"აქამდე ხესა და ბეტონთან შეხება არასოდეს მქონია" - გზაპრესი

"აქამდე ხესა და ბეტონთან შეხება არასოდეს მქონია"

რუსთაველის თეატრის მსახიობს - ლაშა ჯუხარაშვილს კორონავირუსის პანდემიის გამო, სხვა კოლეგების მსგავსად, იძულებითი პროფესიული პაუზა აქვს. სპექტაკლები აღარ იმართება, რამდენიმე კინოპროექტიც ჩაიშალა, თუმცა იმედია, ესეც დროებითია. ამ ხნის განმავლობაში ის დილიდან-საღამომდე დროს თავის მეგობართან, ნიკოლოზ ფოფხაძესთან ერთად სახელოსნოში ატარებს. მართალია, ხესა და ბეტონთან შეხება მანამდე არ ჰქონია, მაგრამ პრაქტიკაში ნელ-ნელა ყველაფერი ისწავლა და საკმაოდ საინტერესო, მრავალფეროვან და საჭირო ნივთებს ქმნის.

- სანამ თეატრების ამოქმედების საკითხი გაურკვეველი დროითაა გადადებული, მომიყევი, რას საქმიანობ?

- ისევე, როგორც ყველა, ვცდილობ შევეგუო რეალობას, თუმცა, უფრო სწორი ნათქვამი იქნება, რომ ვითვალისწინებ პანდემიის პირობებში შემოთავაზებულ რეგულაციებს და ამავდროულად, არ ვნებდები. მოგეხსენებათ, თითქმის მთელ მსოფლიოში თეატრებში მუშაობა შეჩერებულია, მოხსნილია პრემიერები და ზოგან მთელი სეზონებიც გაუქმდა. ჩვენთანაც იგივე მოხდა, მაგრამ შევეცადე, ყურები არ ჩამომეყარა. მე და ჩემმა მეგობარმა ძველი სარდაფი მოვაწესრიგეთ და გავაკეთეთ სახელოსნო. ასე გადავიტანეთ შემოქმედებითი პაუზა და მთელი ჩვენი ენერგია სხვა საქმიანობაში ჩავდეთ. სხვათა შორის, მხოლოდ მე არ ვარ ასე, ბევრმა ჩემმა კოლეგამ რაღაც სხვა საქმის კეთება დაიწყო და ეს ძალიან კარგია. შეიძლება სისულელეს ვამბობ, მაგრამ ამ მხრივ, მართლა კარგი რამ მოხდა. მსოფლიო მოულოდნელად დაპაუზდა, სხვებთან ერთად, ხელოვანი ადამიანებიც გაჩერდნენ, საკუთარ თავთან მარტო დარჩნენ, სახლებში შეიკეტნენ და ეს საშუალებას იძლევა, რამე ახალი შექმნან. დიდი იმედი მაქვს, პანდემია მალე დასრულდება და ჩემი აზრით, ამ ყველაფრის შემდეგ, ბევრი კარგი რამ მოხდება მსოფლიოში. განსაკუთრებით, მინდა ეს თეატრალურ სამყაროზეც აისახოს, რადგან სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია.

GzaPress

- უფრო დაწვრილებით მოვყვეთ - ოთხფეხა მეგობრებისთვის სახლებს აკეთებ, ხომ?

- კი. ისე მოხდა, რომ პანდემიის პერიოდში ბევრმა ადამიანმა შეიძინა შინაური ცხოველი და იდეაც აქედან დაიბადა. ჩემი მეგობარი ნიკუშა ფოფხაძე არქიტექტორია. გავაკეთეთ კომპანია და დიზაინ-სტუდიაში დავიწყეთ მუშაობა. ძირითადი სამუშაო მასალა არის ფანერა და ბეტონი, რომლისგანაც ვქმნით სანათებს, კარის დამჭერებს, ძაღლისა და კატების სახლებს, რომელიც არა ეზოში, არამედ ინტერიერში დასადგამია. ვფანტაზიორობთ და ვიგონებთ ახალ-ახალ ნამუშევრებს. დიზაინი ჩვენია - ჩვენი სურვილებისა და შესაძლებლობების მიხედვით. მთელ სულსა და გულს ვდებთ და სიყვარულით ვაკეთებთ ამ საქმეს - ეს ალბათ, ყველაზე მთავარია.

- თავად თუ გყავს შინაური ცხოველი?

- ამ ეტაპზე - არა. კურცხალი მყავს ბულაჩაურში, მაგრამ თბილისის ბინაში ძაღლი არ მყავს. ჩემი შვილები პატარები არიან, იოანე 5 წლისაა და ანიტა - 3-ის. ჯერჯერობით ეს ორი პატარა ლეკვი მყავს მოსავლელი (იღიმის).

- ხესა და ბეტონთან მუშაობას ალბათ, სჭირდება გარკვეული გამოცდილება. მანამდე თუ გქონია ამ მასალებთან შეხება?

- ვხატავდი, ახლაც ვხატავ და ალბათ მომავალში დავხატავ, მაგრამ სხვა მასალასთან აბსოლუტურად არანაირი შეხება არ მქონია. ინტუიციურად მოვიდა, ვინმემ გამომიგზავნა მესიჯი თუ ზუსტად როგორ მოხდა, არ ვიცი (იღიმის), მაგრამ ფაქტია, დავფიქრდი და მივხვდი, რომ ეს შემეძლო. მეც და ნიკუშასაც პირველივე ნივთის გაკეთებისას არ გვქონია შეგრძნება, რომ ეს საქმე არ ვიცით და მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით კარგად მივდივართ.

