"კარგ ქვეყანაში მსახიობები გადაცემებში პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებენ" - გზაპრესი

"კარგ ქვეყანაში მსახიობები გადაცემებში პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებენ"

მსახიობი ნიკა ქაცარიძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია: დღის განმავლობაში, ბევრ სტატუსს წერს და ბოლო დროს, პროფილის ფოტოსაც ხშირად ცვლის. რატომ აპირებს მეზობლების გაცვლას, რა უშლის ხელს, რომ პლასტიკური ქირურგიით გარეგნობა შეიცვალოს და რატომ ფიქრობს, თითქოს სოციალური ქსელები უსაქმური ადამიანებისთვისაა, ამის შესახებ მსახიობი თავად გვესაუბრა მას შემდეგ, რაც ბავშვები დააძინა: შვილებთან ყოფნა ნიკა ქაცარიძეს უსაქმურობასთან გამკლავებაში ეხმარება...

- სოციალურ ქსელში უსაქმურობის გამო ვაქტიურობ. აბა, საქმის მკეთებელ, ნიჭიერ ადამიანს "ფეისბუკზე" რა უნდა? იქ სხვა სივრცეა, სადაც მეგობრებთან ერთად, რაღაც სისულელეებით ვერთობი.

- პირველად რომელ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდით?

- ძალიან ასაკოვანი ვარ - თავდაპირველად, "ოდნოკლასნიკებზე" ვიყავი, რომელიც "დრომ გააუქმა". შემდეგ "ფეისბუკი" გახდა მოდური. ახლა კიდევ არის უფრო მოდური სოციალური ქსელები, მაგრამ "ფეისბუკზე" მეგობრები მყავს, ჩემი სივრცე მაქვს, რაღაცებს "ვმაიმუნობ"...

- ამჟამად, "ფეისბუკზე" "უსაქმური მსახიობი" გქვიათ...

- პანდემიის გამო დავირქვი. ძალიან გავგიჟდით, რადგან გაუსაძლისია, ადამიანს რამის კეთება უნდოდეს და ვერ აკეთებდეს, სამსახურში ვერ მიდიოდეს... არა, ჩემს სამუშაო სფეროს "სამსახურს" ვერ დავარქმევ. არასოდეს მითქვამს - სამსახურში მივდივარ-მეთქი, როცა რეპეტიციაზე მივდიოდი... პანდემიის გამო შექმნილ სიტუაციასთან გამკლავებას ოჯახის წევრებთან, ბავშვებთან ერთად ყოფნით ვახერხებდი, მაგრამ ეს უსაქმურობა ძალიან გაგრძელდა...

- სოციალურ ქსელში აქტიურობა, გარკვეულწილად, არსებულ სიტუაციასთან გამკლავებაში გეხმარებათ, არა?

- მეხმარება გარკვეული პოზიციის დაფიქსირებაში, ჩემი სიტუაციის გამართლებაში. როცა უსამართლობის შეგრძნებაც გაქვს, გამოხატავ შენებურად და მერე ხვდები, რომ აზრი არ აქვს - სისულელეა: წერე და იკითხე, რამდენიც გინდა. ვის აინტერესებს, რა მსურს? "ფეისბუკი" წყლის ნაყვაა, "ერთჯერადია"...

- თქვენს სტატუსებს თვალი გადავავლე: მეზობლებს რას ერჩით, გაცვლას რატომ უპირებთ?

- ეს პოლიტიკური სიტუაციის გამო დავწერე: ზოგი "ნაცია", ზოგი - "ქოცი", ზოგი - ის... ვინც დიდად არ მეპიტნავება, შეიძლება, ხუმრობით ვთქვა, - ვცვლი-მეთქი. ამის თქმა სერიოზულად როგორ შეიძლება (იცინის)?..

- თქვენი სტატუსის გამო, ვინმე განაწყენებულა?

- არა, მეგობრების სიაში არც ერთი მეზობელი არ მყავს. არც იციან, "ფეისბუკზე" გვერდი მაქვს თუ არა. ჩემს მეზობლად ისეთი ხალხი ცხოვრობს, რომ საერთოდ არც იციან, თუ სამყაროში ასეთი სოციალური ქსელი არსებობს. ხნიერი ხალხია. სოციალურ ქსელებში აქტიურები არ არიან... ვინც მიცნობს და მეგობრებში მყავს, იციან, რა "ხასიათში" ვწერ და ჩემს ხუმრობებს ზუსტად ხვდებიან.

- კონკრეტული ტელეარხების ჟურნალისტებს აკრიტიკებთ ხოლმე. ცნობილები თქვენი სტატუსების გამო არ ღიზიანდებიან?

- ისეთ რამეს ვწერ, რომ არც მეკამათებიან, რადგან ჩემთან კამათს აზრი არ აქვს - სიმართლეს ვწერ. აქ მიკერძოებული არაფერია. ყველას ყველაფერი კარგად გვახსოვს - წარსულიც, დღევანდელი სიტუაციაც და ამის გაანალიზებაც შეგვიძლია, ვინ რას და რისთვის აკეთებს...

