"ბავშვობაში ძალიან ჭირვეული ვიყავი - ბებია სკარლეტ ო"ჰარას მამსგავსებდა" - გზაპრესი

"ბავშვობაში ძალიან ჭირვეული ვიყავი - ბებია სკარლეტ ო"ჰარას მამსგავსებდა"

ამჯერად მსახიობ ანკა ვასაძის "წიგნის თაროთი" დავინტერესდით: გავარკვიეთ, ბოლოს რომელი ავტორის შემოქმედებით აღფრთოვანდა, როგორ არჩევდა და არჩევს წასაკითხ ლიტერატურას, რომელი თანამედროვე მწერლები მოსწონს და რატომ დაწერა საძინებელი ოთახის კედლებზე გალაკტიონის ლექსები.

- წიგნებთან ჩემი ურთიერთობა ბავშვობაში, მცირე ასაკიდანვე დაიწყო, როცა მიკითხავდნენ ზღაპრებს, ლექსებს... სამი-ოთხი წლის რომ ვიყავი, ლექსების კრებულს ბეჯითად მოვიმარჯვებდი ხელში და სტუმრებს ვატყუებდი, თითქოს კითხვა ვიცოდი. ნახატების მიხედვით, ყველა ლექსი ზეპირად ვიცოდი და სხაპასხუპით ვამბობდი. ამიტომ ზოგი სტუმარი ტყუვდებოდა (იღიმის)... როცა კითხვა ვისწავლე, ძალიან მეამაყებოდა - დიდი გოგო ვარ-მეთქი, მაგრამ როცა საჭირო გახდა, ბევრი მეკითხა, ბავშვების უმეტესობის მსგავსად, მეც მეზარებოდა და თამაში მერჩივნა. ზაფხულის პერიოდში, როცა წიგნების წასაკითხად ჩემი დასმა შეუძლებელი გახდა, ოჯახის წევრებმა ასეთ ხერხს მიმართეს: ყოველ საღამოს, დღის განმავლობაში წაკითხულის შინაარსი მათთვის უნდა ჩამებარებინა. მოყოლა ძალიან მიჭირდა, ამიტომ მათ შევთავაზე - დავწერ-მეთქი. ამ მეთოდმა გაამართლა - წერის ნიჭი აღმომაჩნდა. საერთოდ, სკოლაში ზეპირმეტყველებაში ყოველთვის უფრო დაბალი ნიშანი მქონდა, ვიდრე წერაში... ასე რომ, ბავშვობაში კითხვას ნამდვილად მაძალებდნენ.

- წასაკითხად პირველად რომელი ნაწარმოები შეარჩიეთ დამოუკიდებლად?

- ხომ არის წიგნები, ფილმები, "რომლებიც უნდა წაიკითხო და ნახო". ასეთი წიგნები ჩვენს ოჯახშიც იყო. ვხედავდი, ოჯახის წევრები წიგნებს თავად ირჩევდნენ. მეც მომინდა, ასე მოვქცეულიყავი. თაროდან უილიამ თეკერეის "ამაოების ბაზარი" გადმოვიღე, მაგრამ მალევე გვერდზე გადავდე - ეს რა სისულელეა-მეთქი (იღიმის)!.. რა თქმა უნდა, ბებიას გაეღიმა და მითხრა: ჯერ ადრეა, თავის დროზე უნდა წაიკითხოო... მერე უილიამ ფოლკნერის "აბესალომ, აბესალომ" გადმოვიღე და მივხვდი, რომ ჯობდა, ჩემთვის წასაკითხი ლიტერატურა სხვებს შეერჩიათ. წიგნებს ნათესავების ან მეგობრების რეკომენდაციით ვკითხულობდი და ვკითხულობ. საერთოდ, რადიკალი არაფრის მიმართ არ ვარ, არც ლიტერატურის ჟანრების მიმართ. ამიტომ კარგად და ნიჭიერად დაწერილი წიგნი ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა. ყოფილა შემთხვევა, განსაკუთრებით - წიგნის ბაზრობაზე, როცა ერთდროულად ბევრი წიგნი მიყიდია (ინტუიციით). წიგნის შინაარსს უკანა ყდაზე დაწერილი რამდენიმე სტრიქონით არ ვსაზღვრავ (იღიმის). როგორც მსახიობს, როლზე მუშაობისას, კონკრეტული ავტორის სხვადასხვა ნაშრომის (რაც მუშაობაში დამეხმარება) გაცნობა მიწევს. ბოლოს ტომას სტერნზ ელიოტის შემოქმედებას გავეცანი. ჩემი ბოლო აღფრთოვანება სწორედ ელიოტმა, როგორც ავტორმა და საერთოდ უდიდესმა მოაზროვნემ, გამოიწვია.

- მოზარდობისას რა სახის ლიტერატურა გიზიდავდათ და ახლა ძირითადად რას კითხულობთ?

- სკოლის დაწყებით კლასებში სწავლისას ჩემთვის ყველაზე საინტერესო სათავგადასავლო ლიტერატურა იყო, შემდეგ - სასიყვარულო რომანები და პიესები. ამჟამად ყველაზე მეტად ფსიქოლოგია მაინტერესებს.

- განსაკუთრებით რომელი ავტორის წერის მანერა გიზიდავთ?

- არჩევა რთულია, ყოველთვის მიჭირს. ამიტომ უცებ, პირველი ვინც გამახსენდა, მათ დავასახელებ: მიხაილ ბულგაკოვი და რიუნოსკე აკუტაგავა.

- ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციები თქვენთვის საინტერესოა? რომელი შთამბეჭდავი ეკრანიზაცია გინახავთ?

- ბევრ შემთხვევაში ისე მოხდა, რომ ჯერ ეკრანიზაცია ვნახე, მაგრამ წიგნი მაინც უფრო მომეწონა. მახსოვს, ჰომეროსის "ილიადის" წაკითხვის შემდეგ "ტროა" რომ ვნახე, კიდევ ერთხელ სრული სიცარიელე შემრჩა... არაერთი ნაწარმოები არსებობს, რომლის სრულყოფილად გადაღება ან სპექტაკლად დადგმა წარმოუდგენლად მიმაჩნია. მაგალითად, "ანა კარენინას" ბევრი ეკრანიზაციის და მათში უნიჭიერესი მსახიობების მონაწილეობის მიუხედავად, მთავარი პერსონაჟი ჩემ მიერ წარმოდგენილს არ ჰგავს. თანამედროვე და "მსუბუქი" ჟანრის წიგნებიდან, ლორენ ვაისბერგერის - "ეშმაკს აცვია პრადა" ეკრანიზაცია რომ ვნახე, იმედი გამიცრუვდა. უბრალოდ, მერილ სტრიპი ძალიან მიყვარს და მიკვირს, როგორ ახერხებს ეს ქალი, ყველგან ასეთი არჩვეულებრივი იყოს?!. წიგნის მეორე ნაწილი, შემიძლია ვთქვა, რომ ნაძალადევად წავიკითხე...

- საკუთარ თავს რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს ამსგავსებთ?

- ბავშვობაში ჭირვეული ვიყავი. ამიტომ ბებია (დედაჩემის დედა) სკარლეტ ო"ჰარას მამსგავსებდა. მიმაჩნია, რომ გამოკვეთილად რომელიმე ერთ პერსონაჟს არ ვგავარ. ადამიანში ბევრი სხვადასხვა, ერთმანეთის საწინააღმდეგო თვისება "დევს". საკუთარი თავის ამოცნობა უამრავ პერსონაჟში შეიძლება.

- პოეზია გიტაცებთ?

- პოეზია მიყვარს. რომელიმე ავტორის შემოქმედების გამოყოფა რთულია... პუშკინის შემოქმედება მომწონს - გენიალური პოეტია! ცოტა ხნის წინ "ევგენი ონეგინი" კიდევ ერთხელ წავიკითხე. რამდენიმე დღის წინ ბაირონის ლექსებს ვკითხულობდი და ჩემს ერთ-ერთ საყვარელ პოეტად მას დავასახელებ. საერთოდ, რომანტიზმი მიყვარს. ასევე არ შემიძლია, მაიაკოვსკის შემოქმედება არ აღვნიშნო. რა თქმა უნდა, ქართული პოეზია მომწონს და მიმაჩნია, რომ მას მსოფლიო პოეზიაში თავისი ადგილი უკავია. ბავშვობაში გალაკტიონის ლექსები საძინებელი ოთახის კედლებზე დავწერე. შემდეგ ნიკოლოზ ბარათაშვილმა და ვაჟა-ფშაველამ აღმაფრთოვანა... სხვათა შორის, დაახლოებით 12 წლის ვიყავი, როცა რატი ამაღლობელის პოეზიის საღამოს დავესწარი და ისე მომეწონა, რომ სკოლის ზეიმზე მისი ორი ლექსი წავიკითხე კრებულიდან - "ზმნა".

GzaPress

- თანამედროვე ქართველი ავტორების შემოქმედებას აქტიურად ეცნობით?

- ასე თუ ისე, ვეცნობი - იმედისმომცემია (იღიმის). ცოტათი დრამატურგიაში გვიჭირს, მაგრამ ნელ-ნელა წინ მივდივართ. თანამედროვე მწერლებს შორის, რა თქმა უნდა, მომწონს: ნინო ხარატიშვილი, აკა მორჩილაძე, დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე... თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა" ძალიან მომეწონა.

- საერთოდ, თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი და საინტერესო რომელი ქვეყნის ლიტერატურაა?

- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსი ერის სიყვარულითაც არ გამოვირჩევი (ეს ჩემი აზრია და სხვისი არც მაინტერესებს: ნებისმიერ ქართველს რუსების მიმართ აგრესიის უდიდესი საფუძველი გვაქვს), მაინც არ შემიძლია არ აღვნიშნო რუსული ლიტერატურა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხშირად მესმის, რუსეთთან ერთად, არ აინტერესებთ, მაგალითად, დოსტოევსკის, ტოლსტოის, ჩეხოვის, ბულგაკოვის შემოქმედება. ეს არასწორი დამოკიდებულებაა... იაპონურ ლიტერატურას გამოვარჩევ, როგორც სხვა ერებისგან სტილისტიკით განსხვავებულს.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?

