"ახალ წელს აუცილებლად ვიცეკვებ" - გზაპრესი

"ახალ წელს აუცილებლად ვიცეკვებ"

მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, ბავშვები სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდნენ, მეგობრებთან ურთიერთობა შეეზღუდათ და აღარც თეატრში წასვლის საშუალება აქვთ, მსახიობ ქეთი ქიტიაშვილის მიერ "ფეისბუკის" მეშვეობით წაკითხულმა ზღაპრებმა, როგორც პატარების, ისე მათი მშობლების ყურადღება მალევე მიიქცია. "ზღაპრები ქეთისგან" - ასე ჰქვია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სხვადასხვა ზღაპარს, რომელსაც პატარებისთვის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი კითხულობს.

- მას შემდეგ, რაც თეატრებმა მუშაობა შეაჩერეს, სკოლები სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდნენ და ა.შ. ჩვენი თეატრის დახურულ ჯგუფში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბატონმა დიმა ხვთისიაშვილმა შემოგვთავაზა, იმ პატარებისთვის, ვისაც ამ პერიოდში სპექტაკლები მოაკლდა, ჩვენი თეატრის სახელით თითო ზღაპარი ჩაგვეწერა. ძალიან მომეწონა ეს იდეა და პირველი ვიდეო ჩავწერე. ჩემი შვილი - მარიამი 25 წლისაა. პატარა რომ იყო, ძალიან უყვარდა "პრინცესა ცერცვის მარცვალზე" და სწორედ ეს ზღაპარი შევარჩიე. ჩანაწერი დიმას გავუგზავნე, შემდეგ - ჩემი ახლობლების შვილებსა და შვილიშვილებს, რომლებსაც ისე მოეწონათ, რომ მთხოვეს, სხვებიც ჩამეწერა. მათი თხოვნა გავითვალისწინე, გავაკეთე "ფეისბუკ"-გვერდი და გაზაფხულზე, ზაფხულის დადგომამდე 20 ზღაპარი ჩავწერე. ბავშვებიც კმაყოფილები იყვნენ და მეც - ამ პანდემიის დროს ჩემს პროფესიაში პატარა რეალიზება მქონდა. ვიჯექი შინ ჩემს ძველებურ ტახტზე, თავზე სხვადასხვა ქუდი მეხურა და ვცდილობდი, ისეთი ატმოსფერო შემექმნა, რომ პატარების დაინტერესება გამომეწვია. ახლა ტაიმ-აუტი ავიღე, რადგან მინდა, ჩანაწერები უფრო მრავალფეროვანი გახდეს და ფორმატიც შევცვალო. ამ ეტაპზე ყველანი ყველაფერს მოწყვეტილი ვართ და ჩვენი სულიერი საკვები არის კარგი ლიტერატურა და ფილმები. ვფიქრობ, ბავშვებისთვის, რომლებიც თეატრში ვერ დადიან, ეს - ვიდეოზღაპრებია.

- ახლა რას გეგმავთ?

- ძალიან კარგმა მხატვარმა - მიშა ბერძენიშვილმა თავისი სახსრებით გამოსცა ვაჟა-ფშაველას "როგორ გაჩნდნენ ბუები ქვეყანაზე". მიშამ ზღაპრის არაჩვეულებრივი ილუსტრაციები შექმნა და პრეზენტაციას ეროვნულ ბიბლიოთეკაში გეგმავდა, მაგრამ შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ეს ვერ მოხერხდა. მხატვარი ინტერნეტპრეზენტაციას გეგმავს და ახლა სწორედ ამ ზღაპრის წარსადგენად ვემზადები. ყველა საქმეს პასუხისმგებლობით ვეკიდები, მაგრამ ამას - განსაკუთრებით. ჩემთვის ვაჟა გამორჩეული ავტორია, ცალკე მდგომი კოსმოპოლიტი, რომლის ნაწარმოების წარდგენის შემდეგ მინდა, კვლავ გავაგრძელო ბავშვებისთვის ზღაპრების ჩაწერა.

- თქვენი დაკვირვებით, რომელმა ზღაპარმა გამოიწვია ყველაზე დიდი ინტერესი?

