დაჩაგრული ლარი და გამყარებული დოლარი - გზაპრესი

დაჩაგრული ლარი და გამყარებული დოლარი

თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური: მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსი გაზრდილია, ზოგიერთი ტიპის საქონელზე ფასების კლება მიმდინარეობს. მაგალითად, საწვავი გაიაფდაო. ექსპერტები კი ამბობენ, რომ ლარის კურისის დაცემა ამერიკული დოლარის გამყარებამ გამოიწვია... მიმდინარე პროცესებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დოლარი მსოფლიოში ყველაზე მყარი ვალუტაა. ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ცნობილი ადამიანები.

ნანკა კალატოზიშვილი:

GzaPress- ბოლო ერთ თვის განმავლობაში ლარმა "ჩაგვიტარა, რა". შოკში ვარ.

- სხვა დროს ლარის კურსის ასეთი ვარდნა გახსოვს?

- კი, სამწუხაროდ მახსოვს. დღევანდელ ლარის კურსზე საუბრისას კუპონები მახსენდება. საშინელი დრო იყო მაშინ და ღმერთმა არ ქნას, საქართველოში მსგავსი რამ განმეორდეს.

- როგორ ფიქრობ, ლარის კურსის ასეთი ვარდნით ყველაზე მეტად ვინ ზარალდება?

- ჩემი აზრით, პირველ რიგში სახელმწიფო, შემდეგ - მოსახლეობა, რომლის დიდი ნაწილი ისედაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ხომ იცით, ბევრს სამსახურიც არ აქვს. მოკლედ, კრიზისული მდგომარეობა იქმნება.

- და ეს ყველაფერი პანიკის საბაბს გვაძლევს?

- პანიკა უნდა ავტეხოთ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ სერიოზული კატაკლიზმების წინაშე კი ვდგავართ: ლარი დაეცა, მტკვარი შრება. მგონი, მეორედ მოსვლა იწყება.

- ნანკა, კრედიტი თუ გაქვს ბანკიდან აღებული?

- საბედნიეროდ, ბანკის ვალი არ მაქვს და ძალიან მიხარია. ყოველთვის მეკითხებიან, - საჭიროების შემთხვევაში, კრედიტს რატომ არ იღებო? რა ვქნა, არ მიყვარს ვალი.

- ფულის მიმართ ალბათ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვს და კრედიტის გამოტანის ამიტომაც გეშინია, არა?

- იცით, რა, მე რომ ვცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი სტაბილურია, შეიძლება, გარისკო და ბანკიდან სასურველი თანხა გამოიტანო, მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც დასაქმებულმა ადამიანმა შეიძლება, ერთ დღეში ყველაფერი დაკარგოს, რადგან დამსაქმებელი კონტრაქტს როდის დაარღვევს და გაგათავისუფლებს არ იცი, მსგავსი რაღაცის გარისკვა მიუღებელია.

- ხელფასი ლარში გაქვს თუ დოლარში?

- სამწუხაროდ, ლარში მაქვს.

- ანუ ლარის კურსის ვარდნის გამო გარკვეულწილად, შენც ზარალდები, არა?

- რა თქმა უნდა, ვზარალდები.

- როგორ ფიქრობ, ის ყველაფერი, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ, პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს?

- რა თქმა უნდა და ეს ბუნებრივიც არის. ბოლო დროს ინტერნეტში ხშირად ვაწყდები ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში დოლარის გამყარების შესახებ და თავს იმით ვიმშვიდებ, რომ დოლარის შესყიდვა არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც გაძვირდა. იმედია, მალე ყველაფერი დასტაბილურდება.

თეონა ცხომელიძე:

GzaPress- ვერ გეტყვი, ლარის კურსის ასეთი სწრაფი ვარდნა რამ გამოიწვია, რადგან განათლებით არც ფინანსისტი ვარ და არც ამ საქმის ექსპერტი. თუმცა, ვიცი, რომ ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში დოლარი ყველაზე ძვირი 2004 წელს ღირდა - 2.14 ნიშნულზე იყო. ამის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარასკევს ანუ 5 დეკემბერს დაფიქსირდა - 2.07 ლარი. ოღონდ, ასეთი კურსი, რა თქმა უნდა, ვალუტის გადამცვლელ ობიექტებში იყო და არა - ეროვნული ბანკში. ლარის გაუფასურება ყველაზე საგრძნობია იმ ადამიანებისთვის (მათ შორის ჩემთვისაც), ვისაც ბანკიდან სესხი დოლარში აქვს გამოტანილი.

- როგორ ფიქრობ, ახალ წლამდე ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დარეგულირდება?

- როგორც ექსპერტები ამბობენ, ლარის კურსი ახალი წლის შემდეგ დარეგულირდება. თუმცა, ძველ ნიშნულს აღარ დაუბრუნდება. იმასაც ამბობენ, რომ ლარის ახალი წონასწორობა 1.82-1.85 იქნება.

ნინო ორდენიძე:

GzaPress- არ ვიცი, რამდენად კომპეტენტური ვარ ამ საკითხში, მაგრამ გეტყვი, რომ ლარის ასეთი გაუფასურება დოლარის გამყარებამ გამოიწვია. ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის - ევროპულ ქვეყნებშიც, დოლარი ადგილობრივ ვალუტასთან მიმართებაში მყარდება. ეს პროცესი ყველაზე შესამჩნევი რუსეთშია. მსგავსი რაღაცები ხშირად ხდება, რაც სულაც არ არის კარგი ამბავი. ამ ყველაფრიდან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: დოლარი მაინც დოლარია! ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე ეროვნული ვალუტის მდგომარეობა გამოსწორდება.

- ბანკიდან სესხი ხომ არ გაქვს გამოტანილი?

- ჩემდა საბედნიეროდ, არაინარი კრედიტი არ მაქვს, მაგრამ ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი სარგებლობს ბანკის კრედიტებით და მინდა გითხრათ, რომ ცუდ დღეში არიან. ამ ყველაფერს განიცდიან. დოლარის გამყარება კიდევ უფრო მეტად საზიანოა მათთვის, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს. დღეს ეს უკვე მართლაც, დიდი პრობლემაა.

ხატია შამუგია:

GzaPress- ახლახან ჩამოვფრინდი ლონდონიდან და ჯერ საქმის კურსში არ ვარ. თუმცა, როგორც ვხვდები, ჩვენი ეროვნული ვალუტა კარგ დღეში არ უნდა იყოს.

- დიახ, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაეცა.

- ძალიან ცუდია, მაგრამ საერთოდ, წინა საახალწლო დღეებში ლარის კურსი სულ ეცემა ხოლმე. თუმცა, ახლა ზედმეტი მოუვიდათ.

- შენ თუ გაქვს კრედიტი დოლარში?

- საბედნიეროდ, კრედიტი არ მაქვს. იმედი ვიქონიოთ, რომ ლარი დასტაბილურდება.

ნინი წიკლაური:

GzaPress- წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება. დოლართან შეხება ნაკლებად მაქვს და შესაბამისად, არ ვიცი, რა კურსი აქვს ლართან მიმართებაში.

- ანუ დოლარის გაძვირებას შენთვის პრობლემა არ შეუქმნია?

- ჯერჯერობით, არა. თუმცა, სხვების მსგავსად მეც ვფიქრობ, რომ ეს კარგი ნამდვილად არ არის. ლარის კურსის დაცემა ალბათ, საზოგადოების იმ ნაწილს უფრო მეტად შეაწუხებს, ვისაც ბანკის ვალი დოლარში აქვს.

სოფო ჭონიშვილი