ეკა ანდრონიკაშვილის ფავორიტი რეჟისორები, ახალი ტელესახე და ჩაშლილი გასტროლი
font-large font-small
ეკა ანდრონიკაშვილის ფავორიტი რეჟისორები, ახალი ტელესახე და ჩაშლილი გასტროლი
"პრემიერა ნიუ-იორკში უნდა გვეთამაშა"

მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი პანდემიას ასე აფასებს: "ეს არის სიმპტომატურად გამოხატული ვირუსი, მაგრამ რეალურად ადამიანის პრიორიტეტებს ცვლის და სხვა მნიშვნელობას იძენს, რადგან არ არის უბრალოდ დაავადება. ბევრმა კოვიდგადატანილმა დაწერა, რომ ძალა და ენერგია მოემატა, ცხოვრებას სხვანაირად შეხედა. დედამიწა გლობალურად გადადის ახალ ეპოქაში, მენტალიტეტითაც და ასტროლოგიურადაც. ცხოვრება ზუსტად ისეთი, როგორიც იყო, მგონი, აღარ იქნება".


- კარანტინს და რეგულაციებს ადვილად შეეგუეთ? ამ პერიოდში საკუთარ თავში რაიმე ახალი უნარი აღმოაჩინეთ?
- პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის შეზღუდვები ტრაგედიას არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, აუცილებელი და საჭიროა რეგულაციების დაცვა, ადამიანები უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. სახელმწიფოს მივმართე სოციალური ქსელით - ბოლოს და ბოლოს, ქალაქი ჩაკეტეთ-მეთქი! ძალიან დაიგვიანეს. მინდა, ცოტა უფრო დაცულად ვიყოთ. ერთადერთი, რაც მენატრება, თეატრი და სცენაა. თუმცა, ეს თემა "ჩავკეცე", როგორც ფოლდერს ჩაკეცავენ ხოლმე კომპიუტერში, და ვიცი, რომ გაიხსნება... პაუზის პერიოდი ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. საერთოდ, მსახიობს პაუზა, პროფესიულად, უხდება კიდეც. მას შეუძლია, მაგალითად, ბავშვებთან ურთიერთობის დეფიციტი შეივსოს; სახლში ყოველთვის არის რაღაც გასაკეთებელი და ამას მიხედოს; არის უამრავი წაუკითხავი წიგნი, უნახავი ფილმი, სამეცნიერო გადაცემა; შეგიძლია კომპიუტერის დახმარებით ახალი ენაც კი შეისწავლო, ქვეყნებში ვირტუალურად იმოგზაურო... ქსოვა გავიხსენე დედაჩემის დახმარებით და საღამოობით ვქსოვ, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, თან ფილმს ან სერიალს ვუყურებ. მთელი ზამთრის მარაგი ძაფი შევიძინე და ნამდვილად არ მოვიწყენ.
- კომპიუტერში სპექტაკლების ნახვა გიყვართ?
- ამის მოყვარულები არიან, მაგრამ მათ რიგში არ შევდივარ. თეატრი არის ცოცხალი ხელოვნება. სპექტაკლს უნდა უყურო თეატრში, სადაც სული და ემოცია ტრიალებს, ეკრანიდან ამას ვერ შეიგრძნობ. ასევე, წიგნის კითხვა მიყვარს ფურცლიდან და არა - კომპიუტერში ან აიპედით. თუმცა, გამოცდილების მისაღებად, ჯორჯო სტრელერის ან ანდრი ჟოლდაკის სპექტაკლები ინტერნეტში ვნახე, რადგან სხვაგვარად ვერ ვნახავდი. იშვიათად არის კარგად გადაღებული სპექტაკლი, ამ საქმეს თავისი სპეციფიკა აქვს. უნდა მუშაობდეს მინიმუმ სამიდან ხუთ კამერამდე დარბაზის სხვადასხვა კუთხეში, რათა მსახიობების ემოცია და შეფასება სათანადოდ გამოჩნდეს.
