როდის მუშაობდა საბურგერეში მარიტა ჯანაშია და რატომ აწყდებოდა ცუდ დამოკიდებულებას ხალხისგან? - გზაპრესი

როდის მუშაობდა საბურგერეში მარიტა ჯანაშია და რატომ აწყდებოდა ცუდ დამოკიდებულებას ხალხისგან?

მარიტა ჯანაშია ამჟამად ტელეწამყვანად მუშაობს, მაგრამ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება აქვს - საბურგერეში კარტოფილი "ფრიც" კი შეუწვავს. პროფესიით მსახიობი და გრაფიკული დიზაინერია. მიიჩნევს, რომ ადამიანმა მუშაობა პატარა ასაკიდანვე უნდა დაიწყოს...

- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემი თაობის ადამიანებმა ფულის საჭიროება მალევე გავაცნობიერეთ. თითქოს ბავშვს ასეთი პრობლემები არ უნდა ეხებოდეს, მაგრამ 90-იანი წლების ბავშვი ვარ. ყველას გვახსოვს, რომ მაშინ ძალიან რთული, გაჭირვების პერიოდი იყო. ბავშვობიდანვე ვხედავდი, რომ ფულის საჭიროება გახლდათ... სხვათა შორის, პატარა ასაკიდანვე მუშაობა დავიწყე. ალბათ, ადგილი არ არსებობს, სადაც არ მიმუშავია, ბანკიდან დაწყებული... საბურგერეში "ფრიც" კი შემიწვავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამუშაოს ცოტა ხანს ვასრულებდი (17 წლის ვიყავი), ეს ყველაფერი გამომადგა. არც ერთი სამსახურის შესახებ არასოდეს მითქვამს, - აქ რატომ ვიმუშავე-მეთქი? სადაც მიმუშავია, ყველაფერმა გამოცდილება მომცა, რაღაც შემძინა. ჩემი აზრით, მუშაობას პატარა ასაკიდანვე უნდა მიეჩვიო, არ უნდა გეთაკილებოდეს. ისეთი ადამიანის არ მესმის, ვისაც ურჩევნია, ფული მშობლებს გამოართვას. ყოველთვის უფრო სწორად მიმაჩნდა, რომ მემუშავა და მშობლებზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავი.

- მუშაობის შესახებ შენი გადაწყვეტილება ოჯახის წევრებმა როგორ მიიღეს?

- იმ პერიოდში, მამაჩემი უკვე საფრანგეთში ცხოვრობდა, დედა საერთოდ, ძალიან გამგები, გვერდით მდგომი ადამიანია. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, ჩემთვის არასოდეს უკითხავს, - ამას რატომ აკეთებო? ისიც მიიჩნევდა, რომ ალბათ, ასე იყო საჭირო. ამიტომ ჩემს გადაწყვეტილებას, აზრს პატივს სცემდა.

GzaPress

- პირველი გასამრჯელო რა სამუშაოს შესრულებაში მიიღე?

- მგონი, 16 წლის ვიყავი, ჩვენება ან გადაღება მქონდა, როგორც მოდელს და პირველი ჰონორარი ამაში ავიღე. შემიძლია ვთქვა, რომ მას შემდეგ დამოუკიდებლად ვცხოვრობ. თანხის რაოდენობა არ მახსოვს. მაშინ ისეთი პერიოდი იყო, ალბათ, ბევრს არ მომცემდნენ და სავარაუდოდ, პირველი ჰონორარით სახლისთვის რამეს ვიყიდდი. საერთოდ, ტანსაცმელსა და შოპინგზე გადარეული არასოდეს ვყოფილვარ. როცა ნამდვილად რაღაც მჭირდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვყიდულობ.

- რომელი სამსახური იყო შენთვის ყველაზე რთული?

- საკმაოდ მოძრავი ვარ და არ მიყვარს, როცა ერთ ადგილას ჯდომას "მომისჯიან". ყველაზე რთული ბანკში მუშაობა იყო. საოფისე რეჟიმი ჩემთვის ცოტათი რთულია, რადგან როცა ვიცი, 10 საათიდან 6-მდე იქ უნდა ვიყო, ეს ფსიქოლოგიურად მბოჭავს. ასე ვთქვათ, დინამიკური პროფესიები მაქვს. ამის გამო, ერთ ადგილზე ჩემი გაჩერება ცოტათი რთულია... თუმცა, ბანკში მუშაობის წლები მაინც კარგად მახსენდება. ალბათ, დღეს იქ დაბრუნება, ერთ ადგილზე მუშაობა გამიჭირდებოდა...

