"უკვე იმის წინა პირობას მიქმნის, რომ ოჯახი შევქმნა" - გზაპრესი

"უკვე იმის წინა პირობას მიქმნის, რომ ოჯახი შევქმნა"

გიორგი გასვიანის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა მცირე ხელფასით ცხოვრობდა. ფინანსურ დამოუკიდებლობას ნელ-ნელა მიაღწია და ამის შესახებ გულახდილად გვესაუბრა. არც ის დაუმალავს, რომ პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლის მოლოდინშია...

- ქალაქში, მით უმეტეს - დედაქალაქში როცა ცხოვრობ, ფულის მნიშვნელობა ყოველთვის გესმის, მაგრამ ალბათ განსაკუთრებით - სტუდენტობისას, თუმცა ამ შემთხვევაში, დიდ თანხაზე საუბარი არ არის. სტუდენტობა ისეთ წლებში გავიარე, როცა ბევრი სირთულე იყო, ქუჩაში ვჭამდით ან თეატრალური უნივერსიტეტის წინ, "ლაღიძეში" გადავდიოდით. გინდოდა თუ არა, ვინმე უნდა დაგეპატიჟებინა... ამიტომ ფული ყოველთვის საჭიროა. 14 წლისას უკვე ჩემი შემოსავალი მქონდა: მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ვიყავი. კიდევ უამრავ რამეს ვაკეთებდი.

- პირველი ჰონორარი როდის მიიღეთ და რა თანხას შეადგენდა, თუ გახსოვთ?

- პირველი ხელფასი - 35 ლარი 14 წლისამ ავიღე. ჩემი ასაკის ბავშვისთვის მაშინ ეს თანხა ცუდი არ იყო. ახლა თითქოს სასაცილოა (იღიმის)... მერე ხელფასი მომიმატეს - უკვე 90 ლარს ვიღებდი... პირველი სტიპენდიაც მახსოვს: "ხუთოსნებისთვის" 20 ლარი იყო, ხოლო თუ სახელობითი სტიპენდია გქონდა - 30. მე ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სტიპენდიას ვიღებდი და მეამაყებოდა, რადგან ვერიკო ანჯაფარიძე ჩემთვის ფავორიტია, როგორც ტრაგიკოსი მსახიობი.

- სამსახურის ძებნა დაგჭირვებიათ?

- საიტებზე არასოდეს მომიძებნია, "სივი" არ გამიგზავნია, სამსახურისთვის ვინმესთვის არასოდეს მიმიკითხავს... ყოველთვის მთავაზობდნენ. ერთადერთი, საპატრიარქოს რადიოში მივედი - გახმოვანება მინდოდა. პრაქტიკის უფასოდ გავლა შემომთავაზეს. ჩემი შექმნილი პროდუქტი ეთერში გადიოდა... საერთოდ, რაღაცას რომ ვაკეთებ, მერე შემოთავაზებას ვიღებ და უკეთეს სამსახურში გადავდივარ ხოლმე. ხშირად 3-5 სამსახური მაქვს. ახლაც, ტელევიზიის გარდა, 2 თეატრში ვმუშაობ. წინათ უფრო მეტგან ვმუშაობდი.

- თქვენთვის ყველაზე რთული რომელი სამსახური იყო?

- ინტელექტუალურ სირთულეს თუ ვგულისხმობთ, შეიძლება ეს როლი ან გადაცემა იყოს, რომელსაც წლიდან წლამდე ვამზადებ და მუდმივად გონება მაქვს დატვირთული, რომ ისეთი სტუმარი მოვიყვანო, რეიტინგი "დადოს", კარგი გადაცემა გამოვიდეს... მარტივად არსად მიმუშავია. რადიოშიც საკმაოდ შრომატევად საქმეს ვაკეთებდი: 6 საათი ეთერში ვიყავი, თან, პულტს ვმართავდი, თან წამყვანი გახლდით... თეატრში მუშაობას რაც შეეხება, პრემიერამდე მსახიობი თეატრში ხარ "ჩაკეტილი" - ფიზიკურად, სულიერად, მორალურად, ინტელექტუალურად... ყველაფერს თეატრს სწირავ. ამ მხრივ იქ მუშაობა უფრო რთულიცაა და სასიამოვნოც.

- რომელიმე სამსახურში დისკომფორტი შეგქმნიათ?

- არა და ასეთ სამსახურში მუშაობა არც შემიძლია. თუ სამსახური შემოქმედებითი არაა, არც ვმუშაობ. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე დისკომფორტს მიქმნიდა. უბრალოდ, როცა სამუშაოდ ტელევიზიაში გადავედი, მივხვდი, რადიოში ძველებურად ინტენსიურად ვეღარ ვიმუშავებდი. ამიტომ რადიოდან წამოვედი... ყველა სამსახური მიყვარს, სადაც მიმუშავია.

- სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" ტელევიზიის ინტრიგანი თანამშრომლის როლს ასრულებდით. ახლა, როცა ტელევიზიაში მუშაობთ, როგორ სიტუაციაში ხართ? მაგალითად, ინტრიგებში ხომ არ ჩართულხართ გარკვეული დოზით ან მსხვერპლი ხომ არ გამხდარხართ?

- წინათ ინტრიგები ყოფილა, მაგრამ ახლა - ნამდვილად არა: "იმედში" ფანტასტიკური ურთიერთობები გვაქვს. ძალიან კარგი გუნდი შევკარით, კარგად ვარ... წინათ, როცა პოლიტიკური გადაცემის წამყვანი გახლდით, რაღაც ინტრიგები იყო. პირდაპირ გეტყვი: დაპირისპირებები პროდიუსერებთანაც მქონია. იმას ვგულისხმობ, რომ აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არსებობს და ინტრიგის სკალაც უფრო იმატებს ხოლმე. ყოველდღე "ლაივ"-რეჟიმში ვიყავით. თან, სულ რაღაც ხდებოდა, გარკვეული ჯგუფების მიერ სოციალურ ქსელებში შემოტევებს ვიღებდით, გვლანძღავდნენ...

GzaPress

- დროის მართვას კარგად ახერხებთ?

- ეგ კარგად მაქვს დამუღამებული: დღის განმავლობაში ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. დროს ისე ვანაწილებ, რომ მაგალითად, რეპეტიცია ტელევიზიაში გადაცემის დაგეგმვის პერიოდს არ დაემთხვეს... საერთოდ, მსახიობებს ასეთი რეჟიმი გვაქვს, მით უმეტეს - ტელევიზიის თანამშრომლებს. ამიტომ დროის მენეჯმენტი კარგად "დავამხეცე".

- ფინანსური კრიზისი შეგქმნიათ?

- კრიზისი არ ყოფილა. უბრალოდ, ჯერ იმ დონემდე მისული არ ვიყავი, რომ დამოუკიდებლად ისე მეცხოვრა, როგორც საჭირო იყო: თუნდაც, სესხი რომ აიღო ადამიანმა, ცხოვრების პირობები გაიუმჯობესო, სახლი იყიდო... დევნილს საერთო საცხოვრებელში ცხოვრება მიწევდა... წლები დამჭირდა, რომ დამოუკიდებლობისთვის მიმეღწია. ეს საკითხი გარემოზეცაა დამოკიდებული: ჩვენს ქვეყანაში ომი, არეულობა იყო... ჩემი შემოსავალი ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში იზრდებოდა. საქართველოში თავის დამკვიდრება იოლი არ ყოფილა, მით უმეტეს - ფინანსურად. ჩემი შემოსავალი ნელ-ნელა სტაბილური გავხადე: ტელევიზიისა და თეატრის გარდა, კორპორაციული საღამოების წაყვანას, სარეკლამო ბარტერებს მთავაზობენ, რაც ცხოვრებას საგრძნობლად მიუმჯობესებს. მაღალბიუჯეტიან ქორწილშიც, სადაც ვარსკვლავები მღერიან, ხშირად ვყოფილვარ წამყვანის ამპლუაში. "ინფლუენსერის" ფუნქციასაც ვითავსებ: სოციალურ ქსელებში ხშირად სარფიან რეკლამას ვაკეთებ. მაგალითად, ერთ-ერთმა კომპანიამ საძინებელი ოთახი მთლიანად მომიწყო. უკვე იმის წინა პირობას მიქმნის, რომ ოჯახი შევქმნა (იღიმის). ასევე, ესთეტიკური მედიცინის ერთ-ერთმა ცენტრმა კბილებზე ვინირება გამიკეთა და ეთერში ღიმილი უფრო გამილამაზა - ჰოლივუდური ღიმილი გამიხდა... იცით, რა, საქართველოში თანხის გადახდა უჭირთ ხოლმე. მაგალითად, რა თანხაც კბილების გაკეთებას ან სახლის ინტერიერის მოწყობას სჭირდება, იმ თანხას არავინ გადაგიხდის. ამიტომ ხანდახან ბარტერს ვთანხმდები (როცა მჭირდება, რა თქმა უნდა). ამით კომპანიასაც ემატება მომხმარებელი და მეც სიკეთეს მაძლევს... კორპორაციული საღამოები კორონავირუსმა გააჩერა. ამ მხრივ, შოუბიზნესის წარმომადგენლებს შემოსავალი შეგვიმცირდა... სტუდენტობის მერეც მქონდა პერიოდი, როცა მხოლოდ თეატრსა და რადიოში ვმუშაობდი, მართლა ძალიან მცირე ხელფასი მქონდა, რადგან უბრალოდ, თეატრის და რადიოს ბიუჯეტი იმხელა არ არის, რომ მაღალი ხელფასი გქონდეს... მაშინ ასეთი დამოუკიდებელი ვერ ვიყავი.

- თქვენი შემოსავლის ძირითად ნაწილს რაში ხარჯავთ?

- ალბათ ტანსაცმელსა და ყოველდღიურ ხარჯებში. ასევე, ოჯახში უამრავი რამ არის საჭირო. საერთოდ, დიდ სავაჭრო ცენტრებში სიარული და თუნდაც სახლისთვის აქსესუარების ყიდვა მიყვარს, რითიც შინ ინტერიერს ვალამაზებ. ახლა ნახატები მაინტერესებს. საერთოდ, სურათების ყიდვა მარტივი არ არის, მაგრამ ჩუბჩიკას სურათები ვიყიდე. რაღაცების შეძენაზე კიდევ ვფიქრობ... მოკლედ, ფულს ყველაფერში ვხარჯავ, რაც შეიძლება, რომ ოჯახს სჭირდებოდეს.

- დაოჯახებას მართლა აპირებთ?

- დეტალების თქმისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ უახლოესი 6 თვის განმავლობაში (შეიძლება უფრო ადრეც) პირად ცხოვრებაში რაღაც სიახლეები მქონდეს...

- კეთილსინდისიერი "ინფლუენსერი" ხართ?

- კი. რეკლამას აუცილებლად მთელი გულით ვაკეთებ. კომპანია კმაყოფილი რჩება. როცა მაღალრეიტინგული გადაცემის წამყვანი ხარ და შენს გადაცემას მთელი ქვეყანა უყურებს, არ შეიძლება, ყველა შემოთავაზებას იოლად დათანხმდე. ხანდახან რაღაცებზე უარის თქმაც გიწევს ადამიანს. რასაც ვაკეთებ, მართლა ხარისხიანად ვაკეთებ.

- როგორ ფიქრობთ - ისეთი რა თვისებებით გამოირჩევით, რომლებმაც წარმატებაში ხელი შეგიწყოთ?

- იუპიტერი თევზებში "მყავს" (იუპიტერი არის წარმატებისა და გამარჯვების პლანეტა, რომელიც ყველას სხვადასხვა ზოდიაქოში "ჰყავს"), რაც ალბათ, ჩემი წარმატების ერთ-ერთი მთავარი გარანტია: რაზეც მიფიქრია, მიოცნებია ან წარმომედგინა, ყველაფერი სხვადასხვა დროს მისრულდება, ინტუიციურ სამყაროში გაშვებულ გზავნილებს კეთილად მიბრუნებს, მაგრამ მაინც ყოველთვის მწამს, რომ წარმატება ადამიანების მიმართ კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული: ადამიანმა სიკეთეც უნდა გააკეთოს, ცოტათი სხვასაც დაეხმაროს, რაღაცაში თანაზიარი გახდეს. მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი არ შეიძლება. საჭიროა, ბევრი ენერგია სხვებისთვის შენც გასცე და მერე, რაც გინდა, პროფესიასა თუ პირად ცხოვრებაში, გიბრუნდება... დანარჩენი - ნიჭიერებაზე, შრომასა და ცოტათი - ბედ-იღბალზეა დამოკიდებული.

- საქმიან ან დასაქმების მოსურნე ადამიანებს რას ურჩევთ?

- თუკი პანდემიის დროს შემოსავლის წყარო გაგიქრათ, ჩემი მეგობრის შესახებ გეტყვით, რომლის ბიზნესიც "გაჩერდა", მაგრამ უცბად სხვა, ძალიან სერიოზული ბიზნესი წამოიწყო: პანდემიის დროს სხვადასხვა ავტორის ნახატები შეაგროვა და მათი რეალიზება დაიწყო - ონლაინგალერეა გააკეთა... თუ რაიმე ნიჭი გვაქვს, შეგვიძლია, ამ პერიოდშიც არ გავჩერდეთ და მცირე ბიზნესისთვის, რომელიც ონლაინ ან ადგილზე მიტანით იქნება, რამე მოვიფიქროთ... ტელეწამყვანი და მსახიობი ვარ - ადამიანებს "რეცეპტებს" ნამდვილად ვერ "გავუწერ". უბრალოდ, ჩვენი წარმატებისთვის მუდმივად უნდა ვიბრძოლოთ. ცხოვრებას გაცილებით მეტი აზრი აქვს, როცა წარმატებულები ვხდებით, ჩვენ ირგვლივაც ყველა კარგადაა ხოლმე: ვიღაცისთვის მაგალითი ხდები, ვიღაცისთვის - დამსაქმებელი... მოკლედ, ნებისმიერი ადამიანის წინსვლა და წარმატება საზოგადოების სიჯანსაღისა და გაძლიერების მთავარი ფორმულაა. ამიტომ ყველას ვეტყვი: პანდემიამ არ შეგაშინოთ! ცოტა ხანში, როცა ეს "მესამე ტალღაც" გადაივლის (ალბათ - მარტში), ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდება. შეიძლება, ბევრი რამე შეიცვალოს, განახლდეს, საინტერესო გახდეს...

ეთო ყორღანაშვილი