ოთარ ტატიშვილის უჩვეულო ახალი წელი - გზაპრესი

ოთარ ტატიშვილის უჩვეულო ახალი წელი

"ვუფრთხილდები რეპუტაციას. დიდი ოჯახი მყავს, არ მინდა, ვინმეს ჩემ გამო შერცხვეს, დისკომფორტი შეექმნას", - ამბობს ოთარ ტატიშვილი. რას გვთხოვს თითოეულ ჩვენგანს, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რით იყო მისთვის 2020 წელი გამორჩეული და რატომ შეხვდა ახალ წელს ბათუმის პორტის გაყინულ დარბაზში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1971 წლის 30 ნოემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მუსიკოსი. ასე რომ არ მოხდა, ჩემი ბრალია. რამდენი პედაგოგიც მომიყვანეს, საათობით ინსტრუმენტთან ჯდომა დავიზარე. ეს პროფესია ოცნებაში მინდოდა, რეალურად კი, როცა მეგობრები ეზოში ბურთს აგორებდნენ, თვალი და გული მათკენ გამირბოდა. ახლა ვნანობ, მაგრამ გვიანია.

- ჩემზე ამბობენ...

- ...არ მახსენდება, ვინმეს ჩემი თანდასწრებით ჩემზე ელაპარაკოს, ისე კი ამბობენ, რომ ხასიათის ადამიანი ვარ: როცა კარგ ხასიათზე გახლავართ, ვერავინ შემედრება, ცუდ ხასიათზე თუ ვარ, - ვაი! ვაი! ვაი!

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...და ეს ჭკუა მქონდეს, აუცილებლად მუსიკოსი გამოვიდოდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...ალბათ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარება იყო.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ოჯახი, მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, ძმა, დედა, კარგი მეგობრები...

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა მქონდეს მეგობრებთან, რაც ახლა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მათთან ურთიერთობის დეფიციტი პანდემიამდეც მქონდა. სულ გადარბენაზე ვიყავი, ყველგან მისვლას ვერ ვახერხებდი. ჩემი გრაფიკის გამო ბევრი შეხვედრა, დაბადების დღე და ლამაზი საღამო გამომიტოვებია.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...კარგ თვისებაზე ლაპარაკი ცოტათი უხერხულია, მაგრამ მომწონს, რომ არასდროს არავისზე ზურგს უკან ცუდს არ ვლაპარაკობ. შეიძლება ადამიანი არ მომწონდეს, მაგრამ გამორიცხულია, მას ჩემი ნათქვამი წინ დახვდეს. თუ რამეს ვფიქრობ, პირდაპირ ვეტყვი.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ძალიან ადვილად ვფეთქდები. მერე ადვილად, წუთში გადამდის, მაგრამ მაინც არ მომწონს. იმ ადამიანს შეიძლება არც არაფერი ვუთხრა, მაგრამ ცუდ ხასიათზე ვდგები. აი, ეს მდგომარეობა ჩემთვის დიდი დისკომფორტია.

- დაშვებული შეცდომები...

- ...ვცდილობ არ გავიმეორო, თუმცა ყოველთვის არ გამომდის.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...არც არაფერი მისწავლია.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...წარმოუდგენელ სისასტიკესთან, მკვლელობასთან არ გვაქვს საქმე. ამისგან ღმერთმა დამიფაროს, პატარა წყენების პატიება კი იოლად შემიძლია. როგორც ყველა, შეცდომებს მეც ვუშვებ, როცა ვაანალიზებ, მერე ბოდიშის მოხდა ნამდვილად არ მიჭირს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...პირველ რიგში, ჩემს შვილებზე, შვილიშვილებზე, მეგობრების შვილებზე ვფიქრობ - როგორ იცხოვრებენ, რა პრობლემების წინაშე იქნებიან, რა დალაგდება, რა გამოსწორდება, როგორი ქვეყანა ექნებათ?.. რომ დავბერდები, მინდა, პატარა ეზოიანი სახლი მქონდეს, სადაც ჩემს მოხუც მეუღლესთან ერთად ვიცხოვრებ, შვილები, შვილიშვილები მოვლენ, გაგვახარებენ. აუცილებლად მეყოლება ძაღლი, რომელთან ერთადაც ვისეირნებ. მოვუსმენ მუსიკას, წიგნებს წავიკითხავ, ფილმებს ვუყურებ. ბანალურია, არა?.. არაფერი განსაკუთრებული არ მინდა.

GzaPress

- ვიბნევი...

