ციაკო ფიფიას შრომით მოპოვებული პირველი 30 ლარის ამბავი
მართალია, ბავშვობიდანვე იცოდა, მომავალში რა საქმის კეთება სურდა, მაგრამ უმაღლესი განათლება რადიკალურად განსხვავებულ სფეროში მიიღო. სამაგიეროდ, ეს გამოცდილება შვილის აღზრდისას გამოადგა - იცის, რომ პროფესიის არჩევისას ბავშვს საკუთარ აზრს თავს არ მოახვევს... რაც მთავარია, დღეს მაინც სწორედ იმ საქმეს აკეთებს, რაც თავად სურს.
"ახალი შაბათის შოუს" მსახიობი და სცენარისტი ციაკო ფიფია საკუთარი "საქმიანი" გამოცდილების შესახებ გვესაუბრა.
- ფულის საჭიროება სკოლის მოსწავლეობიდანვე გავიაზრე: დავინახე, ბავშვები ბუფეტში რაღაცას ყიდულობდნენ. მივხვდი, საჭირო იყო, ხურდა მქონოდა, რომ რაღაც მეყიდა. მაშინ ყვითელი 50-თეთრიანები იყო - ყველაზე მეტად მიყვარდა! მამაჩემი რომ მაძლევდა, მეგონა, მთელ სკოლას ვიყიდდი (იცინის).
- საკუთარი შემოსავლის მოთხოვნილება როდის გაგიჩნდა?
- მეათე-მეთერთმეტე კლასში. ჯიბის ფული ყოველთვის მქონდა: მამა ყოველთვის მაძლევდა, დედაც, ბაბუც, ბებოც... მიუხედავად ამისა, სულ მინდოდა, საკუთარი შრომით გამომუშავებული ფული მქონოდა. მუშაობის დაწყება მსურდა... დაახლოებით მერვე კლასში ვიყავი. ინგლისურ ენაში მასწავლებელთან ვემზადებოდი. ჩემს მეზობლად 10-11 წლის ტყუპი ბავშვი ცხოვრობდა. ისე მოხდა, რომ ინგლისურში მეცადინეობისას დახმარება სჭირდებოდათ. რამდენჯერმე დავეხმარე. მერე მათმა მშობელმა მითხრა: - გვინდა, ბავშვები კვირაში 3 დღე ოფიციალურად მოამზადოო. თავდაპირველად შემრცხვა, მაგრამ დაიჟინა, - ვხედავ, რომ მთელი გულით ამეცადინებო... მოკლედ, ჩემი პირველი ხელფასი 30 ლარი იყო, რომელსაც თვის ბოლოს ველოდი ხოლმე (იცინის). არადა, შეიძლებოდა, ხელფასის წინადღეს ბაბუაჩემს 50 ან 100-ლარიანი ეჩუქებინა, მაგრამ ჩემს კუთვნილ ჰონორარს ყოველთვის სხვანაირად აღვიქვამდი.
- გახსოვს, პირველი ჰონორარი რაში დახარჯე?
- როგორ არ მახსოვს?! ბლოკნოტიც მაქვს, სადაც ჩემი ბავშვობიდან რაღაცები აღწერილი მაქვს... მოკლედ, ჩემი შრომით მოპოვებული პირველი 30 ლარი რომ ავიღე, წავედი და ოჯახის ყველა წევრს რაღაც ვუყიდე: ბაბუს და მამას - წინდები, ჩემს დას - პატარა თოჯინა, ბებოს - საყურე, დედას - ბეჭედი, ჩემს მცირეწლოვან ძმას - საჩხრიალო, ჩემთვის კი - ლამაზი ფერადი წინდები შევიძინე.
- ამ ყველაფრისთვის 30 ლარი გეყო?
- კი, ხურდაც დამრჩა. მახსოვს, ოჯახის წევრებმა მითხრეს კიდეც: - ყოჩაღ, ცია, რამდენი რაღაც გიყიდია, როგორ შეძელიო?!.