- ბავშვობაში ნანახმა რომელმა სპექტაკლმა მოახდინა თქვენზე ძლიერი შთაბეჭდილება?
- საოცრად იმოქმედა სკოლის ასაკში ნანახმა ორმა სპექტაკლმა, რის შემდეგაც გადავწყვიტე, რომ მსახიობი უნდა გავმხდარიყავი. ეს იყო მიშა თუმანიშვილის "ჩვენი პატარა ქალაქი" და რუსთაველის თეატრში - "ანა ფრანკის დღიური". მივხვდი, რომ მინდა პროფესია, რომელიც თავად მოიცავს არაერთ "პროფესიას" იმიტომ, რომ გიწევს სხვადასხვა ადამიანის განსახიერება - შეიძლება იყო ექიმი, მეცნიერი, მათხოვარი და ა.შ. ასევე შეიძლება სხვადასხვა ეპოქაში აღმოჩნდე...
GzaPress
- გავიდა წლები და თუმანიშვილის თეატრში ითამაშეთ ბატონი მიშას მიერ დადგმულ სპექტაკლში "ზაფხულის ღამის სიზმარი". მაესტროსთან ურთიერთობიდან რა გახსენდებათ?
- თეატრში ბატონმა მიშამ მიმიღო. "ზაფხულის ღამის სიზმარი" უკვე დადგმული ჰქონდა და ფერიის როლში შემიყვანა. მან დამამტკიცა სპექტაკლზე "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" მაშიკოს როლზე, რომელიც გოგი მარგველაშვილმა დადგა. სპექტაკლი ბატონ მიშას ჩავაბარეთ, მან კორექტივები შეიტანა. თუმანიშვილის მიმართ ყველა მოწიწებას გამოხატავდა; მნიშვნელოვანი იყო, ის რას იტყოდა. სამწუხაროდ, დიდხანს არ მომიწია ბატონ მიშასთან ურთიერთობამ: თეატრში ჩემი მისვლიდან ორ წელიწადში გარდაიცვალა. მაგრამ მისი ფიგურა, ჩუმი ხმა, რომელიც მაინც ყველას გვესმოდა, - დამრჩა მეხსიერებაში.
- პირველი ქართველი კინოვარსკვლავი ქალის შთამომავალი ხართ - ნატო ვაჩნაძე თქვენი პაპის და იყო. სიამაყის განცდა გექნებოდათ... რას გიყვებოდნენ მის შესახებ?
- მამა და მამიდა მიყვებოდნენ ნატოს ბუნებაზე, მის მაგიურ ენერგეტიკასა და სილამაზეზე, რომელიც დღევანდელ სტანდარტებში ნაკლებად ჯდება, მაგრამ ცხოვრებაში თურმე, საოცრება იყო და ქუჩაში ხალხი მისი დანახვისას მართლა ჩერდებოდა. მამა მიყვებოდა, როგორ ჩაჰკიდებდა ხელს ნატო და პლეხანოვზე ასეირნებდა. სიამაყე მქონდა, უფრო ოჯახის წევრების მონაყოლიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ ნატო ვაჩნაძე პირველი ქართველი კინოვარსკვლავი ქალი იყო. თუმცა, კინო ჩემთვის თეატრზე არანაკლებ ძვირფასია. ვგიჟდები, ისე მიყვარს. ნატო ძალიან ჩვეულებრივი და ადამიანური ქალი ყოფილა, სათნო, თბილი. ქალური ესთეტიკა ჰქონდა - შლაპები და ქუდები უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ ეპოქის ძალიან ცნობილი და პოპულარული ადამიანი იყო, არანაირი ცხვირის აბზეკა არ ახასიათებდა. ეს თანამედროვე, ე.წ. ვარსკვლავების სენია. მამაჩემს სახლში ნატოს დედის პორტრეტი აქვს კედელზე. მე რომ მკითხოთ, პოლონელი ქალბატონი ეკატერინე სლივიცკაია, ნატოს და მის დას - კირასაც (ისიც მსახიობი გახლდათ) - ორივეს სჯობდა სილამაზით. იმ ქალის შემხედვარე მიხვდები, რომ სიამაყის უფლება გაქვს.
