რომელ თვისებას ებრძვის საკუთარ თავში თათია სულუაშვილი - გზაპრესი

რომელ თვისებას ებრძვის საკუთარ თავში თათია სულუაშვილი

"მას ხშირად უსაფუძვლო შიში ახასიათებს, ამაყი და დაუმორჩილებელია. შეუძლია დიდი სიყვარულიც და სასტიკი მტრობაც. მეწვრილმანეობა და სიჯიუტე ხშირად ხელს უშლის იმაში, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს. შურისძიებაზე ისე მიდის, ამას ვერავინ ხვდება. მის სამყაროში შეღწევა რთულია, არ უყვარს საკუთარი განცდების გამომზეურება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვეფხვის წელში დაბადებულ კირჩხიბს, ეს კი იუმორისტ თათია სულუაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ინტერესის და დიდი სურვილის მიუხედავად, პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია, თუმცა ინტერნეტში სტატიებს ამ თემაზე მუდმივად თვალს ვადევნებ. ჩემი ნიშნის დახასიათებასა და ჩემს ხასიათს შორის თანხვედრა არაერთხელ აღმომიჩენია.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ვეფხვის წელში დაბადებული ადამიანები ამაყები და დაუმორჩილებლები არიან. ეთანხმები?

- ამაყი? ცოტათი უხეშად ნათქვამი მგონია, ჯიუტი უფრო ვარ, ეს თვისება ყოველთვის თან მდევს. რასაც ვიტყვი, ის აუცილებლად უნდა გავაკეთო. სიჯიუტესთან ერთად, დაუმორჩილებელიც ვარ. სხვისი აზრი შეიძლება მოვისმინო, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც მე მინდა.

- გაჯიუტება მაშინაც გჩვევია, როცა იცი, მართალი არ ხარ?

- ასეც ხდება ხოლმე. შეიძლება დავმარცხდე, მაგრამ ბოლომდე მაინც პირველ "ჩვენებას ვაწვები" - ეს ჩემი ხასიათია, რომელიც უმეტესად, პრობლემებს მიქმნის.

- "ვეფხვი ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას, რაც ხშირად აიძულებს, კონფლიქტში იყოს ზემდგომებთან".

- მართალია. მიუხედავად იმისა, რომ იუმორისტი ვარ, ვერ ვიტან, როცა ვიღაც ჩემზე ზედმეტად ხუმრობს. შეიძლება ის რაღაც საწყენი სულაც არ იყოს, მაგრამ სწორად ვერ გავიგო და გავბრაზდე.

- როცა თავად სხვა ადამიანზე ხუმრობ, არ ფიქრობ, რომ შეიძლება მანაც ვერ გაგიგოს?

- სხვებს ნაკლებად ვეხუმრები ან იმაზე ვხუმრობ, ვისაც ხუმრობას კარგად ვარგებ და ვიცი, ნაწყენი არ დამრჩება.

- რისკზე ხშირად მიდიხარ?

- რისკიანი ვარ, მაგრამ ფრთხილიც. სანამ რამეს გადავწყვეტ, იმაზე შეიძლება დღეების განმავლობაში ვიფიქრო, ავწონ-დავწონო და მერე გადავჭრა. საყიდლებზე რომ მივდივარ, მაშინაც კი ბევრს ვფიქრობ, თუმცა ზუსტად ვიცი, რა მინდა.

GzaPress

- მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სპონტანურად არასდროს იღებ?

- არასდროს, ეს გამორიცხულია.

- "მას უყვარს ლიდერობა და ამას არც მალავს. ეს თვისება დაბადებიდან სისხლში აქვს გამჯდარი".

- ამ შემთხვევაში ასტროლოგებს ნაწილობრივ დავეთანხმები, ლიდერობის სურვილი ყოველთვის არ მაქვს. საშინლად არ მიყვარს წაგება, ამაზე ძალიან ვნერვიულობ. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ, შუალედის დაჭერა მიჭირს. ან საერთოდ არ უნდა გავაკეთო და ვერაფერს მივაღწევ, ან ძალიან კარგად უნდა გავაკეთო და დასახულ მიზნამდე აუცილებლად მივიდე.

- "მას შესწევს ძალა, საკუთარი თავი საქმეს ბოლომდე მიუძღვნას, მაქსიმალურად დაიხარჯოს".

- ჩემს საქმეში მართლა მაქსიმუმს ვაკეთებ და ეს არ მბეზრდება. ეს საქმე მიყვარს და არ ვზარმაცობ.

- "მეწვრილმანეობა და სიჯიუტე ხშირად ხელს უშლის, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს".

- კონფლიქტის მოყვარული არ ვარ. ვცდილობ, ამ სიტუაციაში არ აღმოვჩნდე, მაგრამ თუ გავბრაზდი, მერე ვეფხვი კი არა, არ ვიცი, ვინ ვხდები. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: მანქანას გზა დავუთმე, მძღოლმა გამოიარა და ჟესტიკულაციით შეურაცხყოფა მომაყენა. ამ დროს რა უნდა გამეკეთებინა? გავეკიდე, ვაკემდე ვდიე, ბოლოს მანქანიდან გადმოვიყვანე და ბოდიში მოვახდევინე. ბოდიში რომ არ მოეხადა, მერე არ ვიცი, რა მოხდებოდა. ის კაცი პოლიციელი აღმოჩნდა.

- ეს იქვე გაარკვიე?

- იარაღი ედო და მივხვდი. იმედია, ის მსგავს ქმედებას აღარ ჩაიდენს.

- "მას ეზიზღება ჩარჩოები, შეზღუდვები, აკრძალვები, კარგი იქნება, კომპრომისის ხელოვნებას თუ ისწავლის".

- ჰო, არ შემიძლია, როცა ვინმე მზღუდავს და ჩარჩოში ჩემს მოქცევას ცდილობს.

- გიჭირს გაანალიზება, რა დროს უნდა წახვიდე დათმობაზე და რა დროს - არა?

- კი, ძალიან მიჭირს, უმეტესად დათმობაზე ვერ მივდივარ, ეს იშვიათად ხდება. როცა ვბრაზდები, არ უნდა ამყვე, გატრიალდი და წადი, თავად მივხვდები, სად დავუშვი შეცდომა, პრობლემას საკუთარ თავში მოვძებნი და თუ საჭიროდ ჩავთვლი, ბოდიშს მოგიხდი. ეს არ მიჭირს. მთავარია, კონფლიქტის დროს არ ამყვე.

- "ფულსა და დიდებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, აუცილებლად დიდებას აირჩევს".

- აუცილებლად ასე მოვიქცევი.

- "ექსტრიმით სავსე დრამატული ცხოვრება აქვს".

- ასე ნამდვილად არ არის.

- "მისი სულიერი მდგომარეობა მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული. ხასიათი სწრაფად ეცვლება".

- კირჩხიბები დეპრესიულები ვართ, ეს ჩემს ხასიათშიც იგრძნობა. რაც შეეხება ცვალებადობას, განწყობა მართლაც სწრაფად მეცვლება და რაც მნიშვნელოვანია, ამ ცვლილების მიზეზს ვერასდროს ვხვდები. მოვიწყენ, მეორე წუთში კარგ ხასიათზე ვარ. არც ის ვიცი, დეპრესიული რატომ ვარ. უცნაურია, გამუდმებით ვეძებ პრობლემას, რომ იმაზე ვინერვიულო. შეიძლება გარშემო არანაირი პრობლემა არ არსებობდეს, მაგრამ მე მაინც გამოვნახავ. მაგალითად, წინასწარ ვნერვიულობ, ერთი წლის შემდეგ როგორი მდგომარეობა იქნება, 2 წლის შემდეგ ჩემი შვილი რას იზამს. ზედმეტად ემოციური ვარ. ყოველთვის მეუბნებიან, რატომ ნერვიულობ მომავალ წელზე, როცა ახლა კარგად ხარო? არ ვიცი, ეს ჩემი ხასიათია, ამ თვისებას სულ ვებრძვი.

- "ძალიან მგრძნობიარე და რთული ბუნების პატრონია, ზოგჯერ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ ბავშვივით დაუცველია".

- ერთი შეხედვით ძლიერი ვჩანვარ, ამ დროს შეიძლება, ისეთ მარტივ ამბავზე ვიტირო და ჩავიკეტო, ვერავინ დაიჯეროს, ამ შემთხვევამ თუ დამანგრია. მულტფილმებზე დღემდე მეტირება. ქუჩაში მოწყალების მთხოვნელი ბავშვი რომ მხვდება, ვნადგურდები, დეპრესია მეწყება.

- "მას შეუძლია ადამიანების თანაგრძნობა, საიდუმლოების შენახვა, მაგრამ მის სამყაროში შეღწევა რთულია, არ უყვარს საკუთარი გრძნობების გამომზეურება".

- შინაგან განცდებზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მიყვარს. ჩემს განცდებს ყოველთვის ჩემში ვიტოვებ, მით უმეტეს - პრობლემებს, მათ თავს სხვას არასდროს ვახვევ.

- როგორ გიყვარს, როგორ გიხარია, როგორ გტკივა... ამაზე არ ლაპარაკობ?

- ნაკლებად. როცა რაღაცაზე ვნერვიულობ, ამ დროს ყოველთვის ჩუმად ვარ, აბსოლუტურ მდუმარებაში. როცა ჩუმად ვარ, ე.ი. რაღაც პრობლემაზე ვნერვიულობ. სხვების თანაგრძნობის უნარი ნამდვილად მაქვს, შემიძლია ყველას მოვუსმინო, მეგობრებს მხარში ამოვუდგე. როცა ვინმეს რჩევას ვაძლევ, ეს მდგომარეობაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს, საიდუმლოს შენახვაც შემიძლია.

