"ხშირად მშობლები ჩემი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან" - გზაპრესი

"ხშირად მშობლები ჩემი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან"

ბოლო დროს სოფო ბათილაშვილის შეცვლილ იმიჯზე ხშირად საუბრობენ. გადავწყვიტეთ, ახალგაზრდა მომღერლის და ახლა უკვე ტელეწამყვანის ცხოვრების სტილის, იმიჯისა და ოჯახის შესახებ მეტი შეგვეტყო.

- უკვე 3 წლიდან ვიპრანჭებოდი (იცინის): დედა სიმღერებს მასწავლიდა. როცა სიმღერას ბოლო სტადიამდე მივიყვანდით, მოვამზადებდით, კაბას ვარჩევდი, რა უნდა ჩამეცვა, შემდეგ მამა სიმღერისას კამერით მიღებდა... გარეგნობაზე ზრუნვა ალბათ, მაინც გარდატეხის ასაკში დავიწყე, როგორც თითქმის ყველამ.

"ვისაც "ის სოფო" უყვარს, "ეს სოფოც" ეყვარება"

- ბუნებრივად მუქი ქერა თმა მაქვს. ბავშვობაში ხშირად მოკლე ვარცხნილობას ვატარებდი. მერვე-მეცხრე კლასიდან თმის გაზრდა დავიწყე და სიგრძე თითქმის თეძოს ქვემოთ მქონდა, როცა "მხოლოდ ქართულის" კასტინგზე გავედი. პირველ "ლაივზე" ცოტათი შემიმოკლეს - წელამდე დამრჩა და შევიღებე... პროექტის დასრულების შემდეგ, თმა ხან ცისფრად შევიღებე, ხან - წითლად, მწვანედ, ლურჯად, ვარდისფრად... მერე, მთლიანად "გავქერავდი". შედეგად თმა დამეწვა და ბოლოს შევიჭერი. ბუნებრივი ფერის თმა მომენატრა. ახლა იმ დონეზე მაქვს შეჭრილი, რომ 100%-ით ბუნებრივია.

- მოკლე ვარცხნილობაში თავს კომფორტულად გრძნობ? მით უმეტეს, წლების განმავლობაში გრძელი თმა გქონდა...

- კი, ძალიან. გრძელი თმა არც მენატრება, არც მენანება. ბავშვობის მერე, ასეთი მოკლე ვარცხნილობა არ მქონია. ახლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ბავშვობას დავუბრუნდი. თავს კარგად ვგრძნობ. თან, მოკლე თმა ადვილი მოსავლელია - 5 წუთში მზად ვარ ხოლმე.

- პროექტის დასრულების შემდეგ, ვარცხნილობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტების სურვილი რატომ გაგიჩნდა?

- ასეთი რაღაცების სურვილი სულ მქონდა, მაგრამ მშობლების სურვილს პატივს ვცემდი და საკუთარ ვარცხნილობაზე ბევრ ექსპერიმენტს ამიტომ არ ვატარებდი. როგორც კი გავიზარდე და დამოუკიდებელი გავხდი, პირსინგებიდან დაწყებული, ვარცხნილობით დამთავრებული, ყველაფერი გავაკეთე, რაც მსურდა - ბავშვობის სურვილები ავიხდინე.

- ფიქრობდი, საზოგადოება შენს ახალ იმიჯს როგორ მიიღებდა?

- სიმართლე გითხრა, მაგ აზრმა თავში გამიელვა - აი, ყველას "ის სოფო" ახსოვს და უყვარს-მეთქი, მაგრამ ვისაც "ის სოფო" უყვარს, "ეს სოფოც" ეყვარება, რადგან ერთი და იგივე ადამიანი ვარ, უბრალოდ, ახლა - მოკლე თმით (იღიმის).

- პროფესიონალ სტილისტებს რჩევა ჰკითხე?

- ერთადერთი, რაც მათ გადამაფიქრებინეს, გაღიავებული თმის გამუქების და შეჭრის შემდეგ ისევ გაღიავება და ცისფრად შეღებვა იყო. მითხრეს, - თმა "მოკვდებაო". ეს გავითვალისწინე... ახლა თმას დამოუკიდებლად ვიჭრი.

- რატომ?

- ერთხელაც ასეთ ხასიათზე გავიღვიძე: ვიფიქრე, თმას მოვიჭრი-მეთქი (იცინის). ისე მომეწონა, რომ ეს საქმე გავაგრძელე და ახლა თმას სულ თვითონ ვიჭრი... რადგან ბუნებრივი ფერის ჯანსაღი თმა დავიბრუნე, უკვე გაზრდაზეც ვფიქრობ, მაგრამ კაცმა არ იცის, როდის რა აზრი მომივა.

