გია ბუღაძე: "თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება სახელმწიფო დავკარგოთ!" - გზაპრესი

გია ბუღაძე: "თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება სახელმწიფო დავკარგოთ!"

საქართველოს უახლეს ისტორიაში ალბათ არ ყოფილა ისეთი მშფოთვარე დღეები, როგორიც 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გვაქვს: ცხარე დებატები ტელეეთერიდან, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები და ახალგაზრდობა, რომელიც კიდევ ერთხელ გახდა დარბევის მსხვერპლი...

გვესაუბრება მხატვარი გია ბუღაძე, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასება ვთხოვეთ:

- ბატონო გია, როგორია მხატვრის თვალით დანახული დღევანდელი საქართველო - რა ხდება ჩვენს თავს?

- რა უნდა ხდებოდეს? - საქართველოს მართავს უზურპატორი ხელისუფლება, რომლის მმართველობა უკვე დიქტატურაში გადადის. ბიძინა ივანიშვილმა ჯერ პოლიტიკური პარტიები მოატყუა და პროპორციული არჩევნები სრულყოფილად არ ჩაატარა, ბოლოს - ეს არჩევნებიც გააყალბა. ამდენ სიცრუეს რა შედეგი მოჰყვა, ყველამ საკუთარი თვალით ვიხილეთ. თუ ასე გავაგრძელებთ, შეიძლება სახელმწიფო დავკარგოთ. ყველაზე მეტად ჩემი ხალხი მეცოდება, რომელიც ბიძინას დიქტატურის ქვეშ ცხოვრობს. თანამედროვე საქართველოში ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია ჩამოშლილია და ერთ კაცს ემსახურება. 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ეს უფრო ნათლად დამტკიცდა. სამწუხაროა, მაგრამ ჩემი თვალით დანახული 21-ე საუკუნის საქართველო ასეთია.

- როგორ ფიქრობთ, რა ელის ჩვენს ქვეყანას, თუ სერიოზული ცვლილებები არ განხორციელდება?

- ალბათ აქ ჩამოყალიბდება ცენტრალური აზიის რომელიმე უბედური სახელმწიფოს მოდელი: ქვეყანაში გადამწყვეტი ხმა ექნება ივანაშვილების (და არა ივანიშვილების) დინასტიას და ჩვენ მივიღებთ ბიძინა პირველს, ბიძინა მეორეს, ბიძინა მესამეს და ა.შ. ასე ხდება მაშინ, როცა ადამიანს სინდისის ძარღვი აქვს გაწყვეტილი! ამ სიტუაციაში თავს ძალიან კარგად გრძნობენ, დიდ ფულს აკეთებენ და სულ არ ფიქრობენ, რომ ამ სიტუაციაში ქართული სახელმწიფო ჩამოიშლება. მთავრობის წევრებსა და მათ ოჯახებს რა უჭირთ? - თვითონ კი იცხოვრებენ მშვიდად და მდიდრულად... მე რატომ არ ვჩუმდები? - უბრალოდ მინდა, ჩემი ხალხი ისე ცხოვრობდეს, როგორც იმსახურებს, თორემ თანამდებობა მე არ მაინტერესებს, დიდძალი ქონება და ძვირფასი ტანსაცმელიც არ მხიბლავს, ფულიც იმდენი მჭირდება, რომ საღებავები ვიყიდო. გული შემტკივა და ამიტომ ვლაპარაკობ!

- არჩევნებამდე ძალიან ბევრი ამბობდა: ხმას არც "ნაციონალებს" ვაძლევ და არც "ოცნებას", ქვეყანას ახალი ძალა სჭირდებაო.

