3 წლის ასაკში მიღებული პირველი ჰონორარი და ლიზა ყენიას ბიზნესი - გზაპრესი

3 წლის ასაკში მიღებული პირველი ჰონორარი და ლიზა ყენიას ბიზნესი

ლიზა ყენიას საზოგადოება მომღერლის ამპლუაში იცნობს, თუმცა პარალელურად, 2 ბიზნესს უძღვება. მიიჩნევს, რომ ახლობლებთან საქმის დაჭერა უფრო კომფორტულია, რადგან მორიდებული ხასიათის გამო, უცხოსთვის მუშაობისას შენიშვნის თქმა გაუჭირდება... ლიზას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სკანდალური სტატუსის შესახებაც ვესაუბრეთ, სადაც გადაცემის სტუმრისთვის ჰონორარის გადახდის საჭიროებაზე წერდა...

- 17-18 წლის ვიყავი, როცა გავაცნობიერე, რომ საჭირო იყო, საკუთარი შემოსავალი მქონოდა. ძალიან მომთხოვნი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ არ მომწონდა, რომ გარკვეულ თანხას მშობლებს ვთხოვდი. თინეიჯერობისას მივხვდი, რეკლამებითა და გადაღებებით შემეძლო თანხა შემეგროვებინა და მშობლებისთვის ფული აღარ მეთხოვა. მას შემდეგ, ისე გავიდა წლები, რომ პირიქით, ვცდილობ დედას თავად დავეხმარო ან ოჯახის რომელიმე წევრს საჩუქარი მივუძღვნა და ა.შ. მაქსიმალურად ვცდილობ, "ჩემებს" თანხა არ გამოვართვა.

- პირველი ჰონორარი რისთვის მიიღე, გახსოვს?

- დაახლოებით 3 წლის ვიყავი, ოპერის თეატრში რომ ვიმღერე და 100 ლარი მომცეს. პირველი, რისი გაკეთებაც მომინდა, ჩემი ძმის გახარება იყო: დედაჩემთან ერთად წავედი და უმცროს ძმას სათამაშოები ვუყიდე.

- დღეს შენს ფინანსებს როგორ განკარგავ?

- მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი შემოსავალი მქონდა, რაღაცნაირად, ფულის არსებობას პატივს ნაკლებად ვცემდი - ყოველთვის ხარჯვა მიყვარდა. დროთა განმავლობაში, ფულის ყადრი ვისწავლე: მივხვდი, როგორ შევინახო, კარგი საქმისთვის გამოვიყენო და ა.შ.

- ამჟამად, შენი შემოსავლის წყარო რა არის?

- პირველ რიგში, "ინსტაგრამი", რომელიც ძალიან მიყვარს და სადაც სხვადასხვა კომპანიას რეკლამას ვუკეთებ. ასევე, ჩემი "ტანსაცმლის ხაზი" შევქმენი: სეზონურად, ლიმიტირებული კოლექციები გამოდის. სამოსის შექმნისას ჩემს ნახატებს ვიყენებ - ვხატავ და ტანსაცმელზე გადამაქვს... ასევე, ბიზნესის მართვას მივყავი ხელი: კოსმეტიკისა და სახის მოვლის საშუალებების ერთ-ერთი გერმანული ბრენდის წარმომადგენელი ვარ საქართველოში (კონტრაქტი გავაფორმე). ესეც ჩემი შემოსავლის ერთგვარი წყაროა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბევრი სამუშაოა. ცუდი პერიოდი დაგვემთხვა...

- ბიზნესის მართვის მიმართულებით რაიმე განათლება თუ გაქვს მიღებული?

- ტურიზმისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტი დავამთავრე. ბიზნესის მართვამ მიმიზიდა. ისე დაემთხვა, რომ ეს საქმე ჩემთან უფრო "ახლოს" აღმოჩნდა... ეს პროფესია (ფაკულტეტი) სპონტანურად ავირჩიე, მაგრამ მივხვდი, რომ გამომადგა.

- ხატვა შენი ჰობია?

- ბავშვობიდან ვხატავ, კი, ჰობია. ხატვა ცოტათი მედიტაციის დონეზე მაქვს აყვანილი: როცა ცუდად ვარ და ენერგიის დახარჯვა მჭირდება, რაც შეიძლება, სიმღერით და ცეკვით ვერ მოვახერხო, ხატვით ვახერხებ. რაღაცნაირად, თერაპიაა... საქმე საქმეზე რომ მიდგა და ჩემი ნახატებიც მომეწონა, მივხვდი, რომ მსურდა, ადამიანებისთვის ეს ყველაფერი მეჩვენებინა, მაგრამ გამოფენის მოწყობა ჯერ საკმაოდ თამამ განაცხადად მომეჩვენა. ვიფიქრე - მოდი, თავს არავის მოვახვევ, რომ მხატვარიც გავხდი-მეთქი და გადავწყვიტე, ნახატები ტანსაცმელზე გადამეტანა.

