დიმიტრი ტატიშვილის მთავარი გულისტკივილი - გზაპრესი

დიმიტრი ტატიშვილის მთავარი გულისტკივილი

"არ ვიცით, რას ნიშნავს სამშობლოს მოვლა, რა გვეკუთვნის მისგან და რა უნდა გავცეთ მისთვის..." - ეს მიზეზი დამისახელა მსახიობმა დიმიტრი ტატიშვილმა, როცა ქართული ფეხბურთის წარუმატებლობის მისეული ახსნა ვთხოვე. თანდათან საკითხი განაზოგადა და არაერთ სხვა ეროვნულ ტკივილს შეეხო. ამბობს, რომ ახლა პირადი და თუნდაც პროფესიული მიზნების, გეგმებისა და ფიქრის დრო არ არის, რადგან პრიორიტეტული სამშობლოს გადარჩენაა...

რა შეცვალა მის ცხოვრებაში პანდემიამ, რას ფიქრობს არჩევნების, სპორტის, ჭეშმარიტი თუ ფსევდოღირებულებების შესახებ? - დიმიტრი ტატიშვილი გულწრფელად და ემოციურად გვიზიარებს თავის მოსაზრებებს:

- თეატრში არ დავდივარ. "მთავარ არხზეც" ხმას დისტანციურად ვგზავნი. ასე რომ, გარეთ გასვლა სამსახურებრივი მოვალეობის გამო არ მიხდება. მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გავდივარ ან ჩემს მეგობარს, ირაკლი ჩოლოყაშვილს ვნახულობ, რომელიც აქვე, სხვათა შორის, საკუთარი ხელით პირველ ნამჯის სახლს აშენებს და ვეხმარები ხოლმე.

- პანდემიის პირობებში ხომ არ წამოიწყეთ რაიმე ისეთი საქმე, რისი გაკეთებაც ყოველთვის გსურდათ და ამისთვის დრო არ გყოფნიდათ?

- სიგარეტს აღარ ვეწევი და ინტენსიური ვარჯიში დავიწყე.

- ბევრს კითხულობთ?

- მიუხედავად იმისა, რომ თითქოს სიმშვიდეა, ეს არ არის სიმშვიდე... დაძაბულობაა და კითხვა მიჭირს. ადრე ამისთვის დრო არ მქონდა, ახლა მაქვს, მაგრამ როგორც იტყვიან, გულს ვერ ვუდებ. ვფიქრობ ბევრს. როგორც ალბათ ყველამ, ბევრი რამ გადავაფასე. რაც მნიშვნელოვანი მეგონა, აღმოჩნდა, რომ სულაც არ ყოფილა ღირებული. მივხვდი, არსებობს ცრუკერპები ყველა სფეროში. მღვდლებსა და ექიმებსაც ვგულისხმობ. ჭარბობს უვიცობა და უპატიოსნობა. არ ვიცი, საიდან გვაქვს პრეტენზია ქართულ კინოზე, თეატრზე, ფეხბურთზე. საერთოდ, რა საჭიროა თბილისში ამდენი თეატრი?! სამაგისოდ გვაქვს საქმე?!. ან რატომ უნდა იყოს თბილისში გრიბოედოვის თეატრი? თუკი ეს საქართველოში მცხოვრები რუსი მოსახლეობის გამო ხდება, მაშინ მოსკოვშიც უნდა არსებობდეს ქართული თეატრი იქ მცხოვრები ქართველებისთვის. რადგან ასე არ არის, არც აქ უნდა იყოს, მით უმეტეს, რუსეთი ჩვენი გაცხადებული აგრესორი და ჩვენი ტერიტორიების დამპყრობელია. ჩვენც არ ვართ ვალდებული, სახელმწიფო ინახავდეს რუსულ თეატრს თბილისში. რატომ უნდა იყოს მთაწმინდაზე დაკრძალული გრიბოედოვიც და ილიაც? რა დამსახურებისთვის?! ეს უთავმოყვარეობაა. ან რა საჭიროა ამდენი ეკლესია?! სულიერების განვითარებაში ეხმარება ადამიანებს? ამას ვერ ვხედავ. ამდენი უნივერსიტეტია და განათლებული ადამიანები არ არიან. ამდენი ეკლესიაა და სულიერება არ არსებობს. პირიქით, ადამიანების უმრავლესობას არ ესმის ქრისტიანობის არსი. სიღარიბე ჭამს ადამიანის ფსიქიკას, ადამიანობას აკარგვინებს. სიღარიბის გამო სულ ახლახან, 50 ლარად საკუთარი საარჩევნო ხმა გაყიდეს ისე, რომ არც დაფიქრებულან. სიდუხჭირე ადამიანსა და ცხოველს შორის ზღვარს შლის, ადამიანს მორალურად თრგუნავს. მშიერი და ბნელი ხალხით მანიპულირება იოლია. თავისუფლება, დამოუკიდებლობა არ გვაქვს და მაღალ მატერიებზე "ვიქაჩებით". საზოგადოებაში ძირეული ცვლილებებია მოსახდენი. ის გვმოძღვრავს, ვინც თავად არ არის ჭეშმარიტი ქრისტიანი. მოგეხსენებათ, ყველაზე ბინძური საქმეები გაკეთებულა ქრისტიანობის სახელით. ცრუკერპები, ცრუავტორიტეტები... ადამიანს მოიხსენიებენ "მაგარ" რეჟისორად, მხატვრად, მუსიკოსად, მწერლად და არაფერი ფასეული არა აქვს შექმნილი... სამაგიეროდ, პრეტენზია აქვს, იყოს ერის მამა... ამას რომ ვუყურებ, აღარც სცენაზე გასვლისა და თამაშის სურვილი მიჩნდება... ასეთი განწყობა იმის გამო მაქვს, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა და ხალხი. ვწუხვარ, რომ იმის ნაცვლად, საერთო მტრის წინააღმდეგ გავერთიანდეთ, ერთმანეთს ვებრძვით.