- "პრინცესა ცერცვის მარცვალზე". ამ ზღაპარს უამრავი "ნახვა" აქვს. ამის შემდეგ მწერდნენ და შეკვეთებს მაძლევდნენ, როგორც პატარები, ისე მათი მშობლებიც. ერთმანეთს ვანაცვლებდი და ვკითხულობდი როგორც პოპულარულ მსოფლიო ზღაპარს, ისე ქართულს. ერთმა პატარამ ვიდეოც გამომიგზავნა, სადაც მადლობას მიხდიდა. აქედან გამომდინარე, საოცარი პასუხისმგებლობა ვიგრძენი ყველას მიმართ (იღიმის).

GzaPress

- თეატრში ყოველდღიური რეპეტიციები და სპექტაკლები გქონდათ. რთული არ არის იძულებითი პაუზა?

- რა თქმა უნდა. მსახიობებს არ უყვართ, როცა თეატრიდან ურეკავენ და ეუბნებიან, რომ სპექტაკლი მოიხსნა. ეს ჩემზე ყოველთვის ძალიან მოქმედებს და ახლა, ტექნიკური რეჟისორის ასეთი ზარებიც კი დამაკლდა (იღიმის).

- თქვენი თეატრის რეპერტურიდან რომელი სპექტაკლი გენატრებათ?

- "ჯუჯა ცხვირი".

- ურთულესია სპექტაკლი ჯუჯის როლის შემსრულებელ ნიკა ფაიქრიძისთვის, რომელსაც რამდენიმე საათი უწევს მუხლებზე სიარული...

- დიახ, ურთულესია ნიკასთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს სპექტაკლი ყველანაირად გამორჩეულია, როგორც რეჟისორული, მხატვრული, მუსიკალური კუთხით, ისე შემადგენლობით. კომფორტულად ვარ კოლეგებთან და ჩემთვის ძალიან ჰარმონიულია. მენატრება: "არ დამივიწყო", "მგზნებარე შეყვარებული", "მეფე ლირი", "თავშესაფარში" და ბევრი სხვა.

- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ზოგს უიმედობის განცდა აქვს, ზოგი შიშმა შეიპყრო და ა.შ. კორონავირუსის გამოჩენიდან დღემდე, თქვენ რა ეტაპები გაიარეთ?

- უიმედობის განცდა არ მქონია და არც ახლა მაქვს. მგონია, სამყაროს სულ სხვა თვალით შევხედეთ. დავაფასეთ ისეთი რამეები, რასაც აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდით. პესიმისტი არა ვარ. თუ იმედის საფუძველი არ არის, მას მაინც ვიგონებ. აქედან გამომდინარე, არასდროს მწყინდება. ყოველთვის ვპოულობ საზრდოს წიგნის, ფილმის, მუსიკის ან პროფესიული თვალსაზრისით საკუთარ თავზე მუშაობის კუთხით. საერთოდ, მიყვარს იაპონური მწერლობა და მათ შორის - ჰარუკი მურაკამი. გამორჩეული იუმორი აქვს. ძალიან მომეწონა მისი "მოსამართი ჩიტის ქრონიკები". რაც შეეხება ფილმებს, ახლახან ვუყურე და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ირანელი რეჟისორის ასგარ ფარჰადის "ნადერისა და სიმინის განქორწინებამ". ამ რეჟისორის სხვა ფილმებიც მაქვს ნანახი, მაგრამ ამ უკანასკნელმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

- ყოველთვის ასე იყო? თქვენით გამოიმუშავეთ თუ თქვენი მშობლების დამსახურებაა ეს თვისება - ოპტიმიზმი?

- ყოველთვის ასე ვიყავი და ეს დედაჩემის დამსახურებაა. ჩემს ჯიშში ყველა ქალი ოპტიმისტი და ხალისიანია. დედა 80 წლისაა, სიცოცხლით სავსე, პროგრესული და ნათელი გონების, ჩვენთვის დახურული თემა არასდროს არსებობდა. მასთან ყოველთვის ყველაფერზე შემიძლია ვილაპარაკო. ვთვლი, რომ ჩემს შვილსაც იგივე დამოკიდებულება აქვს ჩემ მიმართ.

- ფიქრობთ, რომ დედა შვილისთვის საუკეთესო მეგობარი უნდა იყოს?

- დიახ. ფრაზაში: "ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა" - სწორედ ოჯახის წევრები, მშობლები, დედმამიშვილი და ყველა ის ადამიანი იგულისხმება, ვისთანაც თავს სულიერად კომფორტულად უნდა გრძნობდე. სხვაგვარად ცხოვრება სტრესული და დრამატული იქნება.

