მსახიობის ცხოვრება პანდემიის პირობებში და რისი ეშინია ყველაზე მეტად ლილი ხურითს
font-large font-small
მსახიობის ცხოვრება პანდემიის პირობებში და რისი ეშინია ყველაზე მეტად ლილი ხურითს
"ონკოლოგიური პრობლემა მქონდა, ოპერაცია მაქვს გაკეთებული"

პანდემიამ არაერთი სფერო თუ პროფესიული საქმიანობა გაურკვეველი დროით შეაჩერა, მათ შორისაა თეატრალური ცხოვრება. მართალია, რეჟისორები ცდილობენ, თავიანთი პროექტები რეგულაციების გათვალისწინებით სხვადასხვა ღია სივრცეში განახორციელონ, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მაყურებელი ბევრია ან ინტერესია დიდი. ალბათ შესაბამისი განწყობა არ არსებობს და ესაა მიზეზი. არსებული რეალობა და დღევანდელობა იყო მსახიობ ლილი ხურითთან საუბრის მთავარი თემაც. ამავდროულად სერიალი "ქიმია", სადაც მან თბილი და საყვარელი პერსონაჟის სახე შექმნა, რომელიც მკურნალობის პროცესში მხარში ედგა და წამით არ ტოვებდა თავის ონკოპაციენტ დას.


- ქალბატონო ლილი, კორონავირუსის გამო ჩვენი დღევანდელობა პანდემიამდე და პანდემიის დროს ცხოვრებად დაიყო. როგორ შეცვალა ვირუსის გამოჩენამ თქვენი ყოველდღიურობა?
- კორონავირუსის პირობებში ცხოვრება იმდენად გაჯდა ჩემში, რომ პანდემიამდე რა ცხოვრება იყო, უცბად არც კი მახსენდება. დაფიქრება მომიწევს, სანამ ამ კითხვას ვუპასუხებ... პირველი, რაც მახსენდება, 2020 წლის დადგომაა, ახალ წელს საშინელი ვირუსი დაგვემართა მთელ ოჯახს, დედა საავადმყოფოში მოხვდა და 20 დღე მთელი ოჯახი ჩაწოლილები ვიყავით. რეაბილიტაციის პროცესში, ატყდა განგაში, რომ სადღაც ჰორიზონტზე გამოჩნდა ახალი ვირუსი. მერე უკვე საქართველოშიც შემოაღწია და მთელი ეს წელი, კორონავირუსთან ერთად ვცხოვრობ. იყო სხვადასხვა ეტაპები: მათ შორის გაუცნობიერებელი შიში აპოკალიფსის დადგომის. ვიღაცამ თუ ტუალეტის ქაღალდების მომარაგება გადაწყვიტა, იგივე განცდა გამიჩნდა დედაჩემის წამლებისა და ჩვენი ძაღლის - ლოკის საჭმელზე. მერე ნელ-ნელა გადამიარა. ამის შემდეგ მქონდა ისეთი პერიოდიც, როცა სახლიდან არ გავდიოდი. მოგეხსენებათ, ჩემი და - ნანაც მსახიობია, ერთად ვცხოვრობთ. ერთი თვე სახლიდან არ გავსულვარ, პატიმრობა გამოვიცხადე და პროდუქტების საყიდლად ნანა დადიოდა. თავიდანვე ვიცავდით რეგულაციებს, არავის ვსტუმრობდით და ერთი პერიოდი სახლში გამოკეტვაში რაღაც ხიბლიც დავინახე. არსებული ვითარების გამო, ხშირად ენაცვლება ერთმანეთს პესიმისტური და ოპტიმისტური განწყობები, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად წაადგება შემოქმედებით ადამიანს.
- იმ პერიოდში ადამიანებმა ახალი გატაცებები გაიჩინეს ან დიდი ხნის გადადებულ საქმეს მიხედეს. საყოველთაო კარანტინში თქვენ როგორ გაგყავდათ დრო?
- ყოველდღიურ წვრილ-წვრილ საქმესთან ერთად, ბევრი გეგმა დავისახე. მათ შორის იყო რამდენიმე წიგნის წაკითხვაც, მაგრამ ვერც ისინი წავიკითხე და ვერც კარადა დავალაგე. იმ პერიოდში სპექტაკლების ონლაინჩვენება მიმდინარეობდა და დღის განმავლობაში 2-3 სპექტაკლს ვადევნებდი თვალს. ასევე დღეში 1 ფილმს მაინც ვუყურებდი. კლასიკას, შავ-თეთრ ფილმებს, რადგან ძალიან მათბობს, მიყვარს და მგონია, ის ჩემი სამყაროა.
