"ამ ბოლო დროს ვიღაცები რომ კამათობენ, მტკივნეულად განვიცდი" - გზაპრესი

"ამ ბოლო დროს ვიღაცები რომ კამათობენ, მტკივნეულად განვიცდი"

ვერკა ჯაჯანიძე ამბობს, რომ კარანტინის პერიოდი მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენა - საკუთარ თავსაც მეტი დრო დაუთმო, ოჯახსაც და პროფესიასაც. მეწყვილესთან ერთად აქტიურად ვარჯიშობდა და როდესაც ავტომანქანით გადაადგილება შეზღუდული იყო, ფეხით მისულა დარბაზამდე, დიღმიდან წერეთელზე.

- "აღზრდა, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, აღზრდის უქონლობა, ყოველგვარი ბოროტების დედაა" (ალექსანდრე პუშკინი).

- ვეთანხმები, მოწაფეებთანაც მაქვს ურთიერთობა და შვილსაც ვზრდი. ამიტომ ჩემთვის ეს თემა მნიშვნელოვანია და ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობ. 90-იან წლებში დავიბადე, ყველას უჭირდა და არც ჩვენი ოჯახი იყო გამონაკლისი, ფუფუნებაში არ ვიზრდებოდი. გარდა ამისა, საკმაოდ მკაცრად, ტრადიციულად მზრდიდნენ, ჩემთვის ბევრი რამ აკრძალული იყო. როდესაც ვინმე არასწორად და ჩემთვის მიუღებლად მოიქცეოდა, ცოტა არ იყოს, მიკვირდა, ასე რატომ გააკეთა-მეთქი? დღემდე მიჭირს ამასთან შეგუება. დღეს თავისუფლად ზრდიან ბავშვებს, ყველა სურვილს უსრულებენ, ამიტომაც დაკარგეს ინტერესი და სტიმული. არ მიყვარს, როცა ბავშვი მოუწესრიგებელია, მეპასუხება, არ არის პასუხისმგებლიანი. ზოგჯერ ვხვდები, რომ მშობელს არ მოსწონს ჩემი სიმკაცრე ბავშვებთან მიმართებაში, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. როდესაც ახალი მოწაფეები მყავს, 1-2 თვე მჭირდება ამ ყველაფრის "დასალაგებლად". ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება. შვილთან ურთიერთობაში კიდევ უფრო მკაცრი ვარ. ბოლო წლებია, დატვირთული რეჟიმით ვმუშაობ და მასთან მცირე დროს ვატარებ; ახლა ჩემს მეუღლესთანაა, რადგან დისტანციურად მუშაობს. ბიჭია და ათამამებს, ოღონდ არ დაღალოს და თავის ჭკუაზე დაჰყავს (იცინის). მე რომ შენიშვნას ვაძლევ, გამოენთება ხოლმე ირაკლი, ისედაც მთელი დღე არ გინახავს და საყვედურობო? იმის გამო, რომ ჩემი შვილია, არ შემიძლია დავინდო და შენიშვნა არ მივცე. მკაცრი და მომთხოვნი ვარ. ცეკვაზე დაიწყო სიარული, ჩემთან, სტუდიაში და მასწავლებელმა მითხრა, რომ დემეტრე ძალიან მოწესრიგებული და დაკვირვებული ბიჭია, რამაც გამახარა.

- "ახალგაზრდის გახრწნის ყველაზე იოლი გზაა, ასწავლო მეტი პატივი სცენ მათ, ვინც მასავით ფიქრობს, ვიდრე მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს" (ნიცშე).

- მე არ მაქვს ასეთი მიდგომა, თუმცა ხშირად ჩემი მეუღლეც და მეწყვილეც მეუბნებიან, რომ შავზე ვიცი თეთრის თქმა. ადრე ვეწინააღმდეგებოდი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, მაგრამ რომ მივხვდი, აზრი არა აქვს, ასე აღარ ვიქცევი. ვისწავლე დათმობა, განსხვავებული აზრის მქონესთან კონფლიქტში არ შევდივარ, ვუფრთხილდები ურთიერთობებს. ადრე უფრო ემოციური ვიყავი და მინდოდა, რასაც ვამბობდი, ის გაეკეთებინა ყველას და როგორც ვფიქრობდი, ისე ეფიქრათ, მაგრამ წლებმა ბევრი რამ მასწავლა.

GzaPress

- "ეგოიზმის ყველაზე სრულყოფილ ფორმას დედის სიყვარული ჰქვია" (ზიადელი).

- არ შემიმჩნევია საკუთარი თავისთვის ეგოისტობა, ჯერჯერობით ობიექტურობას ვინარჩუნებ. ზოგადად, არ მახასიათებს ეგოისტური სიყვარული. თუმცა, სხვისთვის შეიძლება ცივი ვჩანვარ, რადგან ნაკლებად გამოვხატავ სითბოს, გრძნობებს...

- "რა საჭიროა ცხოვრება, თუ არ ცდილობ სხვისი ყოფის შემსუბუქებას" (თომას ელიოტი).

