ნოე ჟორჟოლიანის ბედნიერება და დიდი სისუსტე
font-large font-small
ნოე ჟორჟოლიანის ბედნიერება და დიდი სისუსტე
"სიყვარული სიტყვებით მეუღლისთვისაც არ ამიხსნია"

"როცა მომავალზე ვფიქრობ, საკუთარი თავი ჩემი შვილებისა და მათი მეგობრების მეგობრად წარმომიდგენია. მამას ზუსტად ასეთი დამოკიდებულება აქვს ჩემს მეგობრებთან და ეს მომწონს", - ამბობს ნოე ჟორჟოლიანი. რა აყენებს მას ყოველთვის კარგ ხასიათზე, რა აკვირვებს ადამიანებში, რის გამო იღებს საყვედურებს და რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.


- დაბადების თარიღი...
- ...1991 წლის 10 მაისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. ძალიან მიყვარდა და მომწონდა სანდრო ჟორჟოლიანი. მისი გვარი რომ მქონდა, მიხაროდა და მინდოდა, ჩემი სახით ამ სფეროში კიდევ ერთი კარგი ჟორჟოლიანი ყოფილიყო (იცინის). პროფესიით ტუროპერატორი ვარ. სანამ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, მუშაობა "ღამის შოუს" სტუდიაში მქონდა დაწყებული. მსახიობობის მოთხოვნილება ამ ფორმით დავიკმაყოფილე.
- ჩემზე ამბობენ...
- ...საკუთარ თავზე ლაპარაკი რთულია. როგორი ვარ, სხვებმა უნდა თქვან, მაგრამ ხშირად მსმენია, მეგობრულიაო.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...მნიშვნელოვან ცვლილებებს არ შევიტანდი. დღემდე ისეთი არაფერი მომხდარა, რის ცვლილებასაც ვისურვებდი.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...ბავშვობაში იყო, მაშინ თიხისგან ნამუშევრებს ვაკეთებდი. მეორე კლასში რომ ვიყავი, ბათუმში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ჩატარდა. სკოლაში ჩემი ნივთები ძალიან მოსწონდათ და გამოფენაზე მათ გაგზავნეს. პირველი ადგილი დავიკავე. ძალიან გახარებული ვიყავი. ვფიქრობდი, მსახიობობასთან ერთად, მოქანდაკეც ხომ არ გამოვიდე-მეთქი?
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...
- ...მშობლებს. მათი მხარდაჭერა, თანადგომა მნიშვნელოვანი იყო. მათ მომცეს სრული თავისუფლება, ყველა წამოწყებაში მხარს მიჭერდნენ, მეხმარებოდნენ.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს მშობლები, მეუღლე და ორი შვილი. ვცდილობ, ბავშვებთან მაქსიმალურად ბევრი დრო გავატარო. მინდა, კარგი მამა ვიყო.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ბუნებაში ვიყო. ჯანსაღი და სუფთა გარემო დადებითი ენერგეტიკით მმუხტავს. რაც აცივდა, ბავშვებთან ერთად გასვლას ხშირად ვეღარ ვახერხებ. თბილ ამინდებში უფრო აქტიურად დავდიოდით, ახალ ადგილებს ვნახულობდით.
GzaPress
- ბოლოს გასვლა...
- ...ბატეთის ტბაზე მქონდა. ულამაზესი ადგილია, ცოტათი რთულად მისასვლელიც, მაგრამ ბავშვებმა გამაკვირვეს, ფეხით სიარული არ გასჭირვებიათ. არადა, ვფიქრობდი, ორივეს ხელით ტარება მომიწევდა.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...რთული სათქმელია. ვცდილობ, ჩემში პატარა ბავშვი მუდამ ცხოვრობდეს. უფროსი შვილი 6 წლის არის, მეორე - 3-ის. უფროსი ისე აღარ მეფერება, თავი უკვე დიდი ბიჭი ჰგონია. ახლა ვხვდები, მშობლებს ჩემდამი რამდენად გაასმაგებული ექნებათ ეს განცდა.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ მეტი შემიძლია, საქმეს რაღაცას ვაკლებ, მაგრამ არ ვიცი, რას.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...ხშირად ვიხსენებ. ბუნებრივია, ვაანალიზებ, რატომ მოხდა და, რა თქმა უნდა, სინანულის განცდაც მაქვს.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ბევრი რამ, თუმცა ისეთი შეცდომაც არ მახსენდება, რომ ვთქვა, ამის მერე ეს აღარ გამიკეთებია-მეთქი. მნიშვნელოვანია, როგორი დამოკიდებულება აქვს ადამიანს შენდამი და არა - შენ მისდამი. მოლოდინიც ამის მიხედვით უნდა გქონდეს, მერე იმედგაცრუებული რომ არ დარჩე. შეიძლება შენ უფრო აფასებდე და მისთვის მეტ რამეს აკეთებდე; ასეთ დროს იგივე ემოცია რომ არ გიბრუნდება, ცუდია. ვისწავლე, როგორ არ უნდა შემექმნას ზედმეტის მოთხოვნის ილუზია, მერე გული რომ არ მეტკინოს.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ადამიანი გულწრფელია და ნანობს.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...საკუთარი თავი ჩემი შვილების და მათი მეგობრების უფროს მეგობრად წარმომიდგენია. მამასთან ზუსტად ასეთი დამოკიდებულება მაქვს, ის ჩემს მეგობრებთან მეგობრობს. პანდემიამდე შეკრება ჩემს სახლში ხშირად ხდებოდა და ყოველთვის დიდი დღესასწაული იყო. ეს გარემო იმდენად მომწონს, მინდა, ჩემთან მოსვლა ჩემი შვილების მეგობრებსაც უხაროდეთ.
- ვიბნევი...
- ...ინტერვიუს დროს. როცა შეკითხვები წინასწარ არ ვიცი, არც პასუხები მაქვს მოფიქრებული, არც ვიცი, შენგან რას უნდა ველოდო.
- ვნანობ...
- ...მძაფრი სინანული არაფრის გამო არ მაქვს.
- საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ...
- ...იშვიათად. ვცდილობ, საკუთარ თავს კონტროლი ყოველთვის გავუწიო, მით უმეტეს მაშინ, როცა ის რაღაც მხოლოდ მე მეხება.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...ბუნებაში. თევზაობა მიყვარს. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამოცდილი და ამ საქმის პროფესიონალი ვარ, მაგრამ დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ანკესებს, კაუჭებს, სატყუარებს რომ გადმოვიღებ, იმდენად ეშხში შევდივარ, ვინმე რომ მიყურებდეს, იფიქრებს, ეს რა მაგარი მეთევზე იქნებაო. ნადირობა არ მიყვარს.
- მეზარება...
- ...არაფერიც არ მეზარება. ახლა ჩემს საქმეში ისე ვარ ჩართული, სხვა რამისთვის დროც არ მრჩება. ეს საქმე რომ არ მიყვარდეს, ყოველდღიური შოუს ჩაწერას ვერაფრით შევძლებდი.
- სიყვარული - ეს...
- ...ავხსნა, რა არის? სიყვარული სიტყვებით მეუღლისთვისაც არ ამიხსნია. მივხვდით, ერთმანეთი გვიყვარდა. ჩემი აზრით, სიყვარული ურთიერთობაა.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...ის ახლა ჩემი მეუღლეა.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...ბავშვებთან ერთად, პანდების ვიდეოებს ვუყურებ და ვხალისობთ. ძალიან საყვარელი არსებები არიან. ყოველთვის კარგ განწყობაზე მაყენებენ.
- მაკვირვებს...
- ...ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთთან. ახალი წლის დღეები მიყვარს, ამ დროს ყველა ერთმანეთს უღიმის, ესალმება, ულოცავს, თავისთან ეპატიჟება... ეს ამბავი მხოლოდ ერთი კვირა გრძელდება და მერე ერთმანეთის ჭამას ვიწყებთ. განა ასე რთულია, სულ ის დადებითი განწყობა გვქონდეს?!.
- ვრისკავ...
- ...იშვიათად. გაუაზრებელი მოქმედება არ მჩვევია, არც საქმეში, არც საჭესთან, არც პირად ცხოვრებაში... ყოველთვის ვფიქრობ, რა მოჰყვება კონკრეტულ ნაბიჯს, გარდა ექსტრემალური ვითარებისა, როცა ფიქრის დრო არ გაქვს.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...ყველაზე დიდი ძალიდან გამომდინარეობს. ბავშვების მიმართ ზედმეტად ემოციური ვარ. როცა თავად ჩემი შვილის ასაკის ვიყავი, შეიძლება უფრო სახიფათო რამესაც ვაკეთებდი, მაგრამ როცა ვუყურებ, ჩემი შვილი ხის ტოტზე გადის, ვნერვიულობ. არადა, კარგად მახსოვს, ერთხელ დიდ ხეზე რომ ავედი, ვეღარ ჩამოვედი და სანამ არ მიპოვეს, იმ ხეზე ვიყავი. მესმის, რომ ჩემი სიფრთხილე ცოტათი ზედმეტია, მაგრამ მაინც ვნერვიულობ.
- ვამაყობ...
- ...ჩემი ოჯახით.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...სასიამოვნოა, გააჩნია ვინ, სად, რის გამო გაქებს, მაგრამ ვწითლდები, თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ.
- მეშინია...
- ...რაღაც დროის შემდეგ, ის ადამიანები, ვის გარეშეც დღეს ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, ჩვენ გვერდით აღარ იქნებიან.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...დამსახურებულად და ვფიქრობ, ჩემთან შენც იგივე საყვედური გექნება: ტელეფონს არ ვპასუხობ. ჩაწერაზე თუ ვარ, გამორთული მაქვს, ხან მანქანაში მრჩება, ხან დრო არ მაქვს ვუპასუხო და მერე გადარეკვა მავიწყდება.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...არც არაფერს, მაინცდამაინც პრანჭია არ ვარ.
- ვუფრთხილდები...
- ...სამსახურის პიჯაკს: ახალს იშვიათად ყიდულობენ. ამ თემაზე ხუმრობა, რომელიც შოუში მაქვს, გამოგონილი სულაც არ არის, სხვათა შორის - არც იპოთეკურ სესხზე (იცინის).
- ვიტყუები, როცა...
- ...ტყუილი სიმართლეზე უკეთესია. ზოგჯერ ტყუილი სიკეთის მომტანია.
- ყოველთვის მრცხვენია...
- ...მრცხვენია კი არა, რაღაც უცნაური შეგრძნება მაქვს, როცა გადაცემის სტუმარი უკვე სტუდიაში მოვიდა და სცენარზე მუშაობაც მაშინ დასრულდა. სტუდიაში მოუმზადებელი შესვლა არ მიყვარს. შემოქმედებითი ჯგუფი რამდენიმე გადაცემაზე მუშაობს. ეს მაყურებლისთვის საგრძნობი არ არის, მაგრამ არ მიყვარს, როცა ბოლომდე მომზადებული არ ვარ.
- თავისუფლება...
- ...იმის კეთებაა, რაც გინდა, მაგრამ ისე კეთება, რომ სხვისი თავისუფლება არ შეზღუდო და ყველანაირ ქმედებაზე პასუხისმგებლობა აიღო.
- როცა მარტო ვარ...
- ...სერიალებს ვუყურებ. დიდი ხანია, ამ მდგომარეობაში აღარ ვყოფილვარ.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...იპოთეკის სესხს დავფარავდი, მერე ბუნებაში, ტყის პირას, სამკუთხედ სახლს ავაშენებდი და ასაკში რომ შევიდოდი, საცხოვრებლად იქ წავიდოდი.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...ადამიანს ვერ მოვკლავ.
- მენატრება...
- ...ბავშვობა.
- ვაგროვებ...
- ...სიყვარულს.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...კნუტი მყავს, მას ვეფერები და მისი კრუტუნი მამშვიდებს. ახლა ვფიქრობ, მეორეც ხომ არ მოვიყვანო. ჩემს შვილს ძალიან უნდოდა, კატა გვყოლოდა.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ მშობლებმა ასე გამზარდეს: ვიცი, სხვას არასდროს უნდა გავუკეთო ისეთი რამ, რაც არ მინდა, სხვამ გამიკეთოს.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...მადლობას, რომ ამ ინტერვიუთი დაინტერესდით და წაიკითხეთ. ადამიანებისგან სითბოსა და სიყვარულს სულ ვგრძნობ. ეს განცდა მაბედნიერებს. ვაცნობიერებ, რამდენად დიდია მათი წვლილი ჩემს წარმატებაში.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვისგან მიიღო თაკო ჭანუყვაძემ შთამბეჭდავი საჩუქარი
ლევან ყოჩიაშვილის 10-წლიანი "ორმაგი ცხოვრება"
"ვცდილობ, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები უსიამოვნებისგან დავიცვა"
ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ის ინგლისელია
"გადაგდებული" მუსიკოსები და უხერხული სიტუაციის გამო დაკარგული მეგობარი
მსახიობის ცხოვრების მთავარი სიახლეები
რატომ აქვს გასაიდუმლოებული ცირა კობიაშვილს "ფეისბუკის" ანგარიში?
დავით კვირცხალია ქართველ ქალებსა და მისი თაობის ღირსეულ წარმომადგენლებზე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი