"გათხოვების ამბავი ლიკუნამ პირველად მე მახარა" - გზაპრესი

"გათხოვების ამბავი ლიკუნამ პირველად მე მახარა"

მოდელი, "ინფლუენსერი" ლიკუნა ხაჭაპურიძე და მოდის ბლოგერი, გადაცემა "ბლოგერ შოუს" დამფუძნებელი - გიგა უჩუვატოვი რამდენიმე წელია მეგობრობენ. გულახდილი ინტერვიუ ონლაინრეჟიმში ჩავწერეთ, რადგან ამჟამად ლიკუნა, მეუღლესთან ერთად, გერმანიაში ცხოვრობს...

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

გიგა:

- 4 წლის წინ საერთო გადაღებაზე მოვხვდით, სადაც ფოტოგრაფის ამპლუაში გახლდით, ლიკუნა კი - მოდელის. მან გადაღებაზე ძალიან დააგვიანა, რის გამოც გავბრაზდი. როდესაც მოვიდა, მოიბოდიშა. ხომ იცი, რომ მოდელებსა და ფოტოგრაფებს ერთმანეთის მიმართ ცოტათი დაძაბული დამოკიდებულება აქვთ? ლიკუნა უშუალოდ მომექცა. პირველ რიგში, ამ ადამიანმა თავისი გარეგნობით, სტილით კი არ მომხიბლა, არამედ - შინაგანი სამყაროთი... საერთოდ, დაგვიანება ლიკუნას სენია. ამისთვის ყოველთვის გულწრფელად იხდის ბოდიშს. ყველანი ვპატიობთ ხოლმე...

ლიკუნა:

- მართლაც ხშირად ვიგვიანებ. უკვე ყველა 1 საათით ადრე მიბარებს, რომ დანიშნულების ადგილამდე მივაღწიო (იცინის). ვაღიარებ, ჩემი არაპუნქტუალურობა სირცხვილია.

- გიგამ შენზე როგორი შთაბეჭდილება მოახდინა, როცა პირველად შეხვდი?

- მისი დანახვისთანავე ვიგრძენი, რომ "ჩემი" ადამიანია, ემოციები, აურა "გავცვალეთ"... მაშინ გადაღებაზე ერთად პირველად ვიმუშავეთ... ძალიან კარგი ფოტოები გამოვიდა. ერთმანეთთან კონტაქტშიც იოლად შევედით, "გავიხსენით". გიგა მალე შემიყვარდა (იღიმის).

გიგა:

- გადაღების შემდეგ, "კადრს მიღმა" გავიცანი: ლიკუნა აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ძალიან რელიგიური, გულთბილი და მოსიყვარულეა. ყველგან ყველას იცნობს, გულწრფელად მოიკითხავს ხოლმე. უშუალოა.

- რა უარყოფითი თვისება აქვს?

- გონებაგაფანტულია. ტიპური მერწყულია - მუდმივად "ჰაერში დაფრინავს" და როგორც აღვნიშნე, დროის შეგრძნება დაკარგული აქვს, სულ აგვიანებს. სხვა მხრივ, ცუდი თვისებები ნამდვილად არ აქვს. ჩემთვის იდეალური ადამიანია.

- შენ როგორ დაახასიათებ გიგას?

GzaPress

ლიკუნა:

- უამრავი დადებითი თვისება აქვს. ვერც კი ჩამოვთვლი... შრომისმოყვარეა. შეგიძლია, ყველაფერში თვალდახუჭული ენდო. მოსმენა და კარგი რჩევების მოცემა იცის...

- მეგობრებმა "ერთი ფუთი მარილი" უკვე ჭამეთ?

გიგა:

- სხვათა შორის, მე და ლიკუნას კონფლიქტი არ გვქონია. მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როცა გული დავწყვიტე, მაგრამ ეს სამსახურებრივი მოვალეობის გამო მოხდა - კონტრაქტზე ხელი მქონდა მოწერილი. ამ შემთხვევაში, ალბათ მეგობრობას "გადავახტი" და ლიკუნამ არასწორად გაიგო.