- დღესაც ასე გონივრულად ანაწილებ შემოსავალს?
- ხომ იცი, რაც უფრო ცოტა გაქვს, მით უფრო ეკონომიურად და ჭკვიანურად ხარჯავ. ნელ-ნელა რომ იზრდები, შემოსავალიც მეტი გაქვს და გგონია, უფრო მეტის დახარჯვის უფლება შეგიძლია მისცე თავს. მოკლედ, რაც უფრო მეტია, მეტს ხარჯავ, ასე არაა? პანდემიის დაწყებამდე ოჯახის თითქმის ყველა წევრი ვმუშაობდითი. ახლა ისე მოხდა, რომ მხოლოდ მე ვმუშაობ, ჩემი მეუღლეც "გააჩერეს" და ოჯახში, ასე ვთქვათ, შემომტანი მე ვარ. შესაბამისად, თანხა სწორად უნდა გავანაწილო, სხვა გზა არა მაქვს. ყოველ შემთხვევაში, თვიდან თვემდე ნორმალურად გვყოფნის. თან, ფულის გადადება მიყვარს. ასეთ დროს უფრო მშვიდად ვარ. ჰოდა, ფულის გადადებაც მოვახერხე.
- მას შემდეგ, რაც ფინანსურად დამოუკიდებელი ხარ, კრიზისული პერიოდი გქონია?
- ძალიან დამოუკიდებელი არასოდეს ვყოფილვარ, რადგან დედა ყოველთვის ყველანაირად მეხმარება, მათ შორის - ფინანსურად.
- დედა რას საქმიანობს?
- ამერიკაშია. წინათ, როგორც ყველა ქართველი იწყებს მუშაობას, ბავშვების მომვლელი იყო... ბევრი შრომის, წვალების, ჯაფის შემდეგ, დღეს კაფეს ერთ-ერთი მეწილეა. ამ კაფეში მუშაობა თავად დაიწყო... საერთოდ, დედა ისეთია, რასაც ხელს მოჰკიდებს, არ არსებობს, არ გამოუვიდეს.
- შენი პირველი ოფიციალური სამსახური რა იყო?
- "რუსთავი 2"-ში, "კომედი შოუში" ამიყვანეს. აქ "მანსანკანიდან" მოვხვდი. ბავშვობაში ამ შოუს მსახიობები ჩემთვის ძალიან მიუწვდომელნი იყვნენ, უცებ კი მათთან ერთად გადასაღებ მოედანზე მომიწია ყოფნამ! თავდაპირველად, შოკი მივიღე!.. ვნერვიულობდი, გოგონები როგორ მიმიღებდნენ. გოგო თუ კარგად მიგიღებს, ეს უკვე კომფორტია! თათიას მანამდეც ვიცნობდი. მერე თამუნა, ეკა გავიცანი. შინაურული გარემო იყო. თითქოს ყველა მეხმარებოდა, - კარგია, შეგიძლია, მიდიო!.. საბოლოო ჯამში, პირველი სამუშაო დღე დიდად რთული არ იყო: თავადაც ძალიან კონტაქტური ვარ. თან, ისეთი გარემო დამხვდა და ისე მიმიღეს, დაძაბულობა მალე მომეხსნა.
- ეკოლოგის განათლება გაქვს. ფიქრობ, რომ შეიძლება, ოდესმე პროფესიით იმუშაო?
- არა (იცინის). ვერც კი დავუშვებ, რომ შეიძლება, ჩემი პროფესიით ვიმუშაო, რადგან რეალურად, მე და ჩემი პროფესია ცა და დედამიწასავით განვსხვავდებით...
- თუ ასეა, ეკოლოგის განათლება რატომ მიიღე?
