომ ან კომპიუტერული თამაშის დისკი ვიყიდო ბიჭისთვის, ან თოჯინა - გოგოსთვის... კარგია, რომ ნამდვილი დინოზავრის ყიდვას არ მთხოვენ (იცინის).

- საქმიან ადამიანებს რას ურჩევ?

- ნებისმიერ სფეროში მომუშავე ნებისმიერ ადამიანს ვურჩევ, რომ ცხოვრებაში ფინანსური კეთილდღეობის მიღწევისთვის, ფულის შოვნისთანავე მის ხარჯვას ნუ დაიწყებენ. ეგ პერიოდი, ეგ ასაკი მეც გავიარე: თავის დროზე, რაღაცას რომ ვშოულობდი, არ გავუფრთხილდი და ფლანგვისკენ უფრო "წავედი". ასე რომ, თუ რაღაცას იშოვით, შეგიძლიათ, დააგროვოთ. ყველაზე კარგი ინვესტიცია საკუთარი თავია - რაც უფრო განვითარდები, უფრო მოგებული დარჩები...

ეთო ყორღანაშვილი