- ინტუიციაზე დაყრდნობით უფრო ხშირად მოქმედებ თუ - გონებით?

- ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს, ყოველთვის მიმართლებს. ადამიანს როგორც კი შევხედავ, ზუსტად ვიცი, ის როგორია, რას იკადრებს, მისგან რას შეიძლება ველოდო.

- ამას როგორ ხვდები?

- ყველას თვალებში ვუყურებ. პიროვნებას თვალები ყველაზე მეტად შიფრავს, მართლა სულის სარკეა, სადაც ბევრი რამის დანახვაა შესაძლებელი.

- "თუ ტკბილად მოეპყრობი, მისი მართვა ადვილია, რამეს თუ აიძულებ, ადგილიდან არ დაიძვრება".

- მართალია. არაფერი არ უნდა მაიძულო; შეუძლებელია, იძულებით რამე გამაკეთებინო. ჩემთან ტკბილი სიტყვა ჭრის. არ მიყვარს, როცა ჩემ მაგივრად სხვა იღებს გადაწყვეტილებას. არა აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ოჯახის წევრი იყოს. შეიძლება შემომთავაზო ვარიანტები, მაგრამ ხელის დაკაკუნებით არ უნდა მელაპარაკო. ეს ჩემი ოჯახის წევრებმაც და მეგობრებმაც კარგად იციან. რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ.

- "მას შეუძლია დიდი სიყვარული, მაგრამ შეუძლია სასტიკი მტერიც იყოს".

- შემიძლია ადამიანი შევიყვარო, ბოლომდე მივიღო, მაგრამ ჩემთვის მიუღებელ და უპატიებელ შეცდომას თუ დაუშვებს, ისე გადავხაზო, არც ვინანო.

- შენს ცხოვრებაში ასეთი "გადახაზული" ბევრი ადამიანია?

- არიან, მათზე არც ვფიქრობ. ისინი ვეღარც მოვლენ და ვეღარც მომესალმებიან.

- "მისთვის ოჯახი უმთავრესია".

- კირჩხიბები ძალიან მეოჯახეები ვართ. ესეც ერთ-ერთი გამოკვეთილი თვისებაა. მსიამოვნებს, როცა ოჯახის წევრებზე ვზრუნავ, ხშირად, ზედმეტადაც კი. დედობრივი გრძნობა და ინტუიცია კარგად მაქვს განვითარებული. მზრუნველობის საკითხში გადამეტება ხშირად მჩვევია, ეს ხანდახან ჩემთვისაც დამღლელია. როცა სხვა ცდილობს, ჩემზე იზრუნოს, არ ვაცდი - არა, მე უნდა ვიზრუნო მასზე.

- "ხშირად შურისძიებაზე მიდის, მაგრამ ამას იმდენად ჩუმად აკეთებს, ვერავინ ხვდება".

- შური შეიძლება სიტყვიერად ვიძიო; ადამიანს ისეთი რამ ვუთხრა, წავაქციო, გავანადგურო.

- პერიოდულად მაინც თუ გაქვს განცდა, რომ შენი ნაკლებად ესმით, ვერ გიგებენ?

- კი. ხშირად ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება თათია იყოს ცუდ ხასიათზე ან ჰქონდეს დეპრესია, რადგან ეკრანზე ლაღი და მხიარული ვჩანვარ. ზოგჯერ დედაც კი შეიძლება ვერ დავაჯერო, რომ ხასიათზე ვერ ვარ. პერიოდულად იცის თქმა, რა კარგია, რომ უდარდელი ხარო. ეს ფრაზა მაღიზიანებს, რადგან ასე არ არის. ასეთი შეიძლება გარედან ვჩანვარ, მაგრამ ჩემში რა ცეცხლი ტრიალებს, ვერავინ ხედავს. ზოგჯერ ეს ცეცხლი რატომ ტრიალებს, თავადაც არ ვიცი.

- "ხშირად უსაფუძვლო შიში ახასიათებს".

- ყოველთვის რაღაცის მეშინია. არ ვიცი, ეს ჩემი ხასიათია თუ ჩვევაა, მაცივარი ყოველთვის სავსე უნდა მქონდეს. რომ გამოვაღებ, გატენილი უნდა იყოს. როცა რამე აკლდება, მივდივარ და ორმაგს ვყიდულობ.

- "უყვარს ფულის შეგროვება".

- გარკვეული თანხა ყოველთვის გადადებული უნდა მქონდეს, სადღაც მიკუნჭული - რა იცი, რაში დამჭირდება?! საფულეში დარჩენილი მცირე სახარჯო თანხით არ ვკმაყოფილდები. ფული რომ მითავდება, ემოციური ფონი მემატება.

თამუნა კვინიკაძე