გივი პაპავას განცდები, მონატრება და "აფეთქებები" - გზაპრესი

გივი პაპავას განცდები, მონატრება და "აფეთქებები"

"ზუსტად ვიცი, მომავალში მრავალშვილიანი მამა ვიქნები", - ამბობს იუმორისტი გივი პაპავა. როგორ იხსენებს შვილთან შეხვედრის პირველ წამებს, როგორი იყო მისი ემოცია, რა ესმის ხოლმე საკუთარ თავზე, რა დროს "ფეთქდება", როგორი ადამიანები აკვირვებენ, რას ნანობს და რას გააკეთებდა, ძალიან ბევრი ფული რომ ჰქონდეს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1994 წლის 3 დეკემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ტელევიზორის ყურება მიყვარდა. მაინტერესებდა, რა ხდებოდა ეკრანს მიღმა, როგორ კეთდებოდა ის ყველაფერი, რასაც ვუყურებდი. პროფესიით მსახიობი არ ვარ, ტურიზმის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. მსახიობობა ყველაზე საინტერესო პროფესია მგონია, მრავალფეროვანი ცხოვრება შეიძლება გქონდეს.

- ჩემზე ამბობენ...

- ...დაბალიაო, რასაც ყურადღებას არ ვაქცევ, თუმცა მაინც ვთვლი, რომ არაკორექტულია. ახლობლები პიროვნული თვისებებიდან ჩემს უჟმურ ხასიათზე მიანიშნებენ. არადა, ეს "უჟმურობა" ძალიან არ მსიამოვნებს. ასეთი მხოლოდ მაშინ შეიძლება ვიყო, როცა ძალიან, ძალიან, ძალიან დაღლილი ვარ. ეს თვეში ერთხელ ან ორჯერ ხდება.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ისეთ ქვეყანაში დავიბადებოდი, სადაც ადამიანებს მეტი პერსპექტივა აქვთ. ვაცნობიერებ, ეს წინადადება ცოტათი არაპოპულისტურია, მაგრამ მგონია, ასე ბევრი ფიქრობს, უბრალოდ, არ ამბობენ. ჩემი სამშობლო არავისზე ნაკლებად არ მიყვარს.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...სკოლის წლებში იყო, როცა ხონის თეატრში მივედი, იქ რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი "ჰელადოსს" დგამდა, კასტინგი გავიარე და ხონის თეატრის დასში მოვხვდი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ბებიას და ბაბუას, ისინი მაქსიმალურად მეხმარებოდნენ, მათ შორის ფინანსურადაც. ხელს მიწყობდნენ, მევლო რეპეტიციებზე, არ მზღუდავდნენ და ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, არასდროს უთქვამთ: იუმორი რად გინდა? რა უნდა მოგიტანოს? რაში უნდა გამოგადგესო? იგივე მხარდაჭერა მქონდა მშობლებისგან, მაგრამ მათ უნდოდათ უფრო "სერიოზული" პროფესია ამერჩია.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს მეუღლე და შვილი. გაბრიელი იმ ასაკშია, უკვე ლაპარაკს სწავლობს, ყოველ წუთს გვახარებს და გვაბედნიერებს. მასთან გატარებული ყოველი დღე სხვადასხვანაირია. სამსახურში დიდ დროს ვატარებ, მაგრამ ვცდილობ დაველაპარაკო, ხმა გავაგონო. შაბათ-კვირას მე ვუვლი, ვუცვლი, ვაჭმევ, ვათამაშებ...

- ჩვენი პირველი შეხვედრა...

- ...ეს ემოციების ზღვა ყველა ადამიანმა უნდა განიცადოს. ადრე ექიმის და ნემსის გაკეთების მეშინოდა, მაგრამ მშობიარობას დავესწარი. სულ მეგონა, ვერ გავუძლებდი, მაგრამ ბოლომდე მეუღლის გვერდით ვიყავი. ის განცდები დღემდე მომყვება და ახლაც ტანში მაჟრიალებს. მეგონა, მეც მაშინ ვიბადებოდი. ყველა მომავალ მამას ვურჩევ, დაესწრონ შვილების დაბადებას და ეს საოცარი წუთები არ გამოტოვონ, თავს თუ აარიდებენ, ბევრ რამეს დაკარგავენ.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...მრავალფეროვანი ცხოვრება მქონდეს. არ ვიყო მხოლოდ სამსახურზე დამოკიდებული. სულ მინდა, ბევრი საქმე ვაკეთო, თან ჩემთვის საინტერესო იყოს.