- ძირითადად, სპორტული სტილის სამოსს ქმნი?

- შეიძლება, "სპორტული" დავარქვათ. კლასიკური არ არის, მაგრამ ვცდილობ, ვიზუალურად, სპორტულიც იყოს და ისეთ ადგილებში შეიძლებოდეს მისი ჩაცმა, სადაც მაგალითად, სხვა სპორტული ტანსაცმლით ვერ შეხვალ.

- შეიძლება, შენ მიერ შექმნილი სპორტული სამოსი წვეულებაზე ჩაიცვა?

- რატომაც არა! მაგალითად, ჩემი ბოლო კოლექციის მაისური პიჯაკთან ერთად რომ ჩაიცვა, ისეთ "ვიდზე" იქნები, რომ უხერხული სიტუაცია არ შეიქმნება. ასე აცვიათ კიდეც, თან კომფორტულია, "უნისექსია"...

- ამ ბიზნესის მართვაში ვინმე გეხმარება?

- ჩემი დეიდაშვილი - მარიამ ჯაბუა მეხმარება. თავდაპირველად, საქმეში ორნი ვიყავით. მერე, როცა მეორე ბიზნესის (კოსმეტიკის და სახის მოვლის საშუალებების) მართვა დავიწყე, მივხვდი, გვერდით ისეთი ადამიანები მჭირდებოდნენ, რომლებიც პროფესიონალებთან ერთად, ჩემი ახლობლებიც იქნებოდნენ. მეორე ბიზნესშიც მარიამი მეხმარება, რომელიც ნიჭიერი ვიზაჟისტი გახლავთ და ჩემი მარჯვენა ხელია. ასევე, ბევრი ახლო დაქალი მყავს, ვინც მხარში მიდგას. მივხვდი, ერთი ადამიანი ამ 2 საქმეს ვერ გავწვდებოდი, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ საქმეში 1-2 კარგი დამხმარეც საკმარისია.

- ახლობლებთან თანამშრომლობას უარყოფითი მხარეც ხომ არ აქვს?

- გამოცდილი ადამიანებისგან ხშირად მესმის - მეგობართან ან ოჯახის წევრთან ერთად, საქმე არ უნდა წამოიწყოო. პირადად მე, პირიქით მიმაჩნია: მაგალითად, საყვედურს რაც შეეხება, უცხო ადამიანს უფრო ვერ ვეტყვი, ვიდრე ჩემიანს. ჩემიანი უფრო სწორად გამიგებს - შემიძლია, მას სათქმელი ჩემთვის კომფორტული ფორმით ვუთხრა. უცხოსთან მომერიდება. შესაძლოა, ვიღაცას მორიდებული ადამიანი არ ვეჩვენებოდე, მაგრამ ასეთი ვარ. მეგობრებს, ვისთან ერთადაც ვმუშაობ, უკვე ვუთხარი: იცოდეთ, ზუსტად ისე დაგელაპარაკებით, როგორც ყოველდღიურობაში - გაბრაზებულიც და მხიარულიც-მეთქი (იღიმის). მირჩევნია, მათ "ჩემი ენით" ვესაუბრო. გარდა ამისა, ჩემზე მეტად გამოცდილი კადრი რომ ამეყვანა, შეიძლებოდა, შენიშვნის მიცემის კიდევ უფრო მომრიდებოდა. ამიტომ, ახლობელი ვარჩიე, ვისთანაც შენიშვნის თქმას გავბედავ.

- სიმღერა, რითაც საზოგადოება გიცნობს, შენი შემოსავლის წყარო არ არის?

- სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, როცა მივხვდი, სიმღერა ჩვენი შემოსავლის წყარო ვერ არის, სხვა ალტერნატივების მოძებნა გადავწყვიტე. მიზეზი მხოლოდ პანდემია არაა: კონცერტების რაოდენობა მანამდეც შემცირებული იყო. მოგეხსენებათ, შოუბიზნესი როგორ სიტუაციაშია. ამიტომ სხვა საქმეებზე "გადავერთე". რა თქმა უნდა, სიმღერაც შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა, მაგრამ - ძალიან მინიმალური. უფრო მეტად მუსიკისა და დრამის თეატრი მეიმედება, სადაც შტატში ამიყვანეს და გახსნას ველოდები.

GzaPress

- დღეს შენი შემოსავლის ძირითადი ნაწილი რაში იხარჯება?

- პირველ რიგში, ტანსაცმელში მეხარჯება, რადგან ფოტოებზე, ვიდეოებში, ტელეეკრანზე ხშირი გამოჩენის გამო, ახალი სამოსის ყიდვა ხშირად მიწევს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი ბრენდი ტანსაცმელს მჩუქნის; ასევე, ჩემს ახლობლებს პატარ-პატარა საჩუქრებს ვუკეთებ, გოგონებს კაფეში ვეპატიჟები, სასადილოდ და ა.შ. ამის ხაზგასმა არ მიყვარს, მაგრამ კეთილ საქმესაც ვაკეთებ - ბევრ ადამიანს საჯარო განცხადებების გარეშე ვეხმარები. არ არსებობს, სოციალურ ქსელში შევიდე და მინიმუმ, 2 წერილი არ დამხვდეს, რომ ვიღაცას დახმარება სჭირდება. ყოველთვის შევეცდები, დავეხმარო, სანამ ჯიბეში "ზედმეტი" 10 ლარი მიდევს...

