ერთი თვის ხელფასით დაწყებული საქმე - გზაპრესი

ერთი თვის ხელფასით დაწყებული საქმე

გოგონების უმეტესობას, ბავშვობის თუ მოზარდობისას, ალბათ არაერთხელ გაგვჩენია სურვილი, ბებოს, დედის ან საკუთარი სამოსი და ნივთები ჩვენებურად გადაგვეკეთებინა და ამ მცდელობას ხშირად მშვენიერი შედეგიც მოჰყოლია. მაგალითად, თინეიჯერობისას მე და ჩემი მეგობარიც "ვიწონებდით" თავს ტყავის დეტალებით (რომლებიც დედაჩემის ლაბადას მოვაჭერი) გაფორმებული, საკუთარი ხელებით გალამაზებული სამოსით და ტყავის სამაჯურებით, რომლებზეც ლითონის პატარა აქსესუარებს ვკიდებდით - მინიატიურულ გასაღებებს, დეკორატიულ "ბულავკებს", ლამაზ ფიგურებს და ა.შ. რაც, სტანდარტულად მოაზროვნე ზოგიერთი თანატოლისთვის ცოტა გაუგებარიც იყო...

თანამედროვე მსოფლიოს მოდის სფეროში არაერთი დიზაინერია, ვინც თავის კოლექციებს სწორედ ტყავის დეტალებით სძენს ორიგინალურობას და როდესაც სოციალურ ქსელში დიზაინერ ხათუნა კობახიძის გვერდს წავაწყდი, ჩემი ყურადღება სწორედ ამ კუთხით მიიქცია - თავისი განსხვავებულობით, გამორჩეული სტილითა და საინტერესო ჭრილებით, ასევე - შავ-თეთრი ფერებით... მისი სამოსი ქართველ და უცხოელ მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

- ხათუნა, როდის დაიწყეთ ეს საქმიანობა და რა იყო თქვენთვის მთავარი მოტივატორი?

- შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან მიყვარდა და როცა პატარა ვიყავი, ბებოს ნივთებს გამოვიტანდი ხოლმე, დავშლიდი და გადავაკეთებდი. თამაშის ნაცვლად, ამით ვერთობოდი. გავიდა წლები და სულ სხვა პროფესია ავირჩიე - სტომატოლოგია, 14 წლის განმავლობაში კი ტანსაცმლის ერთ-ერთი მაღაზიის გენერალურ მენეჯერად ვიმუშავე. ჩვენთან ბევრი ცნობილი ადამიანი დადიოდა, რომლებსაც კარგი მოდელების შერჩევაში ხშირად ვეხმარებოდი. საკუთარ საქმეს 34 წლის ასაკში მოვკიდე ხელი, ოღონდ თავიდან - ისევ ჩემთვის, გასართობად. ტყავის საყურეების აწყობა დავიწყე და როცა რამდენიმე დაგროვდა, სოციალურ ქსელში, ჩემს გვერდზე ავტვირთე. არც კი ველოდი, ისეთი გამოხმაურება მოჰყვა და იმდენად მოეწონათ, რომ მოთხოვნაც უცებ გაჩნდა. ამან სტიმული მომცა და დავიწყე ჩანთების, ქამრების, აქსესუარების კეთება. სამ თვეში უკვე საკუთარი მაღაზიის გახსნა გადავწყვიტე, პეკინზე ფართობი ვიქირავე და პირველივე დღეს ძალიან კარგი შედეგი მქონდა.

GzaPress

- რა კაპიტალით დაიწყეთ პროდუქციის კერვა?

- გაგეცინებათ და, წინა სამსახურში აღებული ჩემი ბოლო თვის ხელფასით... გადაწყვეტილებებს უცებ ვიღებ და როცა რაღაც ძალიან მინდა, მცირე დროში უნდა გავაკეთო. ამიტომ სამსახურს თავი დავანებე, რადგან ორივეს ვერ გავუძღვებოდი, საჭირო მასალა შევიძინე და დავამზადე საყურეები, ჩანთები, ჟილეტები და ა.შ. წარმოიდგინეთ, კერვაც კი არ ვიცოდი კარგად, ამიტომ გადაკერვის ადგილებს ტყავის დეტალებით ვმალავდი, "ვფუთავდი", წკაპებს ვუკეთებდი. ასე დავიწყე 2016 წელს და პრაქტიკაში იმდენი რამ ვისწავლე, ახლა თავისუფლად ვკერავ. არც ესკიზებს ვხატავ, იდეა რომ მომდის, ვჯდები და პირდაპირ ვაკეთებ.

- სად შედგა თქვენი დიზაინერული დებიუტი?

