"გამოვძერწე, როგორც წარმატებული და სიმპათიური მამაკაცი" - გზაპრესი

"გამოვძერწე, როგორც წარმატებული და სიმპათიური მამაკაცი"

ხატია წერეთელი წარუმატებელ სიყვარულზე ალაპარაკდა. "გზის" ფურცლებზე მისი და იმედა ვახტანგიშვილის სიყვარულის შესახებ უკვე გიამბობდით. მაშინ ხატია გვეუბნებოდა, რომ იმედა ის კაცი არ არის, ვინც ქალთან ფულის გამო იქნებოდა, რომ მას საკუთარი ბიზნესი და შემოსავალი ჰქონდა. ფიქრობდა, რომ "თავისი" ადამიანი იპოვა და მისთვის ყველაფერს აკეთებდა, რაკი უყვარდა. ახლა ნანობს, რომ ალფონსი შეჰყვარებია.

- რამდენიმე თვის წინ რომ ვისაუბრეთ, მითხარით, იმედა არ არის ის კაცი, ვინც ქალის ხარჯზე იცხოვრებსო. რა შეიცვალა?

- დიახ, ამაზე არ ვსაუბრობდი არავისთან, ეს ჩვენს ურთიერთობას ხელს შეუშლიდა. არ მინდოდა, ჩემს ოჯახს ეს გაეგო და ის ამით დამემცირებინა. ჩემს ხარჯზე ცხოვრობდა. ტურისტული კომპანიის თანამშრომელი ბრძანდებოდა და არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა, 200-ლარიანი ხელფასის გარდა. წარმოგიდგენიათ, მისი მოთხოვნების ადამიანს ეს რაში შეიძლება ეყოს?

- როგორი მოთხოვნები ჰქონდა?

- პირდაპირ არაფერს მოგთხოვდა, ისეთი მსახიობი იყო, იძულებულს გაგხდიდა, რამე გაგეკეთებინა. როდესაც ერთად ცხოვრება დავიწყეთ, ორი შარვალი ჰქონდა. გავუვსე კარადა ძვირად ღირებული ტანსაცმლით, სუნამოებით. დადიოდა ყველგან, სადაც უნდოდა. როდესაც მოიწყენდა, ყოველთვის ვცდილობდი, რამით გამეხარებინა და ეს ძალიან ძვირი მიჯდებოდა.

- თვითონ ბევრად მეტი შემოსავალი გქონდათ?

- ხატიას დღიური შემოსავალი იმაზე მეტია, ვიდრე იმედა თვეში იღებდა. საბოლოო ჯამში, მას ჩემგან თვეში მინიმუმ, 3-4 ათასი ლარი სჭირდებოდა და ეს საქართველოში ცოტა ნამდვილად არ არის.

- როდესაც თქვენი ურთიერთობა დაიწყო, იცოდით, რომ მას სხვა ქალი ჰყავდა და ის თქვენ გამო მიატოვა, ხომ ასეა? დაგირეკათ ამ ქალმა და გაგაფრთხილათ კიდეც, რომ იმედა იყო ალფონსი და თქვენც ისე მოგექცეოდათ, როგორც მას. რატომ არ გაითვალისწინეთ?

- დიახ, ნამდვილად ასე იყო და როდესაც იმედას ვკითხე ამის შესახებ, მითხრა, - გამწარებული ქალია, რადგან მივატოვე და ახლა გატყუებს. აბა, მისგან სხვას რას ელოდიო?!

GzaPress

- როგორ მიხვდით, რომ სხვა ქალი ჰყავდა?

- კარგი მსახიობია, ისევ თამაშს აგრძელებდა, უკან დასახევ გზას იტოვებდა და თუ მასთან არ გამოუვიდოდა, ჩემთან დაბრუნდებოდა, მაგრამ სურათები გამომიგზავნეს, ფარდა აეხადა მის ორმაგ თამაშს. მე ის ქალი არ ვარ, ვინმეს ღალატი ვაპატიო. ჰოდა, გავაგდე.

- რამდენი ხანია, რაც დაშორდით და როგორ ახერხებდი ამის დამალვას?

- ზაფხულის შემდეგ დავშორდით. ძალიან ცუდად ვიყავი, თუმცა, არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი. ძალა არ მქონდა, აგორებულ ჭორებს გავმკლავებოდი.

- წონაში კლებაც ამ ამბავს უკავშირდება?

- დიახ, მართლაც ძალიან ვინერვიულე. ყოველდღე გადასხმები მჭირდებოდა. შვილი მივლიდა, დამოუკიდებლად თავის მოვლა არ შემეძლო.