- თაღლითობის მსხვერპლი გამხდარხარ?

- რამე ფინანსურ მაქინაციაში არ გავხვეულვარ, მაგრამ წლების წინ, "ფეისბუკზე" ჩემი "პროფილი" 1 წლით გაუქმებული მქონდა. თურმე, ვიღაცას ჩემი სახელით მაინც შეუქმნია და ხალხს თანხას სთხოვდა. ეს შემთხვევით შევიტყვე: ახლობელმა მითხრა, - ბოდიში, ლიზა, გუშინ ვერ დაგეხმარეო... ლამის გული გამისკდა! ძალიან შევწუხდი, გავგიჟდი!.. მერე გავარკვიე, რომ ჩემი სახელით, ვიღაც მთელი წელი ბედნიერად ცხოვრობდა (იცინის). შემდეგ ჩემი "პროფილი" აღვადგინე, იმ ადამიანს კი - გავაუქმებინე. ახლა ამ ამბავს ხუმრობით ვყვები და ვიცინი, მაგრამ მაშინ ძალიან ვინერვიულე...

- ტელეგადაცემაში მოწვეული მომღერლისთვის ჰონორარის გადახდასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სტატუსის დაწერა რამ გადაგაწყვეტინა?

- გულწრფელად გეტყვი: იცი, პირველად ეს ბრაზი რატომ გამიჩნდა? ტაქსის ფული არ მქონდა, რომ დანიშნულების ადგილამდე მივსულიყავი. ძალიან გავბრაზდი, ოღონდ - იმის გამო, რომ გადაცემაზე უნდა მივსულიყავი ლამაზი, კარგ ფორმაში მყოფი, მაკიაჟით... უნდა მესაუბრა, მემღერა... ის ადამიანები კი, ვისთვისაც ამას ვაკეთებ, ხელფასს იღებენ. ყველამ კარგად იცის, ქვეყანაში როგორი სიტუაციაა: კონცერტები არ არის, არაფერი ხდება (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემი პროფესიის წარმომადგენლების პრობლემაზე ვსაუბრობ). ნებისმიერ ქვეყანაში, ჩვეულებრივი მოქალაქე გადაცემაში რომ მიგყავს და თუნდაც, 5 წუთით ალაპარაკებ, ხომ შეიძლება, ტელევიზია მგზავრობის ფულს მაინც იხდიდეს, არა? იმ ჰონორარს არ ვითხოვ, რასაც მაგალითად, მერიის მიერ ორგანიზებულ კონცერტში ვიღებ. უბრალოდ, იმის კულტურა უნდა არსებობდეს, რომ როცა სტუმარს იწვევ, მინიმუმ, 100 ლარი ან გზის ფული მაინც აჩუქო (იცინის). საშუალება მომეცი, რომ შენამდე მოვიდე, რა...

- შენი სტატუსი როგორ მიიღეს?

- რადგან ასეთ სიტუაციაში ბევრი ადამიანია და ყველას ასეთი პრობლემა აქვს, შესაბამისად, ჩემს მოსაზრებას ბევრი ეთანხმება. ბევრი წელია, რაც ამ კონკრეტული მიზეზის გამო, დედაჩემი გადაცემებში სტუმრობაზე უარს ამბობს, მაგრამ მას სტატუსი არ დაუწერია. მე დავწერე, რადგან იმ პერიოდში, ბევრ გადაცემაში ვიყავი, სადაც რაღაცებს რეკლამა გავუკეთეთ. რომ "მოვტრიალდი", აღმოჩნდა, რომ უბრალოდ, ბენზინი და მთელი დღე მქონდა დახარჯული (იცინის). თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე ადამიანმა ჩემი სტატუსი ადეკვატურად მიიღო. მაგალითად, "იუთუბის" გადაცემაში დამპატიჟეს ახალგაზრდა ადამიანებმა და რადგან ჩემი სტატუსი წაიკითხეს, სწორად მიიჩნიეს, თანხა გადაეხადათ. მინიმალური იყო, მაგრამ სიხარულით მივედი, რადგან პატივი სცეს ჩემს მოსაზრებას... ასევე, მუსიკისა და დრამის თეატრის გადაღებებში ვმონაწილეობდი, სადაც თეატრმა თანხა (მინიმალური) გადამიხადა. ბედნიერი მივედი... არსებობს ტელევიზიები, საიდანაც არც კი დამირეკეს (თუმცა, წინათ ყოველთვის რეკავდნენ), რადგან ჩემი სტატუსი ვერ მიიღეს...

ეთო ყორღანაშვილი