"საუკუნის სპექტაკლის" ავტორი იუბილარია - გზაპრესი

"საუკუნის სპექტაკლის" ავტორი იუბილარია

თეატრალური კარიერა მსახიობობით დაიწყო, შემდეგ რეჟისორის ხელოვნებას დაეუფლა და ჩვენს ქვეყანაში თუ საზღვარგარეთ არაერთ თეატრში დადგა სპექტაკლი. დღემდე აქტიურია და უამრავი გეგმა აქვს, რომელიც მსოფლიოში შექმნილი ეპიდვითარების გამო, დროებით დაპაუზდა. 29 ნოემბერს დაბადების დღე ჰქონდა, საიუბილეო თარიღი, თუმცა არ უყვარს დაკონკრეტება და არც მე ჩავეძიე, რადგან როგორც იყვიან, ასაკი მხოლოდ ციფრებია, სხვა არაფერი...

მსახიობი, რეჟისორი, ცხინვალის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - გოჩა კაპანაძე ყოველთვის საინტერესო მოსაუბრეა და ახლაც, არსებული რეალობის მისეული შეფასება დამაფიქრებელია.

- ბატონო გოჩა, ზოგი განსაკუთრებით ელის თავის დაბადების დღეს, ზოგსაც არ უყვარს და მათთვის ის მორიგი ჩვეულებრივი დღეა. თქვენთვის?..

- ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარს, თუმცა, ჩემთვის გამორჩეული მოვლენა არ არის. არიან ადამიანები, ვინც ორი თვით ადრე ემზადება და ფორიაქობს დაბადების დღის წინ, მე ასე არ ვარ. არასოდეს ვანიჭებდი დაბადების დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ოჯახის წევრებსაც ასე ჰქონდათ ის აღქმული. ჩემთვის ყველაზე დიდი დღესასწაულებია: აღდგომა და შობა. ახალ წელსაც ახლავს საზეიმო ელფერი, თუმცა ყველაზე მეტად, მაინც შობის მისტიკურობა მიყვარს.

- ყოველთვის ენერგიული, მუშაობის პროცესში ხართ. პანდემიის პირობებში როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

- ჩემს მსახიობებთან ფიზიკურად ვერ ვკონტაქტობ, ძალიან მენატრებიან და ამჟამად, მათ მხოლოდ ტელეფონითა და ვიდეოზარებით ვესაუბრები. ამის დანაკლისს განვიცდი, რადგან ისინი ოჯახის წევრებივით არიან. ყველგან, რომელ თეატრშიც ვმუშაობ, ვცდილობ მქონდეს ის ატმოსფერო და გარემო, სადაც მიხარია მისვლა და მუშაობა. ვალის მოხდის მიზნით რამის კეთება არ შემიძლია. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, დისკომფორტს არ განვიცდი. მივიღე ის მოცემულება, რაც არის და ვცდილობ მოვერგო.

GzaPress

- ყველა ვცდილობთ ადაპტირებას...

- ჰო, აღმოვაჩინე თავში ეს ფსიქოფიზიკური ტიპი და ჩვეულებრივად გადავერთე არსებულ რეალობაზე. კითხვა ყოველთვის მიყვარდა და ახლაც ვკითხულობ, რაც მანამდე არ მქონდა წაკითხული, ან ზოგიერთი წიგნი ხელახლა გადავიკითხე. ჩემთვის ლიტერატურულ ჩანახატებსაც ვაკეთებ. ვიწერ იდეებს, რომლებსაც შემდეგ განვახორციელებ. ფეხით სიარული ყოველთვის მიყვარდა. ახლაც ვცდილობ, თავისუფლების მოედნიდან ვაკის პარკამდე ან პირიქით ფეხით ვიარო. დღეში 10-12 კილომეტრი გამოდის, რაც ცუდი არ არის. და ყველაზე მთავარი - ცხინვალის თეატრის შენობის დაპროექტება დასრულებულია და მალე სამშენებლო სამუშაოებს დავიწყებთ. ივანე მაჩაბლის სახელობის ცხინვალის თეატრი ერთ-ერთი ძველია ქართულ თეატრებს შორის - 145 წლისაა. დიდი ისტორიის მატარებელია და იმედი მაქვს, შემოქმედებითაც ბევრ ქართულ თეატრს არ ჩამოვუვარდებით.