- პანდემიის პერიოდში შინ ყოფნა ალბათ, კიდევ იმიტომ გახდა სტრესული, რომ ოჯახის წევრების გარემოცვაში ბევრს არა აქვს კომფორტის განცდა.

- რასაკვირველია. პანდემია რომ დაიწყო, ჩემი შვილი, მისი ქმარი, დედა და მე ერთად ვცხოვრობდით. ზღაპრებს რომ ვწერდი, პარალელურად ვვარჯიშობდი, ამ დროს ჩემი სიძე, რომელსაც ძალიან საპასუხისმგებლო სამსახური აქვს, ონლაინ მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბინა არ მაქვს და სულ ერთად გვიწევდა დროის გატარება, მაინც საოცარ ჰარმონიაში ვიყავით.

- მახსოვს, თუთიყუშიც გყავდათ...

- სამწუხაროდ, თუთიყუში გამიფრინდა. 4 წელი გვყავდა. კარგად ლაპარაკობდა, სულ მეფერებოდა. "სამოსელი პირველის" მოსამზადებელი პერიოდი მქონდა, ვჩქარობდი, ეტყობა, ყურადღების მობილიზება ვერ შევძელი, აივანზე გალია მოვუწესრიგე, უყვარდა, ჩიტებს რომ ეხმიანებოდა. ეტყობა, კარგად ვერ დავხურე გალიის კარი, ნისკარტით გააღო და გაფრინდა. ისე ვიდარდე და იმდენი ვიტირე, რომ თეატრში დავრეკე, ცუდად ვარ, რეპეტიციაზე ვერ მოვალ-მეთქი. ასეთი საქციელი მე არ მგავს, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, წასვლა შეუძლებელი იყო. ყველა მეზობელი ეძებდა, განცხადება ინტერნეტის მეშვეობით ფოტოსთან ერთად გამოვაქვეყნე. ერთი პატარა გოგონა დამიკავშირდა, თუთიყუში ვიპოვე და თქვენსას ჰგავსო. მაშინვე წავედი და შორიდან დავინახე თუ არა, მივხვდი, ჩემი პეტრო არ იყო.

- მართლაც, სამწუხარო ამბავია... დაბოლოს, ქეთი, თუ გაქვთ წინასაახალწლო განწყობა?

- როგორ არა?! ახალი წელი მოვა და პანდემია ძველ წელში დარჩება. მართალია, ჩვეული დღესასწაული ვერ იქნება, ძველებური ღრიანცელით, ხალხმრავლობით, ცეკვა-თამაშით, მეკვლეთი (ჩემი მეკვლე ყოველთვის ჩემი მეზობელი მარინაა), მაგრამ აუცილებლად გავიხარებთ მომავლის იმედით. იმედი დიდი სტიმულია ადამიანებისთვის. ახალ წელს სულ ჩემი ბავშვობა მახსენდება. დედა მე და ჩემს დას საოცარ ზეიმსა და კონცერტებს გვიწყობდა. ძალიან ლამაზად რთავდა ნაძვის ხეს. ისე ანათებდა და აფორმებდა, თითქოს "ყინულზე" იდგა. მამაჩემის ბავშვობის დროინდელი ულამაზესი სათამაშო მატარებელი კი ნაძვის ხის გარშემო დადიოდა. დილით საჩუქრები გვხვდებოდა როგორც ბალიშის, ისე ხის ქვეშ. დედაჩემის ეს ტრადიცია მეც გავაგრძელე, მხოლოდ განვავრცე და მარიამს შინ სხვადასხვა ადგილას ვუმალავდი საჩუქრებს. დაეძებდა და რომ იპოვიდა, სიხარულით წიოდა. ბავშვობის დროინდელი ეს განცდა დღემდე მომყვება. ოჯახის წევრები ყოველთვის ვუკეთებთ ერთმანეთს საახალწლო საჩუქრებს და ამავდროულად, ვუმზადებთ ყველა ჩვენს სტუმარს. და აუცილებლად ვცეკვავთ. ჩემი და და დისშვილი მოდიან, ვენის ორკესტრის მუსიკის ფონზე ვალსს ვცეკვავთ. ალბათ წელს ეს ვერ მოხერხდება, ახლობლებთან ერთად ვერ ვიმხიარულებთ, თუმცა ახალ წელს აუცილებლად ვიცეკვებ.

ანა კალანდაძე