ლიკუნა:

- ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მე და გიგა წავკინკლავდით. მალევე შევრიგდით.

გიგა:

- ლიკუნას გულში წყენა დიდხანს არ რჩება. ისეთი ტანდემი ვართ, რომ მეგობრობის გასამყარებლად არც მარილის ჭამა გვჭირდება და არც - შაქრის.

ლიკუნა:

- სხვათა შორის, ერთად ბევრი რამე გამოგვივლია - კარგიც, ცუდიც... ბევრი ადამიანი "გამოვიცვალეთ", მაგრამ ჩვენ უცვლელად, ერთად ვრჩებით. გიგას ბოლომდე ვენდობი და ვიცი, თავადაც მენდობა. მგონია, სხვა მოდელებთან შედარებით, გამორჩეულად ვუყვარვარ. ჩემთვისაც ასეა გიგა... განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს.

- სოციალურ ქსელში როგორი გამოხმაურება გაქვთ?

გიგა:

- ლიკუნას "ფეიჯზე" უფრო მაღალი აქტიურობაა, რადგან დიდი ხანია, ბლოგერობს და ბევრს შრომობს, რომ ხარისხიანი ფოტომასალა ჰქონდეს. "ინსტაგრამის" "ფიდი" ძალიან მონოქრომულია, ერთმანეთთან ლოგიკურად "დაწყობილი" პოსტები აქვს... ვერ ვიტყვი, რომ ხალხის უარყოფით რეაქციას იწვევს, მაგრამ მისი სიშიშვლე განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა... ჩემს შემთხვევაში, ძირითადად, საუბრის მანერას აკრიტიკებენ: ჰგონიათ, "დადგმული" და ყალბია. რეალურად, მართლა ასე ვმეტყველებ. ფილოლოგების ოჯახში გავიზარდე. საუბრისას ხშირად მაღალფარდოვანი სიტყვები გამომიყენებია, რის გამოც კრიტიკას ვიღებ (იცინის). ჩაცმულობის გამო ორივეს გვაკრიტიკებენ, მაგრამ კრიტიკის დიდ ქარცეცხლში არ ვართ - უფრო ხშირად, დადებით კომენტარებს გვიწერენ.

ლიკუნა:

- ჩემი "ფოლოვერების" 50% უცხოლები (ამერიკიდან, რუსეთიდან, ბრიტანეთიდან...) არიან. ჩემ მიმართ ისინი უფრო დადებით დამოკიდებულებას ავლენენ, თუმცა ქართველებისგანაც გულთბილ დამოკიდებულებას ვგრძნობ, რის გამოც უბედნიერესი ვარ. ხანდახან 1-2 "ჰეითერიც" გამოერევა, რომლებიც ისეთ რამეს მოგწერენ ადამიანს, რომ მთელი დღე ხასიათს გიფუჭებენ (იცინის). ცხადია, ყველას ვერც მოვეწონები. "ჰეითერებს" ყურადღებას არ ვაქცევ. თან, ძალიან ცოტანი არიან.

- რამდენი ხანია, რაც მეგობრებს ერთმანეთი არ გინახავთ?

გიგა:

- 3-4 თვეა. როცა ლიკუნამ მითხრა, - გავთხოვდიო, რვავე ბლოგერი შოკში ვიყავით (გადაღება გვქონდა). ვიტირეთ, განვიცადეთ... რა თქმა უნდა, ეს სიხარულის ცრემლები იყო... საერთოდ, როცა ადამიანი შორს მიდის, ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო. ცოტათი უხეშად გამომდის, რადგან შეიძლება, არ მოვიკითხო, არ მივწერო, რომ არ მომენატროს და საკუთარ თავს გული არ ვატკინო... ლიკუნასთან დაკავშირებითაც ასე დამემართა. გადავწყვიტე, - მოდი, მის ფოტოებს აღარ დავათვალიერებ, ამ თემაზე აღარ ვიფიქრებ-მეთქი... ჩემი განცდები ასე გადავლახე... იმედია, მალე ჩამოვა...

