ნუკა კვალიაშვილი ჟიურის არაობიექტურ წევრებსა და კონკურსანტებზე საუბრობს - გზაპრესი

ნუკა კვალიაშვილი ჟიურის არაობიექტურ წევრებსა და კონკურსანტებზე საუბრობს

ნიჭიერი მონაწილე სხვადასხვა საკითხზე გულახდილად გვესაუბრა, მათ შორის - ქართულ კონკურსებში არსებულ "ნაცნობ-მეგობრობის ინსტიტუტსა" და შესაბამისად - არაობიექტურობაზეც...

ნუკამ გასულ ოთხშაბათს ფინქის როლი მოირგო.

GzaPress- ფინქი ძალიან მომწონს: ის თავისი სტილით, გარეგნობითა და შემოქმედებით მიზიდავს. თან, რომ დავუკვირდე, შინაგანი ბუნებითაც მგავს. ვფიქრობდი, რომ მისი როლის მორგება გამიადვილდებოდა და მიხაროდა. უიტნი ჰიუსტონის განსახიერების დროსაც, საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი. მართლაც, ისე მოხდა, რომ მეორე "ლაივზე" ლიდერი გავხდი...

- გიფიქრია, რომ შეიძლებოდა, ამ პროექტში ფინქის როლი შეგესრულებინა?

- საერთოდ, ბევრ ვინმეზე ვფიქრობდი, - ნეტავ, ვის განვასახიერებ-მეთქი? კონკრეტულად ფინქზე არ მიფიქრია, უბრალოდ - გონების თვალით მასაც "გადავხედე"...

- როცა ეკრანზე შენს განსახიერებულ მსოფლიო ვარსკვლავებს უყურებ, როგორი რეაქცია გაქვს?

- შეცდომებსაც ვხედავ და იმასაც, რაც კარგად გამომივიდა. თვითკრიტიკულიც ვარ. საკუთარი თავის ობიექტური შეფასება მიყვარს.

- მამაკაცის როლში თავს როგორი გრძნობდი, როცა რობი უილიამსი განასახიერე?

- ცუდად (იცინის). უილიამსის როლის მორგება რთული იყო. თან, მაკიაჟი ისეთი არ გამოვიდა, როგორიც უნდა ყოფილიყო - რობის საერთოდ არ ვგავდი.

- მაკიაჟი "ერთი ერთში" რატომ ვერ გაგიკეთეს?

- ზოგჯერ ასეც ხდება - სახის ნაკვთები არ "ჯდება"...

- როცა პროექტში მონაწილეობა შემოგთავაზეს, გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდა?

- ნამდვილად არა, რადგან სხვა მუსიკალურ შოუში (საქართველოში) მონაწილეობას მაინც აღარ მივიღებდი: კონკურსში პირველად რომ მონაწილეობ და ხალხი დაგაფასებს - ეს გასაგებია, მაგრამ მუსიკალურ შოუში "490-ჯერ" მონაწილეობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. "ერთი ერთში" იმიტომ მომეწონა, რომ ეს სიმღერის კონკურსი არ გახლავთ, წარმატება მონაწილის არტისტიზმზეა დამოკიდებული - უნდა გარდაისახო, სხვა ადამიანი "გახდე"... ასევე, უცხოელებთან მუშაობა, მათი აზრის მოსმენა, სიახლეების გაგება და რაღაცის სწავლაც ძალიან საინტერესოა.

- ვოკალური თვალსაზრისით, ყველაზე რთულად შესასრულებელი ვისი როლი იყო?

- რა თქმა უნდა, რობი უილიამსის, რადგან კაცის ხმის მორგება ქალისთვის რთულია!..

- ვისაც ასახიერებ, იმ ვარსკვლავების ცხოვრებას თუ ეცნობი ხოლმე?

- "ვარსკვლავის" რამდენიმე "ლაივს" ვნახულობ, ვაკვირდები, მანერებს "ვიღებ", მერე კი - ამ ყველაფერს ვამუშავებ... მათი ბიოგრაფიებით, ცხოვრების წესითNნამდვილად არ ვინტერესდები. ამის დრო და თავი არ მაქვს.

- რომელიმე შემსრულებლის განსახიერება ხომ არ გაშინებს?

- არა, უშიშარი გახლავართ. საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ - ჩემს საქმეს გავაკეთებ. როცა ადამიანი ასეთ პროექტში მონაწილეობას თანხმდები, ე.ი. მზად ხარ, ყველაფერი აიტანო და გააკეთო, დავალება უნდა შეასრულო!

- რომელიმე "ვარსკვლავის" განსახიერება განსაკუთრებულად ხომ არ გინდა?

- ვისი განსახიერებაც ძალიან მაგრად მინდოდა, განვასახიერე კიდეც - უიტნი ჰიუსტონს ვგულისხმობ (იღიმის). სხვათა შორის, ამაყი ვარ იმით, რაც გავაკეთე, რადგან ბევრი ქათინაური მივიღე.

- მისი სიმღერა პირველად არ შეგისრულებია...

GzaPress- კი, ასეა. "საქართველოს ვარსკვლავში" უიტნის სიმღერა ორჯერ შევასრულე. მაგრამ მაშინ ვცდილობდი, "კოპირება" არ გამეკეთებინა, იმპროვიზაციას მივმართე და სიმღერაში ჩემი წვლილი შევიტანე, ახლა კი ზუსტად ისე უნდა მემღერა, როგორც თავად უიტნი მღეროდა. ამის გაკეთება, ცოტა არ იყოს, რთული გახლდათ... ყველამ მითხრა, - რომ გისმენდით, გვეგონა, უიტნი მღეროდაო. ამ სიტყვების მოსმენამ გამახარა. ე.ი. რაღაც შევძელი, შრომა წყალში არ ჩამეყარა...

- ეკა რა შენიშვნებს, რჩევებს გაძლევს? შენი გამოსვლებით კმაყოფილია?

- ძირითადად, შენიშვნებს ვოკლთან დაკავშირებით მეუბნება, - პირი გახსენი, ცხვირში ნუ მღერიო და მსგავსი წვრილმანები... ისე, დედაჩემსაც ცრემლი მოსდიოდა, როცა უიტნიდ გარდასახულს მისმენდა.

- კონკურსანტებს შორის დაძაბულობა უკვე იგრძნობა?

- არა. ყოველ შემთხვევაში, ასეთ რაღაცებს ვერ ვგრძნობ - ყველასთან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ძალიან ობიექტური ვარ, როცა ერთმანეთს ვაფასებთ: ვცდილობ, დადებითად ის შევაფასო, ვინც ნამდვილად მომეწონა და ქულასაც ყოველთვის მას ვუწერ. ქულების რაოდენობით ვიღაც რომ მისწრებდეს და მისი სასცენო ნომერი მომეწონოს, ჩემს 5 ქულას მაინც კონკურენტს დავუწერ. სამწუხაროდ, სხვები ასე არ იქცევიან - ქართული "რაღაც-რაღაცებია" ხოლმე "შუაში": მეგობრობა, ნათესაობა...

- კონკურსანტებს გულისხმობ, როცა ერთმანეთს აფასებთ ხოლმე?

- კონკურსანტებსაც და ჟიურის მოწვეულ წევრსაც. ზაკს და სისის არ ვგულისხმობ, ცხადია.

- ჟიურის რომელმა მოწვეულმა წევრმა დაგწყვიტა გული?

- თვალი გადაავლეთ და თავად ნახავთ. მე ყველას ვგულისხმობ, რადგან საქართველო და მით უმეტეს - თბილისი ძალიან პატარაა. ყველა ერთმანეთს იცნობს, ახლობლობენ. ჰოდა, კონკურსანტებს იმის მიხედვით აფასებენ, რომ ვიღაცას არ ეწყინოს, გული არ დასწყდეს... მოკლედ, კონკურსზე ასეთი რაღაცები ხდება, რაც ჩემზე უკვე აღარ მოქმედებს, რადგან მიჩვეული ვარ. პირდაპირ ვიტყვი: ვიდრე ხალხი არ მიხვდება, რომ კონკურსზე მეგობრობა არ უნდა "ჭრიდეს" და მონაწილეებს ობიექტურად უნდა აფასებდნენ, მანამდე ქართულ კონკურსებს არაფერი ეშველება.

- ეკასაც ყველა იცნობს, ბევრი პატივს სცემს...

- კი, რა თქმა უნდა. ჯერჯერობით, ჩემი არც ერთი ახლობელი ჟიურიში არ დამჯდარა, ჩემთვის ქულა რომ დაეწერა. ვნახოთ, შეიძლება, დაჯდეს და "გამიმართლოს" (იცინის)... ცხადია, ვხუმრობ. ასეთი რაღაცები სასაცილოა...

- ყველაზე მეტად, რისი მოგება გინდა?

- თუ პირველი ადგილი დავიკავე, მოგებულ ბინას აუცილებლად გავყიდი და უფრო დიდ ბინას ვიყიდი, რადგან ამჟამად, ოჯახის წევრებთან ერთად ნაგირავებში ვცხოვრობ; თუ მანქანას მოვიგებ, ავტომობილით ვივლი, აბა, სხვა რა უნდა გავაკეთო? მართვის მოწმობასაც ავიღებ...