- თქვით, ჩანახატებს ვაკეთებო. დოკუმენტური შინაარსის ჩანაწერები და მოგონებებია კოლეგებზე თუ სხვა თემაზე წერთ?

- უფრო სხვადასხვა თემაა. მაგალითად, ამ ეტაპზე ადამიანების გამოწვევებთან გამკლავებას ვაქცევ ყურადღებას. ახლა "ანა ფრანკის დღიურის" დროა და სწორედ ამ ნაწარმოებზე ვფიქრობ. საინტერესოა, როგორია დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, სადღაც სხვენში, ჩაკეტილ სივრცეში პატარა ბავშვის მიერ დანახული სამყარო. ებრაელების ოჯახის წევრები ფაშისტებს ემალებიან და ამ წიგნს რომ გადახედავ, გაიაზრებ, რა გაიარეს ადამიანებმა. არაფერი ახალი არ ხდება. უბრალოდ, ჩვენ მოვხვდით ამ მოცემულობაში. საუკუნის წინ "ისპანკის" პანდემიას დიდი მსხვერპლი მოჰყვა და იყო დიდი ადამიანური ტრაგედიები, მაგრამ ამავდროულად, კიდევაც უყვარდებოდათ, კიდევაც ქორწინდებოდნენ და ბავშვებიც ჩნდებოდნენ. ადამიანი ასეთი არსებაა - მას გადარჩენის ინსტინქტი აქვს. ცდილობს, ყველა სიტუაციიდან იპოვოს გამოსავალი, სულ მოძრაობაშია და გულზე ხელებდაკრეფილი არ ჯდება. ამ შემთხვევაშიც აუცილებლად მოიძებნება გზა, გამოჩნდება ვაქცინა, შესანიშნავი ახალგაზრდა კომპოზიტორები შექმნიან მუსიკას, პოეტები - ლექსებს, დაიდგმება სპექტაკლები, გადაიღებენ შედევრ ფილმებს. კორონავირუსის თემას არ ვგულისხმობ, არამედ ამ განწყობისა და ატმოსფეროს შედეგს, როცა ადამიანი საკუთარ თავთან მარტო რჩება და ღირებულებების გადაფასებას იწყებს. ვფიქრობ, კოვიდის შემდეგ იქნება დიდი ბუმი და გადატრიალება როგორც მეცნიერებაში, ისე ხელოვნებაში. ჩაკეტილობა ყოველთვის ახდენს დიდ ამოფრქვევებს. ისევე როგორც ეს შამპანურის ბოთლის გახსნისას ხდება და სასმელი ამოიფრქვევა, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. ცოტა მოთმინება გვჭირდება. ჩვენი ქართული ხასიათი და ტემპერამენტი გვაბობოქრებს, მაგრამ ცოტა უნდა დავღვინდეთ, რადგან ახლა მთავარია, ფიზიკურად გადავრჩეთ, თორემ გონება ფანტასტიკურ ფორმაშია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, პოზიტიურად ვუყურებ ყველაფერს. დათრგუნვილი არ ვარ. ცოტა კი მიკვირს, მაგრამ ეტყობა, ტვინში ამუშავდა ის წერტილი, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, დეპრესიული გავხდე. თითქოს ახლა უფრო იმპულსური ვარ, ვიდრე უწინ. ჩვენს პროფესიაში პირველად ემოციას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი პედაგოგი, ბატონი გიზო ჟორდანია გვეტყოდა ხოლმე, - არასოდეს "დაპლომბოთ" თქვენი ნერვული დაბოლოებები, დატოვეთ ყოველთვის ღია ემოციის მისაღებადო. ეს ეხება როგორც ვიზუალურ, ისე ინტელექტუალურ ემოციას, რაც შეიძლება შემდეგში სხვადასხვა საქმეში შენი მაპროვოცირებელი გახდეს. ეტყობა, ეს "ღია სენსორები" ხელოვან ადამიანებს და არა მარტო ჩვენ, გვეხმარება მოვლენის სხვადასხვა კუთხით დანახვასა და ემოციების სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილებაში.

- ამ პერიოდის განმავლობაში ხალხმა ქსოვა, კერვა, ხატვა დაიწყო, ზოგი თავის შესაძლებლობებს კულინარიაშიც ცდის და ა.შ. ყველა იმ საქმეზე გადაერთო, რისთვისაც აქამდე დრო ვერ გამონახა და ალბათ, ესეც თვითგადარჩენის გზაა...

- აბსოლუტურად გეთანხმებით. როგორც გითხარით, მე წერა დავიწყე, რისთვისაც აქამდე დრო ვერ გამოვნახე. თუ აქამდე მექანიკურად, კონვეიერული სამუშაო რეჟიმი გვქონდა, ახლა ადამიანებს საკუთარ თავში ჩაღრმავების საშუალება აქვთ და ფიზიკური გადარჩენის შემდეგ, ახდენენ იმ ე.წ. სურვილებსა და შეგრძნებებზე ფოკუსირებას, რაც თითოეულ ჩვენგანშია. ასე ვლინდება საზოგადოებაში სხვადასხვა ახალ-ახალი მიდრეკილება - იქნება ეს წერა, ხატვა თუ სხვა.

- ბატონო გოჩა, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ საზღვრები დაიკეტა, ხომ არ ჩაგეშალათ გეგმები?

- კი, რა თქმა უნდა. ერთი სპექტაკლი უნდა დამედგა აზერბაიჯანში, ერთიც - ინგლისში. ჯერჯერობით ორივე გადადებულია, რადგან ყველგან ერთნაირი მდგომარეობაა. რაც შეეხება თბილისს, უნდა გამეკეთებინა ყველაზე დიდი პროექტი, რომელზეც წლებია ვოცნებობ. ოპერისა და ბალეტის თეატრში უნდა განხორციელებულიყო ზაქარია ფალიაშვილის "დაისი". დაახლოებით 2 თვე მოვასწარი მუშაობა დიდ სცენოგრაფ, ბატონ გოგი ალექსი-მესხიშვილთან ერთად, რომელიც ამ სპექტაკლის მხატვარი გახლავთ, მაგრამ მერე შევჩერდით. კიდევ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ბადრი მაისურაძეს არა მხოლოდ ეს სპექტაკლი, არამედ იტალიაში ქართველი ავტორების სხვადასხვა ოპერის მიხედვით "ქართული სეზონის" ჩატარება სურს. ჩემი "დაისი" ამ პროექტის ნაწილი იქნება. იმედი მაქვს, როცა ყველაფერი დალაგდება, ბატონი ბადრი ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებს და ეს იქნება ქართული კულტურის კიდევ ერთი ზეიმი საზღვარგარეთ.

GzaPress

- საქართველოში სხვადასხვა წლებში თქვენ მიერ განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი სპექტაკლიდან, მაყურებლის დაინტერესების მიხედვით, რუსთაველის თეატრში "მოხუცი ჯამბაზები" ლიდერობს. წლების განმავლობაში მასზე ბილეთის შოვნა შეუძლებელი იყო. მას შემდეგ, რაც სამი მსახიობი პირვანდელ შემადგენლობას გამოაკლდა, სპექტაკლი სხვა მსახიობებთან ერთად აღადგინეთ და კვლავ ანშლაგებით წავიდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, "ჯამბაზები" ყველაზე წარმატებულ დადგმად თავადაც თუ მიგაჩნიათ?

