რატომ ეჩხუბება ქეთი ხუციშვილს მამა? - გზაპრესი

რატომ ეჩხუბება ქეთი ხუციშვილს მამა?

აღმოჩნდა, რომ "კომედი შოუს" მსახიობ ქეთი ხუციშვილისთვის ფინანსური ხარჯების სწორად განაწილება საკმაოდ პრობლემურია. გაგვიმხილა - ახლაც ფინანსურ კრიზისში ვარ და ხელფასის დღეს ველოდებიო.

- მახსოვს, სკოლის მოსწავლეობის პერიოდში, მაგალითად, სოფელში ყოფნისას, მამაჩემს ავტომობილს თუ გავურეცხავდი, წასახალისებლად ფულს მაძლევდა. ამ ფულს ვაგროვებდი, მერე კი რაღაცას ვყიდულობდი - ასე "ვმაიმუნობდი", რა... მოკლედ, ფულის საჭიროება ბავშვობიდანვე გავიაზრე.

- მშობლებისთვის ფული უბრალოდ თუ გითხოვია?

- კი, რამდენჯერაც გინდა. ასეთი ეპიზოდები ჩემს ცხოვრებაში ახლაც არის. შემიძლია, ხელფასი ერთ დღეში "შემოვფლანგო" და გაშტერებულ-გაღიმებული დავრჩე. ამ დროს ჩემი გაჭირვების ტალკვესი დედაჩემია. თან, მეზობლად ცხოვრობს. ფანჯარასთან რომ ავეტუზები ხოლმე, ეგ უნდა ნახო (იცინის). მისგან ფული სესხადაც ამიღია, ვალიც დამიბრუნებია...

- მამის ავტომობილის რეცხვის სანაცვლოდ მიღებულ ფულს თუ არ ჩავთვლით, გვითხარი - პირველი გასამრჯელო როდის და რისთვის მიიღე?

- 18 წლის ვიყავი, იუსტიციის სამინისტროში დავიწყე მუშაობა. ჩემი ხელფასი რა თანხას შეადგენდა, არ მახსოვს, მაგრამ ცოტა იყო.

- პირველ ხელფასს როგორი "გემო" ჰქონდა?

- ძალიან მაგარი. მაშინ ამდენი მაღაზია სად იყო? ბაზრობაზე წავედი, "ზმანები" ვიყიდე, მაგრამ ბევრი - არა: მხოლოდ 3 რაღაც მომივიდა. სამაგიეროდ, მაგარი "კაიფი" იყო, რომ ჩემი ხელფასი დავხარჯე.

- მას შემდეგ, რაც უკვე შემოსავლის საკუთარი წყარო გაგიჩნდა, სერიოზული ფინანსური კრიზისი შეგქმნია?

- კი, როგორ არა! კრიზისი ამწუთასაც მაქვს. ხელფასს ველოდები. ხელფასის თარიღამდე ოთხით მივფორთხავ (იცინის)... ამ წუთში საჭმლის ფულიც არ მაქვს. გეფიცები, მგონი, საფულეში 5 ლარი მიგდია... ხედავ, რა დღეში ვარ?

- ამ მხრივ, ალბათ, მშობლები მაინც გეიმედება...

- კი, მაგრამ დედაჩემისგან რამდენჯერმე ვალი აღებული მაქვს. ახლა ისევ მასთან ჩასვლა მაგრად "მიტყდება" და ან უნდა ვისესხო, ან - რამე ვიღონო... როგორმე ხელფასის დღემდე მივაღწევ... მაინც მომიკითხე, მშიერი მოვკვდები თუ არა (იცინის).

GzaPress

- შენი ხელფასის ძირითად ნაწილს რაში ხარჯავ?

- ვაიმე, ეს რომ მამაჩემმა წაიკითხოს, გაგიჟდება: სულ ამის გამო მეჩხუბება - ხელფასი სად მიგაქვს, რატომ არ ინახავ? ფული გადადეო! ვერ ვინახავ... ახლა უნდა დავიწყო თანხის გადადება... ფულს რომ ვხედავ, თვალებზე ბინდი მეკვრება - გავეშებული "ხამი" ვხდები!.. თან, ჩემი შვილი 18 წლისაა. ხელებში შემყურე არაა, მაგრამ ერთი ბიჭი მყავს. ურჩევნია, რომ ერთი, მაგრამ ხარისხიანი (მაგალითად - ფეხსაცმელი) ჰქონდეს. მისთვის საკმაოდ ძვირად ღირებულ ბრენდულ ფეხსაცმელს თუ შარვალს ვყიდულობ. თან, ამ ფაქტს ვმალავთ - ვითომ არ ვყიდულობთ. ფასს და ბრენდს არ დავასახელებ, თორემ მამაჩემს გული წაუვა... ფული "სად მიდის", მამაჩემი დღესაც გაურკვეველ სიტუაციაშია... სახლისთვის საჭმელსაც ვყიდულობ, რა თქმა უნდა, მაგრამ - მცირე რაოდენობით, რადგან უფრო "ზმანები" "მევასება": გიორგის (ჩემს შვილს) უნდა ჩავაცვა, კარგად გამოვაწყო...