- ძველი ფილმები მეც მიყვარს, რთულია ერთი გამოარჩიო, მაგრამ მე რომ იგივე მკითხონ, "რომაულ არდადეგებს" დავასახელებ. თქვენ?..
- "რომაული არდადეგები" არის საოცრება. სრულიად ვეფლობი, ვცხოვრობ ამ ფილმში და შემიძლია ზედიზედ რამდენჯერმე ვუყურო. რომ დავფიქრდე, შეიძლება სხვა ფილმიც გამოვყო, რომელიც ამავე შეგრძნებებს იწვევს ჩემში, მაგრამ ეს არის კარგი მაგალითი. საერთოდ, მიყვარს ყველა ისეთი ლამაზი ფილმი, როცა უყურებ და ცხოვრება გიხარია. განსაკუთრებით იტალიური და ფრანგული კლასიკა მომწონს.
GzaPress
- პანდემიამდე შემოქმედებაში რა სიახლე გქონდათ?
- უსინათლოებთან ერთად ვიმუშავე სპექტაკლზე "ხედი სასტუმრო საქართველოდან", რომელიც აფხაზეთის თემას ეხება და აქედან გამომდინარე, ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანია. პიესა სპეციალურად დაწერა ალექსი ჩიღვინაძემ და პროექტი განახორციელა ვანო ხუციშვილმა. ვფიქრობ, ბოლო პერიოდში ეს იყო ყველაზე ღირებული, რაც გავაკეთე.
- რეგულაციების ნაწილის მოხსნის შემდეგ, სერიალის "ქიმია" გადაღებები დაიწყო. თქვენ და ნანა ბუთხუზმა დები განასახიერეთ. ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი ებრძვის სიმსივნეს. ამ დიაგნოზს თუ შეუწირავს თქვენთვის უახლოესი ადამიანები?
- ორიოდე სიტყვა მინდა სერიალის თემაზე ვთქვა. საერთოდ, სერიალების მოტრფიალე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა, როცა ზაზა ურუძაშემ "ცხელი ძაღლი" გადაიღო, იმდენად საინტერესო გამოდგა, ხალხს შინ მიეჩქარებოდა, სერია რომ არ გამოეტოვებინა. მაშინ მივხვდი, რომ მთავარია, როგორ უდგები საქმეს და როგორია შედეგი. ფილმი იქნება ეს, სპექტაკლი თუ სერიალი, თემას და სათქმელს დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რა მიზანს ისახავს პროექტი. როცა გავიგე, რომ სერიალი კეთილ თემას ემსახურება, ბუნებრივია გამიხარდა. ონკოლოგიური პრობლემა მეც მქონდა, ოპერაცია მაქვს გაკეთებული, თუმცა საბედნიეროდ, ჩემს მდგომარეობას გართულება არ მოჰყოლია. ონკოლოგიური ავადმყოფობით გარდამეცვალა მამა. გარდა ამისა, ადამიანი არ მეგულება, გარშემო ონკოპაციენტი არ ჰყავდეს. სულ მაქვს განცდა, რომ წრე ძალიან ვიწროვდება. სერიალზე ამბობდნენ, მძიმე თემაა, ვინ უყურებსო, ასეთი მოსაზრებებიც გამოითქვა, მაგრამ ფაქტია, ეს ავადმყოფობა ჩვენ გვერდითაა და მისგან დაცული არავინაა. ომსა და ნარკომანიაზე ფილმები განა იოლი სანახავია? თუკი პრობლემა არსებობს, მასზე უნდა ვილაპარაკოთ.
- სხვადასხვა ავადმყოფობის დროს, ბევრისთვის მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისა და მეგობრების თანადგომა, იშვიათია ადამიანი, ვინც ფიზიკურ და ემოციურ პრობლემებს მარტო უმკლავდება. თავად როგორ მოიქეცით?