გადაცემა "ბლოგერ შოუს" რაც შეეხება, ლიკუნას წასვლამ ამაზეც იმოქმედა. მაყურებლები გვწერენ, დააბრუნეთო. მართლა ძალიან დაგვაკლდა. ლიკუნასთან მუშაობა კომფორტულია. ზუსტად ესმის "ხარისხის" მნიშვნელობა. ჩემთვის ადვილად სამართავი "პროდუქტია", რადგან ჩემი სჯერა: გადაღებაზე რასაც ვეუბნებოდი, ყველაფერს ზუსტად, "ერთი ერთში" აკეთებდა... ვცდილობ, ლიკუნას გამგზავრებით განცდილი დანაკლისი სხვა ადამიანებით ამოვივსო, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერ ვავსებ...

ლიკუნა:

- აუ, "ბლოგერ შოუ" მომენატრა. პირველივე სერიიდან შოუში ვიყავი, მთელი გუნდი მიყვარდა! გადაღებებზეც ვერთობოდით, კარგი იყო... ყველა მენატრება... ჩემი და გიგას ურთიერთობას რაც შეეხება, არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, შეიძლება ყოველდღიურად არ ვსაუბრობთ - რეჟიმის გამო, ერთმანეთს ვერ "ვემთხვევით", მაგრამ კვირაში ერთი-ორჯერ ვიდეოზარით ვლაპარაკობთ, "სთორებზე" ერთმანეთს კომენტარებს ვუტოვებთ და ა.შ. დისტანცია იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი მეგობარი აღარ არის. მთავარი სხვა რაღაცებია... შეიძლება, ნოემბერში საქართველოში ჩამოვიდე. კორონავირუსის გამო ისეთი ამბებია, ზუსტად არ ვიცი, ამას მოვახერხებ თუ არა. გერმანიაში ბევრად დაცულად ვგრძნობ თავს. თბილისში უკვე ჩემი ბევრი ნაცნობი დაინფიცირდა და მეშინია...

- პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ დეტალებს ერთმანეთს რა დოზით უმხელთ? ერთმანეთის მესაიდუმლეები ხართ?

- კი, რა თქმა უნდა. როცა ჩემს პირად ცხოვრებაში რაღაცები ხდებოდა, გიგას ვურეკავდი, მნახულობდა, მისმენდა... ისეთი პიროვნება არ არის, რომ თავის პირადულზე ბევრს ესაუბროს. პროფესიასა და პირად ცხოვრებას მიჯნავს, თუმცა მე ყველაფერს მიყვებოდა. სწორი საქციელია - ახლო მეგობრები ერთმანეთს ყველაფერს უმხელენ.

GzaPress

გიგა:

- ერთმანეთისთვის საუკეთესო მეგობრები ვართ. პირველი, ვისაც ლიკუნამ გათხოვების ამბავი ახარა, მე ვიყავი. ჩემი პირადი ცხოვრების შესახებაც ყველაფერს ვუყვები და მის რჩევებს ვუსმენ, მაგრამ იცით, როგორია? ხანდახან ისე "დაფრინავს", რომ შეიძლება მოგისმინოს, თავი დაგიქნიოს და ტელეფონში "ჩავარდეს", რაც მწყინს. უფრო ხშირად ვისმენ, ვიდრე ველაპარაკები, რა... მისი ნამდვილი მესაიდუმლე ვარ. ლიკუნაც მაქსიმალურად ცდილობს ამას. მისთვის გამხელილი ჩემი ამბავი წინ არასდროს დამხვედრია - ერთგული და სანდო ადამიანია.