- 90-იანი წლების დასაწყისში დაამთავრეთ თეატრალური ინსტიტუტი და დაიწყეთ თეატრში მუშაობა. როგორი წლები იყო?
- ძალიან კარგი თეატრალური სკოლა გავიარე შესანიშნავ პედაგოგებთან: ჯერ კოტე სურმავა მასწავლიდა, მერე - ლევან წულაძე. ინსტიტუტი ჭოლასთან დავამთავრე. ის იყო, ასე ვთქვათ, ჩემი "მამა" - პედაგოგი. თუმანიშვილის თეატრში მისვლისთანავე ორი როლი მომცეს. ამის პარალელურად, პირველი დამოუკიდებელი თეატრი - "თეატრალური სარდაფი" დავაარსეთ, სადაც კვირაში შვიდ სხვადასხვა სპექტაკლს ვთამაშობდი. ყოფილა შემთხვევა, როცა თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლი მიმთავრდებოდა, მივრბოდი "სარდაფში" და ვასწრებდი სპექტაკლში შესვლას. ჩემთვის მნიშვნელოვანია "თეატრალურ სარდაფში" გატარებული წლები. ეს იყო დიდი გამოცდა, ბევრი როლი შევასრულე.
- ბოლო დროს საქართველოში გასტროლზე სად იყავით და ჩვენი მაყურებლის შესახებ რას იტყვით?
- შარშან ერთგვარი ტურნე მოვაწყვეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში. მაისში ვიყავით თელავში, სადაც წარმოვადგინეთ "ჰარალეთი, ჰარალეთი". სპექტაკლი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ნინელი ჭანკვეტაძის მაგივრად, პირველად შევედი. ამიტომ ვნერვიულობდი, ვღელავდი, რეპეტიციები არ მყოფნიდა, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ბევრი ყვავილიც მივიღე, ბანკეტიც გვქონდა. მოკლედ, იყო სითბო ადამიანებისგან, კარგი ამინდი, ჩემი საყვარელი ქალაქი თელავი - ის დრო კარგად მახსენდება. საქართველოს სხვადასხვა კუთხეს აბსოლუტურად განსხვავებული მაყურებელი ჰყავს. მცოდნე და კარგი მაყურებელია ქუთაისში, ბათუმსა და თელავში - ამ სამ ქალაქს გამოვყოფ. განსაკუთრებით მაინც ქუთაისს გამოვარჩევ, იქ გასტროლი მიყვარს.
- კინოში არაერთ ცნობილ რეჟისორთან გიმუშავიათ, მათ შორის იყვნენ: რეზო ესაძე, ზაზა ურუშაძე...
- რეზო ესაძესთან ფილმ "ჭერის" გადაღებები წლები (1992-2003) გრძელდებოდა. დავიწყეთ მაშინ, როცა გასათხოვარი ვიყავი; მერე გავთხოვდი, ბავშვი შემეძინა - ამ პერიოდში სულ ვიღებდით (იცინის). ბატონი რეზო ყველასგან განსხვავებული და არანორმალურად საოცარი პიროვნება იყო. თავიდან მისი ცოტა მეშინოდა. კარიერის დასაწყისში გავიცანი, როცა ჯერ კიდევ არ იცი, სწორად აკეთებ დავალებას თუ არა. თუმცა, ისე შეგაქებდა და ისე თბილად მოგექცეოდა, რომ ყველაფერი გამოგდიოდა. გადასაღები მოედნის მომზადებამდე საინტერესო ამბებს ჰყვებოდა. შეიძლებოდა, მისთვის 2-3 საათი გესმინა, დრო სადღაც ქრებოდა: ძალიან კარგი მთხრობელი იყო. "ჭერს" ლისის ტბაზე ვიღებდით და ტექნიკური პრობლემების მოგვარება ჭიანურდებოდა. მოთმინება გადაღების დროს მაშინ ვისწავლე. იქ მივხვდი, რომ კინომსახიობობა მარტო თამაში არაა (თამაში 2-3 წუთს გრძელდება), დანარჩენი არის მოთმინება. ჰოდა, მიმქონდა გადაღებებზე წიგნი, საქსოვი... დროც სწრაფად გადიოდა. ბატონი რეზოსგან ეს გაკვეთილი მივიღე და კარგი თვისება შევიძინე, რაც ასე მადგება კინოგადაღების დროს.
