"სხვისი სიმღერების არანჟირება ბევრად რთულია, ვიდრე საკუთარის..." - გზაპრესი

"სხვისი სიმღერების არანჟირება ბევრად რთულია, ვიდრე საკუთარის..."

მუსიკალურ პროდიუსერსა და კომპოზიტორს, გელა გნოლიძეს მაყურებელი კარგად იცნობს სატელევიზიო შოუებიდან. მისი გზა მუსიკაში სიმღერით დაიწყო. მოზრდილ ასაკში მეგობრებთან ერთად, პატარა ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელმაც მცირე ხანს იარსება. მერე ყველამ თავისი საქმე მონახა, გელა კი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ პროფესიად მუსიკას აირჩევდა.

- მუსიკალურ ოჯახში ვიზრდებოდი, დედ-მამა მღეროდა. იყო ასეთი ძველი ჯგუფი "აბარერა", გასტროლებზეც დადიოდნენ. ერთხანს ჩემი მშობლები ბაჩი ქიტიაშვილთან ერთად გამოდიოდნენ. პაპაჩემი დედის მხრიდან - გიგლა პაპალაშვილი ცნობილი ლოტბარი და ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი იყო. მუსიკასთან ურთიერთობით, ბავშვობიდან განებივრებული ვიყავი. ამან იქონია გავლენა, პატარა ასაკიდან დავიწყე სიმღერაც და დაკვრაც. მუსიკალურ სასწავლებელში სანამ შევიდოდი, ფორტეპიანოზე ვუკრავდი. ჩემი და უკვე სწავლობდა მუსიკას. ის რომ მეცადინეობდა, მე ვუსმენდი და ასე ვთქვათ, ვბაძავდი. მერე შევედი მუსიკალურ სკოლაში და დავამთავრე. მე და ჩემი უბნის მეგობრებმა ერთად, პატარა ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ. ამ ახალგაზრდულ და ბავშვურ ჯგუფს დიდხანს არ უარსებია. დიდი გასაქანი არ გვქონდა, მაგრამ მაინც ვმღეროდით. მერე ყველამ თავისი გზა აირჩია, მე კი მუსიკაში დავრჩი და ინდივიდუალურად გავაგრძელე მუშაობა არანჟირების კუთხით. ძალიან ბევრგან, სხვადასხვა სტუდიაში ვმუშაობდი - სიმღერებს ვწერდი და ჩვენს სათაყვანებელ მომღერლებს არანჟირებებს ვუკეთებდი.

- კონკრეტულად, ვისთან მუშაობდით, როგორ გახსენდებათ მათთან თანამშრომლობა? ცნობილი მომღერლები პრეტენზიულები ან მომთხოვნები არიან?

- კონკრეტულ მომღერლებს ვერ დაგისახელებთ, რადგან აბსოლუტურად ყველასთან მიმუშავია. საპრეტენზიო და საწვალებელი არაფერია, იცით, რატომ? ძირითადად, ასე ხდება: როცა დამკვეთს თუ მომღერალს სჭირდება ჩემგან სიმღერის არანჟირება, ჯერ რაღაც ნაწილს შავად ვაკეთებ და ის მიმართულება, რაც ავარჩიე, თუ მოეწონებათ, მერე ვაგრძელებ მუშაობას. სიმღერის საბოლოო ვარიანტი ნელ-ნელა იქმნება, ეს 1-2 დღის პროცესი არ არის, დრო სჭირდება. შემდეგ ჩაწერა უკვე ჩვეულებრივად მიმდინარეობს. თუმცა რთულია, რადგან სრულყოფილად და კარგად ჩაწერა დროს მოითხოვს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ კუთხით ბოლო წლებია აღარ ვმუშაობ. მთლიანად ჩემს თავსა და ბენდზე გადავერთე. სხვებისთვის დრო აღარ მრჩება, თორემ ისე, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი ბევრთან.

- ვინ არიან თქვენი მეგობრები, მომღერლებს შორის?

- საქართველო პატარა ქვეყანაა, მომღერლები და მუსიკოსები ცოტანი ვართ და ყველანი ვმეგობრობთ. ყოველ შემთხვევაში, ვინმე რომ არ მიყვარდეს, არ ვმეგობრობდე ან რაღაც ხინჯი მქონდეს - ასე არ არის. პირიქით, ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვეხმარებით და ვემეგობრებით.

- სიმღერების წერა იმ პერიოდიდან ხომ არ დაიწყეთ, როცა ჯგუფი გქონდათ?

- რა თქმა უნდა, მაშინაც და მერეც, ყოველთვის ჩემს სიმღერებზე ვმუშაობდი. გამიკეთებია არანჟირება სხვების სიმღერებზეც, რაც ორმაგ სირთულეს წარმოადგენს, რადგან შენი მუსიკა კომპოზიტორსაც უნდა მოაწონო. საკუთარ სიმღერაზე მუშაობა ბევრად ადვილია. შენს სიმღერას, როგორც გინდა, ისე წაიყვან.

GzaPress

- ვის ასმენინებთ პირველად საკუთარ სიმღერას? ვისი აზრია თქვენთვის მნიშვნელოვანი?

