"რაც ჩვენთან ხდება, ეს იგივე კერპთაყვანისმცემლობაა!" - გზაპრესი

"რაც ჩვენთან ხდება, ეს იგივე კერპთაყვანისმცემლობაა!"

მსახიობი კახა გოგიძე იმ ადამიანთა რიგს მიეკუთვნება, რომლებისთვისაც 2020 წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: ის უკრაინაში იყო მიწვეული, სადაც ორი სპექტაკლი დადგა, საქართველოში კი წლის საუკეთესო რეჟისორად აღიარეს. კახა გოგიძე დღეს ჩვენი სტუმარია, თუმცა, თეატრსა და თავის პროფესიაზე კი არა, საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე გვესაუბრება.

- ბატონო კახა, 31 ოქტომბრის არჩევნებმა დიდი გაუგებრობა გამოიწვია: ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნები გააყალბეს, ხელისუფლება კი ამას უარყოფს. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ სიტუაციას?

- საქართველოში ხომ ყველაფერი ლამის სიგიჟის ხაზზე გადის!.. არჩევნების შემდეგაც ისეთი უცნაური რამ ხდება, რასაც სახელს ვერ დაარქმევ. ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია, მაგრამ კონკრეტული საბუთი ხომ უნდა არსებობდეს, რომ ეს დამტკიცდეს და ვერავინ ვერაფერი თქვას?! ორივე მხარე თავისას ამტკიცებს, მაგრამ უტყუარ საბუთს ვერც ერთი ვერ დებს. მე თვითონაც ვერავის ვენდობი - ჯერ ერთი, ისეთ დროს გავიზარდე, როცა არავისი ნდობა არ შეიძლებოდა, მით უმეტეს, მთავრობის, მაგრამ უფლებას ვიტოვებ, რომ ამ არჩევნების შედეგში ეჭვი შევიტანო. როცა ამ ქალაქსა და ქვეყანაში ყველა შენ გაგინებს, ამდენი პროცენტი როგორ აიღე, ეს ხომ უნდა დაამტკიცო?!. სამწუხაროდ, საქართველოში ყველაფერი ამ პრინციპით წყდება - "წყაროზე რა თქვეს ქალებმა"... სიმართლე სად არის, ზუსტად არავინ იცის. არადა, სიმართლის გარკვევა უმარტივესია.

- როგორ?

- დავფიქრდეთ, როგორ ვცხოვრობთ, კარგად? - არა, კარგად ნამდვილად არ ვცხოვრობთ! ყველაფერი გაძვირდა? - გაძვირდა! რასაც გვპირდებოდნენ, შეასრულეს? - არა! - მორჩა - ყველაფერი უკვე გასაგებია. საქმიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ: როდის ჩამოვიდა ამ მთავრობის დროს ჩვენთან რომელიმე ცნობილი პოლიტიკოსი, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი? პომპეოს ჩამოსვლაც იმით აიხსნება, რომ რუსეთმა სომხეთში ჯარი ჩააყენა, ამერიკა კავკასიას კარგავს და ცდილობს, ასე არ მოხდეს.

GzaPress

- არჩევნებზე ძალიან ბევრი მივიდა კოალიციური მთავრობის შექმნის იმედით. თქვენ თუ იზიარებთ ამ იდეას?

- მეც ბევრი ნაცნობი და მეგობარი მყავს, რომელსაც სურდა, ქვეყანაში კოალიციური მთავრობა ყოფილიყო. ბოლოს კი ეს ხალხი უმცირესობაში აღმოჩნდა, არადა, საქართველოში ერთი კაცის მმართველობა ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დასრულდეს?! დავით აღმაშენებელიც რომ აღდგეს მკვდრეთით, უკვე აღარ შეიძლება საქართველო ერთ კაცს ვანდოთ, რატომ? - როგორ ხასიათზეც გაიღვიძებს ის "ერთი კაცი", მთელი ერი იმის ჭკუაზე დადის. ჩემი აზრით, ეს დაუშვებელია.

- ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რომ ქართველებს არქიფოს სტილის მმართველებისკენ გვაქვს მიდრეკილება? - ვიღაცამ უნდა გვარჩინოს, შეგვინახოს, გვასვას, გვაჭამოს...