- ვფიქრობ, კომფორტული ადამიანი ვარ და სულ ვცდილობ, სხვას ვასიამოვნო, გავახარო. შეიძლება დავზარალდე, მაგრამ სიყვარულის გამო ისე მოვიქცე, როგორც მისთვის იქნება უკეთესი. ასეთი ხასიათი მაქვს. ხშირად დამწყვეტია გული, რომ ვერ დაუნახავთ ჩემი ასეთი დამოკიდებულება და ბევრჯერ მიტირია კიდეც. თუ უკან გიბრუნდება სიკეთე, ამას რა სჯობს, თუ არა და, ღმერთი ხედავს ყველაფერს... სწორედ ჩემს ასეთ ხასიათს ვუმადლი, რომ ჩავარდნა არასდროს მქონია არც კარიერაში და არც პირად ცხოვრებაში.

- "მოთმინება ისეთი უნარია, რომელიც მაშინ ამოიწურება, როცა ყველაზე მეტად არის საჭირო" (უილიამსი).

- რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ მომხდარა ასე, მაგრამ ვცდილობ, მოთმინებამ არასდროს მიღალატოს.

- "ნდობა არის ის გრძნობა, როდესაც მაშინაც უჯერებ ადამიანს, როცა იცი, რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა" (მენეკენი).

- უცნაური განმარტებაა ნდობის და მეც უცნაური ვარ - ვიდრე ბოლომდე არ დავრწმუნდები, ვერავის ვენდობი. როდესაც ვინმეს რამეს დავპირდები და საქმეს ხელს მოვკიდებ, ვცდილობ 100%-ით შევასრულო. სხვისგანაც ასეთ დამოკიდებულებას ველოდები და ხშირად, იმედგაცრუებული ვრჩები. როცა ადამიანის ნდობა აღარ გაქვს, არ ღირს ურთიერთობის გაგრძელება. ახლახან მქონდა ასეთი შემთხვევა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ერთი ადამიანის აზრი, მაგრამ ვერ მივიღე ის, რასაც ველოდებოდი, ნდობა გაქრა და მის მიმართ დამოკიდებულება შემეცვალა. ადამიანი რომ გენდობა, იმედი არ უნდა გაუცრუო.

- "პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება, ხოლო ოპტიმისტი იცინის იმიტომ, რომ ბევრი რამ დაივიწყოს" (ბერნარდ შოუ).

- ანუ ძალით იცინის, ხომ? ასე ვერასდროს მოვიქცევი, ზედმეტად ემოციური ვარ. ზოგჯერ საყვედურიც მიმიღია, რასაც ფიქრობ, ყოველთვის ხმამაღლა კი არ უნდა თქვაო. გამორიცხულია, ძალით ვერც ამატირებ და ვერც გამაცინებ.

- "ფული არ გაგაბედნიერებთ. მე ახლა 50 მილიონი მაქვს და ზუსტად ისეთივე ბედნიერი ვარ, როცა 48 მილიონი მქონდა" (არნოლდ შვარცენეგერი).

- რას ნიშნავს ფული ჩემთვის? არ მახსოვს, ოდესმე მეოცნება ბევრი ფულის ქონაზე. როდესაც შრომა არ გეზარება, ბევრ რამეს შეძლებ. მინდოდა, უნივერსიტეტში მესწავლა და ეს ოცნება ავიხდინე; ჩემთვის ცეკვა იყო მთავარი და დავიმკვიდრე თავი; მინდოდა, სახლი მქონოდა და ესეც შევძელი; ოჯახი შევქმენი და საუკეთესო მეუღლე და შვილი მყავს, ამ ყველაფრით ბედნიერი ვარ. მახსოვს, პატარაობაში მამას ვეხვეწებოდი, რომ გავიზრდები, მანქანას ხომ მიყიდი, ოღონდ ნუ გეშინია, სიგარეტს არ მოვწევ-მეთქი. ჩემს ბავშვობაში, ქალი, ვისაც მანქანა ჰყავდა, აუცილებლად ეწეოდა. ახლა მანქანაც მყავს. მოკლედ, რაც მინდოდა, ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწიე. კარანტინის პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა უმუშევრად ვიყავით დარჩენილები და მამაჩემმა გარკვეული თანხა გამომიგზავნა. ერთი კვირა ვტიროდი, რომ წარმოვიდგინე, რა შრომის ფასად მოაგროვა ის ფული... მილიონები არასდროს მინატრია, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაშია საჭირო, ის გვქონდეს და რასაც ვაკეთებთ, ის დაგვიფასდეს, ეს არის მთავარი. აქვთ ბევრი ფული, მაგრამ ბედნიერები მაინც არ არიან.

- "ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა - ეს შეუძლებელია! მათ შორის შეიძლება იყოს ვნება, მტრობა, წყენა, სიყვარული... მეგობრობა კი - არა!" (ოსკარ უაილდი).