- კი, მაგრამ ხომ იყო ახალი პარტიებიც? - "ლელო", გიორგი ვაშაძე და მისი პარტია, ალეკო ელისაშვილი, სხვებიც იყვნენ და აირჩიეს კიდეც, მაგრამ ხმები ყველას მოჰპარეს! 2 მილიონი ადამიანი მივიდა არჩევნებზე, "ოცნების" წარმომადგენლებმა ციფრები სათავისოდ გადააკეთეს, ოქმები გააყალბეს და არჩევნები ასე "მოიგეს". შეეშალათ, თავდაპირველად თამარ ჟვანიას 55% გამოაცხადებინეს, ბოლოს კი 48%-მდე დავიდნენ. ამდენი ტყუილისა და თვალთმაქცობის შემდეგ როგორ შეიძლებოდა, "ოცნებას" ისევ 48% აეღო?! ფაქტი ჯიუტია: ხალხი არჩევნებზე მივიდა და ამ ხელისუფლებას ხმა არ მისცა. ძალიან ბევრი მომხრე ჰყავდა კოალიციური მთავრობის შექმნას, მაგრამ მმართველ ძალას ეს არ სურდა: ასეთ მთავრობას ვეღარ გააკონტროლებდნენ, თავის ჭკუაზე ვერ ატარებდნენ და ბიძინას "სასტავი" ფულს ვეღარ გააკეთებდა. ის ხომ ყველაფერს ებღაუჭება, ყველაფერი თავისთვის უნდა, რადგან ის არ არის პოლიტიკოსი. ივანიშვილი არის მაფიოზი, რომელმაც ეს უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყანა თავის საკუჭნაოდ აქცია. დღევანდელ საქართველოში შექმნილი სიტუაცია ძალიან მაგონებს ბელარუსს: მთავრობა და ოპოზიცია ერთმანეთთან იჭიდავებს, ქვეყანა კი ერთ წერტილზე გაიყინება, ვერც წინ წავა და ვერც - უკან. ვის აძლევს ეს ხელს? მხოლოდ რუსეთს, რომელიც ბიძინას შემკვეთია.

GzaPress

- "ქართული ოცნება" ხშირად იშვერს თითს წინა ხელისუფლებისკენ და ყველაფერს "სისხლიან 9 წელს" აბრალებს. ამ ბრალდებაზე რას გვეტყვით?

- არავის გამართლებას არ დავიწყებ, უბრალოდ, შეადარეთ 8-9 წლის წინანდელი საქართველო ახლანდელს: რომელ დარგში წავედით წინ - ეკონომიკაში, კულტურაში, ხელოვნებაში თუ სპორტში? დღეს საქართველო არის ავტორიტარული ტიპის წარმონაქმნი, რომელსაც მდიდარი კლანი მართავს. ამ კლანის წევრები ფუფუნებაში ცხოვრობენ, ნაყიდი აქვთ 10-20 ბინა, აგარაკები, მანქანები, "ატკატებით" მილიონები რჩებათ, ქვეყანას კი ანადგურებენ. მომავალშიც იგივე გველის: ივანაშვილის დინასტია და მისი ნაზირ-ვეზირები უზომოდ გამდიდრდებიან, ჩვენ კი უარესად გავღატაკდებით. საერთოდ, ადამიანს ორი რამ აკარგვინებს ადამიანობას: უსაშველო სიღარიბე და უსაშველო სიმდიდრე. უსაშველო სიღარიბეში ადამიანი უმწეო და უბედური ხდება, ჭიაყელასავით საცოდავია და როგორც გინდა, ისე მართავ - 2 კილო კარტოფილს გადაუგდებ და რასაც გინდა, იმას გააკეთებინებ. ეს კარგად იციან და ამიტომაც გააღატაკეს მოსახლეობა! შემთხვევითი როდია, რომ ლამის ნახევარ საქართველოს უნდა, სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდეს.

- გამოდის, რომ შევარდნაძის ეპოქა დაგვიბრუნდა?

- როგორ გეკადრებათ?! შევარდნაძე თხემით ტერფამდე პოლიტიკოსი იყო, თანაც, ნიჭიერი კაცი გახლდათ, მას და ივანაშვილს ერთმანეთს როგორ შევადარებ?! როცა მიხვდა, რომ მის გამო ქვეყანაში სერიოზული არეულობა იწყებოდა, ადგა და წავიდა. ივანიშვილი პოლიტიკოსი არ არის, მაფიოზია და არალეგიტიმურ მართვას არის შეჩვეული.

