გიგა ტაბიძის ბედნიერება და "მამოძრავებელი" ძალა - გზაპრესი

გიგა ტაბიძის ბედნიერება და "მამოძრავებელი" ძალა

"საკუთარ შეცდომებზე გავიზარდე, მაგრამ ბევრი და მტკივნეული შეცდომა არ მაქვს დაშვებული", - ამბობს იუმორისტი გიგა ტაბიძე. რისი გამხელა უჭირს, ვის მიუძღვის დიდი წვლილი მის წარმატებაში, რა არ მოსწონს და რა მოსწონს საკუთარ ხასიათში, რის გამოსწორებას ცდილობს, რა არის მისთვის თავისუფლება და რა აღიზიანებს ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1990 წლის 20 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ის, ვინც დღეს ვარ. მაშინ ალბათ მსახიობობა მინდოდა, მაგრამ როცა საქმე პროფესიის არჩევანზე მიდგა, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ფარმაცევტი ვარ. ჩემი პროფესიით ცოტა ხანს ვიმუშავე და იმ საქმემ დიდად არ მომხიბლა. მომწონს ის, რასაც ახლა ვაკეთებ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რას ამბობენ? ამისთვის ყურადღება არასდროს მიმიქცევია.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ალბათ ბევრ რამეს შევცვლიდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...სპორტთანაა კავშირში. მკლავჭიდელი ვიყავი, საკმაოდ აქტიურიც, ახლა პროფესიონალი - არა, მაგრამ მოყვარულის დონეზე ვარ.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ოჯახს, მეგობრებს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ცოცხალი ვარ. ბედნიერებაა, რომ იბადები. ახლა ბედნიერების კიდევ ერთი მიზეზი მაქვს: შვილს ველოდები, ქალბატონი უნდა დაიბადოს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ბრძოლის უნარი მაქვს, წინააღმდეგობები არ მთრგუნავს, ხშირად ორმაგად მოტივირებულსაც კი მხდის. მომწონს, რომ მიზანდასახული და მშრომელი ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ფეთქებადი ხასიათი მაქვს, ფიცხი ვარ. ჩემში ამ თვისების შეცვლის სურვილი ნამდვილად არის, მაგრამ ადვილი არაა.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...აღარ მივტირი, აღარ ვფიქრობ.

- საკუთარ შეცდომებზე...

- ...გავიზარდე, მაგრამ ბევრი და მტკივნეული შეცდომა არ მაქვს დაშვებული.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...კარგი შეგრძნებები მეუფლება.

- ვიბნევი...

- ...იშვიათად. ადრე უფრო ვიბნეოდი, ახლა სულ ვცდილობ, მაქსიმალურად მობილიზებული ვიყო, საკუთარ თავს კონტროლი გავუწიო.

- ვნანობ...

- ...არაფერს.

- საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ, როცა...

- ...მატყუებენ. ყველაზე მძაფრად ტყუილზე ვრეაგირებ, ძალიან ვღიზიანდები.

- მეზარება...

- ...ლოდინი. თავად იშვიათად ვაგვიანებ, პუნქტუალური ვარ.

- სიყვარული - ეს...

- ...მამოძრავებელი ძალაა. სიყვარული ყველაფერში მთავარია, პირადი ცხოვრებიდან დაწყებული, კარიერით დამთავრებული. სიყვარულით უნდა იცხოვრო, საქმე სიყვარულით აკეთო.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...პატარა ვიყავი და ემოციასაც შესაბამისად, ბავშვურად გამოვხატავდი. ის განცდები ახლა კარგად არც კი მახსოვს, სკოლის წლებში იყო.

- მაკვირვებს...

- ...ბევრი რამ, უმეტესად ადამიანები, მათი ქმედებები.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასაითზე დამაყენოს...

- ...განწყობას უმეტეს შემთხვევაში, თავად ვიქმნი.

- ვრისკავ...

- ...ხშირად, მაგრამ ძალიან დიდ რისკზე, შესაძლო შედეგმა რომ ძალიან დამაზარალოს, არ მივდივარ, სიფრთხილესაც ვიჩენ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ამას ვერაფრით გაგიმხელ.

GzaPress

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...თავს ვხრი და ვიღიმი, ოღონდ მორცხვად. ვცდილობ, იმ მაქებარ ადამიანს სიტყვა მალე შევაწყვეტინო.

- მეშინია...

- ...ადამიანური პატარა შიშები ყველას გვაქვს, მათ შორის - მეც, მაგრამ ამასაც საიდუმლოდ დავიტოვებ.

- ვმალავ...

- ...არაფერს, საკმაოდ გახსნილი ადამიანი ვარ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, საყვედურები ნაკლებად დავიმსახურო და მივიღო. მეტ-ნაკლებად ვახერხებ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ამაზე მართლა არასდროს მიფიქრია.

- ვუფრთხილდები...

- ...ოჯახის წევრებს, ახლობლებს, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ცეკვა, მაგრამ მაინც მგონია, რომ სათანადოდ არ მოვინდომე.

- ვიტყუები, როცა...

- ...ის ტყუილი არავის დააზიანებს. იშვიათად ვიტყუები, რადგან თავად არ მიყვარს, როცა მატყუებენ. მიუხედავად ამისა, ტყუილის გამო ადამიანები არ დამიკარგავს.

- თავისუფლებაა...

- ...იყო "თავის უფალი". თავს კი ბევრი რამის უფლება არ უნდა მისცე.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვუყურებ ფილმებს, ვფიქრობ, ვკითხულობ...

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ამაზეც არასდროს მიფიქრია, მატერიალური საკითხები ნაკლებად მაღელვებს. სოფლის მეურნეობა, მისი სხვადასხვა მიმართულება ძალიან მხიბლავს და ბევრი ფული რომ მქონდეს, ალბათ ამ დარგების განვითარებაში ჩავდებდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...საკუთარ პრინციპს, სინდისს, საკუთარ თავს არ გადავაბიჯებ.

- მენატრება...

- ...ბავშვობა.

- ვაგროვებ...

- ...დადებით ემოციებს, მოგონებებს.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...მდგომარეობას გააჩნია, ხან გარეთ გასვლა და ადამიანებთან ურთიერთობა მშველის, ხან - ჩაკეტილობა. დაძაბული მდგომარეობიდან გამოსვლის ერთი "რეცეპტი" ნამდვილად არ მაქვს.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მადლობას, რომ წაიკითხეთ ეს ინტერვიუ. მაყურებლის აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. როცა ეთერში ჩემი ახალი პერსონაჟი "იბადება", მისდამი მაყურებლის დამოკიდებულება განსაკუთრებით მაინტერესებს, ამ დროს კომენტარებსაც ვეცნობი. მინდა ვიცოდე, შემდგომში რა უნდა გავითვალისწინო. მაყურებელი ჩემდამი სიყვარულსა და სითბოს ქუჩაშიც ხშირად გამოხატავს, რაც ძალიან მახარებს. მინდა იცოდეთ, მიყვარხართ!

თამუნა კვინიკაძე