კობა ბარათელის მონატრება, ტკივილი და პირველი სიყვარული - გზაპრესი

კობა ბარათელის მონატრება, ტკივილი და პირველი სიყვარული

"გუბაზ სანიკიძის როლში ჩემი თამაში მოულოდნელად გადაწყდა, გრიმიორებმა ჯადოქრობები ჩაიდინეს", - ამბობს იუმორისტი კობა ბარათელი. რას ფიქრობს პოლიტიკოსებზე, როგორ იხსენებს აფხაზეთში გატარებულ წლებს, პირველ სიყვარულს, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე და რას ინატრებდა, ნატვრისთვალი რომ ჰქონდეს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1969 წლის 8 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...კოსმონავტი. მესამე სართულზე ვცხოვრობდით, მერე მეოთხეზე გადავედით, სიმაღლის შემეშინდა და გადავიფიქრე. შემდეგ ძალიან მინდოდა, ნატვრისთვალი მქონოდა, მითხრეს, სადაც იყო, მივედი და აღებული დამხვდა.

- ნატვრისთვალი ახლა რომ მქონდეს..

- ...ყველა ადამიანის ჯანმრთელობას ვინატრებდი. ჯანმრთელობა ფულზე და საერთოდ ყველაფერზე მთავარია. ექიმებს სამსახურს კი დავაკარგვინებდი, მაგრამ მაპატიებდნენ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...თბილი და ბუნჩულა ბიჭიაო. მე ვამბობ, რომ უთბილესი და უბუნჩულესი ვარ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ზუსტად იმავენაირად ვიცხოვრებდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...1969 წლის 8 მარტს მოხდა, როცა ქალთა დღეს ბიჭი დავიბადე. ჩემს დაბადებას მთელი მსოფლიოს ქალები ზეიმობენ.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...უფალს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ორი არაჩვეულებრივი და უსაყვარლესი შვილი. მათთვისაც თბილი და ბუნჩულა ვარ, ოღონდ ზოგჯერ ჯუჯღუნა.

- ვჯუჯღუნებ...

- ...ხშირად, მაგრამ მხოლოდ 2 წუთით, მერე მავიწყდება.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...კარგ ხასიათზე ვიყო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...გულუბრყვილობაა (თან არ მომწონს). ადამიანებს თან ადვილად ვენდობი და თან ეჭვიანი ვარ. შეუთავსებელია, არა? ასეთი უცნაურობა მჭირს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...გულუბრყვილობა. ზოგჯერ საჭიროა, ზოგჯერ გული უტკენიათ და მინანია.

- დაშვებული შეცდომები...

- ...ვცდილობ, აღარ გავიმეორო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ ნასვამი საჭეს არ უნდა მივუჯდე. ჩემს მანქანას ჰქონდა პრობლემები ბოძთან, ჯებირთან...

- პატიება შემიძლია...

- ...ყველა ვარიანტში, თითქმის ყოველთვის ვპატიობ და მერე მავიწყდება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ამ ბოლო დროს ხშირად აღარ ვფიქრობ, რადგან ჩვენ გარშემო მოვლენები სწრაფად იცვლება და სხვა რეალობაში ვხვდებით. მთავარია, ჯანმრთელები ვიყოთ, ყველა პრობლემას გავუმკლავდებით.

- ვიბნევი...

- ...არ ვიბნევი, მაგრამ გულმავიწყი გავხდი. ოთახიდან ოთახში გასვლისას ვერ ვიხსენებ, რატომ შევედი.

- ვნანობ...

- ...რომ სიგარეტს ვეწევი. ვცადე დანებება, მაგრამ არ გამომივიდა. რომ არ მოსწიო, მერე რა უნდა აკეთოო? - მეუბნება მეორე კობა ბარათელი.

- საკუთარ თავზე კონტროლს...

- ...თითქმის არასდროს ვკარგავ, მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნის პოპულარული დაავადება - ნევროზი მეც მაქვს. ყველაზე მეტად ტყუილი მაღიზიანებს.

- ვიტყუები, როცა...

- ...არ ვიტყუები, რადგან ბავშვობაში მამა ტყუილის გამო მსჯიდა და ეს იმდენად ჩამრჩა, აღარ ვამბობ. ასე მგონია, ყოველთვის გამიგებენ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...25 წლის. რადგან ცნობილი ვარ თუ არ ვიცი, რატომ, უმეტესად მამის ტოლი ხალხიც კი "ბატონობით" მომმართავს, რაც ძალიან არ მომწონს, ასაკთან ასოცირდება.