- ხატავდი პანდემიამდეც... ხატვა რა ასაკიდან დაიწყე?

- ჩემს ცხოვრებაში ხატვა იყო სულ და თან მომყვება. მგონია, სანამ სიარულს დავიწყებდი, მანამდეც ვხატავდი. თეატრალური უნივერსიტეტის პარალელურად, სამხატვრო აკადემიაში ფერწერა-ქანდაკებას ვსწავლობდი.

GzaPress

- რატომ გადაწონა მსახიობობამ?

- ალბათ, ადამიანების ინტერესის გამო. შეკითხვამ - "რატომ?" - მომიყვანა ამ პროფესიაში. რატომ უყვარდება ან სძულს, რატომ კლავს, რატომ გარბის და ა.შ. ბავშვობაში ბევრ წრეზე დავდიოდი. საბედნიეროდ, ოჯახი სულ ცდილობდა, ჩემი სურვილების შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებას, მაგრამ ყველაფერი მსახიობობამ გადაწონა. ალბათ გამიმართლა და ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, ბევრი კარგი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში და ამაში დაფასებას არ ვგულისხმობ, არამედ შესანიშნავ ადამიანებთან ურთიერთობას. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვისთანაც ცხოვრებაში შეხება მქონდა. ყველასი, მათ შორის შენიც, რადგან თითოეულისგან რაღაც მისწავლია. თან ყველა ისეთი ადამიანია ჩემ გარშემო, რომ წარმოუდგენელია ეს ვერ დავინახო. მთელი ცხოვრება ადამიანებისადმი მადლიერების განცდა უნდა ვატარო. წარმოიდგინეთ, ჯერ მხოლოდ რობერტ სტურუასთან, გია ყანჩელთან ურთიერთობა რად ღირს, ამავდროულად ერთ დარბაზში ვიკრიბებით: ბატონი კახი კავსაძე, ჯემალ ღაღანიძე, რუსთაველის თეატრის შესანიშნავი მსახიობი ქალბატონები და ამის მერე მადლიერების მეტი, სხვა რა განცდა უნდა მქონდეს?!

- სანამ რეგულაციები გამკაცრდებოდა და თეატრები დაიკეტებოდა, რა სპექტაკლში ითამაშე ბოლოს, თუ გახსოვს?

- ბატონი რობერტ სტურუას სპექტაკლში "დაკანონებული უკანონობა" და ამის შემდეგ ავიღე პაუზა (იღიმის). რაც შეეხება ზოგადად თეატრს, ამ პანდემიის პერიოდში ბატონმა რობერტმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში წარმოადგინა "თამაშის დასასრული", რომელიც გია ყანჩელს მიუძღვნა და ამის შემდეგ არაფერი წარმოგვიდგენია.

- ამ ხნის განმავლობაში ბევრი ადამიანი უყურებს სპექტაკლებსა და ფილმებს ინტერნეტში, შენც?..

- ჩემი აზრით, ეს მსახიობისთვის ჩვეულებრივი ტრენაჟია, რომელსაც მე დღის განმავლობაში აუცილებლად ვაკეთებ. ვუყურებ ფილმებს და სპექტაკლებსაც, ზოგჯერ მხოლოდ ერთ კონკრეტულ მომენტს, ისევე, როგორც წიგნში მოინიშნავ გვერდს და პერიოდულად უბრუნდები.

- რამდენიმე ახალი სერიალია. დადიხარ ხოლმე კასტინგებზე?

- ბოლო პერიოდში რა სერიალებიც გამოვიდა ეკრანზე, თითქმის ყველა შემოქმედებით ჯგუფთან მქონდა შეხება. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ზოგჯერ შედგება თანამშრომლობა და ზოგჯერ - არა. საზღვარგარეთაც იყო პროექტი და დაუმთავრებელი დამრჩა. ორი სპექტაკლის რეპეტიცია მქონდა: ერთი სპექტაკლი რუსთაველის თეატრში იდგმებოდა, მეორე - თეატრალურ უნივერსიტეტში, მაგრამ იქაც გავჩერდით.

GzaPress

- ყველას თავისი პროგნოზი აქვს პანდემიის დასრულების, შენ როგორ ფიქრობ, როდის დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს?

- თებერვლიდან მოყოლებული დღემდე, სულ ამაზე ვფიქრობ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ნეგატიურად ვარ განწყობილი. სულ პოზიტიურად ვუყურებ მომავალს და პანდემიის დასასრულს რაც შეიძლება მალე ველი. მგონია, გაზაფხულზე მსოფლიო "აზრზე" უნდა მოვიდეს. სხვაგვარად ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდებით და ამაში არ ვგულისხმობ მხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორს, არამედ ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ასე რომ, ხალხო, იმედი გქონდეთ (იღიმის). შეიძლება კორონავირუსმა კუდი დიდი ხანი მოიტოვოს, თუმცა ისეთი ქაოსი და უბედურება, რაც ახლა ასე გვამძიმებს, გაზაფხულზე სტაბილურებისკენ წავა და დასრულდება. აი, თუ გინდა 11 აპრილს დამირეკე, ჩემი დაბადების დღეა, 29 წლის ვხდები და მაგ დროისთვის ყველაფერი კარგად იქნება.

- იმედია, ვნახოთ.

ანა კალანდაძე