- ამ ტელეარხების წარმომადგენლებმა გადაცემაში რომ მიგიწვიონ, მათ მიმართ დამოკიდებულება თქვენს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას მოახდენს?

- კონკრეტულ ტელევიზიაში რა საქმე მაქვს, თუ სერიალის გადაღება ან სხვა შემოქმედებითი პროცესი არ იქნება? გადაცემაში (თან - პოლიტიკური ფორმატის) მონაწილეობა რა მსახიობის საქმეა?.. შეიძლება, რაღაც, რის გამოც განაწყენებული ვარ, თუნდაც სოციალურ ქსელში დავწერო. ჩვენ ხომ ყველაფერს კარგად ვხედავთ, ვინ ვის მხარესაა, ვის რა უნდა, ვის რა პირადი ინტერესი აქვს?.. ხალხის ზედმეტად გაღიზიანება რა საჭიროა? კარგ ქვეყანაში მსახიობები გადაცემებში პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებენ.

- სამეგობროში გყავთ ადამიანი, ვის პოლიტიკურ მოსაზრებებსაც არ იზიარებთ?

- არ ვიცი. ასეთი ტიპის საუბრები არ გვაქვს, განსაკუთრებით - მსახიობებს. არ ვსაუბრობთ, ვინ "ვისისტი" და "რისისტია"; ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე - კარგად ყოფნა გვინდა. სულ არ მაინტერესებს, პრემიერ-მინისტრი ვინ იქნება. მთავარია, ჩვენი შვილები კარგად იყვნენ. მიკერძოებულად, არავის მხარეს არ შეიძლება ვიყო - ეს მთლიანად ჩემი ქვეყანაა.

- ახლახან გამართულ საპროტესტო აქციაზე რას ფიქრობთ?

- ხომ ხედავთ, ქვეყანაში როგორი ეპიდსიტუაციაა? თუკი ადამიანს ჩემი ქვეყანა, შვილები, ოჯახის წევრები მიყვარს, იქ არ უნდა წავიდე. იმ ხალხის არც მესმის, ვინც აქციაზე მიდის - რას აპროტესტებს ან საერთოდ, რა უნდა? რატომ ჰგონიათ, რომ არჩევნები გაყალბდა? ვისაც არ გვგონია, რომ გაყალბდა, ისინიც აქციაზე გავიდეთ, თუ რა გავაკეთოთ?!.

- თქვენს ყურადღებას როგორი "პოსტები" იქცევს?

- უფრო - იუმორისტული, რადგან მსახიობი ვარ. ხალხი ამდენი ნეგატიური ინფორმაციით დაიღალა...

GzaPress

- ერთ-ერთ სტატუსში არც ტუჩებდაბერილი ადამიანები დაგრჩნენ უყურადღებოდ: ესთეტიკური მედიცინის დახმარებით, გარეგნობის ცვლილებასთან დაკავშირებით, რეალურად, რას ფიქრობთ?

- ფული რომ მქონდეს, რამე პლასტიკურ ოპერაციას მეც სიამოვნებით გავიკეთებდი. მსახიობი ვარ. უკვე "ასაკში შევდივარ" და ცოტათი ნაოჭები გამიჩნდა. სახის კანს გადავიჭიმავდი, თმასაც სიამოვნებით გადავინერგავდი, თუ გამცვივდება, ცხვირს გავისწორებდი და რაღაცნაირად, ევროპელ ან ამერიკელ მსახიობებს დავემსგავსებოდი (იცინის). პლასტიკური ქირურგიის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. თუკი ქალს ან კაცს საშუალება აქვს, ლამაზად გამოიყურებოდეს, რატომაც არა?!.

- თქვენ რა გიშლით ხელს?

- პანდემია: 8-9 თვეა, უმუშევარი ვარ. არც გადაღებები მაქვს, არც - რეპეტიციები... თუ ვინმე ფულს მაჩუქებს, ესთეტიკური მედიცინის ცენტრის მომსახურებით სიამოვნებით ვისარგებლებ.

- პანდემიის პირობებში, სტუმრიანობის საკითხი თქვენს ცხოვრებაში აქტუალურია?

- კი, ძალიან მეშინია, მათ შორის - ძვირფასი ადამიანების სტუმრობისაც კი, რადგან სახლში 2 მცირეწლოვანი ბავშვი და ოჯახის სხვა წევრები მყავს. ქვეყანაში საგანგებო სიტუაციაა. ეს ისეთი მარტივი არ არის, როგორიც ზოგს ჰგონია. ამიტომ - ჰო, გამაღიზიანებელია, როცა მაგალითად, ადამიანს სამედიცინო ნიღბის გარეშე ვხედავ. მიმაჩნია, რომ ის არც საკუთარ თავს უფრთხილდება და შესაბამისად, არც - მე.

- პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციებიდან, ყველაზე დიდი დისკომფორტი რომელმა შეგიქმნათ?