- აი, სწორედ ეს არის მონური ფსიქოლოგია, რომელიც არ ითვალისწინებს, რომ ადამიანი ინდივიდია, რომ თავისი ბედი ყველამ თვითონ უნდა შექმნას და თავისი ცხოვრებაც თვითონ მართოს. ვინც წარსულისკენ იყურება, მე ყველა მონა მგონია. საბედნიეროდ, არქიფოს სტილის მმართველები უფრო ძველი თაობის წარმომადგენლებს მოსწონთ. ასპარეზზე უკვე ახალგაზრდები გამოვიდნენ, თავისუფალი თაობა გაიზარდა, რომელიც სულ მალე პანღურით მიაბრძანებს ამ მონებს პოლიტიკური ასპარეზიდან. გასაყრელებიც არიან, რადგან მონა თავისუფალ ქვეყანას ვერ ააშენებს. ამიტომაც სულ ვეხვეწები ჩვენს ახალგაზრდობას: როგორმე გამოგლიჯეთ საქართველო ხელიდან ჩემს თაობას-მეთქი. ჩვენს თაობას ბრძოლა უფრო ეხერხება, შენება და ახლის შექმნა - ნაკლებად.

- ბატონო კახა, კოალიციური მთავრობის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ მის წევრებს სულ კამათი ექნებოდათ და ქვეყანას ვერ მიხედავდნენო...

- მე ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები: პირიქით, კოალიციურ მთავრობაში ყველა ერთმანეთს დააბალანსებდა და ყველაფერს ერთი კაცი ვეღარ გადაწყვეტდა. ახლა პარლამენტში არეულობა და ხელჩართული ბრძოლა არ არის? - არის. ამიტომ ეს არგუმენტი უფრო კონფორმისტების მოგონილი მგონია. ასევე ვფიქრობ, რომ უმეტესობა, ვინც "ოცნებას" ხმა მისცა, თავის მდგომარეობას და უზრუნველ ცხოვრებას გაუფრთხილდა. კიდევ გავიმეორებ - არ შეიძლება ქვეყანა ერთმა კაცმა მართოს, ეს - იგივე კერპთაყვანისმცემლობაა. სტალინს დაიყვირებ, ბრეჟნევს თუ სხვა სახელს, დიდი განსხვავება არაა. ადამიანი სექტანტად არ უნდა გადაიქცეს, საკუთარ მამაზეც არ უნდა თქვას ის, რაც მაგალითად, ლაშა ნაცვლიშვილმა ივანიშვილზე თქვა. ჩვენ ასეთი ფანატიკოსები "ნაციონალურ მოძრაობაშიც" გვინახავს, უფრო ადრე კი - "მოქალაქეთა კავშირშიც". იმის გამო, რომ კარგი თანამდებობა აქვს, ადამიანი ფანატიკოსი არ უნდა გახდეს. ნათქვამია, ფული ჯოჯოხეთს ანათებსო, მაგრამ ქვეყნის მომავალს 50 ლარად რომ გაყიდი, მერე ამ ქვეყნის სიყვარულზე პრეტენზია აღარ უნდა გქონდეს.

- ბოლო თვეებში ქართულ პოლიტიკაში ბევრი საინტერესო სახე გამოჩნდა. თქვენ რას იტყვით ამაზე?