- მეზარება...

- ...ფეხით სიარული მეზარებოდა, მაგრამ მითხრეს, ჯანმრთელობისთვის კარგიაო, ბოლო დროს საღამოობით სეირნობა დავიწყე და ეგეც აღარ მეზარება. ბავშვობაში და მერეც სოფელში რომ ჩავდიოდი, ფიზიკურად ვმუშაობდი. ვენახის დაბარვა, პატარ-პატარა საქმეების გაკეთება არასდროს მეზარებოდა. აი, რასაც ვერ ვიტანდი, მეზიზღებოდა და დღემდე იგივე დამოკიდებულება მაქვს, ეს ყანის გათოხნაა.

- სიყვარული - ეს...

- ...ყველაფერია, სითბოა, მზრუნველობაა. სიყვარული ღმერთია, ზეციური განცდაა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ის გოგო ჩემ გარდა 9 ბიჭს შეუყვარდა და მერე შევეშვი. მეორე კლასში ვიყავი, ის - პირველკლასელი იყო. ჩემი კლასი მეოთხე სართულზე გახლდათ, შესვენებაზე ჩავდიოდით მეორე სართულზე, იმ გოგოს კლასთან, წავიმარიაჟებდით და მერე ისევ გაკვეთილზე ავდიოდით. ზემოთ-ქვემოთ სირბილით რომ დავიღალე, შევეშვი. სხვათა შორის, იმ გოგოს მერე "ფეისბუკშიც" ვეძებდი და ვერ ვიპოვე. მეორე კლასის შემდეგ აღარ მინახავს, მისი ოჯახი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. მაშინ აფხაზეთში ვცხოვრობდი, ტყვარჩელში, სკოლა იქ დავამთავრე. წარმოშობით ზესტაფონიდან ვარ, ქუთაისში დავიბადე, მერე აფხაზეთში ვცხოვრობდი, შემდეგ - ქუთაისში და ახლა თბილისში ვარ.

- ის გოგო ამ ინტერვიუს თუ წაიკითხავს, ვეტყვი...

- ...არც კი ვიცი, ახსოვს თუ არა, ერთდროულად 9 ბიჭს რომ უყვარდა. არ მინდა, სახელი და გვარი ვთქვა, მისი ცხოვრების შესახებ აღარაფერი ვიცი. მე - მეორე, ის კი პირველ კლასში სწავლობდა, ხუთოსანი იყო და ძალიან ლამაზი. ამით რამეს თუ მიხვდება და გამოგვეხმაურება, კარგი იქნება.

- მაკვირვებენ...

- ...ადამიანები, რომლებსაც ბოროტების ჩადენა შეუძლიათ. ძალიან ჰუმანური ვარ, ნოდარ დუმბაძის ლიტერატურაზე გაზრდილი, სხვანაირი გული მაქვს და მაკვირვებენ ადამიანები, ამდენი ბოღმა საიდან აქვთ?! ნეგატივმა მთელი მსოფლიო წალეკა, სოციალურ ქსელში ხომ შესვლა არ ღირს, 10 კომენტარიც რომ წავიკითხო, ცუდად ვხდები. სრულიად კარგ და პოზიტიურ ამბავშიც კი ცუდს ეძებენ, ეს გულს ძალიან მიკლავს.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...კარგმა ამინდმა, მზემ.

- ვრისკავ...

- ...იშვიათად, ფრთხილი ვარ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ტკბილეულია, ძალიან მიყვარს, არადა, ექიმისგან მეკრძალება. ახლა ეს ჩემმა ენდოკრინოლოგმა რომ წაიკითხოს, ხმას აღარ გამცემს.

- ვამაყობ...

- ...შვილებით.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მსიამოვნებს და თან უხერხულობას მიქმნის.

- მეშინია...

- ...კორონის.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...სახლში მსაყვედურობენ, ბევრს ეწევიო. ელექტროსიგარეტზე გადავედი და ამის გამოც მსაყვედურობენ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...სიმაღლეს, 10-15 სანტიმეტრით გავიზრდებოდი.