- ეს ბაბუაჩემის გამო მოხდა: ჩემი მშობლები ერთმანეთს რომ დაშორდნენ, სამივე დედმამიშვილი ბებოსა და ბაბუსთან დავრჩით. ჩვენზე მთელი პასუხისმგებლობა ბაბუამ აიღო საკუთარ თავზე. ის დოქტორი გახლდათ. როგორც კი "თეატრალურს" ვახსენებდი, მაშინვე სახე ეცვლებოდა. ვატყობდი, არ სიამოვნებდა. სულ მეუბნებოდა, - მინდა, სოხუმის უნივერსიტეტში ჩააბაროო. დიდად შევეწინააღმდეგე-მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან მის მიმართ სხვანაირი რიდი მქონდა... ჩემს შვილს არაფერს დავაძალებ, ბავშვმა პროფესია თავად უნდა აირჩიოს...
ბაბუა ხედავდა, მიზნის მისაღწევად როგორ ვშრომობდი და ყველაფერს ვაკეთებდი. ჩემი მიზანი იქ მოხვედრა იყო, სადაც დღეს ვარ. მახსოვს, ახალი წლის დღესასწაული იყო, ბაბუ სადღეგრძელოს ამბობდა და მაშინ აღნიშნა: ციას გამო არ მეშინია - ცხოვრებაში არ დაიკარგება, რადგან მიზნის მისაღწევად ბევრი გააკეთაო... მიმაჩნია, რომ ყველაფერი შრომის შედეგია: ადამიანი ზარმაცი არ უნდა იყო. "მანსანკანაში" თამაშისას სულ რაღაცის გაკეთებას ვცდილობდი... საკუთარი თავით კმაყოფილი არასოდეს ვარ. ჩემი მონაწილეობით გადაღებული სკეტჩების ნახვისას ვამბობ, შეიძლებოდა, უკეთესად მეთამაშა-მეთქი. ცხოვრებაში ჩემი თავით კმაყოფილი იშვიათად ვარ. ალბათ ეს თვისებაც მეხმარება, რომ არ გავჩერდე...
- ეკოლოგის განათლება რამეში გადგება?
- არა. მაგალითად, ბოლო დროს ყვავილების მოვლა შემიყვარდა. საერთოდ, მოვლილი აივნები, ეზოები მიყვარს. თურმე ამ ყველაფერს ბევრი შრომა, ძალისხმევა სჭირდება. ჩემს დედამთილს და ბებოს მცენარეები უყვართ: უვლიან, ესათუთებიან... პირადად მე, ჯერ იმ დონეზეც ვერ ვარ, რომ მცენარეები ასე ძლიერ შევიყვარო... ერთადერთი, რის გამოც ვბრაზდები, ის არის, რომ გარემოს არ ვუფრთხილდებით. მაგალითად, ჩვენი სახლის უკან გამწვანებაა, სადაც ბავშვი სასეირნოდ გამყავს ხოლმე. ვბრაზდები, როცა უამრავ დაყრილ ნაგავს ვხედავ. ეს იმის ბრალია, რომ ერთი ურნა ალთას დგას, მეორე - ბალთას. ეს არ მომწონს - ურნები ერთმანეთთან ახლოს უნდა იდგეს.
- ფინანსური ზარალის გარდა, ბავშვთა გასართობი ცენტრების "გაჩერებამ" სხვა მხრივაც შეგიქმნა დისკომფორტი? იქაურობა გენატრება?
- ძალიან! საერთოდ, ბავშვები და მათთან ურთიერთობა ისედაც ძალიან მიყვარს. ადრე ვთქვი კიდეც: ბავშვებთან თითქოს დამჯდარი ბატარეებით მივდივარ, იქიდან კი ბოლომდე დამუხტული ვბრუნდები-მეთქი. მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ. ისეთი "ნამდვილები", გულწრფელები არიან, როგორ შეიძლება, არ მოგენატროს? მომენატრა ბავშვები, ენერგიის დახარჯვა, მიკროფონი, გიჟობა, ცანცარი... ცენტრი რომ გაიხსნება, ალბათ მიკროფონს ხელიდან ვერავინ გამაგდებინებს (იცინის). ჩემი აქტიური ცხოვრება მომენატრა. ასე არასოდეს ვყოფილვარ, როგორც ახლა: ძირითად დროს შინ ვატარებ, თუმცა, თავისი დადებითი მხარე ამასაც აქვს: უბედნიერესი ვარ, რომ საშუალება მეძლევა, შვილთან ერთად ბევრი დრო გავატარო.
- ბავშვთა გასართობ ცენტრში როგორ მოხვდი?
- ჩემი ყველა სამსახური "კომედი შოუს" უკავშირდება: ცენტრში თათია სულუაშვილი, ბექა ონიანი და გიორგი მარშანია მუშაობდნენ. სამივესთან ვმეგობრობდი. მითხრეს, წამოდი, მარტივი საქმეაო, მაგრამ საოცრად რთული მეჩვენებოდა. ვფიქრობდი, - როგორ ხვდებიან, კონკრეტულ ბავშვს რომელი თამაში მოუხდება-მეთქი?!. ცენტრში მისულს მენეჯერი გოგონა დამხვდა, რომელიც ძალიან სერიოზული გახლდათ. ყველაფერი ამიხსნა. თავდაპირველად დავიძაბე... ახლა ეს გოგო ჩემი შვილის ნათლიაა (იცინის)... ცენტრში მისვლიდან ერთ თვეში, საღამოების წამყვანობა დავიწყე. თავდაპირველად ბავშვებს "ვერ ვიჭერდი": თამაშს რომ ვუხსნიდი, პატარები არ მისმენდნენ. ტირილი მინდოდა... დროთა განმავლობაში ეს საქმეც ვისწავლე, თუმცა, საღამოს წაყვანის მანერას დღემდე ვსწავლობ: ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. წინასწარ არასოდეს ვიცი, რას ვათამაშებ. თუ პატარები ძალიან ენერგიულები არიან და "კედლებზე დარბიან", მეც მათთან ერთად "გავგიჟდები" ხოლმე...
- საქმიან ან დასაქმების მოსურნე ადამიანებს რას ურჩევ?
- მთავარია, ადამიანს საკუთარი თავის სჯეროდეს. ბევრჯერ მითქვამს, - ეს საქმე არ გამომივა-მეთქი, - მაგრამ მერე მიფიქრია, - რატომაც არა?! უნდა ვისწავლო და გამომივა-მეთქი. ყველაფერი სწავლაზე, გამოცდილებაზეა დამოკიდებული. მთავარია, არ გაჩერდე. სულ წინ უნდა იარო, შრომისმოყვარე იყო... იცი, ზოგჯერ ამბობენ, მშობლების ბრალია, როცა ბავშვი ზარმაცდება, რადგან ყველაფერი აქვსო. მაგალითად, მე ბავშვობაში ოცნება არ მქონია, რადგან არაფერი მაკლდა, - რაც მინდოდა, ყველაფერი მქონდა (ბაბუაჩემიც, მამაჩემიც კარგ თანამდებობებზე მუშაობდნენ), მაგრამ როცა წამოვიზარდე, გავიაზრე, რომ მსურდა, რაღაცისთვის დამოუკიდებლად მიმეღწია... მე და დედამ ამ თემაზე ვისაუბრეთ. როცა შეიტყო, ჩემი ხელფასი რა თანხას შეადგენდა, მითხრა: - ცოდვა ხარ, ეგ რა ხელფასიაო?!. დედასთანაც მიკამათია, - მაცადე, გთხოვ. დღეს შეიძლება ასე ვარ, მაგრამ ნელ-ნელა "ზემოთ და ზემოთ ავალ"-მეთქი... მოკლედ, ხალხს ვურჩევ, გულწრფელები იყვნენ და ის საქმე უყვარდეთ, რომელსაც აკეთებენ. მხოლოდ ხელფასის გამო მუშაობა რთული და ცუდია.
ეთო ყორღანაშვილი