ზაზა ურუშაძე ჩემი ფავორიტია ქართველ რეჟისორებს შორის, რადგან მსახიობთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა - იცოდა ამოცანის სწორად დასახვა და ზედმიწევნით ზუსტად ახსნიდა, რისი მიღწევა უნდოდა. მასთან სერიალზე "ცხელი ძაღლი" ვიმუშავე, ბოლო ნამუშევარი "სამი სახლი" იყო. ზაზამ ამ ფილმზე მუშაობისას მითხრა: ეკა, მოდი, მე დამიჯერე; რამეში თუ არ მეთანხმები, მაინც დამიჯერე, რომ ასე ჯობსო!.. მიყვარს კამათი, ჩემი აზრის გამოხატვა, საერთოდ, აქტიური ადამიანი ვარ. დავუჯერე და ის გამოვიდა, რაც უნდა გამოსულიყო. ზაზა ძალიან მიყვარდა და დღემდე არ მჯერა, რომ აღარ არის.
გამიმართლა და ამ პანდემიის დროს როლზე დამამტკიცეს. სერიალში "თესეა" (მეორე სეზონი) მსახიობს ვასახიერებ, თემიკო ჭიჭინაძის გმირის მეუღლე ვარ. გადაღებები ნოემბერში დასრულდა, ეპიზოდებს ტყეში ვიღებდით. ბოლოს ღამე ვმუშაობდით. მეგონა, გავიყინებოდით, რადგან უკვე ჩაკეტვაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ გადაღების დამთავრება მოვასწარით.
- პანდემიამ რა გეგმები ჩაგიშალათ?
- პანდემიამდე თეატრში საკმაოდ ნაყოფიერი გრაფიკი მქონდა. ხუთ მოქმედ სპექტაკლში ვმონაწილეობდი და მეექვსის პრემიერისთვის ვემზადებოდით. ნიუ-იორკში უნდა გვეთამაშა პრემიერა და ბილეთებიც აღებული გვქონდა, მაგრამ... სპექტაკლს ამერიკელი ქართველი ემიგრანტების შესახებ "მწვანე ბარათი" ერქვა. საქმე შუა გზაზე გაწყდა და სამწუხაროდ, ბილეთები დავაბრუნეთ. ეს ყველაფერი მტკივნეულია. ძალიან მენატრება თეატრი, რომელიც პრაქტიკულად ჩემი მეორე სახლია.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ვისგან მიიღო თაკო ჭანუყვაძემ შთამბეჭდავი საჩუქარი
ლევან ყოჩიაშვილის 10-წლიანი "ორმაგი ცხოვრება"
"ვცდილობ, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები უსიამოვნებისგან დავიცვა"
ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ის ინგლისელია
"გადაგდებული" მუსიკოსები და უხერხული სიტუაციის გამო დაკარგული მეგობარი
მსახიობის ცხოვრების მთავარი სიახლეები
რატომ აქვს გასაიდუმლოებული ცირა კობიაშვილს "ფეისბუკის" ანგარიში?
დავით კვირცხალია ქართველ ქალებსა და მისი თაობის ღირსეულ წარმომადგენლებზე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი