მერაბ სეფაშვილის დიდი სისუსტე, მონატრება და ადრენალინი - გზაპრესი

მერაბ სეფაშვილის დიდი სისუსტე, მონატრება და ადრენალინი

მერაბ სეფაშვილთან ინტერვიუ რამდენჯერმე გადამედო. როგორც თავად ამიხსნა, ახალ ალბომზე მუშაობდა და სტუდიაში ბევრ დროს ატარებდა. რას ამბობენ მასზე ახლობლები და ოჯახის წევრები, რის გამო იღებდა საყვედურებს, რა არის მისთვის ბედნიერება, სიყვარული, თავისუფლება, რამდენად ხშირად მიდის რისკზე, რა არ მოსწონს საკუთარ ხასიათში და რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1961 წლის 15 ოქტომბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ვერ ვიხსენებ, რაიმეზე ვფიქრობდი თუ არა, კონკრეტული სფეროს მიმართ ინტერესი არ მქონია.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ახლობლები ამბობენ, რომ ვარ მეგობრული, ოჯახში თუ კარგად ვიქცევი, კარგს ამბობენ (იცინის). მათი მხრიდან ხაზგასმა ჩემს ფეთქებად ხასიათზე ხდება ხოლმე.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო 14 წლის ასაკში, როცა გამოვედი და დიდ სცენაზე პირველად ვიმღერე. ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი მომენტი იყო. უცნაური განცდა მქონდა, ეს გახლდათ განსხვავებული, თუმცა, არა - უცხო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...მშობლებს, სიმღერის ნიჭი მათგან გენეტიკურად მერგო. შემდეგ - სხვადასხვა ადამიანს, რომლებიც ცხოვრების გზაზე შემხვდნენ. ჩემზე კონკრეტულად ვინმე პიროვნებას არ უმუშავია. დამეთანხმებით, ნიჭთან ერთად მნიშვნელოვანია შრომისმოყვარეობა და გამართლება. საკმაოდ იღბლიანი კაცი ვარ. ახლახან ჩემი ახალი ალბომი გამოვიდა, მასში შესულია ახალი და ძველი სიმღერები ახლებური შესრულებით. ვფიქრობ, მსმენელს მოეწონება.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...შეიძლება მცირე კორექტივები შემეტანა, მაგრამ მაინც იმავენაირად ვიცხოვრებდი. უმეტეს შემთხვევაში, გადაწყვეტილებას გულით ვიღებდი და არა - გონებით. არასდროს არაფერი გამითვლია. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, შეუძლებელია, გულს, ემოციას არ მიენდო. რეზულტატს ასე უფრო იღებ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს შვილები, შვილიშვილები, ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს. ხალხის სიყვარულიც ამ საქმით დავიმსახურე. როგორი ბაბუა ვარ? შვილიშვილების მიმართ სიყვარული თითქმის ისეთივეა, როგორი სიყვარულიც ჩემი შვილების მიმართ მქონდა, ემოციურ სხვაობას ასაკი იძლევა. ადამიანი იმ ასაკში, როცა შვილიშვილები უჩნდება, მეტად სენტიმენტალური ხდება.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთო სიკეთე, დავეხმარო ადამიანებს. პირველ რიგში, ეს თავად მხდის ბედნიერს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ცუდის დამახსოვრება არ მიყვარს, დამყოლი ხასიათი არ მაქვს. ადამიანებშიც, სიტუაციებშიც სულ კარგს ვეძებ, ოპტიმისტი ვარ. არ შეიძლება, გულით მუდმივად ნეგატივი ატარო, წარმოუდგენელია, ძალიან დაგაზარალებს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...სულსწრაფობა. გადაწყვეტილების მიღებისას, სულ ვჩქარობ, ანალიზს არ ვაკეთებ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან მაზარალებს, მაგრამ ხანდახან გული მწყდება, მიჩნდება განცდა, სხვაგვარად რომ მოვქცეულიყავი, იქნებ უკეთესად გამოსულიყო.

- დაშვებული შეცდომები...

- ...ვცდილობ გამოვასწორო. გამოსწორების შანსი თუ აღარ არის, ვცდილობ გავაანალიზო, აღარ გავიმეორო. შეცდომის ხარისხსა და სიმძლავრეს გააჩნია. უნდა ეცადო, ისეთი შეცდომები არ დაუშვა, მერე სადარდებლად რომ გექცეს. შეიძლება სხვა ყურადღებას საერთოდ არ აქცევდეს, მაგრამ შენთვის მტკივნეული იყოს. უნებლიე შეცდომებსაც კი მძაფრად განვიცდი.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ვერაფერიც ვერ ვისწავლე.

GzaPress

- პატიება შემიძლია, თუ...

- ..."თუ" ზედმეტია, პატიება ყოველთვის შემიძლია, ეს აუცილებელია.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ხანდახან სევდა მაწვება. უცნაურ და უჩვეულო რეალობაში ვცხოვრობთ, ბევრი საფიქრალი გვაქვს. მარტო ერთი ადამიანი ხომ არ ხარ, შვილები, შვილიშვილები სხვა პასუხისმგებლობაა. მსოფლიოში გავრცელდა ეს ახალი ვირუსი და ყველაფერი სრულიად შეგვიცვალა. ხანდახან მეშინია, ვფიქრობ, ხვალ, ზეგ, ერთი წლის შემდეგ რა იქნება?..

- ვიბნევი...

- ...დაბნეულობები წარსულში დარჩა. რომ ვიზრდებით, გამოცდილება გვემატება და ეს დიდ როლს თამაშობს. წარსულიდანაც ვერ გავიხსენებ კონკრეტულ სიტუაციას, როცა ყოველთვის ვიბნეოდი. ჩემს პროფესიას რაც შეეხება, დიდი ხანია, აღარ ვიბნევი, გამოცდილებამ კონცენტრაციის უნარი გამომიმუშავა.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...აღარ იყოს ეს ვირუსი, ვცხოვრობდეთ ჯანმრთელად, გამართულ ქვეყანაში. ძალიან მინდა, ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს.

- ვნანობ...

- ...ისეთი სინანული, ძალიან რომ მაწუხებდეს, არ მაქვს. ვნანობ იმას, რომ შეიძლებოდა, გასული წლები მეტად ნაყოფიერად გამომეყენებინა. მაქვს განცდა, რომ მეტის გაკეთება შემეძლო.

- საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ...

- ...იშვიათად. ზოდიაქოთი სასწორი ვარ და რთულია, წონასწორობა დამაკარგვინო. ერთადერთი, რაზეც მძაფრი რეაქცია მაქვს, უსამართლობაა. დიდი მოთმინების შემდეგ, შეიძლება ძალიან "ავფეთქდე".

- მეზარება...

- ...გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ. შეიძლება ყველაფერი მეზარებოდეს და შეიძლება არაფერიც არ დამეზაროს. ყოველდღიური საქმეებიდან არაფერი მეზარება.

- სიყვარული - ეს...

- ...მთავარი გრძნობაა. ადამიანის ცხოვრება ამ ემოციას ეფუძნება, ამ განცდაზე შენდება.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ძალიან პატარა ვიყავი, ის გოგო ჩემი ბაღელი იყო. მინდოდა, სულ მის გვერდით ვყოფილიყავი, მასთან მეთამაშა... ის განსხვავებული განცდა იყო, რომელიც მოგვიანებით გავაცნობიერე.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ეს შეუძლია ჩემს შვილიშვილებს, კარგ მუსიკას და მეგობრებს.

- მაკვირვებს...

- ...უკვე გასაკვირი აღარაფერია, მაგრამ ადამიანები "ორმაგი სახეებით" ძალიან მაკვირვებენ, არადა, ასეთები ბოლო დროს, საგრძნობლად მომრავლდნენ. ამას ძალიან განვიცდი.

- ვრისკავ...

- ...ხშირად. ამ ცხოვრებაში ყველაფერი რისკი გახდა. ახლა სახლიდან გასვლაც დიდი რისკია. სულ კარგის მოლოდინი მაქვს და რისკზე წასვლისკენ, გარკვეულწილად, ეს თვისებაც მიბიძგებს. გაუაზრებელ რისკზეც ბევრჯერ წავსულვარ, ადრენალინი მიყვარს, მაფხიზლებს.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ზედმეტი ემოციურობაა. გულთან ყველაფერი ახლოს მიმაქვს, ისეთი ამბებიც, რომლებზეც შეიძლება საერთოდ არ იფიქრო, მაგრამ რა გაეწყობა, სხვაგვარად არ გამომდის.

- ვამაყობ...

- ...სიამაყე ცუდი რამ არის, მაგრამ ვამაყობ მეგობრებით, შვილებით.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მაგას კი მივეჩვიე, მაგრამ მაინც მერიდება, ამ დროს უხერხულობა ისეთი დოზითაა, სიხარულსაც ფარავს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...გავიზარდე, უკვე ხშირად აღარ მსაყვედურობენ. ადრე მეუბნებოდნენ, ბევრს ნუ დალევო.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...რაღა დროს ჩემი შეცვლაა (იცინის)?! როგორიც ვარ, ასეთი ვიქნები.

- ვუფრთხილდები...

- ...ახლობლებს, საყვარელ ადამიანებს, ურთიერთობებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ემოციების კონტროლი, რაღაცების "გატარება". მათემატიკაც ვერ ვისწავლე.

- ვიტყუები, როცა...

- ...საჭიროა, როცა ეს ტყუილი ზიანს არავის მიაყენებს, პირიქით - შეიძლება სიტუაცია გამოასწოროს.

- თავისუფლება არის...

- ...სიყვარული. თავისუფლების განცდა ყველაზე მეტად ძალიან დიდ სიყვარულს და სიხარულს მოაქვს.

- როცა მარტო ვარ...

- ...ბევრ რამეზე ვფიქრობ, ფიქრი მიყვარს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდი. ქველმოქმედებაში დიდ თანხას ჩავდებდი, ხელოვანებს განვითარების შესაძლებლობას მივცემდი, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს გამოჯანმრთელებაში დავეხმარებოდი.

- მენატრება...

- ...მეგობრები, ის სიტუაციები, რომლებსაც ჩვენ ერთად ვქმნიდით. ახლა დავფიქრდი და უკვე ქუჩაში თავისუფლად და უშიშრად, პირბადის გარეშე გასვლაც მენატრება. მონატრება ერთ-ერთი ყველაზე კარგი განცდაა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ასეთი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ხშირად არის. ამ დროსაც კი ვახერხებ, კარგზე ვიფიქრო. ამის ძალას საკუთარ თავში ყოველთვის ვპოულობ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...პატარა რომ ვიყავი, მამა ხშირად მეუბნებოდა: "მეგობარს არასდროს უღალატო!" მისი სიტყვები სულ მახსოვს, ასეც ვიცხოვრე.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ყველას ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნას გისურვებთ. მინდა, ყველანი ბენიერები ვიყოთ და ვეცადოთ, ერთმანეთი მეტად გვიყვარდეს! ნებისმიერ პრობლემას ასე უფრო იოლად დავძლევთ!

თამუნა კვინიკაძე