- ვიცი, რომ თქვენს თანამშრომელსაც ეფლირტავებოდა და არა მხოლოდ მას, მაგრამ ეს აპატიეთ. აპატიებდით ამ ღალატსაც, უკან რომ დაბრუნებულიყო?

- რა თქმა უნდა, არ ვაპატიებ! მამაკაცს, რომელიც ფულზე იყიდება, ჩემ გვერდით არაფერი ესაქმება. მე მას ყველაფერი მივეცი, მაგრამ ვერ დააფასა. სულელი კაცებისთვის თურმე, არაფრის გაკეთება არ ღირს, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ ყველაფრის სანაცვლოდ, რასაც მინდოდა, იმას ვავალებდი და ვერც შემეწინააღმდეგებოდა. წარბს რომ ავწევდი, უკვე იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა.

- თქვენთან ქორწინება რატომ არ ისურვა? თუ იმ ქალთანაც ფინანსური მდგომარეობის გამო წავიდა, მასთან რატომ იქორწინა?

- მასთან სწორედაც რომ ფინანსური მდგომარეობის გამო წავიდა. როგორც კი ჩემი შემოსავალი შემცირდა, სხვებისკენ ყურება დაიწყო. როდესაც ავტომობილი ვაჩუქე, უკეთესი მომთხოვა. ბოლოს უფრო მეტი მოთხოვნილება გაუჩნდა, მაგრამ რადგან გადაწყვეტილი მქონდა, გამეშვა და მომეშორებინა, აღარაფერს ვუკეთებდი. მივხვდი, რომ ერთი უპერსპექტივო მამაკაცია, რომელიც მთელი ცხოვრება ქალების ხარჯზე იცხოვრებს. იმ ქალთანაც იმისთვის დააკანონა ქორწინება, რომ მისგან მიიღოს ქონება: რასაც თანაცხოვრების დროს შეიძენს ის გოგო, ყველაფერი ხომ შუაზე გაიყოფა.

- რა მიიღო ამ ქორწინების შემდეგ, თუ იცით?

- რა თქმა უნდა, მის შესახებ ყველაფერი ვიცი. ამ ქალს ბიზნესი აქვს, ქორწილის დღეს ავტომობილი აჩუქა, ისეთი, როგორიც მე არ ვუყიდე. კიდევ ბევრ რამეს მიიღებს და მერე მიატოვებს, დამერწმუნეთ. ისიც ქერა, შვილიანი ქალია. ეს ისტორია მესამედ მეორდება და ის, რაც მე არ გავითვალისწინე, ვურჩევ, მან გაითვალისწინოს. ნუ ენდობა მის სიყვარულს, ნუ გაუმაგრებს ფინანსურად ზურგს და ნახავს, რა მალე მიატოვებს.

- სად არის თქვენი ნაჩუქარი ნივთები და ავტომობილი?

- ავტომობილი წავართვი და შემოხეული ტანსაცმლით მივაბრძანე იქ, საიდანაც მობრძანდა. მე ვაქციე ადამიანად. შეგიძლიათ ნახოთ მისი ძველი ფოტოებიც და ახალიც. გამოვძერწე, როგორც წარმატებული, სიმპათიური მამაკაცი და ჩემს ღალატს ნამდვილად არ ვაპატიებ. არარაობა იყო და არარაობაში დაბრუნდა.

- დრო რომ დაბრუნდეს, რას შეცვლიდით?

- ბევრ რამეს შევცვლიდი, ამ მსახიობ მატყუარას არ გავიკარებდი, როგორც ცხოვრების თანამგზავრს, თორემ დახმარებით ყველა გაჭირვებულს ვეხმარები, ღმერთმა მომცეს ამის საშუალება. არც ვაპირებდი მასთან ურთიერთობას, იმდენად არავინ იყო, თავად არ შემეშვა და იაქტიურა. სულ უკან დამყვებოდა, საჩუქრებს მიკეთებდა. ვეუბნებოდი, რომ არ მინდოდა, მაგრამ ისეთი მატყუარაა, დამარწმუნა, ისევე როგორც თავისი დღევანდელი მეუღლე დაარწმუნა. მალე მათი ურთიერთობაც კრახს განიცდის. გეფიცებით, გულწრფელად მეცოდება ის ადამიანი. იმედაც მეცოდება, რომ ამ დონის არის და თავისი შესაძლებლობების განვითარებას სხვა დარგში ვერ ხედავს (იცინის).

ფიქრია რობაქიძე