- ამბობენ, რომ პანდემიამ ცუდთან ერთად, ბევრი სიკეთე მოიტანა. შეგიძლიათ გამოყოთ, რას მიიჩნევთ იმ კარგ ცვლილებად, რაც პანდემიის შედეგად მივიღეთ?

- პანდემია, როცა იქნება, გაივლის, მაგრამ იმავე ცხოვრებაში ვეღარ დავბრუნდებით. როგორც ამბობენ, ორჯერ ერთ წყალში ვერ შეხვალ. ბევრი რამ შეცვალა და კიდევ ბევრს შეცვლის. კარგ ცვლილებად შემიძლია ის დავასახელო, რომ ოჯახის წევრებთან მეტი სიახლოვე გაჩნდა.

- სოფელს დაბრუნებული ადამიანები?

- არა, ასე არ არის. ხალხი სოფლებს უნდა დაუბრუნდეს საკუთარი გადაწყვეტილებით. იძულებული კი არ უნდა იყოს, იქ ცხოვრობდეს და პანდემიის დასრულებას ელოდოს, არამედ იქ ყოფნა უნდა უხაროდეს. ეს არ არის დაბრუნება, როცა ერთი სული გაქვს, თბილისისკენ "გამოვარდე"... განსხვავება სოფელსა და ქალაქს შორის უნდა იყოს მხოლოდ სუფთა ჰაერი და ნატურალური საკვები, ეს ფუფუნებად უნდა მიიჩნეოდეს. რაც შეეხება კარგს, რაც პანდემიამ გამოიწვია, არის კიდევ ის, რომ ადამიანებმა რაღაცების გაანალიზება დავიწყეთ. რუტინა, რასაც დამორჩილებული ვყავდით, შეჩერდა, თუმცა, წარმოიშვა მეორე რუტინა - ადამიანებმა სამსახური, შემოსავლის წყარო დაკარგეს.

- სპორტით დაინტერესებული ხართ. ბოლო პერიოდის თამაშების მიხედვით, როგორ ახსნით ამ "წრეზე ბრუნვას", რა გვჭირს?

- არც არაფერს ველოდი და არც არაფერი გამკვირვებია. სწორი დამოკიდებულება არ გვაქვს ცხოვრების მიმართ. არ ვიცით, რას ნიშნავს სამშობლო, მისი მოვლა, რა გვეკუთვნის მისგან და რა უნდა გავცეთ მისთვის...

- საზღვარგარეთ რომ წარმატებით თამაშობენ, სამშობლოს სიყვარული აქვთ მეტი?

- საზღვარგარეთ იციან მუშაობის და დასვენების ფასი. როცა ყველა აცნობიერებს, რომ ერთი ქვეყნის მოქალაქეები არიან და არა ერთმანეთის მტრები, ცხოვრების დონე თავისთავად მაღლდება. ფეხბურთელები აცნობიერებენ, რომ პროფესიის ფლობაში უხდიან.

GzaPress

- თანხები ჩვენთანაც იხარჯება...

- ჩვენთან არ იხარჯება, ჩვენთან იპარავენ... როცა ქვეყანაში პენსია 220 ლარს შეადგენს, როგორ შეიძლება მილიონები იხარჯებოდეს სპორტის იმ სახეობაში, რომელიც ადგილიდან ვერ იძვრის?! ათეულობით მილიონი იხარჯება საზოგადოებრივი არხის, ასევე, საპატრიარქოსთვის. როცა ვისწავლით ჩვენი ქვეყნის მოვლას, ორიენტირებული ვიქნებით სწორ ფასეულობებზე, ფეხბურთიც გვექნება. ახალი მანკიერებები შეგვძინა და ძველი გაგვიღვივა იმპერიამ, რომელიც მუდმივად გვებრძვის. თვითონ გახრწნილი, ჩვენს გახრწნას ცდილობს. რუსეთში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო. სამართალდამცავი ორგანოები იცავენ მდიდრებს, ჩინოვნიკებს და არა - ხალხს. მაფიაა გამეფებული. რუსეთი საკუთარი მოსახლეობის მიმართ ყოველთვის მტრულად იყო განწყობილი, მის დამორჩილებაში ხარჯავს მთელ რესურსს. რუსმა ხალხმა არ იცის, რატომ უნდა უყვარდეს სამშობლო, რადგან არც სამშობლოს უყვარს ის. ქართველი არ უნდა ამბობდეს, - როგორ აგინა პუტინს გიორგი გაბუნიამ, ეს როგორ გაბედაო?! კი არ უნდა აგინო, საშუალება თუ მოგეცა, თავიც უნდა მოაჭრა... ილია მახსენდება: ერთმანეთისგან ვერ გაგვირჩევია მტერი და მოყვარე, ჭეშმარიტი ფასეულობები დავივიწყეთ და ფსევდოფასეულობებზე გადავეწყვეთ. სწორედ ამ პრობლემებს უნდა ეხებოდეს ფილმები, სპექტაკლები, ნაწარმოებები. არ ვამბობ, რომ პერსპექტივა არ გვაქვს; გვაქვს, მაგრამ თუ ახლავე არ გამოვიყენეთ, მერე აღარაფერი გვეშველება... არც პესიმისტი ვარ, არც უტვინო ოპტიმისტი, უფრო რეალისტი გახლავართ. თუ ახლა თავი დავაღწიეთ გახრწნილ რუსეთს, გვეშველება, თანაც - სამუდამოდ, მაგრამ თუ ეს ვერ მოვახერხეთ, მაშინ ასევე სამუდამოდ დავრჩებით მონურ რეჟიმში.

- აქციებს აქტიურად უერთდებით?

- რა თქმა უნდა. უსინდისოებს არასოდეს დავუთმობთ სამშობლოს. კატასტროფის პირას კი არა, უკვე კატასტროფაში ვართ. დავემსგავსეთ იმ თითზე ჩამოსათვლელ სახელმწიფოებს, სადაც ერთპარტიული პარლამენტია. ქვეყანა გადასარჩენია. ჩემს პროფესიასაც, ამ ეტაპზე, ამ კუთხით მივმართავ - დოკუმენტური ფილმების სახით რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძვი. არასოდეს მიღალატია ჩემი პრინციპებისთვის, არც ერთი მთავრობისგან არ მქონია არც პრივილეგია და არც ჯილდოები. არც ველოდები და არც მჭირდება. უბრალოდ, ვარ ჩემი ქვეყნის შვილი და ვიცი, როგორ უნდა მივხედო მას. ჩვენი ქვეყანა ჩვენ თუ არ გადავარჩინეთ, უბრალოდ, აღარ იარსებებს. მე აღარ მინდა რუსეთში, ტყუილების სახელმწიფოში ვიცხოვრო. მოგეხსენებათ, როცა ზარბაზნები ქუხს, მუზები დუმს. ახლა ვითარება ასეთია: სამშობლოს ვკარგავთ. პირველ რიგში, მისი გადარჩენაა საჭირო და აუცილებელი. როცა ამას მოვახერხებთ და ზარბაზნები დადუმდებიან, მერე უკვე მუზებიც "ახმაურდებიან" (იღიმის).

შორენა ლაბაძე