- ყველაზე დიდი დისკომფორტი ჩემი უსაქმური მდგომარეობაა, თორემ ხელისუფლებას და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ვერაფერში დავადანაშაულებ, პირიქით - მადლობის მეტი არაფერი მეთქმის - ექიმები და ის ხალხი, ვინც ჩვენს მომავალზე, შვილებზე ფიქრობს, გენიალური ხალხია. რეგულაციებში გამაღიზიანებელი არაფერია - პირადად მე, საღამოს 10 საათზე ისედაც სახლში ვიყავი.

- ბოლოს როდის ითამაშეთ სპექტაკლში?

- ახლახან რეპეტიციები დავიწყეთ - ბატონი რობერტ სტურუა სპექტაკლს დგამს, მაგრამ ისევ გავჩერდით, რადგან კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ კატასტროფულ რიცხვებს მიაღწია... რეპეტიციები რომ დავიწყეთ, ისე მიხაროდა, როგორც მაშინ, როცა სკოლაში პირველად წავედი. მსახიობისთვის და საერთოდ, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლისთვის, ვისაც თავისი საქმე უყვარს და ვერ აკეთებს, არსებული სიტუაცია ძალიან ცუდია. ამას ყველა თავისებურად განიცდის.

- რეალურ ცხოვრებაში, რეგულაციების დარღვევის ფაქტებს ხშირად აწყდებით?

- ყოველი ფეხის ნაბიჯზე არ ვაწყდები? მაღაზიაში ვიღაც უბნელი "ბომჟი", ლოთი სამედიცინო ნიღბის გარეშე შემობლაყუნდება ხოლმე... რაღაცნაირად, ამ საკითხს ქართველები აგდებულად მიუდგნენ, უპასუხისმგებლობით კი ისეთი შედეგი მივიღეთ, რაც გვაქვს. სამედიცინო ნიღბის გარეშე ყოველდღიურად ათობით ადამიანს ნახავ. ნიღაბი არასწორად რომ უკეთიათ, ეგ ცალკე საკითხია - 90%-ს როგორც უკეთია, ჯობია, საერთოდ არ ეკეთოს.

- სოციალურ ქსელში ბილწსიტყვაობთ ხოლმე...

- ყველა ბილწსიტყვაობს. ძალიან გამაუზრდელეს. ზრდილობიანი ვიყავი, მაგრამ ქვეყანამ, ხალხმა, უსინდისობამ, უტაქტობამ, უზნეობამ ნერვები დამაწყვიტა. ეთიკურ ენაზე ამის გამოხატვა არ შემიძლია. შეიძლება, განათლებაც არ მყოფნის. ამიტომ დედის გინებაზე გადავედი. თან, ძალიან კარგად ვიგინები - სასაცილოდ და "გემრიელად" გამომდის. ვინც იცის, მეხვეწება, - შეიგინეო. მართლა გეუბნები: გოგონები, ბიჭები მეუბნებიან, - შენ რომ იგინები, ისიც კი სასაცილოაო. სერიოზულად არ ვილანძღები, კაცო... ეს ახლა მოვიგონეთ - ვაიმე, მსახიობი ზრდილობიანი უნდა იყოსო. შეიძლება, ადამიანებისთვის მაგალითის მიმცემი სხვა რამეში ვიყო: შეიძლება, ხელოვნების სფეროში რამე კარგად გამომივიდეს, თუ დამაცადეს. ცხოვრებაში როგორი ვარ, ეს ჩემი სივრცეა: თუ მინდა, შევიგინები, თუ არ მინდა - არა. შეიძლება, დილა "სახარებით" დავიწყო. სულ ერთნაირი ხასიათი ხომ არ მაქვს? ხან ასე ვარ, ხან - ისე. გუშინ შევიგინე, მაგრამ შეიძლება, დღეს წმინდანად მოგევლინო და ჩემ შესახებ იფიქრო - ასეთი ზრდილობიანი, დახვეწილი კაცი მეორე არ არსებობსო... ესეც ხომ საკუთარ თავთან თამაშის, დაცინვის ერთ-ერთი ფორმაა? როგორ გავერთო, აბა, მითხარი? 2 შვილის მამა კლუბებში, საბილიარდოში არ დავდივარ. მეგობრებთან ერთად ქეიფი მომენატრა...

- სოციალურ ქსელში პანდემიამდეც საკმაოდ აქტიურობდით, არა?

- ისიც უსაქმურობის ბრალი იყო. საქმიან ადამიანს "ფეისბუკისთვის" არ სცალია. მაგალითად, 3 თვის განმავლობაში გადაღებები მქონდა: შინიდან დილით გავდიოდი, ღამით ვბრუნდებოდი და მშვიდად ვიძინებდი, მეორე დილით კი ისევ გადაღებაზე მივდიოდი. იმ პერიოდში "ფეისბუკი" არც გამხსენებია. საქმით დაკავებულს სოციალური ქსელი არ გჭირდება, მით უმეტეს - როცა სახლში 2 ანგელოზივით შვილი გყავს, მაგრამ სცენაზე თამაში რომ მოგწყურდება მსახიობს, რას იზამ? ჰოდა, თითქოს სოციალურ ქსელში საკუთარ თავთან თამაშობ. ალბათ, "ფეისბუკზე" ჩემი აქტიურობა ამის ბრალია...

ეთო ყორღანაშვილი