რატომ უმალავდა ანა იმედაშვილი ბავშვის დაბადებას უფროს ვაჟს? - გზაპრესი

რატომ უმალავდა ანა იმედაშვილი ბავშვის დაბადებას უფროს ვაჟს?

ტელეწამყვან ანა იმედაშვილს მეორე შვილი - დანიელი შეეძინა. დანიელი ანა და დავით იმედაშვილებისთვის მეორე საერთო შვილია. ოჯახის ახალ წევრთან ერთად, შინ დაბრუნებული ბედნიერი დედა ხალისიანად გვესაუბრა.

- შინ დღეს დავბრუნდით. თავს ძალიან კარგად, ბედნიერად ვგრძნობთ.

- პატარას სახელი ვინ შეურჩია?

- ძმამ დაარქვა. თავდაპირველად, ცოტათი გამიკვირდა, როცა პეტრემ (ჩემა უფროსმა შვილმა) გადაწყვიტა, რომ დანიელი დაერქმია. ვეუბნებოდი, - იქნებ, რამე სხვა მოვიფიქროთ-მეთქი? - არა, არაო! - მპასუხობდა. თან, მთელი 9 თვე ამ სახელს გვაჩვევდა. მეკითხებოდა: - აბა, დედა, მუცელში ვინ გიზისო? პროტესტის გრძნობა მქონდა და ვპასუხობდი: - ბავშვი-მეთქი. - არა, რომელი ბავშვი, რა ჰქვია? დანიელიო (იცინის)... მერე მივხვდი, ძალიან მაგრად მოიქცა. მაგალითად, პეტრეს სახელზეც ბევრს ვფიქრობდით - რთული იყო არჩევანის გაკეთება... ახლა უკვე თავად პეტრემ გადაგვიწყვიტა, მისი ძმისთვის რა დაგვერქვა - ეს ძალიან მარტივი, კარგი გამოსავალი იყო (იღიმის).

- სწორედ ეს სახელი რატომ შეურჩია?

- უნდოდა, დაიკო ჰყოლოდა. როცა შეიტყო, ძმა ეყოლებოდა, თითქოს ცოტათი ეწყინა, მაგრამ მერე თქვა: - არა, დედა, ბიჭი ძალიან კარგია, ჩემსავით გავზრდიო. მერე სახელზე ფიქრი დავიწყეთ. პეტრეს დაიკოც აქ იყო, უფროსი ძმაც... სახელის რამდენიმე ვერსია გაჟღერდა, ერთ-ერთი - დანიელი იყო. პეტრეს ძალიან მოეწონა. მას შემდეგ ეს სახელი აიკვიატა და ახლა მართლაც დანიელი გვყავს.

GzaPress

- მეორე შვილის გაჩენის მერე, განსხვავებული ემოციები დაგეუფლათ?