- "მოხუც ჯამბაზებზე" ბილეთები 3-4 თვით ადრე იყიდებოდა და ისე სწრაფად, ზოგჯერ მეც არ მქონდა შეძენის შესაძლებლობა (იღიმის)... თუ როგორც რეჟისორი შევხედავ, გეტყვით, რომ ეს არ იყო ჩემი საუკეთესო სპექტაკლი თავისი მიგნებებით, მაგრამ ეს იყო კონგენიალური მსახიობების სპექტაკლი, რომელშიც თითოეული ადამიანი იყო თეატრი. თითოეულს სხვა სპექტაკლში რომ ეთამაშა, უკვე მოვლენა იყო და უცებ, მათ ერთად მოიყარეს თავი სცენაზე. ამავდროულად, ეს დადგმა იყო ჩემი სიყვარულის გამოხატულება მათ მიმართ და ამ მსახიობებთან მუშაობა ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. მანამდე თუ სხვადასხვა სპექტაკლში ეპიზოდებში მათი პარტნიორი ვიყავი, უცბად სხვა რანგში წარვდექი მათ წინაშე. სპექტაკლს "საუკუნის სპექტაკლის" ტიტული მიენიჭა. დღემდე ეს წოდება არც ერთ სხვა სპექტაკლს არა აქვს და, როგორც აღვნიშნე, ეს პირველ რიგში - მსახიობების წყალობით. რაც შეეხება სუფთა რეჟისორულ ნამუშევარს, ამ კუთხით საინტერესოდ ვთვლი ჩემს პირველ სარეჟისორო სპექტაკლს "ბერნარდა ალბას სახლი", ასევე - "მარიამ სტიუარტს", რომელიც გერმანიაში შილერის ფესტივალზე 60 ქვეყნის 220 სპექტაკლს შორის გრან-პრით აღინიშნა. კიდევ, საინტერესოდ მიმაჩნია სოხუმის თეატრში განხორციელებული "გუშინდელნი", ბოლო პერიოდის ნამუშევრებიდან კი "უკანასკნელ დედოფალს" გამოვარჩევ, რომელშიც 11 მსახიობი ქალი მონაწილეობს და შარშან რუსთაველის თეატრში დავდგი.

- დაბოლოს, ისევ პანდემიიდან გამომდინარე, - დაასრულეთ ფრაზა: ეს ყველაფერი რომ დასრულდება...

- ...ჩვენ ბევრ სპექტაკლს დავდგამთ. მეც მინდა, როგორც მსახიობმა, ისე ვიმუშაო. ამას როგორც სადღეგრძელოს, ისე არ ვამბობ, მაგრამ როგორც ფენიქსი, უკვდავებისა და განახლების სიმბოლო, აღდგა ფერფლიდან, ასე მოხდება ყველა სფეროში და ამაში ათასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. დასასრულ შეიძლება ჩვენი საუბრის მთავარი შინაარსი და ფრაზაც ეს იყოს: ახლა არა მხოლოდ კოვიდის ვირუსს უნდა მოვერიოთ (ამას მეცნიერებიც მიხედავენ და ვიცი, ეს ძალიან მალე მოხდება), არამედ დასამარცხებელია მთავარი: გაუცხოების, უნდობლობის და "ეს მე არ მეხება" დამოკიდებულების ვირუსი. მთავარია, ადამიანებმა ერთმანეთი არ დავივიწყოთ, გვქონდეს თანაგრძნობის უნარი და გვიყვარდეს.

- ანუ პირველ რიგში, გულგრილობის ვირუსი გვაქვს დასამარცხებელი...

- ზუსტად!.. გულგრილობის ვირუსს კი მხოლოდ ღმერთის სიყვარულით მოვერევით.

ანა კალანდაძე