გაიანე კარაპეტიანის საქმიანი და პირადი ცხოვრება - გზაპრესი

გაიანე კარაპეტიანის საქმიანი და პირადი ცხოვრება

მის მიერ მომზადებულმა კერძმა და გულწრფელმა ემოციამ შესარჩევ ტურზე ჯერ მკაცრი ჟიურის, შემდეგ კი მაყურებლის კეთილგანწყობა დაიმსახურა. კონკურსზე მოსახვედრი განაცხადი მეგობარმა შეუვსო და ასე აღმოჩნდა იმ პოპულარული კულინარიული შოუს მონაწილე, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა და ბევრი ადამიანის სიყვარული მოუტანა. პროექტის დატოვების შემდეგ, გაიანე კარაპეტიანი კონკურსისა და მისი ცხოვრების შესახებ ჩვეული გულახდილობით გვესაუბრება.

- პროექტში ჩემი მონაცემები ჩემმა უფროსმა და მეგობარმა - ნინო ფეიქრიშვილმა გამოგზავნა და თავიდან ძალიან მეშინოდა, ვნერვიულობდი, მაგრამ რადგან მან მითხრა, მთელი სტაფი, ჩვენი რესტორნების ყველა ფილიალი გგულშემატკივრობთ და შენი გვჯერაო, ამან ძალა მომცა! როგორიც ვარ, ისე გულახდილად, გულღიად გამოვედი! გაოცებული ვარ, იმდენი ადამიანი მირეკავს, მწერს, ქუჩაში მელაპარაკებიან, სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ, სულ დადებით კომენტარებს მიწერენ და ეს ისე მიხარია, ვკითხულობ და სიხარულისგან ჩუმად მეტირება... წარმოიდგინეთ, მაგალითად, ცხოვრებაში რაღაც ისე რომ არ ხდება, როგორც გინდა, მთელი ცხოვრება ერთ გულს რომ ელოდებოდი და უცებ ამდენი ადამიანის გული გეფერება... აბა, ეს მაგარი არ არის?! მე ამით ვარ მდიდარი და ბედნიერი! ქუჩაში უცხო ადამიანები რომ მოდიან, მკოცნიან და კომპლიმენტებს მეუბნებიან, მრცხვენია, ვწითლდები ხოლმე და ჩემს თავს ვეუბნები, გაია, ახლა მაინც არ გაწითლდე-მეთქი. სუფთა გულის და გულწრფელი ადამიანი ბრძანდებითო, - მეუბნებიან და მიხარია, ჩემში ამას რომ ხედავენ.

GzaPress

- როცა შეფები კერძთან დაკავშირებით შენიშვნებს გაძლევდნენ, ეს ხომ არ გაკომპლექსებდათ?

- არა, ჩემი მინუსი ის იყო, რომ ვნერვიულობდი და შიშისგან ბევრი რამ მავიწყდებოდა. თუმცა, რაც უნდა გეშინოდეს და შენიშვნას გაძლევდნენ, შეფებისგან ადამიანურ სითბოს მაინც გრძნობ, თავისებურად გეხმარებიან. ჩემთვის მათი შენიშვნაც მისაღები იყო და ვითვალისწინებდი კიდეც, რადგან უნიჭიერესი ხალხია. გონებას გინათებენ, სინათლის კარს გიღებენ და შენ წინ მთელი პლანეტა იშლება. ჩვენ რომ წარმოდგენა არ გვაქვს, შეფებს ის უკვე ნაფიქრი აქვთ.

საერთოდ, ყოველთვის მზად ვარ სიახლეების მისაღებად, რადგან ეს ჩემი ხელობაა, ამით ვცხოვრობ და რაც უფრო განვვითარდები, ჩემთვის უკეთესი იქნება. დიდი სიამოვნებით გავივლიდი კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს, თანამედროვე ტექნოლოგიებს შევისწავლიდი.