- თუ ვინმეს ვუწერ, შესაბამისად - მას ვასმენინებ. როცა ჩემთვის ვწერ, შეიძლება ვკითხო მეგობარს, - რას ფიქრობ, როგორი ვერსია გამოვიდა? კარგია თუ ცუდი, შემიფასე-მეთქი. თუმცა, ამას ხშირად არ ვაკეთებ. უფრო ისეთ ადამიანს ვასმენინებ, ვინც მუსიკოსი არაა, ანუ ჩვეულებრივი ყურით მოსმენილი მაინტერესებს. ხალხი როგორ მიიღებს? - ამ კითხვაზე პასუხი მაინტერესებს და შემდეგ, აქედან გამომდინარე ვაკეთებ დასკვნებს.

- თუ ყოფილა შემთხვევა, როცა არამუსიკოს ადამიანს რაღაცა არ მოსწონებია და მისი აზრი გაგითვალისწინებიათ?

- როგორ არა. აზრი მომისმენია, დავფიქრებულვარ და სიმღერაში პატარა ცვლილება შემიტანია. ჩემთვის ეს არ არის პრობლემა.

- როცა სუფრასთან ხართ და გთხოვენ, რომ იმღეროთ, რა რეაქცია გაქვთ?

- ეგ ამბავი, ძირითადად, ყველა მუსიკოსის ცხოვრებაშია. მიღებულია, რომ რადგან მუსიკოსი ხარ, ყველაფერზე უნდა უკრავდე და მღეროდე. ეს იგივეა, როგორც იუმორისტს ეუბნებიან ხოლმე, - მიდი რა, ანეკდოტი მოგვიყევიო! ასე რომ, ზოგჯერ ვმღერი, როცა ამის საშუალება არის და ხან - არ ვმღერი.

- იუმორი არ გაკლიათ. თქვენ თუ გიყვართ სახალისო ამბების მოყოლა?

- იუმორი აუცილებელია და ყველას ცხოვრებაშია, ალბათ, დიდი დოზით. ქართველებს იუმორი არ გვეშლება, თან ყველა კუთხეს ამ მხრივ, თავისი ხიბლი აქვს. რომ გითხრათ, ანეკდოტებს ვყვები და ყველას ვაცინებ-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ რაღაც სხარტული პასუხები იუმორში შემიძლია.

- თქვენ რომელი კუთხიდან ხართ?

- ჩემი გვარი ქართლიდან არის. მამაჩემის წინა თაობები დიდი ხანი თბილისში ცხოვრობდნენ და სოფელი არა გვაქვს. დედა კახეთიდან, თელავიდან მყავს, მთელი ბავშვობა და ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი იქ გავატარე. შოუშიც თელაველად მომიხსენიებენ ხოლმე.

ბავშვობაში, ერთ-ერთ ზაფხულს, რა თქმა უნდა, თელავში ვისვენებდი და მახსოვს გრანდიოზული კონცერტი გამართა მერაბ სეფაშვილმა, თელავის სახელმწიფო თეატრში. ალბათ, 6-7 წლისა ვიქნებოდი. ყველანი მოვიხიბლეთ მისი ლამაზი სიმღერებით. ჩემთვის ის დღე განსაკუთრებულია იმითაც, რომ მერაბის ავტოგრაფი მოვიპოვე, მან დამიწერა: შენ სასახელო მომღერალი გაიზრდებიო. მერაბ სეფაშვილმა, ასე ვთქვათ, მიწინასწარმეტყველა მომავალი, რისთვისაც დიდ მადლობას ვეუბნები. ახლა კი, ერთად ბევრჯერ გვიმღერია, ვმეგობრობთ და საერთოდ, ძალიან მიყვარს ეს ადამიანი.

- "ქუჩის ბიჭების" პროდიუსერობა ვინ შემოგთავაზათ?

- ჯგუფის მუსიკალური ხელმძღვანელი ცოტა მოგვიანებით გავხდი. როცა ისინი სტუდიაში მოდიოდნენ ჩაწერებზე, იმ პერიოდში დავმეგობრდით. მათ ყოველთვის ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო. თავისთავად გამოვიდა ისე, რომ ჯგუფის მუსიკალური ხელმძღვანელი დამერქვა. დღეს ისინი თავისით მუშაობენ. ჩვენ ერთმანეთთან მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს და ვმეგობრობთ. "ქუჩის ბიჭებს" დიდ წარმატებებს ვუსურვებ და დიდ სიყვარულს გადავცემ თქვენი ჟურნალის მეშვეობით.

- რამდენიმე შოუს პროდიუსერი ხართ და საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვთ, მაგრამ სიახლეებიც გექნებათ ჩაფიქრებული.

- კოვიდმა ბევრ რამეში შეგვიშალა ხელი, მათ შორის, ჩემი ბენდის დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა. უამრავი ადამიანი გვთხოვდა კონცერტის ჩატარებას და ამ დღეს ელოდა, მაგრამ ხალხის ჯანმრთელობას საფრთხეს ვერ შევუქმნიდით. ველოდებით, სიტუაცია როდის გამოსწორდება, თორემ გეგმა ბევრი გვაქვს... ამჟამად, ჩემი ბენდის რეპერტუარს ვაახლებთ, ძველ და ახალ სიმღერებზე ვმუშაობთ.

ნანული ზოტიკიშვილი