- პირველად, "თბილისი მოლში", შოურუმზე გავედი და სტენდები მთლიანად დაცარიელდა, ყველაფერი გაიყიდა. პატარ-პატარა ჩვენებები მქონდა, დიდი მასშტაბით არსად გავსულვარ. ბათუმის მოდის კვირეულში მივიღე მონაწილეობა, ასევე ვიყავი ბაქოსა და ოდესაში, ია დოლიძესთან ერთად. ჩემი კოლექციები ბევრ ქვეყანაში გაუტანიათ, ოღონდ მე არსად გამოვჩენილვარ. შოურუმი ყველგან იყო, შესაბამისად, იქ ჩემი ნივთების რეალიზებაც მოხდა და მართლაც დიდი სტიმულია, რომ საზღვარგარეთ გაგზავნილი პროდუქციიდან უკან თითქმის არაფერი დაბრუნებულა... პირველად ჩემი სამოსი ამერიკელმა წყვილმა შეიძინა შოურუმზე. ცოტა ხანში დამიკავშირდნენ, რომ უფრო დიდი შეკვეთის გაკეთება და კოლექციის ამერიკაში წაღება სურდათ. ცხადია, სიამოვნებით დავთანხმდი. ეს ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო, რადგან მაშინ სრულიად მარტო ვმუშაობდი.

- კოლექციის შექმნისას რამდენად ითვალისწინებთ, მაგალითად, იმ სეზონზე არსებულ მსოფლიო მოდის ტენდენციებს?

- სიმართლე გითხრათ, არ ვუყურებ, თუ რა არის მოდაში. ვაკეთებ იმას, რაც მომწონს და ვხედავ, რომ ეს მომხმარებლის გემოვნებაშიც ჯდება, განურჩევლად მათი ასაკის, სქესისა თუ ეროვნებისა. უნივერსალურია. ეს უფრო მახარებს და ამ პრინციპმა გაამართლა. ჩემი კოლექციები ძირითადად, შავი და თეთრია.

- აღნიშნეთ, რომ მომხმარებლის მხრიდან ინტერესი დასაწყისშივე გაჩნდა, თუმცა, გარკვეული სირთულეები ამ ყველაფერს ალბათ მაინც ახლდა, ხომ?

- კი, ნამდვილად. სირთულის გარეშე ვერავინ ვერაფერს მიაღწევს. მაშინ დიდი კაპიტალი უნდა გქონდეს და იმით წამოიწყო საქმე. ჩემ გვერდით კი არავინ იყო, ყველაფერი დამოუკიდებლად გადავწყვიტე. ჩავარდნაც მქონდა რამდენიმე თვე, მაგრამ არ მოვეშვი, არ დავნებდი და მაინც დავდექი ფეხზე, ეს საქმე გავაგრძელე, გავძლიერდი. ახლა უკვე ხუთი მაღაზია მაქვს და მალე მეექვსესაც გავხსნი.

GzaPress

- პანდემიამ თუ იმოქმედა თქვენს საქმიანობაზე?

- ბოლო ორი წელია, სტაბილურად ვარ, ამიტომ კარანტინს დიდად არ უმოქმედია, რადგან ონლაინშეკვეთები გვქონდა და თანამშრომლები სახლში მუშაობდნენ. პანდემიიდან გამომდინარე, სიტუაცია რეალურად შევაფასე და ჩემს პროდუქციას ფასები დავაკელი, მიუხედავად იმისა, რომ საჭირო ნედლეული საგრძნობლად გაძვირდა.

- შეიძლება ითქვას, რომ ჰობი ასეთ წარმატებულ ბიზნესად აქციეთ.

- კი, ასეა და ეს ძალიან მახარებს. იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც მომწონს, მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს.

- თქვენი მოდელები საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მსახიობები და მომღერლები არიან. როგორ დაიწყო მათთან თანამშრომლობა?

- თავიდან მაკა შალიკაშვილი ამომიდგა მხარში. ეს ადამიანი ძალიან მიყვარს. კარგად არც კი ვიცნობდი და თვითონვე შემომთავაზა, - მოდი, ფოტოები გადავიღოთ და ჩემს გვერდზე რომ ავტვირთავ, ბევრი ადამიანი ნახავსო. ასეც მოვიქეცით. მერე მაკამ ნანკა კალატოზიშვილი მომიყვანა და პირველი ფოტოსესია ჩავატარეთ. მაკა უკვე ოთხი წელია, ჩემ გვერდითაა. ჩემი სამოსი ვერიკო ტურაშვილმაც ძალიან მოიხდინა და ეფექტური ფოტოსესია გამოგვივიდა. რაც შეეხება მამაკაცის ხაზს, ამჟამად გიორგი გაგლოევია ჩვენთან, მარკუს მეტრეველი კი თავიდანვე იყო, ის ჩემი მეგობარია და მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი სამოსი თითქმის ყველგან აცვია და უხდება. საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხში (და არა მხოლოდ) კი ძალიან მეხმარება ჩემი მეგობარი, პიარ-მენეჯერი სოფო ბოჭორიძე.