- სამსახურს იოლად შოულობდი?

- იცი, როგორ იყო? როცა ვფიქრობდი, აქ ხომ არ ვცადო ბედი-მეთქი? - ყოველთვის ვიგებდი, რომ თანამშრომელს ეძებდნენ. ჩემი თითქმის ყველა სამსახური ჩემთან "თვითონ მოვიდა". გასაუბრების გარკვეული ეტაპები გავიარე, მაგრამ ვაკანსიის შესახებ ინფორმაციას იოლად ვიგებდი ხოლმე.

- ოდესმე შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი გამხდარხარ?

- სხვათა შორის, ასეთი შემთხვევა არასოდეს მქონია. მაგალითად, ბანკშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ იქ მკაცრი სამუშაო რეჟიმია, ყოველთვის, როცა გადაღება ან რამე საქმე მქონდა, დაუბრკოლებლად მიშვებდნენ. ამის გამო ყველას მადლიერი ვარ.

GzaPress

- კიდევ სად გიმუშავია, რაც საზოგადოებამ არ იცის?

- ასევე, "პალიტრა L"-ში გრაფიკული დიზაინერი ვიყავი... ერთადერთხელ პრომო გოგონადაც მიმუშავია. მერე, ამის სურვილი არ გამჩენია, რადგან ადამიანებისგან ცუდ დამოკიდებულებას რომ ვაწყდები, უცხო რომ შემომიღრენს ხოლმე, ვითრგუნები - ძალიან ემოციური ვარ (იღიმის). "ფლაერები" რომ არ უნდათ და ძალით აჩეჩებ, - გთხოვთ, გამომართვითო, ჩემთვის ეს, ცოტა არ იყოს, ემოციურად მძიმე იყო. ამიტომ პრომო გოგონად მუშაობაზე უარს ვამბობდი. ისე, ბევრგან მიმუშავია. ერთდღიან სამუშაოებს არ ჩამოვთვლი...

- შემოსავლის გარეშე დარჩენილხარ?

- რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, სამსახურის მხრივ, დღევანდელობა ძალიან არასტაბილურია (ეს პრობლემა წინათაც იყო): სამსახური ერთ დღეს გაქვს, მეორე დღეს - არა. თან, სამწუხაროდ, ჩვენი ხელფასები ისეთი მიზერულია, რომ ადამიანი თანხის გადადებას, დანაზოგის გაკეთებას ვერ ახერხებს, რათა უსამსახუროდ დარჩენის შემთხვევაში, დანაზოგი გამოიყენოს. გადასახადები საკმაოდ მაღალია... რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში მშობლებიც მეხმარებოდნენ, მაგრამ მაინც ათასი წვრილმანი არსებობს. მფლანგველი - არა, მაგრამ საკმაოდ ცუდი მხარჯველი ვარ: ხარჯთაღრიცხვას არასოდეს ვაწარმოებ, რაში რა თანხა მეხარჯება. ჩემმა ერთმა მეგობარმა ზუსტად იცის, თვეში საკვებ პროდუქტში, სახლის დასასუფთავებელ საშუალებებში, ძაღლებისა და კატის საჭმელში რა თანხას ხარჯავს. პირადად მე, ეს არ გამომდის (იცინის).

- შემოსავლის ძირითად ნაწილს რაში ხარჯავ?

- ალბათ - საკვებ პროდუქტში, გადასახადებში... საშოპინგოდ სიარული ჩემთვის ძალზე დამღლელია. თუ ვიცი, რომ მაისური აღარ მაქვს, ვცდილობ, ჯერ ინტერნეტში, საქართველოში არსებული მაღაზიების საიტები დავათვალიერო, მერე კი ადგილზე მივდივარ. იშვიათად ვარ "ბოდიალის" ხასიათზე... სხვათა შორის, წიგნებში უაზროდ ბევრ ფულს ვხარჯავ, რადგან მათ წაკითხვას მართლა ვერ მოვასწრებ. უბრალოდ, ახალი წიგნი რომ გამოდის, არ შემიძლია, არ ვიყიდო. დედაჩემი სულ მეუბნება, - ჯერ რაც გაქვს, ის წაიკითხე და მერე იყიდეო. თან, იმის გამო, რომ წიგნის ყდებზე ვმუშაობდი (დღემდე ვმუშაობ. უბრალოდ, ახლა "ფრილანსერი" ვარ), თითქოს წიგნი სხვაგვარად მეძახის (იღიმის).