- ყველაფერი ძალიან განსხვავებული იყო: ისე მოხდა, რომ გავიგე თუ არა, რომ დანიელზე ფეხმძიმედ ვიყავი, კარანტინი გამოცხადდა. ჩაკეტილ სივრცეში ვიყავი. რაღაცნაირად, ეს დამთრგუნველი იყო, თუმცა - ჩემთვის სასიხარულოც. სულ ვამბობ: მიუხედავად იმისა, რომ ცუდი წელია, დანიელის გამო, ჩვენთვის სახარბიელო, კარგი წელი აღმოჩნდა-მეთქი... პეტრეზე ორსულობისას ყველაფრით მონუსხული, შოკირებული ვიყავი, ყოველი წუთი და წამი მიხაროდა. მაშინ, ფეხმძიმობის ბოლო თვეებში ყველა მეუბნებოდა, - ალბათ, დაიღალე და ერთი სული გაქვს, ბავშვი გააჩინოო, მე კი სულ ვპასუხობდი, - არა, ეს სიტუაცია ისე მომწონს, რომ ჯერ გაჩენა არ მინდა, მენანება-მეთქი. მომწონდა, რომ პეტრე სულ ჩემთან ერთად იყო, მუცელში. მართლა არაფერი მაწუხებდა. თან, მაშინ უფრო პატარა ასაკის ვიყავი. ვვარჯიშობდი კიდეც. ძალიან აქტიური გახლდით... მოკლედ, ჩიტივით ვიყავი! მიკვირდა, როცა მეკითხებოდნენ, - არ იღლებიო?.. ახლა უფრო დიდი ასაკისაც ვარ, თან - ემოციური ფონი არახელსაყრელი იყო. პლუს, თავდაპირველად ვვარჯიშობდი, მაგრამ მერე დამეზარა... ბოლო თვეში ერთი სული მქონდა, ბავშვი როდის გაჩნდებოდა. ყოველ დილით იმ იმედით ვიღვიძებდი - ნეტავ, დანიელს როდის შევხვდები, გავიცნობ-მეთქი... პეტრეს გაჩენისას საკეისრო კვეთა დამჭირდა. 38 კვირის იყო, რომ გაჩნდა, 4,100 კგ. დანიელი ფიზიოლოგიურად გავაჩინე, რაც საერთოდ სხვანაირი, საინტერესო გამოცდილება გახლდათ. ესეც დიდი ზომის 4,050 კგ. გაჩნდა (მეორმოცე კვირას). ბოლო თვეში, უკვე ყოველკვირა ექიმთან მივდიოდი და ვფიქრობდი, - ნეტავ, ახლა სამშობიაროდ დამტოვონ-მეთქი. პეტრეც ძალიან ელოდებოდა. ჭკუას მარიგებდა, - დედა, ახლა რომ წახვალ, იცოდე, გააჩინეო (იცინის). დანიელის დაბადება მართლა უცნაურად მოხდა: 11 ნოემბერს იმედიანად ვიყავი, რომ ექიმი სამშობიაროში დამტოვებდა, მაგრამ უკან გამომაბრუნა - 5 დღეში მოდიო. სახლში რომ დავბრუნდი, პეტრემ მკითხა, - დედა, არ გააჩინეო (იცინის)? - არა, ორშაბათს უნდა მივიდე-მეთქი, - ვუპასუხე. - იქნებ, ღამე გააჩინოო? - მითხრა... პირველი და მეორე შვილის დაბადებასთან დაკავშირებული ემოციები ერთმანეთს არ შეედრება, მაგრამ პეტრეზე ორსულობისას არაფერი მაწუხებდა. რაც მაწუხებდა, ისიც კი მომწონდა - აჟიტირებული ვიყავი. დანიელზე ორსულობისას შიშის გრძნობა არ გამჩენია, პეტრეს დაბადების მოლოდინისას კი მეშინოდა: ვფიქრობდი, როგორ გამეზარდა. ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება არ მქონდა. სამაგიეროდ, ძალიან იოლად გასაზრდელი, უპრობლემო ბავშვი გახლდათ... დანიელთან დაკავშირებით უფრო ყოჩაღად ვარ - ფეხმძიმობისას ტვინში უკვე ყველაფერი დალაგებული მქონდა, რა, როგორ იქნებოდა... ძმები გარეგნულად ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ვხუმრობ, რომ 7-წლიანი სხვაობით, ტყუპი გავაჩინე-მეთქი (იცინის). გარეგნული მსგავსების მიუხედავად, ეტყობათ, რომ განსხვავებული ტემპერამენტი აქვთ: პეტრეს ყველაფერი ეჩქარება - ძუძუს წოვის მანერაც კი ასეთი ჰქონდა... მგონი, დანიელი ცოტათი უფრო დინჯია.

- თქვენს მეუღლეს როგორი ემოციები აქვს?

- "კოვიდ 19"-ის გამო, პალატაში ჩვენთან ვერ მოდიოდა. პეტრესაც ერთი სული ჰქონდა, დანიელს როდის გაიცნობდა. პატარა მხოლოდ ერთხელ ნახეს მინის მიღმა... რეალურად, დღეს პირველი დღეა, როცა დანიელი პირისპირ ნახეს. გაცნობის დღე გვაქვს: დანიელს ვუყვები - დე, ეს არის მამა, ეს - შენი ძამიკო, რომლის შესახებაც ამდენ ხანს გიყვებოდი-მეთქი. დანიელის დაბადებას პეტრე ძალიან ემოციურად შეხვდა. ბევრი იტირა, ბედნიერი იყო... მგონი, დათო ცოტათი შოკშია - უცბად 4 შვილის მამა გახდა (იღიმის).

- პანდემიის გამო, მშობიარობისას მეუღლე თქვენ გვერდით არ იყო?

- მშობიარობაზე დასწრება შეეძლო, მაგრამ ეს არ მინდოდა... რეგულაციების გამო, პალატაში ჩვენი მონახულება არ შეეძლო - წესები გამკაცრებულია, რაც ბუნებრივია: ჩვილ ბავშვთან უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო... თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით, ვიდეოზარით კომუნიკაცია გვქონდა ხოლმე.

- რთული არ იყო, რომ მეუღლეს და შვილს თქვენი მონახულების საშუალება არ ჰქონდათ?

- არა, რადგან კომუნიკაცია მაინც გვქონდა. ერთადერთი, პეტრე სიგიჟემდე მენატრებოდა. სულ მასზე მეფიქრებოდა. სამშობიაროდაც რომ შევდიოდი, სულ მასზე ვფიქრობდი. ის ძალიან ემოციურია... ახალი ამბავი დილით არ ვუთხარით: ონლაინგაკვეთილები ჰქონდა და არ მინდოდა, ენერვიულა, აღელვებულიყო. ეგონა, რომ მეძინა - ჩემს ოთახში არ უშვებდნენ. გაკვეთილები რომ დაასრულა, მერე უთხრეს, რომ მისი ძმა დაიბადა. მამამისმა მისი ემოციების ამსახველი ვიდეო გამომიგზავნა: ვნახე, პეტრე როგორი აღელვებული, სიგიჟემდე მისული იყო... ბევრი ვიტირე, რომ ვნახე... დღეს ყველამ ერთად მომაკითხა. პეტრემ ბევრი იტირა, ბედნიერი იყო. ძალიან უხარია, რომ უფროსი ძმა გახდა. სულ მადლობას მიხდის, - დედა, მადლობა, რომ დანიელი გამიჩინეო.

GzaPress

- ძმასთან დაკავშირებით უკვე გეგმები ხომ არ აქვს, რომ მაგალითად, რამეს ასწავლის?

- კი, კი. სულ ამას ამბობს. დღეს დავალებად რაღაც ჰქონდა წასაკითხი. დამირეკა - ერთი თავი წასაკითხად შემოვინახე, რადგან დანიელს უნდა წავუკითხოო (იცინის)... კი, რაღაცებს გეგმავს, ამას და ამას ვასწავლიო... ასევე, გეგმავს, რომ კიდევ 7 წელიწადში და გავუჩინო (იცინის).

- პირველი შვილის გაჩენისას ამბობდით, რომ მას ძიძის დახმარების გარეშე გაზრდიდით. ახლა რას აპირებთ?

- რეალურად, ძიძა არ გვყოლია. პეტრე 8 თვის იყო, როცა სახლის საქმეებში დამხმარე ავიყვანეთ (იმ პერიოდში, საცხოვრებლად უფრო დიდ სახლში გადმოვედით). მგონი, ფუფუნებაა, როცა საშუალება გაქვს, შვილი თავად გაზარდო. პეტრე წლის და 2 თვის იყო, როცა სამსახურში გავედი. 3 თვის განმავლობაში, პეტრე "ჩემებს" დავუტოვე, მერე კი საბავშვო ბაღში შევიყვანე. რეალურად, ძიძის დახმარება არ დაგვჭირდა. ეჭვი მაქვს, ახლაც არ დაგვჭირდება. თან, პეტრეც უკვე დიდი ბიჭია, გამოცდილებაც მეტი მაქვს. იმედია, დანიელიც არ იქნება რთული ბაია (იღიმის). მიმაჩნია, რომ ძიძა არის ადამიანი, რომელიც ბავშვის მოვლაში დამატებით გეხმარება, ბავშვებს კი მაინც მშობლებთან კომუნიკაცია უნდათ, ისევე, როგორც მშობლებს - შვილებთან.

- მშვენივრად გამოიყურებით. ორსულობისას წონაში არ მოიმატეთ?

- პეტრეზე ორსულობისას და ახლაც, წონაში ზუსტად 16 კილო მოვიმატე. ეს ძალიან ცოტაც არაა, თუმცა ამბობენ, - ნორმალურიაო. იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ბავშვები დაიბადნენ, ალბათ მაინც ნორმალურია. მახსოვს, პეტრეს გაჩენისას სამშობიაროში ზუსტად 10 კილო "დავტოვე". ფორმაში მალევე ჩავდექი, რასაც იმას ვაბრალებდი, რომ ორსულობის დროსაც ძალიან აქტიური ვიყავი: ვვარჯიშობდი, მერეც ენერგიულად ვიყავი... ახლა ჯერ არ ავწონილვარ - არ ვიცი, რამდენი კილო დავიკელი, მაგრამ რა თქმა უნდა, სამუშაო ბევრია (იღიმის). იმედია, ფორმაში მალე ჩავდგები, ზედმეტ კილოგრამებს ადვილად მოვერევი. ვცდილობ, ამაზე არ ვინერვიულო. მიხარია, რომ ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე, რადგან ეს საშუალებას მომცემს, ვარჯიში მალევე დავიწყო. ხომ იცით, საკეისროს მერე, 6 თვე ვარჯიში არ შეიძლება...

ეთო ყორღანაშვილი