"არსად მისაუბრია ჩვენი დაშორების შესახებ" - გზაპრესი

"არსად მისაუბრია ჩვენი დაშორების შესახებ"

მომღერალმა ია ტომაშმა კარანტინის პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენა. მას დამთავრებული აქვს ტურიზმის მენეჯმენტისა და ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი და სწორედ ამ მიმართულებით გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება. გაიარა მენეჯმენტისა და მარკეტინგის კურსები, შემდეგ კი ერთ-ერთ ბანკში - ტრენინგები გაყიდვების მენეჯმენტის მიმართულებით. ამიტომაც ხუმრობს, ეს ჭირი ("კოვიდ-19") ჩემთვის მარგებელი აღმოჩნდაო.

- "ადამიანის აღზრდა უნდა იწყებოდეს არა ზნე-ჩვეულებათა გაუმჯობესებით, არამედ აზროვნების შეცვლით და ხასიათის განმტკიცებით" (ონორე გაბრიელ მირაბო).

- ჩემი აზრით, ადამიანის ხასიათი შეუცვლელია: რომ იბადება, უკვე დაჰყვება თავისი ხასიათი, ხოლო თვისებებს შემდეგ იძენს. მე საკმაოდ რთული ხასიათი მაქვს, საკუთარ თავთან ბრძოლა მიყვარს. შეიძლება, ეს არის ერთგვარი კომპლექსიც და ეს არის ამბიციაც. აქედან გამომდინარე, ხშირად ვცვლი ჩემს დამოკიდებულებას მიუღებელი გარემოებების მიმართ და მოცემულობას, რომელიც იმ მომენტში არსებობს. ხასიათი კი ნამდვილად არ შემცვლია, ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც ბავშვობაში ვიყავი.

- "იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია, - ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი" (პლატონი).

- ყოველთვის ყველას ვუმეორებ (და პირველ რიგში, საკუთარ თავს), რომ სამართლიანი უნდა იყო ყველას მიმართ, მათ შორის საკუთარი თავის მიმართაც. ეს ნიშნავს, გქონდეს პატივისცემა და ჯანსაღი ამბიცია, ჯანსაღი კრიტიკა შეგეძლოს და ა.შ. მთავარია, საკუთარ თავთან იყო მართალი. ხშირად უცხო ადამიანების გამოც ჩავრეულვარ კონფლიქტში, როცა ჩამითვლია, რომ ვიღაცას უსამართლოდ ექცეოდნენ. მშვენიერების განსაზღვრება კი აბსტრაქტულია, მაგრამ აუცილებელია, გრძნობდე და აღიქვამდე. გსურდეს, რაც კარგია, - ეს, ჩემი აზრით, ძალიან სტერეოტიპული ნათქვამია - ყველასთვის ინდივიდუალურია განსაზღვრება კარგისა და ცუდის. გსურდეს, რაც შენთვის კარგია, ამას ჩავთვლიდი სწორად. ჩემთვის, გონიერი ცხოვრების მიზანი ისევ და ისევ სამართლიანობას უკავშირდება. სანამ იმას მივხვდი, რომ უპირველესად, შენს თავთან უნდა იყო სამართლიანი, საკუთარ თავს ბევრჯერ მოვექეცი უსამართლოდ.

- "არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს, არასოდეს აგატირებს შენ" (მარკესი).

- როგორ არ იმსახურებენ ადამიანები ჩვენს ცრემლებს?! ვინც კვდება და შენთვის მნიშვნელოვანია, ცრემლს არ იმსახურებს?.. მაგრამ აქ ალბათ, სხვა რამ იგულისხმება. არ მახსოვს, ვისი ნათქვამია: ცხოვრების ფიალაში ცრემლიც რომ არ იღვრებოდეს, ძალიან მოგვიმსუყებდა გულსო. ზოგჯერ ალბათ, ატირებაც საჭიროა. ემოციური ვარ, მაგრამ მაინცდამაინც მტირალა - არა. როცა დეპრესიული ფონი მქონდა, მაშინ ბევრ რამეზე მიჩუყდებოდა გული, მაგალითად, ქუჩაში უპატრონო ძაღლის ან გაჭირვებული ადამიანის დანახვაზე, ვისაც დახეული ტანსაცმელი ეცვა ან მოწყალებას ითხოვდა.