- კონკურსანტებთან თუ დამეგობრდით?

- აბა, რა! უმაგრესი ადამიანები არიან, ნიჭიერი კულინარები. ყველა მიყვარს, ვეფერები, ზოგს ვკოცნი, ზოგს ლოყაზე ვჩქმეტ და მეც მათი სითბოთი და სიყვარულით, მათი ყურადღებით ვარ გარშემორტყმული. საერთოდ, ხალხთან ურთიერთობა მიყვარს. "ერთი ყველასთვის და ყველა ერთისათვის" - ესაა ჩემი დევიზი. შეფებთანაც და კონკურსანტებთანაც პროექტის შემდეგაც გავაგრძელებ მეგობრობას, სოციალურ ქსელში ჩვენი ჯგუფიც გვაქვს.

- ქართული და სომხური კულინარიიდან რომელი კერძი მოგწონთ და საერთოდ, რა მიმართულებაა თქვენთვის უფრო საინტერესო?

- არ შემიძლია ვთქვა საჭმელზე, რაღაც არ მომწონს-მეთქი, იმდენად მიყვარს ყველაფერი. მომწონს ქართული სამზარეულოც, სომხურიც და სხვა ქვეყნებისაც, სახლის "უბრალო საჭმელებიც" კი. როგორც პროექტში გავიგე, ზოგჯერ, რაც უფრო ნაკლები კომპონენტია კერძში, მით უფრო გემრიელი გამოდის. ხორცის მომზადებაც მიყვარს და ცომისაც. როცა რესტორანში მენიუს ვადგენ, ახალ კერძზე შეიძლება, მთელი კვირაც ვიფიქრო. რამდენჯერმე რომ დავტესტავ, საუკეთესო ვარიანტი უნდა დავტოვო. უცებ, სწრაფ ტემპში მოფიქრება კი ცოტა რთულია და ვგრძნობ, რომ ამ დროს ვნერვიულობ. თორემ, რასაც სტუმრები მიკვეთდნენ, ყველა კერძს თავისუფლად ვამზადებ და არ მახსოვს, ვინმეს ეთქვას, არ მომეწონაო.

GzaPress

- კულინარია პროფესიულ დონეზე როდის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?

- როცა 25 წლის ვიყავი, ოჯახი დამენგრა და მარტო დარჩენილს, ორი შვილისთვის უნდა მიმეხედა. პატარები იყვნენ და ბევრი რამ სჭირდებოდათ. ჩემი დაქალი შარდენზე მუშაობდა და მითხრა, - გაია, კარგი ხელი გაქვს და წამოდი, ჩვენთან იმუშავეო. თუმცა მანამდე, ერთ-ერთ ავსტრიულ რესტორანში ვიმუშავე, სახლში კი მიყვარდა კერძების მომზადება, მაგრამ ბევრი რამ სწორედ იქ ვისწავლე. ბებიაც, დედაც, ჩემი დაც ძალიან გემრიელად ამზადებდნენ და საჭმლის კულტი მქონდა.

წლების განმავლობაში უამრავ ადგილას ვიმუშავე, თან - სულ კარგ რესტორნებში. ერთხანს ბელორუსშიც ვიყავი. საერთოდ, ერთგული ადამიანი ვარ. დღეს ვინც არის ჩემი უფროსი, ძალიან კარგი გოგონა, წლების წინ გავიცანი და ამდენი ხანია, სულ ერთად მოვდივართ. ბევრი რესტორანი ჰქონდა და სად აღარ ვიმუშავეთ, ყველანაირი მიმართულებით, თბილისში, სეზონზე - ზღვისპირეთში, ბაკურიანში და ა.შ. ავად რომ გავხდი, იმის შემდეგ სეზონებით მუშაობა დავიწყე. ყველაფერი სიყვარულით უნდა იყოს მომზადებული, ადამიანს ჯერ თვალით უნდა მოეწონოს და მერე - გემოთი. მე და ნინო უკვე ისე ვართ ერთმანეთთან, რომ თვალებით ვხვდებით ყველაფერს, ზოგჯერ სიტყვის თქმაც არ გვჭირდება. ის ჩემი მონათესავე სულია...