- ლიკუნას რჩეულს იცნობდი?

- სანდროს შორიდან ვიცნობდი. ერთი-ორჯერ შევხვდით კიდეც. მის შესახებ მხოლოდ კარგი მესმოდა. ლიკუნასაც აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან შეყვარებული იყო, რადგან საჩუქარს სათუთად ურჩევდა, რაღაც რომანტიკულს გეგმავდა... მიმაჩნია, რომ სანდროსა და ლიკუნას სახით კარგი წყვილი შედგა.

ლიკუნა:

- სანდრო თბილისიდან ამერიკაში ონლაინ მუშაობდა. ისეთი რეჟიმი ჰქონდა, რომ ფაქტობრივად, თბილისში გარეთ ვერ გამოდიოდა. ბოლო დროს გიგასაც მხოლოდ გადაღებებზე ან ისეთ სიტუაციაში ვნახულობდი, როცა ბევრ ადამიანთან ერთად სადმე მივდიოდით. გადაღებებზე სანდრო არ დამყვებოდა... ასე რომ, მიზეზი ეს არის, რატომაც გიგა ჩემს რჩეულს კარგად არ იცნობს, სამწუხაროდ.

- გვითხარი, ვინ არის შენი რჩეული? რამდენი ხანია, რაც ურთიერთობა გაქვთ?

- ორი წელია, რაც ურთიერთობა გვაქვს. დაახლოებით 3 თვის წინ დავქორწინდით. საცხოვრებლად გერმანიაში გადმოსვლა გადავწყვიტეთ. აქ წყნარად, ბედნიერად ვცხოვრობთ. სანდრო ჩემი ყველაზე დიდი მეგობარია, ვინც კი ოდესმე მყოლია. მართლა უბედნიერესი ვარ და ღმერთს ყოველდღე მადლობას ვუხდი, რომ ეს ადამიანი გვერდით მყავს. ამას მთელი გულით ვამბობ.

- გერმანიაში რას საქმიანობ?

- ჩამოსვლისთანავე ჩემმა სააგენტომ ცნობილი სააგენტოს კასტინგზე გამიშვა, სადაც ამიყვანეს. პირველი გადაღება შაბათს მაქვს. ასევე, მოგეხსენებათ, "ინფლუენსერი" ვარ და ამ სფეროშიც წინ მივიწევ, რადგან ჩემთვის საოცნებო ბრენდებთან ვთანამშრომლობ. სიხარულისგან მართლა მეტირება. წარმოიდგინე, ამ ბრენდების სამოსის მხოლოდ ჩაცმაზეც კი ვოცნებობდი, არათუ თანამშრომლობაზე. "ჟაკმუსი", "ივ სენ ლორანი", "ბარბერი", "ესტე ლაუდერი" საჩუქრებს სულ მიგზავნიან. პლუს, კონტენტის შექმნისთვის ჰონორარს მიხდიან. მოკლედ, ამ მხრივ კარგი სიახლეებია. ნელ-ნელა წინ მივიწევ.

- დომენიკ პარსელთან დაკავშირებით რას გვეტყვი - მასთან რეალურად რა ურთიერთობა გქონდა და ახლა რა ხდება თქვენ შორის?