- მესმის, დედას შვილისთვის რაღაცების ყიდვა სიამოვნებს, მაგრამ პირადი სიამოვნებისთვის თუ იმეტებ თანხას?

- კი, კი, როგორ არა! ამ მხრივ, ეგოისტურადაც ვარ განწყობილი - "ჯერ თავო და თავო" ვიცი ხოლმე (იცინის). ბევრ რამეს ვერ ვყიდულობ - საქართველოში ისეთი ხელფასები არ არის, რომ "გაჭიმო" და ყველაფერი იყიდო. თან, მარტო ხომ არ ხარ ადამიანი, არა? გინდა, სხვასაც ასიამოვნო, პატივი სცე, მაგალითად - დაბადების დღეზე... პირადად მე, ტანსაცმელში ფულს არც ვფლანგავ - მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებით ვსარგებლობ. აბა, რა!.. "მეორადში" მხოლოდ საცვლებს, წინდებს და ფეხსაცმელს არ ვიყიდი, დანარჩენს ყველაფერს შევარჩევ. შეიძლება, თავიდან ბოლომდე 25 ლარის სამოსი მეცვას.

- ბევრი დრო გეხარჯება, რომ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში სათანადო სამოსი აარჩიო?

- არა, არა!.. მაგალითად, ჩემს სახლთან ბევრი ასეთი მაღაზიაა. თან, იქ ყველას ვემეგობრები - იციან, რა მინდა. მივალ, სამოსს ვნახავ, მომეწონება და წამოვიღებ ხოლმე.

- მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში სამოსს თანხის დაზოგვის მიზნით ყიდულობ?

- რა თქმა უნდა. მაისურში, ჯემპრში ფულს ვერ გადავყრი. ვიცი, ჩვეულებრივ მაღაზიებში სამოსს როგორი მაღალი ფასები აქვს. მთელი მსოფლიო "მეორადებში" იცვამს, მეც ასე რომ მოვიქცე, რატომაც არა?! წლებია, იქ ვყიდულობ. თან, ძალიან ხარისხიან, ბრენდულ რაღაცებს ვაწყდები - შეიძლება, ასეთი სამოსი მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ეცვას... მოკლედ, მეორად ტანსაცმელზე გართულება არ მაქვს. აი, გართულება მხოლოდ ფეხსაცმელზე მაქვს - ერთი წყვილი, მაგრამ ნორმალური მირჩევნია!

- ყველაზე დიდი თანხა რაში დაგიხარჯავს, გაგვიმხელ?

- დედა, დედა!.. გეტყვი: 5-6 წლის წინ, "შუზებში" 670 ლარი გადავიხადე. ერთი კვირა ვერ ვიცვამდი - მეშინოდა, ფეხი ცუდად არ გავუსვა-მეთქი. ფასი "ტვინში მირტყამდა" - ფსიქოლოგიურად მთრგუნავდა. ასკინკილათი დავდიოდი, დავხტოდი, რომ ფეხსაცმელზე არავინ შემხებოდა (იცინის). მერე, იცოცხლე, 6 თვეში ის ფეხსაცმელები "ამოვიდე" და გავაუბედურე, ძალიან მაგარი, "დონე", სასწაული "შუზები" კი იყო, უჰ!.. აღარ არის - გავგლიჯე, გამოვგლიჯე...

- ეს ფეხსაცმელები მხოლოდ 6 თვე გემსახურა?

- არა, არა, კაი 3 წელი მეცვა, ლამის გაუხდელად...

- ქეთი, იურიდიულ სფეროში რამდენ ხანს იმუშავე?

- ზუსტად ორწელიწად-ნახევარი. სამსახურიდან თავადვე წამოვედი, რადგან ეს ჩემი სფერო არ იყო ან შეიძლება, მუშაობა ნაადრევად რომ დავიწყე, ვერ აღვიქვი, სად ვმუშაობდი. არ მომწონდა... სხვები ხომ ნატრობენ, 18 წლის ასაკში სამსახური ჰქონდეთ? თან, სამინისტროში ვმუშაობდი, მაგრამ პირადად მე, იქ თავს ბედნიერად ვერ ვგრძნობდი. ის პერიოდი ძლივს გავძელი. ბედნიერი ვარ, რომ წამოვედი.

- მერე რას საქმიანობდი?

- სახლში ვიყავი. გავთხოვდი. პირველი შვილი 3 თვის იყო, როცა გარდამეცვალა... მერე, 3 წელი შვილი არ მინდოდა... შემდეგ შემეძინა. ძირითადად, მას ვუვლიდი. ბავშვზე ეგოისტურად ვზრუნავდი: ვერავის ვუტოვებდი. მასთან მხოლოდ მე უნდა ვყოფილიყავი. სამსახურის ხსენება არ მინდოდა! ყველა სამსახური მეზიზღებოდა - ვერ ვხვდებოდი ლოგიკას, შვილი რა ხელფასის ფასად უნდა დამეტოვებინა და მაგალითად, დილის 9 საათიდან საღამოს 6-მდე მემუშავა?! ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო. ბავშვთან ერთად ბედნიერი ვიყავი.

GzaPress

- მოგვიანებით, უკვე საყვარელი საქმით - მსახიობობით გამომუშავებულ ჰონორარს როგორი "გემო" ჰქონდა?

- "ჩემი ცოლის დაქალებში" ვმონაწილეობდი, როცა ბანკის სახელფასო ბარათი ცხოვრებაში პირველად დავიჭირე ხელში. ბარათის გამოყენებაც არ ვიცოდი, რომ ბანკომატიდან თანხა გამომეტანა - მეშინოდა, ბარათი არ ჩარჩეს-მეთქი. არაფერი ვიცოდი. იქვე მასწავლეს. თან, არ ვიცოდი, ანგარიშზე რა თანხა მქონდა. მოკლედ, ჩემს ბარათზე, სერიალის სხვადასხვა სცენაში მონაწილეობისთვის, გარკვეული თანხა დაგროვებული იყო. ანგარიში რომ ვნახე, ლამის "კაპლი" დამჭირდა - ცუდად გავხდი... შეიძლება, ვიღაცისთვის ის თანხა ფეხსაცმლის საყიდელი ფული იყო, მაგრამ ჩემთვის საოცრება, სასწაული გახლდათ! თანხა რომ ავიღე, გავშტერდი... ბანკიდან გამოსული, 2 წუთი ქუჩაში ვიდექი და ღრმად ვსუნთქავდი - ეს რა დამემართა, ჩემს ანგარიშზე ეს თანხა როგორ აღმოჩნდა, რა ვუყო-მეთქი?!. ისეთი შოკირებული ვიყავი, არც ვიცოდი, სად დამეხარჯა. მერე მაღაზიებს "დავერიე", თუმცა მანამდე კაფეში მარტო შევედი, გავიტყლარჭე, დავჯექი, ყავა დავლიე... წნევა ისევ აწეული მქონდა... რომ მოვსულიერდი, მაღაზიებს ვეცი. რა თქმა უნდა, ორ დღეში ის ფული "გავაუბედურე" - დავხარჯე...

- როგორ ფიქრობ, რომ მოინდომო, ფინანსების სათანადოდ განკარგვას შეძლებ?

- ვაიმე, ვერა, ვერა... ბავშვსაც შიმშილით ამოვაძრობ სულს და მეც მშიერი მოვკვდები (იცინის). თანხას სწორად ვერ ვანაწილებ. მერე, ამის გამო, ვნერვიულობ, განვიცდი - ხომ შეიძლებოდა, ფული გადამედო და რაც საჭირო იყო, ის მეყიდა-მეთქი? მაგალითად, წინა თვის ხელფასი რომ ავიღე, ბურღულეული ვიყიდე. ისიც არ ვიცი, მაცივრისთვის რა და როგორ გავანაწილო, რომ თვიდან თვემდე მეყოს. ამდენი მჭადის ფქვილი რად მინდოდა, როცა სხვა რაღაც მაქვს საყიდელი?!. ვერ ვაზროვნებ. უნდა ჩამოვწერო, რა ვიყიდო... ამხელა გოგო ვარ. ეს ყველაფერი ხომ უნდა ვიცოდე?! მამაჩემი მეუბნება, - ხელფასი იმიტომ არ გყოფნის, რომ გამოძახების სერვისით სარგებლობთ და ისე ჭამთ, გენაცვალეო.

- მამა მართალი არ არის?

- ასეთ რაღაცებს მე არ ვჭამ - ჩემს შვილს "ვუსწორებ"... შეიძლება, თანხის ნახევარი ამაშიც იხარჯება... არ ვიცი, არ ვიცი, დაბნეული ვარ... ახლა ძალიან გამანადგურე, კედელთან მიმაყენე. კიდევ ეს მინდოდა, ქალო? რა გამიკეთე (იცინის)?!.

ეთო ყორღანაშვილი