- ბარემ, შემდეგი პრიზიც განვიხილოთ...

- თუ მესამე ადგილზე გავედი - 20 ათასი მცირე თანხა არ არის... რაღაც ისეთს გავაკეთებ, რაც მომავალში მე ან ჩემს შვილს ძალიან გამოგვადგება. ასეთი რაღაცების წინასწარ დაგეგმვა არ მიყვარს.

- ნუკა, ვარცხნილობას ხშირად იცვლი. სტილისტი გყავს თუ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებ?

- დამოუკიდებლად. სხვათა შორის, სალონებში სიარული მეზიზღება, რადგან იმას ვერასოდეს აკეთებენ, რასაც ვეუბნები. თან, როცა რაღაცის გაკეთება თავადაც შემიძლია, ფულის ტყუილად ყრა უაზრობად მიმაჩნია. ეს ფული ხომ ჩემს ოჯახს ძალიან სჭირდება?Mმე ვარცხნილობა გავიკეთო და ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს საჭმელი მოაკლდეს? ეგოიზმისგან შორს ვარ... ასე რომ, ვარცხნილობებს თავად ვიკეთებ: თმა ავიპარსე, შევიღებე (იცინის)...

- ეს ყველაფერი დამოუკიდებლად ისწავლე?

- კი... ხომ იცით, მხოლოდ სიმღერის ნიჭი არ მაქვს - ქსოვა, კერვა, ხატვა, მუსიკის წერაც შემიძლია (იღიმის)... პარალელურად, ტექნიკაშიც ძალიან კარგად ვერკვევი, ეს საქმე ყოველთვის მიზიდავდა.

- სასცენო კოსტიუმებში კორექტივები თუ შეგაქვს?

GzaPress- ამ კონკურსში - არა, რადგან რაც კონკრეტულ მომღერალს აცვია (ვისაც განვასახიერებ), ის უნდა ჩავიცვა. "საქართველოს ვარსკვლავში" კოსტიუმების შერჩევისას კორექტივები შემქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, არავინ ითვალისწინებდა, მე რა მინდოდა და რა - არა. ის დრო ძალიან ცუდად მახსენდება, რადგან ჩემი სასცენო სამოსი მეზიზღებოდა, სცენაზე გასვლის წინ დისკომფორტს ვგრძნობდი. სხვათა შორის, მსგავსი პრობლემა "საქართველოს ვარსკვლავის" თითქმის ყველა მონაწილეს ჰქონდა...

- ნუკა, ვიდრე ახალი პერსონაჟის განსახიერებაზე მუშაობას დაიწყებ, შოუს შემდეგ როგორ ცდილობ განტვირთვას?

- სამწუხაროდ, განტვირთვისთვის არ მცალია. თავისუფალი დრო თუ გამომიჩნდება, მას შვილს, ოჯახს ვუთმობ, მეგობრებს ვნახულობ...

- ახლა ბავშვზე ვინ ზრუნავს?

- დედამთილი მეხმარება, ასევე - დედაჩემიც, მეუღლეც, მეგობრებიც... სახლში ხშირად არ ვარ. დასვენების დღეებში ჩემს საქმეს ვაკეთებ - ჯგუფთან ერთად "ვრეპეტიციობ": მე და მუსიკალური ჯგუფი - "გრუვი" ერთობლივ პროექტზე ვმუშაობთ. სოლისტი გახლავართ.

- საკუთარ სიმღერებს ასრულებთ?

- სიმღერებს, მუსიკას ჩვენი ჯგუფის წევრი წერს.

- ინტერვიუსთვის დიდი მადლობა. დაბოლოს, კიდევ რაიმეს თქმა ხომ არ გსურს?

- არა. უბრალოდ, პირდაპირობისთვის ყველას ბოდიშს მოვუხდი. ასე გავიზარდე - რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ... კიდევ ერთი რამის თქმა მინდა: შოუს - "ერთი ერთში" ერთ-ერთ მონაწილეს - ზურა ჯავახიას მამა გარდაეცვალა. ზურას პირადადაც ვუთხარი, მაგრამ ჟურნალის ფურცლებიდანაც ვეტყვი, რომ გამაგრდეს! ის ძალიან მაგრად მიყვარს და ყოველთვის გვერდით მიგულოს, რადგან ძალიან კარგი ადამიანია და დიდ პატივს ვცემ.

ეთო ყორღანაშვილი