თაკო ტაბატაძის დებიუტი ნანა ჯორჯაძის ფილმში, მისი იღბალი და ბედნიერება - გზაპრესი

თაკო ტაბატაძის დებიუტი ნანა ჯორჯაძის ფილმში, მისი იღბალი და ბედნიერება

"იღბლიანი ადამიანია, მაგრამ ზედმეტი მორიდებულობისა და სიმორცხვის გამო, უსუსურ სიტუაციაში ხშირად ვარდება. არ უყვარს სხვებზე დამოკიდებულ მდგომარეობაში ყოფნა. ხშირად უარს ამბობს, მიიღოს დახმარება, თავად კი სხვებს სიამოვნებით ეხმარება. წინააღმდეგობის წინაშე უკან არასდროს იხევს, გმირული შემართება მისი ხასიათის მთავარი თვისებაა. დამთმობია, მაგრამ არა იმდენად, რომ ვინმემ მისი მართვა შეძლოს. ის საიმედო მეგობარი, მაგრამ სახიფათო მეტოქეა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები თხის წელში დაბადებული ლომს, ეს კი თაკო ტაბატაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია მაინტერესებს. პერიოდულად ჩემი ნიშნის შესახებ ინფორმაციას ვეცნობი, მაგრამ ამ დარგის ექსპერტად ვერ გამოვდგები. პირადი ჰოროსკოპიც არასდროს შემიდგენია. ასტროლოგია მეცნიერებაა, საუკუნეების განმავლობაში სამყაროში დაგროვილი ცოდნა და ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის.

- "ლომს ყველაზე მეტად ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს".

- ჩემს პროფესიას თუ გავითვალისწინებთ, უნდა დავეთანხმო. საშემსრულებლო ხელოვნება მაყურებლის გარეშე წარმოუდგენელია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რა მიმართულებით ვიმსახურებ ყურადღებას. ეს სასიამოვნო მაშინაა, როცა ჩემი გაკეთებული საქმით ვიმსახურებ.

- "ვერ იტანს სიბნელეს და მარტოობას, ითრგუნება".

- სიბნელეზე არ ვგიჟდები, რაც შეეხება მარტოობას, იშვიათად მიწევს მარტო ყოფნა, თუმცა ხანდახან სასიამოვნოა, როცა გაქვს საშუალება, სიმშვიდეში წაიკითხო, მუსიკას მოუსმინო, სამომავლო გეგმებზე დაფიქრდე.

- "ამაყია. მის დამცირებას თუ შეეცდებით, თქვენ წინაშე საშინელი ღრიალა "ცხოველი" აღიმართება".

- ძალიან თავმოყვარე ადამიანი ვარ, მაგრამ ასეთი შემთხვევა არ მახსენდება. ბუნებით მშვიდი ვარ, წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა ადვილი არ არის.

GzaPress

- ირონიულ ტონზე როგორი რეაქცია გაქვთ?

- უმეტესად ვაიგნორებ, ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო. კონფლიქტური არა ვარ, მაგრამ წყენა იოლად არ მავიწყდება. ადამიანს შეიძლება არ ვაგრძნობინო, რომ გული მატკინა, მაგრამ ვიცი, სხვა დროს მისგან თავი შორს უნდა დავიჭირო.

- სხვების მართვის სურვილი ხშირად გიჩნდებათ?

- როდესაც ადამიანებს აქვთ სხვების დარწმუნების უნარი, ამას სწორი მიმართულება უნდა მიეცეს. გამართლებულია, როცა ვიყენებთ პროფესიული კუთხით, როგორიცაა მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, ხოლო ბოროტად თუ ვიყენებთ, ეს უკვე ფსიქოლოგიური ძალადობაა.

- "მას უყვარს სხვებისთვის ჭკუის სწავლება, აბა, გაბედეთ და უთხარით, გაგინაწყენდებათ".

- მიყვარს ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია ერთმანეთის აზრების გათვალისწინებასა და ურთიერთგაგებაზე. დიდაქტიკა და სხვისი განკითხვა არ მჩვევია.

- "დროს ფუჭად არასდროს კარგავს".

- ყოველთვის ვცდილობ, დრო შინაარსიანად და ნაყოფიერად გავატარო. ყველაზე მნიშვნელოვანი ბალანსის მიღწევაა, - დრო არც საყვარელ ადამიანებს მოაკლო და არც თვითგანვითარებას. ჩემთვის შთამაგონებელი იყო საოცარი პედაგოგისა და ფსიქოლოგის, შალვა ამონაშვილის სიტყვები, რომელიც მაგისტრის ხარისხის მინიჭების საზეიმო ცერემონიალზე წარმოთქვა: - ჩვენ უნდა ვიცხოვროთ დღეებით და არა წლებით, რადგან ცხოვრება მალე გადის და თუ გვინდა, ნაყოფიერად გავატაროთ ჩვენი დრო, ყოველი დღე უნდა იყოს თუნდაც პატარა გადადგმული ნაბიჯი იმ მიზნისკენ, რომლისკენაც მივდივართო. ეს სიტყვები გონებაში ჩამრჩა, ვცდილობ, ასე ვიცხოვრო. ერთადერთი, რაც მთრგუნავს, უსაქმოდ და უფუნქციოდ ყოფნაა.

- "სიყვარულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია".

- სიყვარულია ყველგან და ყველაფერში, მთავარია, ამის დანახვა და შეგრძნება შევძლოთ. სიყვარულია, როცა შვილების ღიმილს უყურებ, მეგობრების, ოჯახის წევრების ზრუნვასა და სითბოს გრძნობ. ამის გარეშე ცხოვრება მართლა ვერ წარმომიდგენია. საქმესაც სიყვარულით ვაკეთებ.

- "სასიყვარულო ფრონტზე განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, ის ან მზესავით ანათებს, ან დარდისგან მკვდარია".

- როდესაც დაძაბული შინაგანი მდგომარეობა გაქვს, ძნელია საქმეზე კონცენტრირება მოახდინო, მაგრამ შენი საქმე თუ ძალიან გიყვარს, შეიძლება ერთგვარი თერაპიაც აღმოჩნდეს. როცა საყვარელი ადამიანი ცუდ მდგომარეობაშია, ეს გაღელვებს და პროდუქტიულობაზე გავლენას ახდენს.

- "მას არ უყვარს სხვებზე დამოკიდებულ მდგომარეობაში ყოფნა. ხშირად უარს ამბობს მიიღოს დახმარება, თავად კი სხვებს ყოველთვის სიამოვნებით ეხმარება".

- მიყვარს, როცა შემიძლია საქმე დამოუკიდებლად ვაკეთო და გარშემო მყოფები ჩემი საჭიროებებით ნაკლებად შევაწუხო. საბედნიეროდ, მხარში ისეთი ადამიანები მიდგანან, დახმარება რომ დამჭირდეს, თავს უხერხულად არასდროს მაგრძნობინებენ. მეც ასევე ვარ: როცა შემიძლია, ადამიანებს უანგაროდ დავეხმარო, ბედნიერი ვარ.

- "მას უყვარს ყველაფერი მაღალი ხარისხის, ბრწყინვალე და ძვირფასი. გართობისა და სიამოვნებისთვის შეუძლია, მთელი ქონება დახარჯოს".

- ეგ ნამდვილად არ შემიძლია (იცინის). უკვე იმდენი პასუხისმგებლობა მაქვს, თავს ამის უფლებას ვერ მივცემ. ამის მოთხოვნილება არც მაქვს. ხარისხი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ უბრალო და გულწრფელი დეტალები მეტად მაბედნიერებს, ვიდრე - ფუფუნება.

GzaPress

- "წინააღმდეგობის წინაშე უკან არასდროს იხევს, გმირული შემართება მისი ხასიათის მთავარი თვისებაა".

- საკმაოდ მიზანდასახული ვარ და რაც მთავარია, სიძნელეები მხნეობას მმატებს.

- ბევრი წინააღმდეგობა შეგხვედრიათ?

- საკმაოდ ბევრი. ამ წინააღმდეგობების გადალახვა გამოცდილებად მექცა. ბარიერების გადალახვის შედეგად მიღწეული წარმატება უფრო ძვირფასია.

- "საიმედო მეგობარი, მაგრამ სახიფათო მეტოქეა".

- ეს ალბათ ჩემს მეგობრებს უნდა ჰკითხოთ. რაც შეეხება მეტოქეობას, ძალიან ვცდილობ, ასეთ სიტუაციებს თავი ავარიდო. რევანში არ მიყვარს, უარყოფითი ენერგიის გაცემა, პირველ რიგში, მე დამაზარალებს.

- როცა ამას სხვებისგან გრძნობთ?

- ასეთი მომენტი მქონია. მირჩევნია, ის ადამიანი საპირისპირო ქცევით ჩემდამი კეთილგანწყობილად ვაქციო. ეს მიცდია, გამომსვლია და მერე ცხოვრება კარგ ნაცნობებად გაგვიგრძელებია.

- "იღბლიანია, მაგრამ ხშირად სიმორცხვისა და მორიდებულობის გამო, უსუსურ სიტუაციაშიც ვარდება".

- იღბლიანი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ წინაღობები მხვდება და ჩემთან წარმატება იოლად არ მოდის. ქვეყნად ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომელმაც თავისი ადგილი ვერ იპოვა, მე გამიმართლა, ამისთვის მადლიერი ვარ. რაც შეეხება სიმორცხვესა და მორიდებულობას - წლების წინ უფრო მორცხვი ვიყავი. პროფესიამ ჩემზე ამ მხრივაც დადებითი გავლენა მოახდინა.

- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება გიჭირთ?

- არა, მაგრამ ყოველთვის ვითვალისწინებ იმათ აზრს, ვისაც პირდაპირ ან ირიბად ეხება ჩემი გადაწყვეტილების შესაძლო შედეგები. მნიშვნელოვან მომენტებში ჩემთვის ავტორიტეტული ადამიანების აზრს ვითვალისწინებ.

- "ხშირად პესიმიზმისკენაა მიდრეკილი".

- როცა საქმეს ვიწყებ, შესაძლო რისკებს ყოველთვის ვთვლი, მომავალში უსიამოვნებები რომ ავირიდო. მგონი, რეალისტი მეტად ვარ, ვიდრე - პესიმისტი.

- "ჰყავს ბევრი ნაცნობი და ძალიან ცოტა ნამდვილი მეგობარი".

- რამდენიმე მეგობარი მყავს, რომელთა ემოციური მხარდაჭერის და მხარში დგომის შედეგია ჩემი დღევანდელი მდგომარეობა. შემიძლია, მათ თვალდახუჭული ვენდო. საერთოდ, ადამიანებთან ურთიერთობა არ მიჭირს.

თამუნა კვინიკაძე