- ამჟამად, შენი შემოსავლის ძირითადი წყარო რა არის?

- ჩემი ძირითადი სამუშაო ტელევიზიაა. იქაურობა ძალიან მომწონს. ვფიქრობ და მიკვირს, აქამდე სად ვიყავი-მეთქი (იცინის)? ასევე, გრაფიკული დიზაინერიც ვარ. უბრალოდ, "ფრილანსერი" გახლავართ და ოფიციალურად, არც ერთ კომპანიაში არ ვმუშაობ.

- პროფესიის არჩევისას იფიქრე, შენი საქმე ფინანსურად მომგებიანი იქნებოდა თუ არა?

- როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ვაბარებდი, ვიცოდი, რომ ეს საქმე ყველაზე ნაკლებად შემოსავლიანი იყო. კინოინდუსტრია ჩვენს ქვეყანაში დიდად აყვავებული არაა. თეატრის დასის წევრი თუ ხარ, არც ამ შემთხვევაში გაქვს მაღალი შემოსავალი... მსახიობის პროფესიას ვერ დაეყრდნობი ადამიანი. ვიცოდი, სხვა პროფესიას აუცილებლად დავეუფლებოდი. თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე თუ არა, გრაფიკული დიზაინი შევისწავლე და მაშინვე მუშაობა დავიწყე.

GzaPress

- მსახიობის ამპლუაში პირველი ჰონორარი რომელი როლისთვის აიღე?

- ბევრ ეპიზოდურ როლში ვითამაშე. ალბათ, პირველი ჰონორარი ამაში ავიღე, შემდეგ - თეატრში მივედი. ილიაუნის თეატრთან ახლაც ვთანამშრომლობ, თუმცა ჯერჯერობით, კორონავირუსის გამო, თეატრები აღარ ფუნქციონირებს. იმედია, სიტუაცია მალე გამოსწორდება.

- სამსახურში კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩენილხარ?

- არასოდეს. საერთოდ, უკონფლიქტო ადამიანი ვარ და ასეთ სიტუაციებს თავს ვარიდებ, თუმცა ჩემი მეგობრებისგან მსგავსი რაღაცების შესახებ ხშირად მსმენია.

- ყოფილ კოლეგებთან კვლავ ურთიერთობ?

- კი. ისინი ძალიან მიყვარს, ვმეგობრობთ... მუშაობის ერთ-ერთი პლუსი ესეცაა, რომ ახალ, საინტერესო ადამიანებს ეცნობი, უმეგობრდები...

- ოჯახურ ბიუჯეტს როგორ განკარგავთ?

- ოჯახური ბიუჯეტი არ გვაქვს. "ჩემი-შენი რამ გაყოს" პრინციპით ვართ - ყველაფერს ერთად ვაკეთებთ.

- საქმიან ადამიანებს ან დასაქმების მოსურნეებს რას ურჩევ?

- ნებისმიერ სამსახურში საჭიროა ის იპოვო, რის გამოც შენი საქმე მოგწონს. ასე ვთქვათ, მუღამი უნდა დაუჭირო, რადგან სხვაგვარად ძნელია... მიმუშავია ისეთ ადგილას, სადაც არ მომწონდა. ბევრჯერ ისეთი რაღაც გამიკეთებია (დიზაინის სფეროში), რაც არ მიზიდავდა, მაგრამ ყოველთვის რაღაც "შენი" უნდა იპოვო, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, შენი საოცნებო სამსახური მალე არ გამოჩნდეს... ჩემი აზრით, ახალგაზრდებმა უნდა იმუშაონ. ასეთ დროს დისციპლინას გამოიმუშავებ, ყველაფერს ეცნობი... სულ ვამბობ, ჩემი ყველა სამსახური რაღაცაში გამომადგება-მეთქი და ეს ასეცაა...

P.S. გამოყენებულია გიორგი კიკუაშვილის ფოტოები.

ეთო ყორღანაშვილი