"ეს ამბავი თანაგუნდელებისთვისაც არ მითქვამს" - გზაპრესი

"ეს ამბავი თანაგუნდელებისთვისაც არ მითქვამს"

ბავშვობაში უბნელ ბიჭებთან ფეხბურთის თამაში მისი საყვარელი გართობა იყო. მოგვიანებით ამ თამაშს მთელი სერიოზულობით მიუდგა და დღეს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქალ ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. ჩემი რესპონდენტი ხატია ჭყონია გახლავთ - გოგონა, რომლის გატანილმა გოლმაც ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო შეხვედრაში, მისი გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა. შეგახსენებთ, ლანჩხუთის გუნდმა სტუმრად რუმინული "კლუჟი" 1:0 დაამარცხა.

- ხატია, მიღწეულ წარმატებას გილოცავთ!

- დიდი მადლობა. ამ გამარჯვების შემდეგ, ბევრი ადამიანი გვეხმიანება. მინდა ყველას მიმართ მადლიერება გამოვხატო. გუნდისთვის ასეთი თანადგომა მნიშვნელოვანია.

- ბავშვობაში გოგონები თოჯინებით თამაშობენ, თქვენ ბურთით თამაში გერჩივნათ?

- ფეხბურთი ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა. ქობულეთელი ვარ, როცა თანატოლი და ცოტა მოზრდილი ბიჭები სათამაშოდ იკრიბებოდნენ, ყოველთვის მეძახდნენ. როგორც წესი, გოგონებს კარებში აყენებდნენ, ჩემს შემთხვევაში, მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. ბიჭებისთვის ჩემი თამაში საინტერესო იყო. სკოლებს შორის ტურნირები სულ ტარდებოდა და მეც ვთამაშობდი. სპორტსკოლის ხელმძღვანელი ზურა კახიძე გახლდათ. მან ჩემი მონაცემები რომ ნახა, ქალთა ფეხბურთის გუნდი შექმნა. ეს იყო ჩემი პირველი გუნდი. საქართველოს მასშტაბით მცირე შეჯიბრებები იმართებოდა. როცა ბათუმის და თბილისის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, ამ თამაშზე მნახა მაია ჯაფარიძემ, ის პერიოდი იყო საქართველოს ნაკრები რომ უნდა ჩამოეყალიბებინათ. მივიღე შემოთავაზება და ასე გავხდი ნაკრების წევრი, მაშინ 13 თუ 14 წლის ვიყავი.

- გარკვეული დროის განმავლობაში, თურქეთში თამაშობდით, იქ რატომ გაემგზავრეთ?

- თურქეთში 2010 წელს წავედი. იმ წლებში აქ განვითარების შანსი ნაკლებად იყო. თურქეთში ჩემი მეგობარი თამაშობდა. დამიკავშირდა, თავდამსხმელი სჭირდებათო და წავედი.

- კარიერის იქ გაგრძელება რთული იყო?

- რა თქმა უნდა, რთული იყო: უცხო გარემო, უცნობი ადამიანები, მაგრამ ეს დავძლიე. პერიოდულად თბილისში ჩამოვდიოდი, ბათუმში - უფრო ხშირად. 1 წელია, რაც საქართველოში საბოლოოდ დავბრუნდი, ოჯახური პრობლემა მქონდა. გასული წლის სექტემბერში დისშვილი გარდამეცვალა.

GzaPress

- ძალიან სამწუხაროა.

- ამ ამბის შემდეგ, თურქეთში აღარ წავსულვარ. მინდოდა, ჩემი დის გვერდით ვყოფილიყავი. მანამდე ზაფხულობით რომ ჩამოვდიოდი, სეზონურად ლანჩხუთის გუნდში ვთამაშობდი. დაბრუნების შემდეგ, შემოთავაზება არაერთი გუნდიდან მივიღე, მაგრამ ამ გუნდში დარჩენის გადაწყვეტილება მივიღე.

- ოჯახზე მიამბეთ... როგორც ვიცი, დედა თქვენი ფეხბურთელობის წინააღმდეგი იყო.

- პატარა რომ ვიყავი, მეუბნებოდა, გოგო ხარ და ეს რა შენი საქმეა, რომ გაიზრდები, აღარ მოგეწონებაო, მაგრამ ფეხბურთისადმი წარმოუდგენლად დიდი ინტერესი მქონდა. დედა მიხვდა, არაფერი გამოუვიდოდა და შემდეგ ჩემს ყველაზე დიდ გულშემატკივრად იქცა. მამა ფეხბურთელია, სწორედ ამ ფაქტორმა განსაზღვრა ჩემი ასეთი დიდი ინტერესი. მამა ვარჯიშზე, თამაშზე ყველგან დამყვებოდა. ე.წ. მარშრუტკა ჰყავდა და გუნდი სათამაშოდ სადაც მიდიოდა, მამას დავყავდით. მან ძალიან დიდი როლი ითამაშა.

- ფეხბურთს ქალების სპორტად არ მიიჩნევენ...

- ...(მაწყვეტინებს) მსოფლიოში ასეა მიჩნეული, არა მხოლოდ საქართველოში. კაცების სპორტად აღიქვამენ, თუმცა ქალებსაც არანაკლებ კარგად გამოგვდის. ქალების და კაცების გუნდებს შორის თამაში რომ შედგეს, რა თქმა უნდა, მამაკაცების უპირატესობა საგრძნობი იქნება, მოგვიგებენ, რადგან ფიზიკურად განსხვავებული ძალა აქვთ. მსოფლიოში კაცების ფეხბურთს გაცილებით დიდი დაფინანსება აქვს, ვიდრე - ქალთა თამაშებს.

- როგორი იყო ქართული ფეხბურთი მაშინ, როცა ქვეყნიდან წახვედით და როგორი დაგხვდათ?

- ძალიან დიდი განსხვავებაა. სხვა მდგომარეობა დამხვდა, ლევან კობიაშვილი და კახი კალაძე განვითარებაში ხელს მაქსიმალურად გვიწყობენ. ძალიან ცდილობენ, საქართველოს ფეხბურთი წინ წასწიონ. ფედერაციაში რაც ლევან კობიაშვილი მოვიდა, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. ქალთა ფეხბურთში ჩემპიონატი არ არსებობდა და მათ ჩამოაყალიბეს. ჩვენ რომ ევროპის ლიგა მოვიგეთ, მათი დამსახურებაა. თანადგომა რომ არა, ამდენს ვერ შევძლებდით. განვითარებისთვის ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი. ეს ადამიანები ზრუნავენ ფეხბურთის აღორძინებაზე, შედეგს დროთა განმავლობაში აუცილებლად დავინახავთ. საქართველოს შიდაჩემპიონატის ჩატარება დაიწყეს, გამოყვეს დაფინანსება და ბავშვები ფეხბურთით დააინტერესეს. ბევრი ფეხბურთელი იყო საზღვარგარეთ, დაბრუნდნენ და დღეს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა გუნდში თამაშობენ.

- თქვენთვის ფეხბურთი რას ნიშნავს?

- ყველაფერია, ფეხბურთით ვცხოვრობ, ვიძინებ და ვიღვიძებ. 31 წლის ვარ, ოჯახში არ მაქვს იმდენი დრო გატარებული, რამდენიც - მოედანზე.

- გამარჯვების გოლის ავტორი ხართ, ეს ალბათ, სიხარულის განცდას გიორმაგებთ, არა?

- ეს განცდა არც კი ვიცი, რას შევადარო, არაამქვეყნიური რაღაც არის. წინა თამაში ყაზახეთთან გვქონდა, 2 გოლი გავიტანე და 2:1 მოვიგეთ, სასწაული იყო. რუმინეთის "კლუჟი" ყაზახეთის გუნდთან შედარებით, ძლიერი იყო. როცა გრძნობ, ძლიერად გიტევენ, დრო გადის, გამარჯვების შანსი მცირდება და ამ დროს გოლი გაგაქვს, უჰ! აბა, რა ვთქვა, ის ემოცია სიტყვებით როგორ გადმოვცე? ამ დროს ვერაფერზე ფიქრობ. ეს გამარჯვება დისშვილის ხსოვნას მივუძღვენი.

- გოლის გატანის შემდეგ, თქვენი ჟესტი ამის ნიშანი იყო, მაისური აიწიეთ და მეორე მაისურზე დატანილი სურათი გამოაჩინეთ. მაისური, რომელზეც თქვენი დისშვილის ფოტო გაქვთ დატანილი, ყველა თამაშზე გაცვიათ?

- ზამთარში მაცვია, ზაფხულობით ორი მაისურის ტარება წარმოუდგენელია, მაგრამ ყოველთვის თან მაქვს ჩემი პატარა ტატას ფოტო. თამაშის დროს, სპორტული "ტოპები" გვაცვია და მანდ მიდევს. ეს ამბავი აქამდე არავისთვის გამიმხელია, თანაგუნდელებისთვისაც კი არ მითქვამს. ის ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო, ამიტომ სულ ჩემთანაა და მომავალშიც ჩემთან იქნება.

GzaPress

- თქვენთვის გამორჩეულად საყვარელი ფეხბურთელი ვინ არის?

- კრიშტიანუ რონალდუ.

- ქართველი ფეხბურთელებიდან?