- "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის სახელს კარგად იყენებს იმ ხალხის გადასაბირებლად, ვისაც "ნაციონალები" არ მოსწონს. ამაზე რას გვეტყვით?

- ესეც ამათი გაიძვერობის ნიშანია. სააკაშვილმა ბევრჯერ თქვა - ხელისუფლებაში ყოფნას არ ვაპირებო, ამიტომ, მე მგონია, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა განხეთქილების მიზეზი არ უნდა გახდეს. ის გასაგებად ამბობს, რომ არ სურს საქართველოში თანამდებობაზე ყოფნა. რატომ ქმნიან ამისგან პრობლემას, არ მესმის! ეს საკითხის არასწორი დაყენებაა, რომელიც მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ვინც რა უნდა თქვას, სააკაშვილი პოლიტიკოსია, რაც 2012 წელსაც დაამტკიცა: არჩევნები წააგო, იმ დღესვე გამოაცხადა, ოპოზიციაში გადავდივარო და წავიდა. თანაც, ისე წავიდა, რომ მისი პარტია არ დაშლილა და ქვეყანაც გადარჩა. 2012 წელს სააკაშვილი არავის ჩამოუგდია, ის მოიქცა, როგორც პოლიტიკოსი და არა - მაფიოზი. თანამდებობის დათმობის არ ეშინია იმას, ვინც თავისი საქმე კარგად იცის, - ამაში ვერავინ შემედავება. როცა შენი კეთილდღეობის გარანტია მარტო ძალაუფლებაა, თანამდებობის დაკარგვა ტრაგედიად მაშინ გექცევა, თორემ ნამდვილ პროფესიონალს ამის არ ეშინია.

- დაბოლოს, მარტო "ოცნების" შეცდომებზე რომ არ ვისაუბროთ, რა შეცდომები დაუშვა ოპოზიციამ?

- ოპოზიციური პარტიების მთავარი შეცდომა ერთმანეთთან კინკლაობა და დაპირისპირება იყო. ოპოზიცია თავიდანვე ასე ერთად უნდა ყოფილიყო. კარგია, რომ ბოლოს მაინც გაერთიანდნენ. "ოცნება" ახლა ოპოზიციისკენ იშვერს ხელს: თურმე ეს უბედურება, რაც ქვეყანაში ტრიალებს, ოპოზიციის ბრალი ყოფილა, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა! არჩევნები ნორმალურად, ცივილიზებულად რომ ჩაეტარებინათ, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლიდა, მაგრამ ამ შემთხვევაში წააგებდნენ და ეს კარგად იციან. რომ ვაკვირდები, ისინი ყოველთვის თავებს ითვლიან, ამიტომ ახლა გამოსავალი მთელი ოპოზიციის და ხალხის ერთიანობაა. მარტივი არითმეტიკით ხელმძღვანელობენ: რაც უფრო მეტი თავი მოჩანს აქციაზე, მით მეტი საშიშროებაა მათთვის. რთული სიტუაციაა, მაგრამ მომავალს პესიმისტურად მაინც არ ვუყურებ, მაინც მგონია, რომ ჩვენი საქართველოსგან კარგი ქვეყანა დადგება და ის ნელ-ნელა დაემსგავსება ნორმალურ, მოწინავე სახელმწიფოს - ამის იმედს ოპოზიციური ძალების ერთიანობა მაძლევს. პარალელურად, იმის იმედიც მაქვს, რომ მოლაპარაკებას შეძლებენ და როგორც პროპორციულ არჩევნებზე შეთანხმდნენ, ახლაც რაღაც შუალედურ გამოსავალს მოძებნიან. ხელისუფლება გაჯიუტებულია, რადგან ძალიან ბევრს კარგავს, მაგრამ იმედია, რომ ყველა, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა, ამ ქვეყნისთვის სასიკეთო გამოსავალს მოძებნის.

ხათუნა ჩიგოგიძე