თანამშრომლებიც პატივისცემით ვართ ერთმანეთთან. როცა სახუმაროა, ვხუმრობთ კიდეც. მთავარია, მუშაობის დროს არ ვილაპარაკოთ, რომ კერძს სიყვარული არ მოვაკლოთ. თუ კერძში სიყვარული არ ჩადე, არაფერი გამოვა. თუ ცოტა გაბრაზებული ვარ, ცომსაც ვერ ვკიდებ ხელს, ეგრევე ეტყობა. მზარეულები ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ თუ სიყვარულია და დაწყნარებული ხარ, თვალებს ხუჭავ, სასიამოვნო რამეზე ფიქრს იწყებ, უკვე ყველაფერი კარგადაა და კერძიც საოცარი გამოდის! ჯობია, ხუთი წუთი მოიცადო და დამშვიდებულმა გააკეთო... როცა ჩემი მომზადებული კერძი მოსწონთ და მადლობას მეუბნებიან, ეს ძალიან მიხარია!

კერძს რომ ვაკეთებ, ვეფერები, გულში ვლოცულობ ხოლმე, ხვავი, ბარაქა იყოს, ყველა კარგად იყოს, ბავშვები ჯანმრთელები იყვნენ, გემრიელად შეერგოს ვინც შეჭამს, სიცოცხლე და სიყვარული ჰქონოდეს-მეთქი.

ბურგერის რეცეპტი

პურისთვის საჭირო მასალა: ფქვილი 900 გ, წყალი 240 მლ, რძე 240 მლ, შაქარი 4 ს.კ., მარილი 2 ჩ.კ., კარაქი ან მარგარინი 80 გ, საფუარი 15 გ, 2 კვერცხი.

მომზადების წესი: ამ ულუფით რამდენიმე პური გამოდის. რძეს დავუმატოთ წყალი და ცოტა გავაცხელოთ (ოდნავ რომ "იკბინებოდეს", ისე), დავუმატოთ შაქარი და მარილი. ცალკე ავიღოთ 1-2 ს.კ. ფქვილი, ცოტა წყალი, წებოვანი მასა გავაკეთოთ და იმ თბილ წყალსა და რძეში კარგად შევურიოთ, ცოტა ხანს გავაჩეროთ. ამას დავუმატოთ საფუარი, მაგრამ არ ავურიოთ, თავზე დავახუროთ და 15-20 წუთი გავაჩეროთ თბილ ადგილზე. ბუშტებს რომ გაიკეთებს, დავამატოთ კვერცხი და ხელით ავურიოთ (მიქსერით არა). შევაზილოთ დარბილებული კარაქი (ინგრედიენტები ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს). 900 გ ფქვილი უნდა იყოს გაცრილი, მასში დავამატოთ 2 კოვზი შაქარი და ცოტა მარილი. ამას იმ პირველ მასაში შევურევ და ხელით ან ცომის სატრიალებელი მიქსერით კარგად ავურევთ. თუ ცომი ცოტა წებოვანი მოგეჩვენებათ, არ ინერვიულოთ, ცოტა ზეთი დავამატოთ ან ზეთიანი ხელით ავაგუნდაოთ. თავზე დავაფაროთ და დავტოვოთ თბილ ადგილას, რომ აფუვდეს. ერთხელ რომ აფუვდება, გადავზელთ და გავაჩერებთ. ასე გავიმეოროთ 2-3-ჯერ. კარგი იქნება, თუ რამდენიმე საათს გავაჩერებთ.

თითო გუნდა 130 გრამი უნდა იყოს. დაფაზე წავუსვათ ცოტა ზეთი და ახლა იქაც გადავზილოთ, დავაგუნდაოთ სათითაოდ და საკვების ცელოფანი გადავაფაროთ. როცა აფუვდება, ისევ დავაგუნდაოთ, 2-3-ჯერ, ფორმის შესანარჩუნებლად. ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული, სეზამი დავაყაროთ ან რომელიმე ბასრი ხელსაწყოთი ლამაზი ფორმები ამოვკვეთოთ. ზემოდან ფქვილი მოვაყაროთ და ღუმელში 160-180 გრადუსზე გამოვაცხოთ, 15-20 წუთით. როცა ზედაპირი კარგად შეწითლდება, ეგრევე არ გამოიღოთ, რათა არ ჩავარდეს - გამორთეთ, ღუმლის კარი ოდნავ შეაღეთ და ცოტა ხანს ასე დატოვეთ.

ხორცის მომზადების წესი: ავიღოთ საქონლის რბილი ხორცი ან სუკის გვერდები. წესით, უნდა დავკეპოთ, მაგრამ თუ არ მოგიხერხდებათ, ხორცსაკეპ მანქანაში მსხვილ ნასვრეტებიან "დანაში" გავატაროთ. დავუმატოთ ცოტა ვოჩესტერის სოუსი, ცოტა კეტჩუპი, შავი პილპილი და მარილი. ხორცი დავყოთ 150 გრამებად, მივცეთ ფორმა და ცოტა ხნით მაცივარში შევდოთ (საყინულეში არა). რამდენიმე საათით დავტოვოთ, ინგრედიენტები უფრო კარგად გაუჯდება ერთმანეთს.

რაც შეეხება ბეკონს, თხლად, ლამაზად დავჭრათ და ისე შევწვათ, რომ ხრაშუნა და გემრიელი გამოვიდეს. დავამატოთ ის ხორცი და ერთად ძალიან კარგი გემო გამოდის, შებოლილივით, ნატურალური.

ცალკე წითელი ხახვი თხლად დავჭრათ (ჯერ ცხელ წყალში მოვათავსოთ, რომ სიმწარე გაუვიდეს, მერე - ცივში, ყინულშიც კი, 2-3 წუთით). დავამატოთ ცოტა ზეთი და ბალზამიკოს სოუსი, კარგად ავურიოთ.

ვამატებთ ძალიან წვრილად დაჭრილ პომიდვრისა და მჟავე კიტრის მწნილს. ამ ნაზავის შემდეგ, ბურგერში მოვათავსოთ შემწვარი ხორცი და აისბერგი. მერე, ყველის სოუსი: ერთი ვარიანტია, ჩედერი; მეორე ვარიანტია, ცოტა ნაღები, გაუდა და ჩედერი. ცოტა მოცარელაც თუ გაქვთ, დაამატეთ.

მაიონეზიც თქვენით მოამზადეთ: ერთი კვერცხი, 150 გ ზეთი, ჩაასხით ბლენდერის ჭიქაში და ათქვიფეთ (ზოგი ამბობს აგვეჭრაო, ეს იმის ბრალია, რომ ერთი ტემპერატურის არ იყო). ზეთში მწიკვი მარილი და ცოტა შაქარი დაამატეთ, ლიმონის წვენი ან ძმარი, რამდენიმე წვეთი დიჟონის მდოგვი. მე ამ მაიონეზში არაჟანსაც ვამატებ, კარგად გაწურულს, კეტჩუპს, პლუს მარცვლიან მდოგვსაც, ფრანგულს. თუ გიყვართ, ნიორიც დაამატეთ. მოკლედ, ამ ყველაფერს ააწყობთ, როგორც წესია და ძალიან გემრიელი გამოდის. ცალკე შეწვავთ ფრის, მე ხახვის ჩიფსებსაც ვაკეთებ, ოღონდ აუცილებლად ახალ ზეთში უნდა შეწვათ.

თამთა დადეშელი