"მეამაყება, რომ ქართველი ვარ..."
წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოსთან არსებული "სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრი" ესპანეთში მძიმე პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ცდილობს, ემიგრანტ ბავშვებს უამრავი ლამაზი დღე აჩუქოს, ამისთვის კი მოსწავლეებს ბევრ კარგ და საინტერესო პროექტს სთავაზობს. მთელი გუნდი აქტიურადაა ჩაბმული ამ პროცესში, არქიმანდრიტ ლუკა ფალავანდიშვილის კურთხევით.
წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა, და არა მარტო მათ, არაჩვეულებრივი სიურპრიზი მოუწყვეს ქალაქ ფიუას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს ქართული საკვირაო სკოლისა და ავსტრიის ქალაქ გრაცის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის ახალდამეგობრებულ მოსწავლეებს. გაჩნდა იდეა, ყველასათვის საყვარელ, საამაყო და წარმატებულ თანამემამულეს, ამჟამად ნიუ-იორკში მყოფ ალექსანდრე ზაზარაშვილს შეხვედროდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ალექსანდრე ზაზარაშვილის პროდიუსერი და საოპერო მომღერალი დავით ღვინიანიძე, ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია, ნიუ-იორკის საკვირაო სკოლა "ფესვების" პედაგოგი რუსუდან გალდავა-ღავთაძე, საკვირაო სკოლა "საუნჯის" ხელმძღვანელი მარიამ ბაზიერიშვილი, რუსუდან ზაზაშვილი, ასევე - საკვირაო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სამივე ქვეყნიდან.
გაიმართა ამაღელვებელი და ემოციური შეხვედრა, საინტერესო დისკუსია მოსწავლეებსა და ალექსანდრეს შორის. მომღერალმა მიიღო მიწვევა სხვადასხვა ქვეყნიდან, ხოლო მოზარდებმა და პედაგოგებმა გამოთქვეს სურვილი, ალექსანდრე მათთან ჩავიდეს და კონცერტი გამართოს. ემიგრანტმა ბავშვებმა იმღერეს, დაუკრეს, უყურეს ალექსანდრეს ბოლო მუსიკალურ ვიდეორგოლს - "შენ არ ხარ მარტო", მოისმინეს ამ კლიპის გადაღების ამბავიც.
- ალექსანდრე, რა მიზეზით ჩახვედი ამერიკაში და რამდენი ხნით აპირებ დარჩენას?
- ამერიკაში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვედი. პანდემიის გამო ჩაიკეტა ყველაფერი, გაუქმდა ფრენები და დავრჩი. ახლა ადვოკატები არიან ჩართულები, რომ მოქალაქეობა მივიღო და არ ვიცი, ალბათ კიდევ დიდხანს მომიწევს აქ ყოფნა.
- ახერხებ ამერიკაში განათლების მიღებას?
- რა თქმა უნდა. დავდივარ ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგაც ავტომატურად ჩავირიცხები უნივერსიტეტში.
- რამდენი წლიდან მღერი და თუ გახსოვს პირველი ემოცია, როდესაც სცენაზე დადექი?
- დედა მეუბნება, რომ როდესაც ჩემზე იყო ორსულად, ხშირად უსმენდა მუსიკას და თურმე ამაზე რეაგირება მქონდა. 3 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს დას გავყევი მუსიკის პედაგოგთან. ბავშვები რომ მღეროდნენ, კუთხეში ვიდექი და ჩემთვის ვმღეროდი. როდესაც მასწავლებელმა შემამჩნია, მითხრა, დიდი მომავალი გექნებაო.
- როგორ ფიქრობ, რამ მოგიტანა წარმატება, რა არის ამისთვის აუცილებელი?
- ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც წარმატებას უთუოდ მოგიტანს, დაუღალავი შრომაა. ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ვარ ძალიან კრიტიკული, ყოველთვის ბევრს ვთხოვ საკუთარ თავს და ალბათ, ეს არის ჩემი წარმატების ფორმულაც - იშრომეთ ბევრი და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.
თავის დროზე, იმის დასამტკიცებლად, რომ ძლიერი ვარ და სიმღერა შემიძლია, მივიღე მონაწილეობა "ვოისში" და ვფიქრობ, ჩემი გამარჯვებით ეს დავამტკიცე. არაერთ სხვა კონკურსშიც გამიმარჯვია, თუმცა დღემდე მწყდება გული, რომ საქართველოში ჩემი ნიჭი არ დააფასეს.
- რა იყო გამარჯვების სტიმული, გარდა იმისა, რომ შესაძლებლობების დამტკიცება გინდოდა?
- ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი - მან კონკურსზე გამგზავრების წინ დამიბარა, როდესაც მივედი, მთხოვა მემღერა. სამი სიმღერა შევასრულე. დამლოცა. მითხრა, რომ აუცილებლად მივაღწევდი წარმატებას. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი: ალექსანდრე, სხვა გზა აღარ გაქვს, გამარჯვებული უნდა დაბრუნდე-მეთქი, - და ეს შევძელი. პატრიარქმა მომცა ორმაგი სტიმული.
- ამერიკაში მყოფს, ყველაზე მეტად, რა გენატრება?
- ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და მენატრება. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ის გზაც კი მომენატრებოდა, რომლითაც სახლიდან მაღაზიამდე მივდიოდი და უკან ვბრუნდებოდი. ყოველღამე სიზმარში ვხედავ ამ გზას და ჩემს სოფელს. მეამაყება, რომ ქართველი ვარ და მინდა, მალე დავუბრუნდე ჩემს ქვეყანას.
- რაზე ოცნებობ?
- მინდა, მსოფლიო აღიარება მოვიპოვო, ამისთვის ბევრი მუშაობა მომიწევს, თუმცა აუსრულებელი ოცნება არ არსებობს. ვოცნებობ, ემიგრანტები დაბრუნდნენ საქართველოში და აღარასოდეს მოუწიოთ ოჯახების იძულებით დატოვებამ. ორი ბებო მყავს ემიგრანტი (იტალიასა და თურქეთში). ვიცი, რა რთულია, ოჯახის წევრი რომ ემიგრაციაშია; ისიც ვიცი, მათთვის რას ნიშნავს ოჯახებისგან შორს ყოფნა. მინდა, გაბრწყინებულ და ერთიან საქართველოში დავბრუნდეთ ყველა ერთად.
- ემიგრანტ ბავშვებს რას ურჩევ?
- ბევრი ისწავლონ, რომ ჩვენს ქვეყანას გამოადგნენ მომავალში და ნურასოდეს დაივიწყებენ, ვისი გორისანი ვართ.
ფიქრია რობაქიძე