- ჯანო ანანიძე. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფეხბურთს არ ვუყურებ. მე და ჯანო ბავშვობაში უბანში ერთად ვთამაშობდით. მაშინ ვოცნებობდი, ჯანოსნაირი ტექნიკა მქონოდა, მისი თამაშის სტილი მომწონდა. მინდოდა, მასავით კარგად მეთამაშა.

- საყურებლად მაღალი დონის გუნდების თამაშიც არ გიზიდავთ?

- არა, მხოლოდ როლანდუ როცა თამაშობს, მაშინ ვუყურებ. გადამწყვეტი თამაშებითაც ვინტერესდები. მაგალითად ისეთით, ახლახან ჩვენს გუნდს მაკედონიის ნაკრებთან, ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად რომ ჰქონდა.

- ამ თამაშის შემდეგ თქვენი ემოცია როგორი იყოს?

- რა თქმა უნდა, წაგება მეწყინა. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მოეგოთ. უბრალოდ, არ გაუმართლათ.

- მაყურებლის დიდი ნაწილი გაწბილებული დარჩა.

- როცა 15 გოლს გაიტან და მეთექვსმეტე არ გამოგივა, ყველას ის წარუმატებელი გოლი ამახსოვრდება - ასეთი შემთხვევა მეც მქონდა.

- როცა თამაშობ, მაყურებლის გულშემატკივრობა რამდენად მნიშვნელოვანია?

- ძალიან მნიშვნელოვანია, სტიმულის მომცემია, მეტი შემართება გაქვს, მაყურებელს შეუძლია თამაში მოგაგებინოს, მეთორმეტე მოთამაშეა.

- დაოჯახებული ხართ?

- არა.

- თქვენი სიძლიერე მამაკაცებს ხომ არ აფრთხობთ?

- არა მგონია, ასე იყოს, სპორტული გოგონები ბევრს მოსწონს.

- როგორი პიროვნება ხართ, საკუთარ თავს როგორ დაახასიათებთ?

- ძნელია სათქმელია, ამაზე არასდროს მიფიქრია.

- ცხოვრებაში უფრო ძლიერი პიროვნება ხართ თუ მოედანზე?

- ვერც ამას გეტყვით, მხოლოდ ის ვიცი, რომ ცვალებადი ხასიათი მაქვს. შეიძლება ახლა ძალიან კარგ ხასიათზე ვიყო და 5 წუთის შემდეგ, სრულიად განსხვავებული განწყობა მქონდეს.

- ხასიათი თამაშზე მოქმედებს?

- ალბათ მოქმედებს, თუმცა სულ ვცდილობ, თანაგუნდელებს მოტივაცია მივცე, მათ ხშირად შემოვუძახებ ხოლმე: "მიდი!" "მაგარი ხარ!" "ყოჩაღ!" ისე რთული ხასიათი მაქვს. ზოგჯერ გოგონებს ბოდიშსაც ვუხდი, ასეთი ხასიათი მაქვს-მეთქი.

- გუნდში ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა გაქვთ, მეგობრობთ?

- მხოლოდ მეგობრობა? ჩვენ ერთი ოჯახის წევრები ვართ და მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია. ერთად ბევრი რთული პერიოდი გვაქვს გადატანილი, ერთმანეთს მხარში მაქსიმალურად ვუდგავართ. ჩვენ გვაქვს საერთო ტკივილები და სიხარულები, აი, ამ განცდას და ბედნიერებას თურქეთში ყოფნის დროს მოკლებული ვიყავი.

- ამ ხნის განმავლობაში, არაერთი მატჩი გითამაშიათ, თქვენთვის ემოციურად ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი იყო?

- ყველაზე რთული მატჩი გასული წლის სექტემბერში მქონდა, როცა ჩემი დისშვილის გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს, მოედანზე გავედი. ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე. ლანჩხუთის გუნდში სეზონურად ვთამაშობდი. ამ თამაშისთვის ამიყვანეს, სხვაგვარი პასუხისმგებლობა მქონდა. ტატა ხომ ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო. როცა ის თურქეთში მკურნალობდა, მაშინ სტამბოლის გუნდში ვთამაშობდი. სანამ კლინიკაში შევიდოდა, თამაშს ესწრებოდა, მამხნევებდა: "ხატო, მიდი!" ფეხბურთი მასაც ძალიან უყვარდა, სულ მგულშემატკივრობდა (პაუზის შემდეგ)... და იმ მძიმე დღეებში მოედანზე გასვლა ამიტომ გადავწყვიტე. ეს თამაში მოვიგეთ.

- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, მჯერა, წინ კიდევ ბევრი წარმატებული მატჩი გექნებათ. წარმატებებს გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე