ლაშა ღლონტის 50 წლის იუბილე და სასიამოვნო აქტივობა კარანტინის დროს - გზაპრესი

ლაშა ღლონტის 50 წლის იუბილე და სასიამოვნო აქტივობა კარანტინის დროს

პოზიტიურ და ბევრი ადამიანისთვის საყვარელ მომღერალს - ლაშა ღლონტს მალე 50 წელი შეუსრულდება, მაგრამ პანდემიისა და მასთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვების გამო, ნახევარსაუკუნოვან იუბილეს შესაფერისი ღონისძიებებით ვერ შეხვდება... ამასთანავე, უმოქმედოდ არ ჩერდება და ყოველდღიურობას სხვადასხვა აქტივობით, სიმღერებით, ოჯახის წევრებთან და შვილიშვილთან ურთიერთობით ილამაზებს.

- ლაშა, როგორ მიდის შემოქმედებითი ცხოვრება პანდემიის პირობებში?

- როგორც იცით, ზაფხულში მოვასწარი და კლიპი გადავიღე. სიმღერა გაზაფხულის კარანტინამდე იყო ჩაწერილი - "აჭარული". მხიარულია, ჩემი სტილისთვის ცოტა უჩვეულო. გეგმები, ცხადია, მნიშვნელოვნად შეიცვალა. მურმან ჯინორიასთან ახალი კომპოზიცია უნდა ჩამეწერა, "ალილოს" რამდენიმე სიმღერა ჰქონდა... იმაზე საუბარი აღარ მაქვს, რომ გასტროლები გადაიდო - ირლანდიაში, აშშ-ში, გერმანიასა და ისრაელში. როგორც კი სიტუაცია მოგვარდება, დიდი სიხარულით მელოდებიან, ყველა ბილეთი გაყიდული იყო. რეგიონების ტურნეებიც შეჩერდა. მანამდე, ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით 60 სოლო კონცერტი ჩავატარე.

- ბევრი ხელოვანი წუხს, რომ ყველაფრის გაჩერების გამო, შემოსავალი აღარ აქვთ და არ იციან, როგორ გააგრძელონ ცხოვრება. შენს შემთხვევაში როგორაა საქმე? თანაც, ახლა უკვე რესტორნებიც დაიკეტა და შესაბამისად, ამ კუთხითაც აღარ არის სახარბიელო მდგომარეობა.

- მართალია, მუსიკალური მხარე არ იყო ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო, მაგრამ ბიზნესის კუთხითაც მეც ყველაფერი დავკეტე... ჩემი აზრით, მოსახლეობამაც თავისებურად უნდა შეუწყოს ხელი ამ სიტუაციას, ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს ცხვირჩამოწეული ნიღბით ან საერთოდ მის გარეშე და როგორ შეიძლება ასე?!. ეს დაავადება სახუმარო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში, მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს. მასობრივი გავრცელების მხრივ, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ცოტა მოვერიდოთ ერთმანეთს. ადამიანებს ყველა რეკომენდაცია რომ დაეცვათ, ახლა ასეთ სიტუაციაში არ აღმოვჩნდებოდით და ამ ლოკდაუნსაც თავიდან ავიცილებდით, არაფერი დაიკეტებოდა. ძალიან გადავაჭარბეთ... დღეში 5 ათასამდე შემთხვევაა და ვირუსის არსებობის ზოგს მაინც არ სჯერა... ნიღბის მოხმარებასა და დისტანციის დაცვას თავისი წესი აქვს და თუ ზუსტად არ დაიცავი, უკურეაქციას მიიღებ. პირბადეს ერთი კვირა რომ არ გამოიცვლი, უარესია! საქმეზე რომ გახვალ და მერე ტრანსპორტში ან შენს მანქანაში ჯდები, უკვე სხვა ნიღაბი უნდა გაიკეთო, გარედან არაფერი შეიტანო. ამის გაგება რთულია?!.

GzaPress

- ლოკდაუნის გამო, ბევრი ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. ერთ მხარეს ჯანმრთელობაა, რომელიც უპირველესია და მეორე მხარეს - ფინანსები, რომელიც არსებობისთვისაა აუცილებელი.

- ეკონომიკის კანონები და ეპიდემიოლოგიური საკითხები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით, ჯობდა, სხვა მხრივ მომხდარიყო გამკაცრება - ნიღბის ტარებისა და დისტანციის დაცვის კუთხით. მაგალითად, მე შევარჩევდი ახალგაზრდებს, მათ გასამრჯელოს გადავუხდიდი და მოსახლეობას გავაკონტროლებინებდი. მგონია, რომ ეს საშუალება უფრო გამართლებული იქნებოდა, ვიდრე სრული ჩაკეტვა. მეორე მხარეცაა: უკვე იმდენად გავრცელდა ვირუსი, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ სრული ჩაკეტვა თუ შეარბილებს სიტუაციას... ის "აშვებულობის პერიოდი" არ უნდა დაგვეშვა. რატომ მივუშვით, დღესაც ვერ ვხვდები. ემუშავათ, ყოფილიყო შიდატურიზმი, ოღონდ - ყველა წესის დაცვით. არ დაიცვეს და რაც მოხდა, ხალხის, საზოგადოების ბრალია. ჩინეთში ბევრი ახლობელი მყავს, იქაც არ არის ვაქცინა და წამალი, მაგრამ ადამიანებმა თვითონ შეძლეს ჯაჭვის გაწყვეტა შეზღუდვებით და დისტანციის დაცვით. ესაა ყველაზე მთავარი.

- როგორც ერთ-ერთი ძალზე კონტაქტური და აქტიური ადამიანი, როგორ ეგუები ამ ჩაკეტილობის და უძრაობის პერიოდს?

- მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს ჩერდება, ვერ ჩერდება, გურული ვარ და რა გამაჩერებს?! დედაჩემი რომ არ იყოს რაჭველი - ერისთავის ქალია - და ეს არ მაბალანსებდეს, ალბათ საერთოდ კედლებზე გავიდოდი (იცინის). ამიტომ, საქმე ამ პანდემიის დროსაც გამოვძებნე. აგარაკზე ვმუშაობ და მიწასთან მუშაობა ერთ-ერთი დიდი სიამოვნება ყოფილა. მარგი ქმედების მაღალი კოეფიციენტით ვერ გამოვირჩევი, მაგრამ ხეხილს ვრგავ, ნარგავებს ვუვლი, შვილთან და სიძესთან ერთად. ეს ყველაფერი ძალიან მომწონს.

ასევე, ახალ კომპოზიციებზე, პროექტზე ვმუშაობ და საზოგადოებას საინტერესო სიახლეებს შევთავაზებ, საზღვრები როცა გაიხსნება, თუ არა და - სოციალური ქსელების საშუალებით. სახლში ჩავწერ და გადავიღებ. ვცდილობ, მოსახლეობა არ მოვაწყინო. ის "აჭარულიც" ამისთვის ჩავწერე, "ანტიკორონა" დავარქვი, რომ პოზიტივი შემომეტანა. ექიმი ვარ და ვიცი, კარგი განწყობა იმუნიტეტს აძლიერებს და გავიძლიეროთ, როგორც შეგვიძლია.

ადამიანი თვითონ ქმნის საკუთარ ბედნიერებას. ყველას გვიჭირს, მაგრამ წუწუნი არაფერს გვარგებს, ამიტომ ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ და დავეხმაროთ. ეს გადაგვატანინებს მძიმე პერიოდს. ქართველები ვართ და ასეთი რაღაცები არ გვეშლება. რამდენადაც კანონდამრღვევი და არეული ხალხი ვართ, იმდენად კარგად ვიცით გაჭირვებაში ერთად დგომა, - ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ და ამან მოგვიყვანა აქამდე. ოღონდ წესრიგიც უნდა ვისწავლოთ, ევროპელობა თუ გვინდა.

- როგორც ვიცი, მალე ნახევარსაუკუნოვანი იუბილე გაქვს, ხომ?

- ადრე რომ გავიგებდი ვინმეზე, 50 წლის გახდაო, - ეუჰ, რა ბებერია-მეთქი, ვიტყოდი ხოლმე (იცინის). ასაკს ვერ ვგრძნობ, მაგრამ ეს ციფრები მაინც რაღაცნაირად ჟღერს.

- რა მოგიტანა ამ წლებმა?

- ამ წლებმა მომიტანა გამოცდილება, მაჩუქა ბედნიერება, დიდი სიყვარული და ისეთი წუთები, რომლებიც მთელი დარჩენილი ცხოვრება გამყვება, სულ რომ აღარაფერი გავაკეთო. ასე ვთქვათ, საკმარისად ვიცხოვრე. უცოდველი არავინაა და ადამიანი ყოველთვის ნანობს რამეს, მაგრამ არ ვნანობ იმას, როგორც ვიცხოვრე და რომ მკითხონ, სხვა ცხოვრებას თუ ინატრებდიო? - ვუპასუხებ, ნამდვილად არ ვინატრებდი, რადგან ღმერთმა ყველაფერი მომცა იმისთვის, რომ ბედნიერად მეცხოვრა და ბედნიერი ვარ.

- რაზე გწყდება გული?

- როცა უმცროსი თაობის ადამიანს რაიმეს ვურჩევ, მაგრამ არ ითვალისწინებს და მაინც თავისებურად იქცევა, ეს ძალიან მწყვეტს გულს. ამიტომ, ბოლო დროს გადავწყვიტე, ერთხელ რომ ვეტყვი ადამიანს და არ გაითვალისწინებს, რაც უნდა შეცდომა დაუშვას, აღარ ვუმეორებ.