- თითქმის ყველას ერთი დიდი ნაკლი აქვს - ძალიან ემოციურები არიან. ემოცია და პოლიტიკა იგივეა, რაც წყალი და ზეთი - ერთად. მაგალითად: ხრუშჩოვი გაეროს შტაბბინაში სიტყვით რომ გამოვიდა, გაფიცხდა და ბოლოს, ტრიბუნას ფეხსაცმლის ქუსლს ურტყამდა... ჩვენს პოლიტიკოსებს ხრუშჩოვს კი არ ვადარებ, მაგრამ უმეტესობა ძალიან ემოციურია. ქვეყნის ბედი ემოციებით არ შეიძლება გადაწყდეს, პოლიტიკა ცივი გონებაა - ეს ჩემი აზრია და თავზე არავის ვახვევ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს მაღალი დონის პოლიტიკოსები და ეს არც მიკვირს: ქართველებს საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფო არ გვქონია. ჩვენს სამშობლოს ხან ოსმალები მართავდნენ, ხან - სპარსელები, მერე - რუსები... ტრადიცია არ გვაქვს და რაფინირებული და გაწონასწორებული პოლიტიკოსებიც არ გვყავს. აქვე გეტყვით, რომ ძალიან მიხარია, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები რომ დაიწყო. ქართველები ძალიან ცოტანი ვართ იმისათვის, რომ ერთმანეთთან ხელჩართული ომი გავაჩაღოთ. დიალოგს ალტერნატივა არა აქვს, ამიტომ უნდა დასხდნენ და მოილაპარაკონ. მეტისმეტი ემოციურობა მოლაპარაკების დროსაც არ შეიძლება. სხვათა შორის, ამას საკუთარ თავსაც ვეუბნები: მეც ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, შეიძლება პირდაპირ ეთერშიც გავცხარდე, თუმცა ვიცი, რომ ასე არ შეიძლება. ძალიან ცუდია, როცა პოლიტიკოსი ემოციებს ვერ აკონტროლებს, რადგან ეს საზოგადოებასაც ხრწნის: უბრალო ადამიანი უყურებს და ფიქრობს, როგორც ჩანს, შეიძლება პირდაპირ ეთერში ჩხუბი და გინება, პარლამენტში კი - გაწევ-გამოწევაო.

GzaPress

- როგორ ფიქრობთ, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში თუ არა?

- თუ აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ცხადია, არ უნდა შევიდნენ, მაგრამ დღეს თუ იტყვი და ხვალ გადათქვამ, ეს უკვე აღარ ვარგა. ამიტომ არის ძნელი პოლიტიკოსობა: რასაც იტყვი, უნდა შეასრულო და სანამ იტყვი, ბევრი უნდა იფიქრო. სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ ხდება.

- იქნებ ხალხს შეეშინდა, ოპოზიციას ქვეყანა ვერ ანდო და ამიტომაც არ მისცა ხმა?

- მე ასე არ ვიტყოდი, რადგან გულის სიღრმეში მჯერა, რომ ეს არჩევნები გაყალბებულია. აბა, რა უნდოდა არჩევნებზე ავტომატიან ხალხს ან ეს ოქმები რატომ ჩაასწორეს ამდენჯერ? თუნდაც 20 ივნისის ან 8 ნოემბრის აქციები გავიხსენოთ: რამდენიც უნდა ამტკიცონ, რომ გადატრიალება მზადდებოდა, ეს უტიფრობაა და ვერაფრით დავიჯერებ. ჩვენ ხომ ვიცით, გადატრიალება როგორ ხდება! გადატრიალება იყო ზვიად გამსახურდია რომ ჩამოაგდეს ავტომატებით და ჰაუბიცებით. გავრილოვს ან სხვა ოკუპანტს პარლამენტში რომ დაგვისვამენ, ხალხისგან რა რეაქციას უნდა ელოდნენ?!

- დაბოლოს, თქვენს წარმატებებზეც მოგვიყევით: უკრაინის რომელ ქალაქებში დადგით სპექტაკლები?

- პირველ რიგში გეტყვით, რომ სხვა მსახიობების მსგავსად, მეც ძალიან მომენატრა თამაში, სცენაზე გამოსვლა, ჩემი მაყურებელი! ეს ჩემი პროფესიაა და ვიცი, რომ ყველა მსახიობი თავს ცუდად გრძნობს იმის გამო, რომ თეატრები დაკეტილია, მათ შორის "თავისუფალი თეატრი", რომელიც ჩემი საყვარელი თეატრია. კიდევ კარგი, რეჟისორობა მაინც მშველის. ბოლოს უკრაინაში - ხერსონსა და ნიკოლაევში მიმიწვიეს და იქ დავდგი ორი სპექტაკლი. მათი პრემიერა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა, ჩემს წარმატებაზე ვერ ვისაუბრებ. ყველაზე მეტად გამახარა წლის საუკეთესო რეჟისორის წოდებამ, რომელიც სპექტაკლ "ღია შუშაბანდისთვის" მომანიჭეს - ეს სპექტაკლი ახალციხეში დავდგი. მადლობა ღმერთს, რომ ვახერხებ, სცენას არ მოვწყდე, ეს კი უდიდეს სიხარულს და სასიცოცხლო ენერგიას მანიჭებს.

ხათუნა ჩიგოგიძე