"რაც აკნეს პრობლემა აღარ მაქვს, ტონალურ კრემებს აღარ ვიყენებ"

- წლების განმავლობაში აკნეს პრობლემა მქონდა. ამის გამო, მკურნალობის სერიოზული, 7-თვიანი კურსი ჩავიტარე. წამალს ვსვამდი. პლუს, დილა-საღამოს კანს სპეციალური საშუალებებით ვუვლიდი. ახლა ჩემი რუტინაა, რომ დღეში ორჯერ, დილით და საღამოს (თუ არ დამეზარა) სახის კანი გავიწმინდო, სპეციალური საშუალებებით დავიბანო, რაც დერმატოლოგმა მირჩია. კანს მარტივად ვიტენიანებ. მას შემდეგ, რაც აკნეს პრობლემა აღარ მაქვს, ტონალურ კრემებს აღარ ვიყენებ. ამიტომ, ჩემი სახის კანი დიდ მოვლას არ საჭიროებს.

- დეკორატიული კოსმეტიკის სხვა საშუალებებსაც არ იყენებ?

- ლაინერი, ტუში ძალიან მიყვარს და ვიყენებ.

პირსინგები...

- 15-16 წლის ვიყავი, როცა მშობლებს პირველად ვუთხარი, - ცხვირის გახვრეტა მინდა-მეთქი. ჩემს სურვილს არ მიესალმნენ. ვიფიქრე - კარგი, თქვენს აზრს პატივს ვცემ, მაგრამ რომ გავიზრდები, დამოუკიდებელი, ემანსიპირებული ადამიანი ვიქნები, მაგ ამბავს მერე მივხედავ-მეთქი. ცხვირი შარშან გავიხვრიტე, შემდეგ - წარბიც (თუმცა ამას არ ვგეგმავდი - სპონტანურად გადავწყვიტე).

"როცა დავინახე, ტანსაცმელში ვეღარ ვეტეოდი, თავის ხელში აყვანა გამიჭირდა"

- თუ შესაბამის ხასიათზე ვარ, შინ კარდიოვარჯიშების გაკეთება მიყვარს. კიდევ, სეირნობა მომწონს: როცა წონაში დაკლება მინდა, ფეხით ბევრს დავდივარ და კვების რაციონში "ფასთ ფუდის", გაზიანი სასმელების, შაქრის შემცირებას ვცდილობ. ჩემი დიეტა ჯანსაღად კვებას გულისხმობს: დილას წყლის დალევით ვიწყებ. ვჭამ ბოსტნეულს, რძის ნაწარმს. ვეგეტარიანელი ვარ. შესაბამისად, ხორციან კერძებს არ გეახლებით. ვცდილობ, გვიან ღამით არ ვივახშმო. ყველაფერს ვჭამ მცირე ულუფებად. შარშან, როცა ამერიკიდან დავბრუნდი, წონაში ერთბაშად 10 კილო მოვიმატე. საქართველოში ჩამოსვლას არ ვგეგმავდი, მაგრამ ჩემს ოჯახს აქ ვჭირდებოდი - ბებია გარდამეცვალა... მგზავრობაც მძიმედ გადავიტანე, სტრესში ვიყავი... 5 კვირა ამერიკაში ვცხოვრობდი, ცხოვრების აქტიური რეჟიმი მქონდა, საქართველოში კი ყველაფერი ნელა ხდება. ამან ჩემზე გავლენა მოახდინა, მადის "ამბავი" ამერია: სულ ვჭამდი, თან - ისეთ რაღაცებს, რისი დიდი რაოდენობით მიღებაც ორგანიზმისთვის საზიანოა (ცომეული, "ფასთ ფუდი", ტკბილეული...). ერთადერთი, მაშინ მქონდა პრობლემა, რომ წონაში ძალიან მოვიმატე, ოღონდ ეს ამბავი არ მაწუხებდა. მერე, როცა დავინახე, რომ ტანსაცმელში ვეღარ ვეტეოდი, რაღაცნაირად, თავის ხელში აყვანა გამიჭირდა, მაგრამ თანდათან ზედმეტი წონის პრობლემაც დარეგულირდა: ფეხით სიარული, წყლის დალევა დავიწყე და კილოგრამებიც ნელ-ნელა "ჩამოვიდა".

GzaPress

"მომწონს, როცა დიდი ზომის, "მოჯაჯული" ტანსაცმელი მაცვია"

- ძირითადად, ჩემთვის ყველაზე კომფორტული "ოვერსაიზ" სამოსია: მომწონს, როცა დიდი ზომის, "მოჯაჯული" ტანსაცმელი მაცვია. თან, თუ ცივი ამინდია, ასეთ სამოსში თავს კომფორტულად ვგრძნობ - გუნდასავით ვარ ხოლმე (იცინის). ზოგჯერ კლასიკური სტილიც მომწონს, მაგრამ უპირატესობას სპორტული და კლასიკური სტილის ნაზავს ვანიჭებ. ჩაცმულობაში პატარ-პატარა შტრიხები შემაქვს, რაც მსიამოვნებს და ჩემს შინაგან მდგომაროებასთან ჰარმონიულადაა შერწყმული. შეიძლება, იშვიათად, კაბის ჩაცმის ხასიათზეც ვიყო.