- რომანი არ გვქონია. ვიცოდი, რომ მოვწონდი, მწერდა, მაგრამ საქართველოში მისი ჩამოსვლის დღიდანვე ისე "დავულაგე თემები", რომ მიმხვდარიყო, მხოლოდ მეგობრები ვართ-მეთქი. მერე, ალბათ თავი ვერ შეიკავა და გადაღებაზე მითხრა, - ცოლად გამომყევიო, მაგრამ ვუპასუხე, - ვერა, მირჩევნია, მეგობრები ვიყოთ-მეთქი... შემომთავაზა, რომ მასთან წავსულიყავი - Pრისონ Bრეაკ-ის ახალი სეზონი გამოდის და მინდა, გათამაშოო. კიდევ რაღაც ფილმში მიმიწვია... მგონია, მის მიერ შემოთავაზებულ როლებს რომ დავთანხმებოდი, იმასაც უნდა დავთანხმებოდი, რომ მისი ცოლი თუ შეყვარებული ვყოფილიყავი, ეს კი არ მინდოდა, არ მომწონდა... იმის გამო, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი იყო, ნამდვილად ვერ წავიდოდი - ეს ჩემს ხასიათში არ "ჯდება". დღეს ერთმანეთთან კონტაქტი აღარ გვაქვს. ჩემი ქმარი იეჭვიანებს (იცინის). რეალურად, სანდრო ჩემი შეყვარებულიც არ იყო, როცა დომენიკ პარსელი საქართველოში ჩამოვიდა. უბრალოდ, სანდრო ძალიან მომწონდა (იმ დროს ამერიკაში იყო).

გიგა:

- ეს ერთი პატარა ჰოლივუდური ამბავია თბილისში. დომენიკ პარსელი გადაღებაზე გავიცანი. თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მისი დაბადების დღე აღვნიშნეთ. ძალიან უშუალო, კომუნიკაბელური პიროვნებაა. როცა პირველად ვნახე, მითხრა, - რა ლამაზი ქურთუკი გაცვიაო, - მე კი დაბადების დღე მივულოცე, ნელ-ნელა კონტაქტში შევედით... მერე, როცა საქართველოში მისი სტუმრობის ამბავი გავრცელდა, ბევრი ჟურნალისტი გვირეკავდა. მივხვდი, შემეძლო, როგორც ბლოგერს, ექსკლუზივი თავად მომეპოვებინა. ჩემი ბლოგისთვის დომენიკთან გულახდილი ინტერვიუ ჩავწერე. ბედნიერი ვარ, რომ ეს მოვახერხე და ასეთი კარგი შანსი ჩამივარდა ხელში.

ლიკუნა:

- დომენიკ პარსელი ინტერვიუს არავის აძლევდა. ვთხოვე, ჩემი მეგობრისთვის მიეცა. მგონი, პირველი და ერთადერთი გიგა იყო, ვისაც ინტერვიუზე დათანხმდა.

- სამეგობროში გყავთ ადამიანი, ვისთანაც რომელიმე თქვენგანს კარგი ურთიერთობა არ აქვს?

გიგა:

- ლიკუნას ისეთი მეგობრები ჰყავს, ვინც მე არ მომწონს, ჩემზე ჭორაობენ (იცინის).

ლიკუნა:

- წინათ ერთი შემთხვევა იყო, როცა ჩემს მეგობრებს გიგას მიმართ ანტიპათია ჰქონდათ. სიმართლე გითხრა, მათთან ახლო ურთიერთობა აღარ მაქვს. რა თქმა უნდა, მაშინდელ სიტუაციაში მეგობარი დავიცავი... მოკლედ, ეგ პრობლემაც მოგვარდა (იცინის)...

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

გიგა:

- ეს ისევ "ბლოგერ შოუს" უკავშირდება: ვგეგმავ, "იუთუბიდან" ტელეეკრანზე გადავინაცვლოთ და ხარისხიანი, საინტერესო პროექტი "დავდოთ". იმედია, მანამდე ლიკუნაც ჩამოვა და შემოგვიერთდება.

ლიკუნა:

- ჩემი მიზანი წინსვლაა: მინდა, უფრო მაგარ ბრენდებთან ვიმუშაო, ბევრმა ხალხმა გამიცნოს. თვე-ნახევარია, რაც გერმანიაში ვარ და უკვე 20 ათასი "ფოლოვერი" დამემატა. მეტი გამოცდილებაც მივიღე, მეტ ბრენდთან ვთანამშრომლობ...

- წარმატებას გისურვებთ!..

ეთო ყორღანაშვილი