- ბოლოს რომელიც წავიკითხე, არ მომეწონა. ამიტომ არ გეტყვით, არ გირჩევთ (იცინის)... ამჟამად ჰარუკი მურაკამის წიგნს - "ქარი/პინბოლი" ვკითხულობ. მისი სხვა ნაწარმოებებიდან ყველა წაკითხული მაქვს. მიყვარს მურაკამი თავისი ჯადოსნური, სიურრეალისტური სამყაროთი. კითხვისას წარმოსახვას გიხსნის.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი ცხოვრება წიგნის სიუჟეტისთვის საინტერესო იქნება?

- მიმაჩნია, რომ ნიჭიერი და კარგი მწერალი ბევრი ადამიანის ცხოვრების მიხედვით კარგი სიუჟეტის აგებას შეძლებს. ვფიქრობ, მონდომების შემთხვევაში, წიგნის დაწერას ჩემს ცხოვრებაზეც შეძლებენ. ამ შემთხვევაში, მეც უნდა "გავიხსნა", როგორც მთხრობელი და ჩემი, ბევრისთვის უცნობი, დამალული მხარე გამოვავლინო. ასეთ დროს წიგნიც და ფილმიც საინტერესო გამოვა.

- შინ მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა გაქვთ?

- სახლში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, საოცარი ბიბლიოთეკაა. ამ ზაფხულს ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა მე, ჩემმა დამ და მამიდამ დავალაგეთ, დავახარისხეთ და თან აღვრიცხეთ. ისეთი წიგნები (ანტიკური ხანიდან თანამედროვე ლიტერატურამდე) აღმოვაჩინეთ, რაც გვეგონა, არ გვქონდა. იშვიათი და უნიკალური გამოცემები არა მხოლოდ ქართულ, არამედ ინგლისის ბიბლიოთეკასაც მივყიდეთ, როცა დაგვჭირდა. თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ ძველ გამოცემებს გაფრთხილება სჭირდება, იქ კი უკეთ გაუფრთხილდებიან (იღიმის)...

- წიგნი თქვენთვის სასურველი საჩუქარია?

- დიახ. მეგობრისთვის წიგნი თავადაც მიჩუქებია. მიხარია, რომ ჩემი თინეიჯერობის დროისგან განსხვავებით, დღეს წიგნის ჩუქება კარგ ტონად მიიჩნევა.

- წიგნების მაღაზიაში შესული რას აქცევთ ყურადღებას - წიგნის დიზაინს, კონსულტანტის რჩევას თუ?..

- წიგნის დიზაინისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ლამაზი ყდა კარგ წიგნს არ ნიშნავს. პირადად მე, ძველი წიგნის სუნი მიყვარს. ელექტრონული წიგნების წაკითხვა მიჭირს - მობილურ ტელეფონშიც და ლეპტოპშიც. ზოგჯერ კონსულტანტისთვისაც დამიჯერებია, როცა კარგი რეკომენდაცია მოუცია.

- წიგნის შეძენისას ნაწარმოების მოდურობის "მსხვერპლი" თუ გამხდარხართ? წიგნი მისი პოპულარობის გამო წაგიკითხავთ, მაგრამ გინანიათ?

- ისევე, როგორც თითქმის ყველა მომხმარებელი, კარგი მარკეტოლოგის მსხვერპლი მეც გავმხდარვარ - წამიკითხავს წიგნი, რომელმაც "არაფერი დამიტოვა", არ მომეწონა, ნაძალადევად წავიკითხე... თანამედროვე აღმოსავლური ლიტერატურა პოპულარული გახდა. რამდენიმე წიგნთან დაკავშირებით გავოცდი - მკითხველები რამ გააგიჟა-მეთქი?! თუმცა ბოლოს, ელიფ შაფაქის "სიყვარულის ორმოცი წესი" ისე მომეწონა, რომ ამან ჯალალ ად-დინ რუმის შემოქმედების წაკითხვისკენ მიბიძგა. წიგნი შევიძინე, მაგრამ თარგმანი არ მომეწონა. "დავგუგლე" - ვახუშტი კოტეტიშვილს ნამდვილად კარგი თარგმანი ექნება-მეთქი, მაგრამ მხოლოდ ცალკეული ლექსები ვიპოვე. იმედია, ბიბლიოთეკები მალე გაიხსნება...

- "გზის" მკითხველებს რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევთ?

- ასეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემისას პასუხისმგებლობას ვგრძნობ და შერჩევა მიჭირს. ერთს ვიტყვი: უნდა გაეცნოთ თანამედროვე ლიტერატურას, მაგრამ მყარი საფუძველი შეიქმნათ მსოფლიო კლასიკური ლიტერატურით.

ეთო ყორღანაშვილი