საოცნებო მისტერ როჩესტერი და ელიოზას სამაგალითო სიყვარული - გზაპრესი

საოცნებო მისტერ როჩესტერი და ელიოზას სამაგალითო სიყვარული

ამბობს, რომ ადამიანისთვის (მით უმეტეს - ჟურნალისტისთვის) მთავარი განათლება უნდა იყოს. ყოველთვის ვცდილობ, შვილს მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდო. წიგნების კითხვას უკვე მივაჩვიეო.

- შვილს ვუხსნი, - თუ ადამიანმა წიგნები არ წაიკითხა, არ ისწავლა, ის ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს-მეთქი. როცა მეუბნება, რომ რაღაცის ყიდვა უნდა, ვპასუხობ, - როცა გაიზრდები, აუცილებლად იყიდი, თუკი განათლებული იქნები-მეთქი და წიგნების მიმართ ინტერესი უჩნდება...

- წიგნების დამოუკიდებლად კითხვა როდის დაიწყეთ?

- ალბათ, მეორე-მესამე კლასიდან.

- პირველად რომელი ნაწარმოები წაიკითხეთ?

- ალბათ, "ტომ სოიერის თავგადასავალი", მაგრამ პირველი წიგნი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, შარლოტა ბრონტეს "ჯეინ ეარი" იყო.

- ეს წიგნი წასაკითხად თავად შეარჩიეთ?

GzaPress- დედამ შემირჩია. ჯეინ ეარის რჩეული მამაკაცი - მისტერ როჩესტერი ჩემთვის საოცნებო მამაკაცი დიდხანს იყო.

- ეს საოცნებო მამაკაცი სხვა ლიტერატურულმა პერსონაჟმა როდის ჩაანაცვლა?

- არავის ჩაუნაცვლებია. ჩემთვის დღემდე კაცის იდეალია, მიუხედავად იმისა, რომ მისტერ როჩესტერი ძალიან პირქუში, "ცივი" ადამიანი იყო...

- რომელი ავტორის თხრობის სტილი მოგწონთ?

- დოსტოევსკი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი გახლავთ. საერთოდ, კლასიკური ნაწარმოებები უფრო მომწონს, ვიდრე - თანამედროვე. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ რატომღაც, თანამედროვე მწერლების წიგნები "ერთჯერადი" წასაკითხია, რომელიც იმიტომ უნდა წაიკითხო, რომ წაკითხული გქონდეს.

- რომ არ წაიკითხოთ, რამე დაშავდება?

- შეიძლება, არ დაშავდეს, მაგრამ სადღაც, კონკრეტულ საზოგადოებაში რომ მოხვდები და "გეტიპებიან", - მე წაკითხული მაქვსო, შეიძლება, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდე... ზოგიერთი წიგნს იმიტომ კითხულობს, რომ წაკითხული ჰქონდეს, მეორე დღეს კი ნაწარმოები არც ახსოვს. ამას ჯობს, საერთოდ არ წაიკითხო ან ისეთი წიგნი შეარჩიო, რომელიც დაგამახსოვრდება.

- თანამედროვე მწერლებიდან არავინ მოგწონთ?

- მაგალითად, ორჰან ფამუქი, რომელიც ახლა ძალიან მოდური და ვითომ თანამედროვე წიგნების "კასკადის" შემქმნელია, დიდად არ მომწონს. ჩემზე დიდი ზეგავლენა არც "უმანკოების მუზეუმს" მოუხდენია, არც - "თოვლს"... შეიძლება, მისი ნაწარმოებების რამდენიმე გმირი გამოვყო, თუნდაც - ფუსუნი, რომელმაც ჩემზე გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინა: "ჩაკეტილი" ადამიანი იყო, საკუთარ გრძნობებს არ გამოხატავდა და მაქსიმალურად ცდილობდა, მკითხველისთვის ბევრი ესწავლებინა... მიუხედავად ამისა, ფამუქი ჩემთან "ახლოს მაინც ვერ მოვიდა".

- აღნიშნეთ, - ჩემზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინაო. მიუხედავად ამისა, ფამუქის რამდენიმე ნაწარმოები მაინც წაგიკითხავთ...

- ერთი ნაწარმოები რომ წავიკითხე, ვიფიქრე, - ეს თუ არა, იქნებ მეორე მომეწონოს-მეთქი, მერე - მესამე... სამაგიეროდ, თანამედროვე ფრანგულ ლიტერატურას დიდ პატივს ვცემ. შეიძლება, ვიღაცამ დამძრახოს, - ორჰან ფამუქი თუ არ მოგწონს, როგორ შეიძლება, ფრედერიკ ბეგბედერი მოგწონდესო, მაგრამ ჩემთვის ბეგბედერი უფრო მისაღებია. "99 ფრანკი" ძალიან მომწონს, ასევე - "სიყვარული ცოცხლობს 3 წელი". თან, ამ წიგნების მიხედვით ფილმებიც არის გადაღებული. ჩემთვის ამ ნაწარმოებების ეკრანიზაციებიც მისაღებია, თუმცა, წიგნები უფრო შთამბეჭდავია.

- ფრედერიკ ბეგბედერის ნაწარმოებებში რა გიზიდავთ?

- ის, რომ მწერალი თანამედროვეობას ზუსტად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე გადმოსცემს. ცოტა არ იყოს, არალიტერატურული, "არამისაღები" ენა აქვს, მაგრამ ადამიანებს ისე აღწერს, როგორიც სინამდვილეში ვართ.

- უცხოურ ლიტერატურას "ორიგინალში" კითხულობთ თუ ქართულ თარგმანს ამჯობინებთ?

- ვცდილობ, რუსულად წავიკითხო, რადგან ძველი, კლასიკური ნაწარმოებები სულ რუსულად მაქვს წაკითხული, მაგალითად - "ტრიუმფალური თაღი", ჟან-ჟაკ რუსოს ნაწარმოებები... თუკი მწერალი რუსი გახლავთ, რაღა თარგმანი წავიკითხო, ბარემ ნაწარმოებს ორიგინალში გავეცნობი.

- "ორიგინალი" და თარგმანი თუ შეგიდარებიათ?

- ბავშვობაში "რომეო და ჯულიეტა" ინგლისურად წავიკითხე, მერე - ქართულად, რადგან ინგლისურად ნახევარი ვერ გავიგე. მიუხედავად ამისა, ვიჯექი და ბოლომდე ვკითხულობდი, გვერდით კი ლექსიკონი მედო...

- როგორ ფიქრობთ, წიგნიერი ადამიანი გონიერია?

- არა, რადგან შეიძლება, ადამიანი ჭკვიანი, გონიერი იყოს, მაგრამ ბევრი წიგნი არ ჰქონდეს წაკითხული; ასევე, შესაძლოა, ადამიანს უამრავი წიგნი ჰქონდეს წაკითხული, მაგრამ ცოდნას ვერ ავლენდეს. ერთ-ორს ვიცნობ, ვისაც ბევრი წიგნი არ წაუკითხავს. სამაგიეროდ, იმის უნარი აქვს, რომ თუ ვიღაც რაღაც საინტერესოს იტყვის, "დაიჭიროს", დაიმახსოვროს. ეს დიდი ნიჭია.

- მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა გაქვთ?

- კი, დიდი ბიბლიოთეკა მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს დედაჩემის დამსახურება გახლავთ, მე ამით ვერ დავიკვეხნი...

- თავად წიგნების შეძენა თუ გჩვევიათ?

- როგორ არა! თანამედროვე წიგნებს ვყიდულობ და ვკითხულობ, მაგრამ კლასიკური ლიტერატურა რაც მაქვს, ყველაფერი დედას შეძენილია.

- მსოფლიო ლიტერატურული შედევრებიდან, თქვენი საყვარელი პერსონაჟი რომელია?

- ჟან-ჟაკ რუსოს "ჟიული ანუ ახალი ელიოზადან" - ელიოზა; ქალბატონი, ვის შესახებაც ამხელა რომანია დაწერილი. რომანტიკული გმირია. ძლიერ უყვარს ადამიანი, რომელიც გვერდით ჰყავს და საკუთარ გრძნობებს კარგად გადმოსცემს... თავად გრძნობებს სიტყვებით ვერ გამოვხატავ - ეს ჩემთვის დიდი პრობლემაა. ელიოზას ისე უყვარს, რომ მინდა, ასეთი სიყვარული თავადაც განვიცადო...

- წიგნის დაწერაზე თავადაც ხომ არ გიფიქრიათ?

GzaPress- დღიურის წერა ბავშვობიდან დავიწყე და ბოლოს, ამდენი წლის ნაწვალები გასულ ზაფხულს დავწვი; არც ერთი წუთით არ დამნანებია... წიგნის წერას რაც შეეხება: აუცილებლად დავწერ! რამდენჯერმე დავიწყე კიდეც, წავშალე, ისევ დავიწყე, შუა გზაში მივატოვე... მოვა დრო, როცა თავისუფალი 2 წელი მექნება, ჰამაკში დავწვები ან ბუხართან, "მარტინით" ხელში მოვიკალათებ და წიგნს დავწერ...

- ეს წიგნი თქვენი ცხოვრების შესახებ იქნება?

- არა, მაგრამ შეიძლება, რაღაც დეტალები ჩემი ცხოვრებიდან გამოვიყენო. აუცილებლად რომანტიკული წიგნი იქნება, შეიძლება - დრამატულიც...

- დღიურები რატომ დაწვით?

- ალბათ იმიტომ, რომ მაინც "ვუბრუნდებოდი", ჩემს ცხოვრებაში შეცდომებს ვეძებდი. იმ აზრით ვცხოვრობდი, რომ იგივე შეცდომები არ გამემეორებინა, რამაც დამთრგუნა. ჰოდა, დავწვი, რომ "უკან აღარ დავბრუნებულიყავი" და რაღაცებზე არ მეფიქრა... მივხვდი: თუკი რაღაც უკვე მოხდა, ჯობდა, თავი დამენებებინა, რატომღა ვიქექებოდი? ვიდრე წარსულის პირისპირ დგახარ, მომავლისკენ ზურგით იდგები.

- ახლა თავს ლაღად გრძნობთ?

- კი. ამჟამად ერიხ ემანუელ შმიტის "ოსტენდელ მეოცნებეს" ვკითხულობ, რომელმაც "ჩამითრია". რა თქმა უნდა, ეს იმ წიგნების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ადამიანს წაკითხული უნდა გქონდეს...

- შეიძლება, თვე ისე გავიდეს, წიგნი არ წაიკითხოთ?

- როგორ არა. სამწუხაროდ, ნოემბერში არაფერი წამიკითხავს. რომელიმე ნაწარმოების წაკითხვა ყოველთვის დაწყებული მაქვს... წიგნი სულ თან დამაქვს და როგორც კი 2 წუთით მოვიცლი, გადავშლი და ვკითხულობ.

- ანუ წიგნის წასაკითხად განსაკუთრებული გარემო არ გჭირდებათ?

- კლუბში რომ ვმუშაობდი, წიგნით ხელში ვიჯექი ხოლმე. ხალხს ეგონა, - უნდა, თავი წიგნიერად მოგვაჩვენოს და ამიტომ კითხულობსო. არადა, წიგნი მაინტერესებდა და იმიტომ ვკითხულობდი. "ჟიული ანუ ახალი ელიოზა" ვრცელი ნაწარმოებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. მოთქმით ვტიროდი... კითხვა რომ დავასრულე, ემოციური მონაკვეთი თავიდან გადავიკითხე და კიდევ 2 დღე გულამოსკვნილი ვტიროდი.

- თამუნა, "გზის" მკითხველებს რომელი წიგნის (წიგნების) წაკითხვას ურჩევთ?

- მაგალითად - "ტრიუმფალური თაღის". მიმაჩნია, რომ ადამიანს ერიხ მარია რემარკის ნაწარმოები ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს წაკითხული. ასევე, აუცილებლად უნდა წაიკითხონ ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში". ამის აღიარება მრცხვენია, მაგრამ ეს წიგნი მხოლოდ იმიტომ წავიკითხე, რომ მარკ ჩეპმენს ეჭირა ხელში, როდესაც ჯონ ლენონი მოკლა და გარკვეული აბზაცები მონიშნული ჰქონდა... მოზარდებმა პუშკინის, ევგენი ონეგინის, დუბროვსკის ნაწარმოებები აუცილებლად უნდა წაიკითხონ... და კიდევ, "გზის" მკითხველებს დოსტოევსკის "თეთრ ღამეებს" ვურჩევ. ამ ნაწარმოებს წელიწადში ერთხელ მაინც ვუბრუნდები; თავიდან ბოლომდე მარტო იმიტომ ვეცნობი, რომ ბოლო აბზაცი წავიკითხო. მთელ შინაარსს ვერ მოვყვები, მაგრამ ნაწარმოები ასე მთავრდება: კაცი, რომელიც საყვარელმა ქალმა მიატოვა, ამბობს, - მთელი ჩემი ცხოვრება მარტო იმად ღირდა, რომ ეს 2-წუთიანი ბედნიერება შემეგრძნოო... რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ბედნიერების გარკვეული დრო (1 წუთი, 1 საათი...) დგება, რომელსაც მთელი სიცოცხლე ველოდით. მერე შეიძლება, კიდევ 50 წელი ვიცხოვროთ, მაგრამ აღარ განმეორდეს და იმ ბედნიერი წუთებით ვისულდგმულოთ, რაც გამოვიარეთ.

ეთო ყორღანაშვილი