"მიმაჩნია, რომ ახლა უფრო ლამაზი ვარ" - გზაპრესი

"მიმაჩნია, რომ ახლა უფრო ლამაზი ვარ"

ასაკი: 39 წლის.

განათლება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (აქვს მაგისტრის ხარისხი).

პროფესია: მომღერალი.

ამჟამინდელი საქმიანობა: სიმღერა. ასევე, უძღვება 2 რადიოს. დააარსა ქართული მუსიკალური ტელევიზია.

ჰობი: სხვადასხვა დიზაინის ქუდების შექმნა.

ცხოვრების დევიზი: სიყვარული.

- როდესაც სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- საერთოდ, თვითკრიტიკული ვარ. სარკეში როცა ვიყურები, ძირითადად, საკუთარი თავი არ მომწონს. სულ რაღაცას ვეუბნები, მაგალითად - უნდა გახდე-მეთქი... ჩემს თავს ყოველთვის ვეჩხუბები, თუმცა ვიცი, რომ ეს არასწორია.

- ახლა რითი ხართ უკმაყოფილო?

- პანდემიის დროს წონაში რამდენიმე კილოგრამი მოვიმატე და უკმაყოფილო ვარ (იცინის).

- რომელი საკვებია მუდმივად თქვენს მაცივარში?

- კვერცხი. მოხარშული კვერცხი ჩემი საუზმის განუყოფელი ნაწილია.

- ბოლოს გულწრფელი ბოდიში როდის მოიხადეთ?

- ვერ ვიხსენებ, მაგრამ ბოდიშის მოხდა არასოდეს მეთაკილება: როდესაც კონკრეტულ სიტუაციაში არასწორი ვარ, ამის აღიარება არ მიჭირს. თამამად შემიძლია ბოდიში მოვიხადო, თუ ის ადამიანი ამად მიღირს, რა თქმა უნდა.

- საღამოს 9 საათის შემდეგ რას აკეთებთ ხოლმე?

- სერიალებს ვუყურებ. წინათ სერიალები არასოდეს მინახავს. ახლა იმდენი დრო დაგვიგროვდა, რომ ამერიკული სერიალების ყურება დავიწყე (იღიმის).

- როგორ სიზმრებს ხედავთ?

- უცნაურს, სხვადასხვანაირს, მრავალფეროვანს... შეიძლება, ისეთი რამე დამესიზმროს, რომ გაღვიძებულმა ვიფიქრო, - რა შუაში იყო? ეს რატომ დამესიზმრა-მეთქი?..

- როცა გეფლირტავებიან, როგორ იქცევით?

- კარგია, რომ საუბრის დასაწყისში ასაკი ვახსენეთ - 39 წლის ვარ (იცინის). დროთა განმავლობაში, ფლირტის შემთხვევები უფრო ნაკლებად და ნაკლებად არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ქალს, მეც მსიამოვნებს და ყოველთვის ვცდილობ, ფლირტი ისეთ დისტანციაზე დავტოვო, რომ "მართვადი" იყოს. ყველას სიამოვნებს, როდესაც მის მიმართ ვინმე სიმპათიას გამოხატავს, მაგრამ ამის მიღება ისე უნდა შეძლო, რომ იმ დონეზე დატოვო, როგორზეც არის.

GzaPress

- ჰქონიათ მცდელობა, რომ ურთიერთობა ფლირტის ზღვარს გასცდენოდა?

- არა, არა... საერთოდ, თავად "დისტანციური" ვარ. ვინც მიცნობს, მიხვდება, რას ვგულისხმობ... მხოლოდ ასეთ სიტუაციაში კი არა, საერთოდ, ადამიანებთან ახლო ურთიერთობა არ მიყვარს. ხომ იცით, მეგობრები ერთმანეთთან ძალიან შეხუმრებულები რომ არიან ხოლმე? პირადად მე, არ მიყვარს, როდესაც თუნდაც მეგობარი ზღვარს გადმოდის. მომწონს, როცა ნებისმიერ ურთიერთობაში - ცოლქმრულიდან დაწყებული, მეგობრობით დამთავრებული - პატივისცემა იგრძნობა.

- ბოლოს მეუღლემ რა კომპლიმენტი გითხრათ?

- სხვათა შორის, კომპლიმენტებით ყოველთვის მანებივრებს. მაგალითად, გუშინ 18 წელი გახდა, რაც მე და გიორგი ცოლ-ქმარი ვართ. 18 წლის წინანდელ ჩემს ფოტოებს ახლა რომ ვუყურებ, საკუთარი თავი არ მომწონს, - მიმაჩნია, რომ ახლა უფრო ლამაზი ვარ, მაგრამ გიორგი 18 წლის წინაც ბევრ კომპლიმენტს მეუბნებოდა და იმაზე მეტად მოვწონდი, ვიდრე მე მომწონდა ჩემი თავი. ეს ცხოვრებაში დიდ სტიმულს მაძლევს, რადგან როდესაც ქალს გვერდით გყავს მამაკაცი, რომელსაც ყველანაირი მოსწონხარ - უშნოც, მსუქანიც, გამხდარიც, გრძელთმიანიც, მოკლეთმიანიც, - ეს თავდაჯერებას გმატებს, ასეთი მხარდაჭერა წარმატებაში გეხმარება... რა თქმა უნდა, მეუღლის მიერ ნათქვამი კომპლიმენტი ყოველთვის გულწრფელია. ხანდახან ვეკითხები ხოლმე, - 18 წლის წინ ასეთი როგორ მოგწონდი-მეთქი?!. ნუ, მოსწონს, რა (იღიმის)...

- როგორ აღნიშნეთ ქორწინების 18 წლის იუბილე?

- ვერ აღვნიშნეთ, რადგან ახლა გიორგი უკრაინაშია. სხვათა შორის, დილით დამირეკა და მითხრა, - ყვავილების გამოგზავნა მინდოდა, მაგრამ პანდემიის პირობებში, მეშინია, რამე ვირუსი არ მოგიტანოს, ამიტომ რაღაც მოიფიქრე, შემდეგში რომ გაჩუქოო... მოკლედ, ვერანაირად ვერ აღვნიშნეთ.

- კმაყოფილების განცდა ბოლოს რის გამო დაგეუფლათ?

- უფრო ჩემ მიერ გაკეთებული საქმისგან მოგვრილი სიხარული მეუფლება ხოლმე. მაგალითად, ბოლოს ეს განცდა დამეუფლა, როცა ჩემი ბოლო სიმღერა - "მიყვარდა" გამოქვეყნდა. "ტიკტოკზე" უამრავმა გოგომ იმღერა, აზიარებენ... ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი ახალი სიმღერა მაყურებელმა ასე აიტაცა. 2 კვირის განმავლობაში, "იუთუბზეც" და "ფეისბუკზეც" მილიონობით "ნახვა" დააგროვა...

- საჭესთან ბოლოს როდის იჯექით?

- ალბათ 7-8 წლის წინ. ავტომობილის მართვა ძალიან მიყვარს, მაგრამ რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ამ საცობების, გზების და იმის გამო, რომ აღარ ვიცი, ავტომობილი სად გავაჩერო, სად რა გზა მიდის, უკვე კარგა ხანია, საჭესთან არ ვზივარ. ჩემს ავტომობილს სხვა მართავს, თუმცა მიფიქრია, - რომ დამჭირდეს, ნეტავ, მანქანის ტარება ხომ არ დამავიწყდა-მეთქი? მაგრამ - არა: ავტომობილს ისევ კარგად ვმართავ, რადგან საკმაოდ გამოცდილი მძღოლი ვარ, - 17 წლიდან საჭესთან ვზივარ. ავტომობილის მართვა მიყვარს.

- უსარგებლო ადამიანად გიგრძნიათ თავი?

- კონკრეტული სიტუაცია არ მახსენდება, მაგრამ გამორიცხულია, ადამიანს იმედგაცრუება არ ეგრძნო...

- უარყოფით ემოციებს როგორ უმკლავდებით?

- ძალიან მალე "გადამდის". ვცდილობ, ყოველი დღე გავალამაზო. მიმაჩნია, რომ ადამიანმა შენ გარშემო ბედნიერება თავად უნდა შექმნა. რთული სიტუაციიდან ჩემს ხასიათს გამოვყავარ. შეიძლება, ცუდ ხასიათზე მაქსიმუმ, ერთი დღე ვიყო, მერე უკვე "გადამდის" (იღიმის).

- საკუთარ შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნიათ?

- კი, ეს სულ ასეა: საკუთარ თავთან დაკავშირებით ყოველთვის იმაზე ნაკლები წარმოდგენა მაქვს, ვიდრე რეალურადაა, ოღონდ - ეს სხვებისგან ვიცი. კმაყოფილი არასდროს ვარ. ჩემს შესაძლებლობებზე არასწორი შეხედულება ხშირად მქონია. ეს უფრო წლების მერე მიგრძნია: - თურმე, რა კარგად გამიკეთებია-მეთქი! - მიფიქრია, თუმცა, თავის დროზე ასე არ მიმაჩნდა.

- ვინ არის ადამიანი, რომელსაც დღე ისე არ გავა, რომ არ შეეხმიანოთ?

- ასეთი ბევრი ადამიანია: ჩემი შვილი, კორახა, თანამშრომლები...

- რომელი პოპულარული მომღერალი არ მოგწონთ?

- ვაიმე, არ ვიცი... გულწრფელად ვამბობ: ამაზე არ მიფიქრია, რადგან საერთოდ, საკუთარი თავით ისე ვარ დაკავებული, რომ ნაკლებად ვფიქრობ, სხვა მომწონს თუ არა.

- ინტერნეტის გარეშე გაძლება რამდენ ხანს შეგიძლიათ?

- ვაიმე, არც ერთი დღე არ შემიძლია! მიმაჩნია, რომ ეს ჩვევა გამოსასწორებელი მაქვს, რადგან ინტერნეტზე ძალიან დამოკიდებული ვარ. ეს არც ისე კარგია... დღესდღეობით, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ცხოვრების რიტმის ფონზე, ინტერნეტი საჭიროა. ალბათ, ინტერნეტის გარეშე შემიძლია, მხოლოდ ერთი საათი გავძლო.

- ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ღირებულება განსაზღვრავს?

- კარგი ადამიანი უნდა იყო, ცუდ რამეს არავის უკეთებდე და სხვას ცუდი არ უნდა უსურვო - ჩემი მთავარი ღირებულება ეს არის. სხვა ყველაფრის პატიება შესაძლებელია. შეიძლება, შეცდომა ყველამ დაუშვას, ბევრი რაღაც ისე გააკეთოს, რაც საზოგადოებისთვის მოსაწონი არ იქნება, მაგრამ თუ კარგი, გულწრფელი ადამიანია, პირადად მე, პატიება შემიძლია. უპირველეს ყოვლისა, ადამიანი საკუთარი თავის წინაშე უნდა იყოს კარგი და "სუფთა", მერე სხვებთანაც კარგი იქნება.

ეთო ყორღანაშვილი