პირადად მე, თუნდაც სიმღერის ჩაწერისას, ყოველთვის ვითვალისწინებდი ბევრი ადამიანის აზრს და იქიდან გამომდინარე, ჩემი პრინციპული აზრი გამომქონდა, ბოლოს კი ისე ვაკეთებდი, როგორც საჭიროდ ჩავთვლიდი. დღესაც ასე ვიქცევი - ყველას ვეკითხები აზრს და მერე დასკვნას შინაგანი ხმის კარნახით ვაკეთებ, თან ვითვალისწინებ, ემთხვევა თუ არა ეს ხმა მათ აზრს, ვისაც ანგარიშს ვუწევ.

GzaPress

- ვინ არის შენი შემოქმედების პირველი მსმენელი და შემფასებელი? რას გეუბნება პატარა შვილიშვილი, როცა შენს სიმღერებს უსმენს?

- ჩემი სიმღერების პირველი მსმენელი რამდენიმე ადამიანია: მეუღლე, მეგობარი, ჩემი და და შვილი. შვილიშვილმა ჩემი ყველა სიმღერის ტექსტი ზეპირად იცის (იცინის). ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ 50 წელს ცოტა სხვაგვარად შემახვედრებს, სწორედ ისაა, - არ მაგრძნობინებს, რომ ასაკში შევდივარ, რადგან როცა შვილიშვილი შეგეძინება, ხელმეორედ იბადები. ეს დიდი ბედნიერებაა.

- როგორ გახსენდება ბავშვობის დროინდელი დაბადების დღეები?

- სხვათა შორის, არ მიყვარდა დაბადების დღის აღნიშვნა, განსაკუთრებული საჩუქრები, რადგან არ მომწონს, როცა გამორჩეულად მაქებენ, ეს უხერხულობას მიქმნის მაშინაც კი, როცა რაიმე სიმღერას ჩავწერ და ყველა მასზე ლაპარაკობს. ვთვლი, ეს უფლის საჩუქარი უფროა, ვიდრე ჩემი დამსახურება.

თუმცა შარშან, ქორწინების 25 წლის იუბილე და ჩემი დაბადების დღე ნიუ-იორკში გადავიხადეთ, ფილადელფიაში თბილისის დროით იყო 8 დეკემბერი, ნიუ-იორკში კი - აშშ-ის დროით. ორგზის აღნიშვნა გამომივიდა. იქაურმა ემიგრანტებმა საღამო მომიწყვეს, რომელსაც დაახლოებით 700 ადამიანი ესწრებოდა და ყველამ უდიდესი სიამოვნება მივიღეთ. მართლაც, უბედნიერესი წუთები განვიცადე. ქორწინების იუბილის აღსანიშნავად კი ლას-ვეგასში დაგვპატიჟეს და ეს იყო ერთ-ერთი უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში.

როცა დავქორწინდით, 1994 წელს, საქართველოში რთული პერიოდი იყო და ბევრი პრობლემა წამოვიდა უცებ, თუმცა ის პერიოდი მაინც კარგად გვახსენდება და იმ გაჭირვებამაც დადებითი დაღი დაასვა ჩვენს ურთიერთობას, ჩვენი სიყვარული გამოაწრთო, რაც მნიშვნელოვანია. მადლიერი ვარ უფლის იმ უარყოფითისთვის, რაც გამოცდის სახით მომივლინა და იმ დადებითისთვის, რაც მაჩუქა.

- რით გაამხნევებ ჩვენს მოსახლეობას, რომელიც რთული ვითარების გამო, დათრგუნვილია და ხალისის საფუძველი ამჟამად ნაკლებად აქვს?

- არ უნდა დავივიწყოთ უფალი, ყოველთვის ახლოს უნდა ვიყოთ მასთან და გამოსავალს ყოველთვის გვაპოვნინებს. ერთმანეთს მოვეფეროთ, გავამხნევოთ, მხარში ამოვუდგეთ. მაღაზიაში რომ შევალთ და ჩვენთვის რაღაცებს ვიყიდით, ერთი პური, ზეთი თუ სხვა რამ მეზობელს, ახლობელს გავუყოლოთ. ერთად ყველაფერს შევძლებთ. წარმოუდგენელია, მთელ ქვეყანას უჭირდეს და შენ დალხენილი და ბედნიერი იყო. ასეთი არც სიმღერა მინდა და არც არაფერი. მე თუ ბედნიერი ვიქნები და სხვა - უბედური, ასეთი ქვეყანა ნამდვილად არ მინდა. გავიღიმოთ და ყველაფერი კარგად იქნება, მიუხედავად რეალური და სერიოზული გასაჭირისა, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოშია.

თამთა დადეშელი