- ჩაცმის სტილთან დაკავშირებული გემოვნება "მხოლოდ ქართულის" დასრულების შემდეგ შეგეცვალა?

- არა. მგონი, "მხოლოდ ქართული" იყო "ამონათება", სადაც კაბები ხშირად მეცვა ("ლაივებზე"). ეტყობა, დიზაინერიც, პროექტის ავტორებიც ასე მხედავდნენ, მაგრამ "ნაზავები" იქაც იყო: ნარნარა კაბებთან ერთად, ხშირად შავი "ჯარის" ბათინკები მეცვა. მაშინაც ისე ვიქცეოდი, რომ ჩემს შინაგან მდგომარეობასთან ჰარმონიაში ვყოფილიყავი.

- ამბობენ, სოფო ძალიან შეიცვალაო...

- ბევრი ნეგატიური გამოხმაურება იყო, რასაც ველოდი, რადგან ადამიანს ერთი სახით რომ შეიყვარებ, უცებ კი სხვანაირი ხდება, შეიძლება, ცოტათი შოკის მომგვრელი იყოს, ვიღაცებისთვის - მიუღებელიც. ამიტომ, ხალხის ასეთ რეაქციას ველოდი, თუმცა ამას ჩემზე ზეგავლენა არ მოუხდენია: მაინც იმ აზრს "ვაწვები", რომ ჰარმონია უმთავრესია.

"ტელეწამყვანობა ჩემთვის ახალი თავგადასავალია"

- პანდემიის გამო, ჩემი მთავარი საქმე ცოტათი "მიძინებულია", კონცერტების გამართვის თვალსაზრისით, თორემ ახლაც პროექტის დაგეგმვის პროცესში ვართ, რომელსაც საზოგადოება მალე ნახავს. ამჟამად მთელი ყურადღებით მოვეკიდე ტელეწამყვანობას, რომელიც ჩემთვის ახალი თავგადასავალი და ბავშვობის ოცნების ახდენაა: სულ მინდოდა, ერთხელ მაინც წამეყვანა გადაცემა. მიხარია, რომ ამის საშუალება მომეცა.

- როგორ ფიქრობ, ტელეწამყვანობას თავს კარგად ართმევ?

- ჯერჯერობით დამწყები ვარ. მზად გახლავართ, ჩემი გუნდისგან შენიშვნები მივიღო, მაგრამ მგონია, რომ მთავარი - პოზიტიური განწყობილება, რაც დილის გადაცემას უნდა სჭირდებოდეს, გვაქვს...

"მშობლების აზრს მოვისმენ, მაგრამ საკუთარი აზრი, არჩევანი და ცხოვრება მაქვს"

- ჩემი ოჯახის წევრები არიან: მშობლები, 2 ძმა და ჩემი პატარა ძაღლი სახელად ბლუ - ჩემი "შვილი" (იცინის). მე და ჩემს მშობლებს სრული "აცდენა" გვაქვს: ხშირად ჩემი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან, ბევრ რამეში არ მეთანხმებიან, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს არჩევანს პატივს სცემენ... ძალიან კონსერვატორები არიან, მე კი ყოველთვის თავისუფლების და ჩარჩოების მოხსნის მოთხოვნილება მქონდა. რაღაცები, რაც ჩემთვის ჩვეულებრივი და მისაღებია, შეიძლება მათთვის გაუგებარი იყოს, თუმცა მათი აბსოლუტურად მესმის. მთავარია, პირადი სივრცე არ შემეზღუდოს, ჩემს ქმედებებში თავისუფალი ვიყო, დანარჩენზე პრეტენზია არ მაქვს. მათ აზრს მოვისმენ, მაინტერესებს, მაგრამ საკუთარი აზრი, არჩევანი და ცხოვრება მაქვს... ჩემს უფროს ძმას - შოთას უკვე მეუღლე ჰყავს და ცალკე ცხოვრობს. მე და ლუკას (უმცროს ძმას) მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ისეთი, მას რომ არ ვანდო. ერთ სახლში ვცხოვრობთ. შესაბამისად, ერთმანეთთან უფრო ხშირი კონტაქტი გვაქვს, ვიდრე მე და შოთას.

"არ მეშინია, რომ ჩემი აზრის გამო, როგორც მომღერალმა და მუსიკოსმა, შანსი დავკარგო"

- ჩვენი ქვეყანა ძალიან მიყვარს. მნიშვნელობა არა აქვს, ხელისუფლებაში ვინ იქნება, - ჩემგან, როგორც რიგითი მოქალაქისგან, ყოველთვის ყველას პასუხი მოეთხოვება. ამიტომ ვიყავი საპროტესტო აქციაზე... საერთოდ არ მეშინია, რომ ჩემი აზრის გამო, როგორც მომღერალმა, მუსიკოსმა, ოდესმე რამე შანსი დავკარგო. თუ აზრის დაფიქსირება საჭიროა, ნებისმიერ ფასად უნდა დააფიქსირო ადამიანმა.

ეთო ყორღანაშვილი