GzaPress

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...შემიძლია, სირთულეებს მარტივად შევხედო და არანაირი ბარიერისგან ტრაგედია არ შევქმნა. ცხოვრება ასეთია, სულ კარგი ამბები არ მოხდება, სირთულეებიც თან ახლავს, რომელსაც მარტივად უნდა მივუდგეთ. ეს მიდგომა ბევრ რამეში მეხმარება.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ფეთქებადი ვარ, ფიცხი ხასიათი მაქვს.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვნანობ, თუმცა მძიმე და მიუტევებელი შეცდომები არ მაქვს დაშვებული.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ბევრი რამ; იმ შეცდომებზეც აუცილებლად ვისწავლი, მომავალში რომ დავუშვებ.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...იმ ადამიანს ერთხელ აქვს ის შეცდომა დაშვებული და სინანულს განიცდის.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ვხედავ ძალიან დიდ წარმატებას. მე მიყვარს თავდაუზოგავი შრომა, ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ზუსტად ვიცი, მომავალში მრავალშვილიანი მამა ვიქნები.

- ვიბნევი...

- ...არ ვიბნევი.

- ვნანობ...

- ...რომ ტურიზმის ფაკულტეტზე ჩავაბარე. დღეს რომ გადაწყვეტილებას ვიღებდე, აუცილებლად თეატრალურ უნივერსიტეტს ავირჩევდი და სამსახიობოზე ჩავაბარებდი.

- საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ, როცა...

- ...ვინმე უცნობი ადამიანი მეკითხება, ხელფასი რამდენი გაქვს? ამ შეკითხვას ყოველდღე მისვამენ. ძალიან უხერხულია, როგორ შეიძლება, ეს შეკითხვა უცხო ადამიანს დაუსვა. არ მიყვარს, როცა სუფრასთან ვიღაც ირონიულად დაუსრულებლად ლაპარაკობს, არ ჩერდება, ბილწსიტყვაობს. არ მიყვარს, როცა პატარა ბიჭები იკრიბებიან ე.წ. ბირჟაზე და ვითომ "ტიპობენ". ერთხელ უბანში მქონდა შემთხვევა, ჩემზე თქვეს, დავითრიოთ და ვაღადაოთო, მაშინ მართლა "ავფეთქდი".

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ოჯახთან ერთად, სადმე ტყეში, ხის მორებისგან აშენებულ ქოხში ვცხოვრობდე, გარეთ თოვდეს და შინ ბუხარი მენთოს. ძველით ახალ წლამდე იქ დავრჩებოდი.

- მეზარება...

- ...დილით ადრე ადგომა.

- სიყვარული ეს...

- ...მთავარი განცდაა, ყველაზე საინტერესოა. მე და ჩემი მეუღლე სულ ვცდილობთ, ერთმანეთს დღეები გავუხალისოთ, გავუფერადოთ. სიყვარული ნდობა, პატივისცემა და მზრუნველობაა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...პატარა ვიყავი, ვერ გამოვხატე, ვერც ვუთხარი. ცეკვაზე დავდიოდი, იმ გოგომ რადგან ჩემთან იცეკვა, შემიყვარდა (იცინის), მეგონა, მასაც ვუყვარდი.

- მაკვირვებენ...

- ...ადამიანები, რომლებიც ამბობენ, კორონა არ არსებობსო. მგონია, ყველაზე დიდ პრობლემებს ასეთი ადამიანები ქმნიან. მთელი მსოფლიო ცუდ დღეშია და ვიღაც გამოხტება, პირბადის გაკეთება არ მინდაო.

- ვრისკავ...

- ...ყოველთვის, მაგრამ დაუფიქრებელ რისკებზე არ მივდივარ. იმ ემოციებს და ღელვას, რომელიც რისკებს თან ახლავს, თავისებური ხიბლი და მუღამი აქვს.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ის არის, რომ სიმაღლის მეშინია. ვერ ვჯდები "ეშმაკის ბორბალზე" და მსგავსი სიმაღლის ატრაქციონებზე. მწერების, ჭიანჭველის, ტარაკნის მეშინია და გველი მიყვარს. გველი ერთ-ერთი საყვარელი არსებაა, ყოველთვის მისტიკური თვალები აქვს, თითქოს გელაპარაკება, ლამაზია, მრავალფეროვანია. მე-7 კლასში რომ ვიყავი, გველმა მიკბინა, მაგრამ მასზე არც კი გავბრაზებულვარ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...არ მიყვარს, მაგრამ გულის სიღრმეში მიხარია.

GzaPress

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...უყურადღებობის გამო. ზოგჯერ ხდება, სადღაც სუფრასთან ვზივარ და ვიცი, მეორე დღეს ჩაწერა მაქვს, ფიზიკურად იქ კი ვარ, მაგრამ იმ როლზე ვფიქრობ, შეიძლება გიყურებდე და არ მესმოდეს, რას მეუბნებოდე, ამ დროს სხვა სამყაროში ვარ. ხშირად მსაყვედურობენ, ტელეფონს რატომ არ პასუხობო? როცა ლაპარაკი მეზარება, ყველას მესიჯს ვწერ, ახლობლები ამას უკვე მიეჩვივნენ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ვარცხნილობას, ცოტათი ხშირი თმა მექნებოდა, სიმელოტისკენ მიდრეკილი ვარ. პლასტიკური ოპერაციები რომ გავიკეთო, ზუსტად ვიცი, სამსახურს დავკარგავ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...როგორ დავიძინო და გავიღვიძო საჭირო დროს. წლებია, ღამის 3 ან 4 საათზე ვწვები და 8 საათზე ვდგები. ეს გრაფიკი ვერ იქნა და ვერ დავალაგე, მაგრამ სამსახური არის ხელშეუხებელი. ყველაფერი შემიძლია გადავდო, გავატარო, როცა საქმე სამსახურს ეხება. ამ მხრივ დისციპლინით გამოვირჩევი.

- ვიტყუები, როცა...

- ...ვიცი, კეთილ ტყუილს ვამბობ.

- როცა მარტო ვარ...

- ...მუსიკას ვუსმენ, ფილმებს ვუყურებ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...რადგან ხალხმრავლობები დიდად არ მიყვარს, ქალაქგარეთ საოცნებო სახლს ავიშენებდი, მექნებოდა ბიზნესი; ხონში იმ ადგილზე, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ეკლესიას ავაშენებდი. სხვათა შორის, ეს სურვილი ბავშვობიდან მაქვს. ადამიანებს დავეხმარებოდი.

- ყველაზე მეტად მენატრება...

- ...ბავშვობა, ის განცდები, თამაშები, რომლებსაც ბავშვობის მეგობრები დღეს დიდი სიყვარულით ვიხსენებთ.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვეხმიანები მეგობრებს, ვიკრიბებით, მათთან ვამბობ, რა მაწუხებს, მერე სხვა იტყვის, რა აწუხებს და დარდებს ასე ერთმანეთის გვერდით დგომით და ემოციების გაზიარებით ვშველით. ასეთ დროს ჩაკეტილობა არ მჩვევია, არც შემიძლია. ზოგჯერ შოპინგიც მშველის. შესაძლოა, მხოლოდ ერთი პერანგი შევიძინო, მაგრამ ეგეც კი მაბედნიერებს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ხონის თეატრში ყოფნისას პეტრე ჩარგეიშვილმა გვითხრა: არასდროს ეკამათოთ იმ ადამიანს, რომელსაც ჩამოყალიბებული აზრი არ გააჩნიაო. ის ხშირად გვიმეორებდა: მწიფე თავთავი ყოველთვის დავდახრილიაო. ეს სიტყვები არასდროს დამავიწყდება, ჩემი ცხოვრების დევიზად იქცა, ყოველდღე მახსენდება.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მადლობა, რომ დაინტერესდით და ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. გპირდებით, მხიარული განწყობა რომ შეგიქმნათ, ახლო მომავალში, უფრო საინტერესო პერსონაჟებს შემოგთავაზებთ. ჯერ ცოტათი ადრეა, მაგრამ დამდეგ შობა-ახალ წელსაც მოგილოცავთ. ეს პრობლემური წელი მალე დასრულდება. ყველასთვის ბედნიერების მომტანი წელი დამდგარიყოს!

თამუნა კვინიკაძე