- სხვათა შორის, მეც მითქვამს ადრე, არ მჯერა ქალისა და კაცის მეგობრობის-მეთქი, მაგრამ ახლა ასე არ ვფიქრობ. მყავს ბავშვობის მეგობარი ბიჭები, რომლებთანაც ახლა უკვე ჩემი მეუღლეც ურთიერთობს. ერთადერთი მეგობარი გოგო მყავს, ჩემი მეჯვარე.

- "ერთი ქალი არასდროს აღიარებს მეორის მშვენიერებას" (გოტფრიდ ლესინგი).

- ქალთა ამ კატეგორიას არ მივეკუთვნები, თუ ადამიანი კარგად გამოიყურება, არ მიჭირს ამის აღიარება. თვითონაც ხშირად მიმიღია კომპლიმენტი და ეს დიდი სტიმულია ჩემთვის. ყოველთვის უნდა შეგეძლოს სხვისი აღიარება, საკუთარი თავი ღმერთი არ უნდა გეგონოს.

- "ქვრივად დარჩენა სჯობია ზარმაცი კაცის ყოლასა" (ადიღეური აფორიზმია).

- ქვრივად დარჩენისა რა გითხრათ, მაგრამ ზარმაცი კაცი ვის მოეწონება ქმრად? ალბათ, ვერც მე შევეგუებოდი, რადგან თვითონ ზედმეტად შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი ვარ.

- "მუსიკაში, როგორც ჭადრაკში, დედოფალი უძლიერესია, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც მეფეს აქვს" (შუმანი).

- ტრადიციულად ალბათ ასეა. თავს არ ვიქებ, მაგრამ ძლიერ ქალთა კატეგორიას მივეკუთვნები. ამის მიუხედავად, არის ბევრი საკითხი, რასაც ერთად განვიხილავთ და რაც ირაკლის გადასაწყვეტია. ამას ნორმალურად მივიჩნევ. ოჯახური თანაცხოვრებისთვის ეს აუცილებელია და სასიამოვნოც, როცა მამაკაცის იმედი გაქვს. ყოფილა რაღაცები, რაც არ გამიკეთებია, რადგან ვიცოდი, ირაკლის არ ესიამოვნებოდა.

- "მიჰყევი შენს გზას და ადამიანებმა, რაც ენებოთ, ის ილაპარაკონ" (დანტე ალიგიერი).

- სწორია, თუმცა რეალობაში ძნელი განსახორციელებელია. ძალიან მოქმედებს ჩემზე სხვისი აზრი, ზოგჯერ რაღაცის გაკეთება მინდა, მაგრამ ვიცი, ამას დიდი ამბავი მოჰყვება და თავს ვიკავებ. ამბობენ ხოლმე, არავისი აზრი არ გვაინტერესებსო, მაგრამ არა მგონია, სინამდვილეში ასე იყოს. ქორწილის კაბას რომ ვიკერავდი, უკვე ვფიქრობდი, რა რეაქცია მოჰყვებდა ამას და მართლაც, ისეთი კომენტარები დამიწერეს, ვტიროდი. მახსოვს, ირაკლიმ ტელეფონი გადამიგდო, აღარ წაიკითხოო. პატარა წყენასაც მტკივნეულად განვიცდი.

- "ბოდიში ძნელად თუ მოარჩენს მოგრეხილს კისერსა და არც მოტეხილი ფეხისთვის არის უებარი წამალი" (ილია ჭავჭავაძე).

- თუ ადამიანი მიხვდება, რომ რაღაც დააშავა და გული მატკინა, მაგრამ ცდილობს გამოსწორებას და ბოდიშს მომიხდის, შემიძლია პატიება. თუმცა, გააჩნია, რას დამიშავებს. არის რაღაცები, რასაც ვერ ვაპატიებ.

- "არსებობს მხოლოდ 3 რამ, რაც ქალს სჭირდება ცხოვრებაში: წყალი, საჭმელი და კომპლიმენტი" (კრის როკი).

- მგონი ხუმრობს, ხომ? კომპლიმენტი ნამდვილად სასიამოვნოა და კარგ განწყობაზე მაყენებს, დანარჩენ ორს შევცვლიდი სითბოთი, სიყვარულით და ყურადღებით, ყველაზე ნაკლებად საჭმელი და წყალი მჭირდება.

- "რაა სიკვდილი? - ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება. ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში, სანამ სულ-ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს" (გოდერძი ჩოხელი).

- ალბათ ყველას გვიფიქრია სიკვდილზე, უნდა ვაღიარო, შიშიც მაქვს. ადრე ჩემი დაბადების დღე მიხაროდა და ახლა წლების მომატება აღარ მახარებს. ამ ბოლო დროს ვიღაცები რომ კამათობენ, მტკივნეულად განვიცდი. მითქვამს, კარგი რა, როგორ შეიძლება კინკლაობა და ჩხუბი, ადამიანები ერთხელ მოვდივართ ამქვეყნად და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ-მეთქი. მინდა, რომ ყოველი დღე, რომელიც გათენდება, იყოს ძალიან პოზიტიური და მშვიდი...

ნინო ჯავახიშვილი