GzaPress

- "სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად" (მიგელ დე სერვანტეს საავედრა).

- ასეა, თანაც - ნებისმიერ ასაკში. სიყვარულს ახასიათებს, რომ სპილენძი ოქროდ მოგაჩვენოს და ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად. ზოგჯერ თვითონ გვაქვს იმის სურვილი, რომ ასე იყოს და თავს ვიტყუებთ ხოლმე.

- "შეიძლება ღმერთს სურს, რომ ხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ, სანამ შეხვდებით იმ ერთადერთს, რათა, როცა ეს მოხდება, მადლიერნი ვიყოთ" (მარკესი).

- ალბათ ცხოვრებაში ბევრი რამის გადატანა გვიხდება - კარგისაც და ცუდისაც. ორივე გამოცდილი უნდა გქონდეს, რომ შავისგან თეთრი გაარჩიო, მაგრამ ცუდ ადამიანებს გვიგზავნის, რათა მერე დაგვაჯილდოოს და კარგი შეგვახვედროს, - ამას არ ვეთანხმები. არა მგონია, ასე იყოს. საერთოდ, ჯობს, "არასწორ" და ცუდ ადამიანებს გავერიდოთ.

- "ჭორებს არავინ გაავრცელებდა, უამრავ ადამიანს რომ არ სწყუროდეს მისი მოსმენა" (მარლენ დიტრიხი).

- ასეა. სანამ ადამიანები იარსებებენ, მანამ ეყვარებათ ერთმანეთზე ჭორაობა. ახლა ინფორმაციას ინტერნეტიდან ვიგებთ, ადრე მხოლოდ ტელევიზიიდან, იმაზე ადრე - ჟურნალ-გაზეთებიდან ვიღებდით და ყველა დროს გვაინტერესებდა სხვა, განსაკუთრებით კი ცნობილი ადამიანების ცხოვრება. ჭორი მათთვის არსებობს, ვისაც მხოლოდ სხვისი ცხოვრება აინტერესებს. ბოლო ჭორი, რაც ჩემზე ტელევიზიით გაჟღერდა, იმდენად უსამართლო და არასწორი იყო, რომ არც კი ვიცოდი, რა მეპასუხა. გადაცემის დასრულებისთანავე ინტერნეტჟურნალიდან დამიკავშირდნენ კომენტარისთვის. ახლა რომ მკითხოთ, გიპასუხებთ, მაგრამ მაშინ მხოლოდ ის ვუთხარი, კომენტარს არ ვაკეთებ-მეთქი. შემეძლო პასუხის გაცემა, მაგრამ უბრალოდ არ ვუპასუხე და მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთ-ერთ ჟურნალში ვისაუბრე ამის შესახებ, რადგან ჩავთვალე, რომ მედლის ერთი მხრიდან არ უნდა განვესაჯე ადამიანებს.

- ერთი ჭორის შესახებ მეც უნდა გკითხოთ - თქვენი და დემე მიქელაძის დაშორების თაობაზე.

- დიახ, მართალია, ერთად აღარ ვართ, უკვე ერთი წელი იქნება. აქამდე არავინ ჩამძიებია და არც არსად მისაუბრია ჩვენი დაშორების შესახებ.

- "ცხოვრებამ ერთი განსაკუთრებული გაკვეთილი მომიძღვნა და მასწავლა: ვინც მძიმე წუთებში ერთხელ უკვე გიღალატა, გიღალატებს მეორედაც" (დონალდ ტრამპი).

- ხშირად უკითხავთ, აპატიებთ თუ არა ღალატსო? ღალატი უამრავნაირია: ფიზიკური, მენტალური, მეგობრული, თუმცა, არანაირი გამართლება არა აქვს. თუ ადამიანი ამას ერთხელ გააკეთებს, გააკეთებს მეორედაც და მესამედაც, ამაში ვეთანხმები.