- ჯანმრთელობის პრობლემა რომ აღმოვაჩინე, 2008 წელი იყო. მაშინდელმა ომმა და იმ მძაფრმა შეგრძნებებმა გადაფარა ჩემი ამბავი. ანალიზები და სხვა მოსამზადებელი პერიოდი მარტომ გავიარე, თუმცა ოპერაციის დროს ჩემი და წავიყვანე. ოჯახის წევრები ძალიან განიცდიდნენ და არ მინდოდა მათ შემყურეს, იგივე განცდა დამუფლებოდა. არ ვიცი, უფრო რთული პრობლემა რომ მქონოდა, ჩემი გონება როგორ გაუმკლავდებოდა. ერთი მეგობარი მყავს, ასევე მსახიობი, რომელიც ახლა გერმანიაშია და იქ მკურნალობს. მეოთხე სტადია ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ცუდი უკვე წარსულში დატოვა. ის ფსიქოლოგიურად ძლიერი აღმოჩნდა და თავად დაიწყო თავისი დაავადების მართვა. გამოჯანმრთელებაზეა მომართული, ლექსების წერა დაიწყო და ყოველი დღე უხარია. ადამიანმა საკუთარ თავს უნდა შეუძახო და გამხნევდე. სიტყვას დიდი ძალა აქვს. მაგალითად, ჩემზე დიდი გავლენა შეიძლება იქონიოს როგორც ერთმა კეთილმა სიტყვამ, ისე ბოროტმა, ამიტომ მხოლოდ გამხნევებით უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში. შენ მას ეტყვი, ის გაძლიერდება და მერე მისი დარიგება მე წამომეწევა; ჩემი - სხვას გამოადგება და ამგვარი გულწრფელი გამხნევებითა და შინაგანი რწმენით ადამიანები ყველაზე რთული ვითარებიდან დააღწევენ თავს. არა მხოლოდ ახლა, არამედ ყოველთვის. ამ შემთხვევაში, ყველა დაავადების კრებითი სახელია "კორონა" და ასეთ დროს, როცა არასდროს, ისე გვჭირდება ერთმანეთი.
- ამა თუ იმ მოვლენაზე წინათგრძნობა თუ გაქვთ და როგორ ფიქრობთ, რა იქნება უახლოეს მომავალში?
- წინათგრძნობა არ მაქვს. მე უფრო განწყობის ადამიანი ვარ და ეს შეიძლება დამოკიდებული იყოს ამინდზე, ამბებზე, თუნდაც ტელევიზორში ყურმოკრულ ერთ სიტყვაზე. შეიძლება ვიღაცამ დამირეკოს და იმდენად იმედიანად იყოს განწყობილი ყველაფრის მიმართ, რომ მისი საუბრიდან გამომდინარე, მეც ნათელი მომავალი დავისახო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მომავლის მიმართ შეიძლება მქონდეს როგორც პესიმისტური, ისე ოპტიმისტური დამოკიდებულება. ყველაზე მეტად მეშინია ქაოსისა და გაუფასურების. მთავარია, ეს არ მოხდეს. ცოტა მეტი პასუხისმგებლობით თუ მოვეკიდებით ყველაფერს, შეიძლება ეს რთული პერიოდი გაცილებით მარტივად გადავაგოროთ. ახლა ასეთი რეალობაა, ინერციით მივდივართ, მაგრამ იმედი მაქვს არ გავიწირებით და სამყარო აუცილებლად იპოვის გამოსავალს. ჩვენში დალექილი და გადაფასებული ღირებულებებით, ყველა ადამიანსა და სფეროში ახალი ეტაპი დაიწყება.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პაატა ჭონიაშვილის ჩაფიქრებულ-ახდენილი "ლაქშერი" ცხოვრება
"მშობლებმა საახალწლო საჩუქრები გერმანიიდან გამოგვიგზავნეს"
"პარლამენტში და მთავრობაში ოფიციალურ მილიონერებს ვხედავთ და ამ დროს უამრავი ოჯახი მშიერი კვდება..."
ნინი წიკლაური ემიგრანტისა და დიასახლისის ამპლუაში
თაკა კაკულიას ძვირფასი საახალწლო საჩუქარი და შეცდომით გადახდილი მადლობა
შეასრულა თუ არა ქეთი კანტიძემ ფიფქიას როლი და რას ამზადებდა გოგრისგან ლადო კუჭუხიძე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი