"ბომონდის" რედაქციაში 2 თვე გავატარე" - გზაპრესი

"ბომონდის" რედაქციაში 2 თვე გავატარე"

შეუძლია, საკუთარი შემოსავალი ისე გადაანაწილოს, რომ ფულის სესხება არ დასჭირდეს. ამბობს, - არ მაქვს ვალი და არც არასდროს მქონია. სხვის მიერ მოცემულ ათი ათასებს, საკუთარი შრომით მოპოვებული 10 ლარი მირჩევნიაო.

- ფულის გემო მაშინ შევიგრძენი, როცა სამსახური ვიშოვე და პირველ ხელფასი ავიღე. სასიამოვნო მომენტია, როცა საკუთარი შრომით მოპოვებული თანხა გაქვს.

- შეგიძლია, შენი პირველი სამსახური გაიხსენო?

- 18 წლის ვიყავი, როცა ჟურნალში - "ბომონდი" დავიწყე მუშაობა. მართალია, ამ რედაქციაში სულ რაღაც, 2 თვე გავატარე, მაგრამ ის პერიოდი ყოველთვის კარგად მახსენდება. სწორედ "ბომონდში" მუშაობისას მივიღე სერიოზული შემოთავაზება პუბლიცისტური გამომცემლობისგან - "წლის სახეები და სახელები", სადაც დღემდე ვთანამშრომლობ. მიყვარს ჩემი საქმე, პროფესია და ვცდილობ, ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საქმე მოითხოვს. ანაზღაურების გამო არასდროს არსად მიმუშავია.

- შენი პირველი ხელფასი რამდენი ლარი იყო?

- ამას რომ ვიხსენებ, მეცინება, ბევრს ვხალისობ. თუ არ მიწყენ, არ დავაკონკრეტებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიზერული თანხა იყო, მაინც მიხაროდა. საკუთარი შრომით მოპოვებული 10 ლარი მიჯობს სხვის მოცემულ 10 ათასს.

- ფულის ეკონომიურად ხარჯვა შეგიძლია?

- არსებობს ასეთი ბრძნული გამონათქვამი, - საბანი სანამდეც გაგწვდება, იქამდე უნდა დაიფაროო. არ ვარ მფლანგველი. უსარგებლო ნივთებსა და უაზრო რაღაცებში ფულს არასდროს ვყრი. ვცდილობ, რაც მჭირდება და რასაც კარგად გამოვიყენებ, მხოლოდ ის შევიძინო.

- ვალის აღება ხშირად გჭირდება?

- ფულის სესხება თითქმის არასდროს მჭირდება. ჯერჯერობით ვალი არ მაქვს. მიმაჩნია, რომ მთავარი ხელფასის რაოდენობა კი არა, გამომუშავებული თანხის სწორად გადანაწილებაა, რათა თვის ბოლოს ვალი არ დაგჭირდეს.

- ფულის შეგროვება გიყვარს?

- რომ გითხრა, ფულს ხშირად ვაგროვებ-მეთქი, მოგატყუებ. არ მივეკუთნები ადამიანთა იმ კატეგორიას, ფულის შეგროვება ჰობად რომ აქვთ ქცეული და დღეს რაღაცას იკლებენ, ხვალ უფრო მეტი დანაზოგი რომ ჰქონდეთ. ეს ჩემთვის მიუღებელია.

- ბავშვობაში ყულაბა თუ გქონდა?

GzaPress- დიახ, ერთი პერიოდი ყულაბა მქონდა, მაშინ დახლოებით 10 წლის ვიყავი. მახსოვს, ყულაბაში შეგროვებული თანხით მეგობარს საჩუქარი ვუყიდე და დაბადების დღეზე მივართვი. მიხაროდა და კმაყოფილი ვიყავი, რომ ჩემი ფული მის გამო დავხარჯე.

- დანაზოგს გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვისაც არასდროს აკეთებ?

- სამწუხაროდ, ამას ვერ ვახერხებ. სამაგიეროდ, XXI საუკუნეში გვაქვს იმის საშუალება, რომ საჭიროების შემთხვევაში, დახმარების სათხოვნელად რომელიმე ბანკს მივმართოთ.

- ვალის კარგი გადამხდელი ხარ?

- ფულის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მაქვს. დარწმუნებული ვარ, თუ ოდესმე ბანკიდან კრედიტს გამოვიტან, აუცილებლად იმ ვადებში დავფარავ, როგორც საჭირო იქნება.

- თავად თუ გაგისესხებია ფული?

- მეგობრები და ახლობელი ადამიანები ფულს ხშირად არ მთხოვენ, მაგრამ როცა ჩემი დახმარება სჭირდებათ, უკან არასდროს ვიხევ.

- აზარტული ხარ?

- მეტ-ნაკლებად აზარტული ვარ. არ მიყვარს უაზროდ გარისკვა (იცინის).

- კაზინოშიც არასდროს ყოფილხარ?

- ვყოფილვარ, მაგრამ არ მითამაშია. უბრალოდ, მეგობარს გავყევი.

- ყველაზე დიდი სიამოვნებით ფულს რაში ხარჯავს?

- ხელფასის უმეტეს ნაწილს შოპინგში ვხარჯავ. საჭირო ნივთების შესაძენად ფული არ მენანება. თუმცა, საყიდლებზე ყოველთვე ნამდვილად არ დავდივარ. სეზონის მიხედვით, გაზაფხული-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან რაღაცებს ვყიდულობ ხოლმე. აქედან გამომდინარე, გარდერობის განახლებას წელიწადში ორჯერ ვახერხებ და შიგადაშიგ რაღაცებს ვუმატებ.

- თუ გახსოვს, დედას ბოლოს ფული როდის სთხოვე?

- ბოლოს? დაახლოებით 6 თვის წინ. ისე, დედას შეწუხება არ მიყვარს, დახმარებას მხოლოდ უკიდურეს სიტუაციაში ვთხოვ ხოლმე.

- ბევრი ფული რომ გქონდეს, პირველ რიგში, რას გააკეთებდი?

- პირველ რიგში, დავეხმარებოდი იმათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ბავშვთა სახლების ბინადრებსა და მოხუცებს მდგომარეობას ცოტათი მაინც შევუმსუბუქებდი. ისე, ქველმოქმედებისთვის მაინცდამაინც ბევრი ფული არ არის საჭირო. მთავარია, ადამიანმა მოინდომო და ვიღაცის გაჭირვება გულთან მიიტანო.

- ამ ეტაპზე რამდენი სამსახური გაქვს?

- ვარ ტელეწამყვანი და ამავე დროს, გია ჯაჯანიძის გადაცემის - "სხვა რაკურსის" პროდიუსერის ასისტენტი.

სოფო ჭონიშვილი