- "ჭეშმარიტი სიდიადისკენ ხშირად ქედმაღლობაა დაბრკოლება" (უენლისი).

- არ მომწონს ქედმაღალი ადამიანები. ჩემთვის ჯანსაღი ამბიცია მისაღებია, მაგრამ ქედმაღლობა - არა!

- "ადამიანი ადვილად დაიჯერებს იმას, რაც მისთვის სასურველია" (იულიუს კეისარი).

- ამ გამონათქვამსაც ვეთანხმები: სამწუხაროდ, ხშირად ვიტყუებთ თავს...

- "ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს" (პასკალი).

- როდესაც შენიშვნას მაძლევენ, ძალიან ვბრაზდები და ვეწინააღმდეგები, თუმცა, გააჩნია შენიშვნის მომცემსაც: ჩემი და რომ თვლიდეს, კარგად არ გამოვიყურები და შენიშვნა მომცეს, მივიღებ. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ჩემი დაა და ამიტომ! ან ვთქვათ, სამსახურში შენი მენტორი ან "ქოუჩი" თუ მიგითითებს იმაზე, რაც გამოსასწორებელი გაქვს, ესეც მისაღებია.

- "ეჭვიან კაცს საკუთარი თავი უფრო უყვარს, ვიდრე საყვარელი არსება" (ლაროშფუკო).

- ეჭვი, ზოგადად, არ არის ნეგატიური. ეჭვია ისიც, როცა ფიქრობ, ახლა ამას მე ხომ არ ვუყვარვარო ან - ნეტავ, ხომ არ მღალატობსო? საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ძალიან იშვიათად ვარ ეჭვიანი, თუ განსაკუთრებულ მიზეზს არ მომცემს, რადგან თავდაჯერებული გახლავართ, ვიცი, როგორ მიყვარს, რას ვაძლევ და რისი გაკეთება შემიძლია მისთვის, როგორ ვცდილობ ვასიამოვნო და ა.შ. არც მეგობრობაში ვარ ეჭვიანი. ვერ ვიტან პანიკურად ეჭვიან ადამიანებს.

- "წარმატებულია ქორწინება, როდესაც ქალი ცოტათი ბრმაა, მამაკაცი კი - ცოტათი ყრუ" (გორდონ დინი).

- იდეალური ურთიერთობები არ არსებობს, ხან ერთს უწევს რაღაცის დათმობა, ხან - მეორეს, და როცა რამეს თმობ, რეალურად გამოდის, რომ თამაშობ, ანუ აკეთებ იმას, რასაც წესით, არასდროს გააკეთებდი. სიყვარულის გამო იქცევი ასე, მესმის, მაგრამ სინამდვილეში ხომ თამაშობ? სიყვარული მოიცავს ბევრ რამეს - ერთმანეთის გაგებას, პატივისცემას, მსგავს ხედვებს, შეთანხმებას, ზოგჯერ შეუთანხმებლობასაც. მხოლოდ "ქიმია" თუ გაქვს, ეს ძალიან ცოტა ხანს გრძელდება. წყვილის თანაცხოვრებაში დაახლოებით 4 წლის შემდეგ გადამწყვეტი ეტაპი დგება, როცა ან ერთად უნდა იყვნენ, ან დაშორდნენ. არის კიდევ ბევრი ნიუანსი, რისი გადალახვაც უწევთ.

- დაბოლოს, ასეთი აღმოსავლური ანდაზაა: "ვინც წარსულს პისტოლეტიდან ესვრის, მას მომავალში ქვემეხიდან ესვრიან".

- არასდროს უნდა დავივიწყოთ წარსული, მაგრამ მას არ უნდა მივცეთ საშუალება, იმოქმედოს მომავალზე. უნდა ვიცოდეთ, რანი ვართ, რანი ვიყავით და საიდან მოვდივართ. ხე უფესვოდ ვერ გაიზრდებაო, ნათქვამია და სწორედ ასეა.

ნინო ჯავახიშვილი