GzaPress

- ვუფრთხილდები...

- ...ადამიანების გულებს, გრძნობებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ინგლისური ენა, არადა, ძალიან მინდა, ვიცოდე.

- ყოველთვის მრცხვენია...

- ...ასეთი სამარცხვინო საქციელი ჯერ არ ჩამიდენია. წლების წინ, ნაბახუსევზე მქონდა ხოლმე შემთხვევები, თვალს რომ გავახელდი, ვცდილობდი, წინადღე გამეხსენებინა, მრცხვენოდა, ხომ არაფერი დავაშავე-მეთქი?

- თავისუფლება არის...

- ...მორჩილება - მორალისა და კანონის მორჩილი უნდა იყო.

- როცა მარტო ვარ...

- ...არ მიყვარს, მარტოობის მეშინია, განმარტოების სურვილიც კი არასდროს მიჩნდება. ჩაკეტილი სივრცის მეშინია, რატომღაც მარტოობა ამ ჩაკეტილობასთან ასოცირდება და უსიამოვნო შეგრძნება მეუფლება.

- როლი, რომელიც გამორჩეულად მახსოვს...

- ...წლების წინ ვითამაშე, მამა ვიყავი და ვანო ჯავახიშვილი ჩემი შვილი იყო, გაკვეთილებს ვიბარებდი. იმ სკეტჩში ბევრი რამ ექსპრომტად გავაკეთეთ და კარგი გამოვიდა.

- გუბაზ სანიკიძის როლში...

- ...ჩემი თამაში მოულოდნელად გადაწყდა. გრიმიორებმა ჯადოქრობები ჩაიდინეს. ბევრს მოეწონა ეს პერსონაჟი. გრიმი რომ გამიკეთეს, მერე მობილურში კამერა ჩავრთე, ვიყურებოდი, გუბაზის მიმიკები რომ "დამემუღამებინა". ერთ მომენტზე მითხრეს, ეგააო და... პაროდისტი არ ვარ, მაგრამ იმიტაციის უნარი ცოტათი მაინც მაქვს.

- პოლიტიკა..

- ...არ მიყვარს. თავად პოლიტიკოსები ამბობენ, ბინძურიაო. ისეთი ამბები ხდება, ადამიანი დღეს რომ გმირი მგონია, ხვალ საოცრებებს სჩადის. ქვეყანაში სტაბილური და ძალიან მაგარი პოლიტიკოსი თითქმის არ არსებობს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ერთხელ მოლას ჰკითხეს, მილიონი რომ მოგცეთ, რას გააკეთებდიო? მან უპასუხა, ვალებს გავისტუმრებდიო. დანარჩენს რას უზამდიო? დანარჩენები დაიცდიდნენო... საქმე მთლად მოლასავით არ მაქვს, მაგრამ... ძალიან ბევრი ფული არ მინდა. არ ვიცი, ბევრი ფული შემცვლის? რომ ვთქვა, ფული არ შემცვლის-მეთქი, შემდეგ ვინმემ მომცეს და შემცვალოს, მერე რაღა ვქნა?!. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრა, პოპულარობას არ შევუცვლივარ.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ვერ გადავყლაპავ ზონდს და კორონას ტესტს ვერ გავიკეთებ.

- მენატრება...

- ...აფხაზეთი სიგიჟემდე მენატრება, ისე, როგორც ჩემი ბავშვობა. აფხაზებთან ინტერნეტით მაქვს ურთიერთობა, მეპატიჟებიან, - ხომ იცი, როგორ გვიყვარხარ, ჩამოდიო. ერთ-ერთი ადრე მოსკოვში იყო და ახლა სოხუმშია. მამა 4 წლის წინ გარდამეცვალა. დაკრძალვის დღეს აფხაზეთიდან ნაცნობმა დამირეკა, მერე ტელეფონი სხვებს გადააწოდა, რამდენიმე კაცი მელაპარაკა. აფხაზებმა სამძიმარი მითხრეს, - მამაშენს ვიცნობდით, კარგი კაცი იყო, შენ შეიძლება არ გახსოვდესო. ეს თავს მოხვეული ომი იყო, რომელმაც დიდი ტკივილი დაგვიტოვა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვცდილობ, დავიძინო. სიმშვიდე მშველის.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ყველანი მიყვარხართ!

თამუნა კვინიკაძე