- ბევრი დიზაინერი მხოლოდ ქალის ხაზს ავითარებს და მხოლოდ ამ მიმართულებით მუშაობს, თქვენ კი მამაკაცისა და საბავშვო ხაზებიც დაამატეთ. არ გეშინოდათ, რომ ვერ გაამართლებდა?

- იცით, ისეთი სტილია, უნისექსი, რომ ქალიც და მამაკაციც ერთნაირად იხდენს. ამიტომ, სანამ სპეციალურად მამაკაცის ხაზს შევქმნიდი, ჩვენი კონსულტანტი გოგონებისგანაც ვიცოდი, რომ ჩვენს სამოსს მამაკაცებიც აქტიურად ყიდულობდნენ. ვინაიდან მოთხოვნა იყო, შესაბამისად, მიწოდებაზეც ვიზრუნეთ.

ორი შვილი მყავს - 8 წლის ანდრია და 7 წლის დემეტრე. ერთ დღესაც ანდრიამ გამომიცხადა, - შენ რომ ამდენი შეკვეთა გაქვს, მეც მინდა, ჩემი შემოსავალი მქონდეს, საბავშვო ხაზი გააკეთე და რაც გაიყიდება, ხელფასი მომეციო. ყულაბაში 140 ლარი ჰქონდა მოგროვებული, გამომიტანა და საჭირო მასალა იმ ფულით მაყიდვინა (იცინის). მართლაც, სპეციალურად იმ თანხით დავიწყე და საბავშვო ხაზმა ძალიან გაამართლა. ინსპირაცია ჩემი შვილები იყვნენ და მათ მომცეს სტიმული, რომ ეს საქმე ამ მიმართულებითაც გამეგრძელებინა. ბავშვებს ბევრი რამ სჭირდებათ, ამიტომ დედა უნდა ჰყავდეთ ძლიერი და წარმატებული, რომ მათაც წარმატებას მიაღწიონ ცხოვრებაში. ჩემთვის პრიორიტეტული მათი სწავლაა. ვცდილობ, ყველანაირად დავაკავო, სპორტი იქნება თუ სხვა რამ. რასაც ვაკეთებ, ყველაფერი მათი წინსვლისთვის მინდა.

GzaPress

- ბავშვებს განსხვავებული გემოვნება აქვთ, რაიმე კორექტივები თუ შეაქვთ საბავშვო ხაზში და რჩევებს თუ გაძლევენ?

- კი, ყოველთვის, რადგან ჩემი შეკერილი ტანსაცმელი არ მოსწონთ, მაგალითად, ე.წ. უბიანი შარვლები; სულ ასეთს ნუ კერავო, მსაყვედურობენ, ამიტომ ახლა ჩვეულებრივი შარვლები შევუკერე. ზედები კი მოსწონთ.

ვფიქრობ, თინეიჯერების ხაზიც დავამატო, სტილი უცვლელი იქნება. მინდა, პროდუქცია საზღვარგარეთაც გავიტანო, მაგრამ ეს უკვე მსოფლიო ვითარებაზეა დამოკიდებული...

გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობ ეკა მგალობლიშვილთან, ვმეგობრობ და გარკვეული ერთობლივი გეგმებიც გვაქვს, საბავშვო პროექტის სახით. საბავშვო ხაზის სახეები არიან ანდრია და დემეტრე ჯაჯანიძეები და ანასტასია ბაკურაძე.

გაგიმხელთ და კიდევ ერთი გეგმა მაქვს - საქორწილო კაბების ხაზი! ოღონდ, ეს არ იქნება სტანდარტული და ისეთი, როგორიც ყველგან გვინახავს. ხატვა არ შემიძლია, მაგრამ გონებაში უკვე დავხატე, როგორი უნდა იყოს.

- როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი წარმატებისთვის და თუ თვლით თავს წარმატებულ ქალად?

- თუ გავითვალისწინებთ, რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებ, რომელიც მუდმივად ვითარდება და წინ მიდის, შეიძლება, გარკვეულწილად, წარმატებულად ჩავითვალო, მაგრამ ჩემთვის ეს საკმარისი არ არის. მეტი უნდა გავაკეთო, მეტი შრომა ჩავდო და მეტს მივაღწიო. ამისთვის მართლაც ბევრს ვშრომობ, დღისით და ღამით.

თამთა დადეშელი