- ...იშვიათად. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი, რომლისგანაც ცუდს არ ელოდები და გგონია, რომ ამის გამკეთებელი არ არის, უეცრად სხვა რეალობის წინაშე გაყენებს. ამას დაბნევას კი არა, განხიბვლას უფრო დავარქმევ.

- ვნანობ...

- ...რომ არ ვისწავლე და მუსიკოსი არ გამოვედი. უჰ! ისეთი კარგი დირიჟორი ვიქნებოდი, რომ... ვინც ამ საქმეს აკეთებს, ყველასი მშურს, ამ შურს გინდა თეთრი დაარქვით, გინდა შავი და გინდა - ვარდისფერი.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...მუსიკოსი.

- სიყვარული - ეს...

- ...ის განცდაა, რისთვისაც ჩვენი პლანეტა შეიქმნა. სიყვარულზე დგას დედამიწა. ამ უბედურების ჟამს, როცა გარშემო ამდენი ხილული და უხილავი მტერია, ამდენი სიძულვილია, მაინც მგონია, რომ სიყვარული გვაცოცხლებს, გვშველის და მომავალშიც გვიშველის.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...გული ჯერ გადამიბრუნდა, მერე გადმობრუნდა, მერე ამიჩქარდა, მერე შემინელდა. უცნაური, უჩვეულო, რაღაც აუხსნელი შეგრძნებები მქონდა. სკოლის მოსწავლე ვიყავი და ემოციასაც ასაკის შესაბამისად გამოვხატავდი. ის ადამიანი სკოლის დასრულების შემდეგ აღარ მინახავს.

- ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს...

- ...კარგი მუსიკა.

- გაკვირვებული ვარ...

- ...ადამიანებს ერთმანეთი რატომ არ უყვართ?

- ვრისკავ...

- ...ყოველდღე, როცა სამსახურში მივდივარ. ექიმობა რთული პროფესიაა. ამ შემთხვევაში მხოლოდ ვირუსსა და პანდემიას არ ვგულისხმობ. როცა ექიმი ხარ და დიაგნოზს სვამ, როცა პაციენტის მკურნალობას იწყებ, დიდი რისკია. ყოველთვის ყველაფერი ისე ხომ არ მიდის, როგორც წიგნებში წერია. სამწუხაროდ, მედიცინა ლოგიკური ყოველთვის არ არის. ექიმების საქმიანობას სტრესული ფონი თან სდევს. ყველა რთული ოპერაცია სიცოცხლის წამებს გვართმევს.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...მუსიკაა. ჩვენს ეპოქაში ტექნოლოგიები უმაღლეს დონეზეა, ინტერნეტში ნებისმიერ რამეს მოიძიებ, მაგრამ შემიძლია, საკვებზე ვთქვა უარი და მუსიკალურ ფირფიტაში ბოლო თანხა გადავიხადო.

- ვამაყობ...

- ...მშობლებით, ძმით, რომელიც ჩემზე უმცროსია, მაგრამ მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. ვამაყობ ჩემი ოჯახით, მეუღლით, შვილებით. არასდროს ჩემი შვილების ქცევის გამო არ შემრცხვენია.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...არავინ თქვას, რომ ეს არ სიამოვნებს, მაგრამ ამ მომენტს თან იმდენად დიდი უხერხულობის განცდა ახლავს, სიხარულს ფარავს. როცა ვიღაც მეუბნება, იქ ვიყავი და შენზე კარგი თქვესო, ამას კიდევ არა უშავს.

- მეშინია...

- ...ომის, საომარი სიტუაციის, იარაღის. არასდროს მქონია სურვილი, იარაღი მქონოდა. ზოგიერთი კოლექციონერია, ამ ინტერესში ცუდი არაფერია, მაგრამ მე იარაღი მხოლოდ ფილმებში მომწონს, რეალურ ცხოვრებაში - არ მინდა.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...უკვე აღარაფერს: წონაში დაკლება მინდოდა და 42 კილოგრამი უკვე დავიკელი.

- ვუფრთხილდები...

- ...რეპუტაციას. დიდი ოჯახი მყავს, არ მინდა, მათ ოდესმე ჩემ გამო დისკომფორტი შეექმნათ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ინსტრუმენტებზე სრულყოფილად დაკვრა, ცოტ-ცოტა ვიცი. ინსტრუმენტი, რომლის ჟღერადობაც ყველაზე მეტად მომწონს, ჩელოა. სრულიად განსხვავებული ხმა აქვს.

- თავისუფლება არის...

- ...მე გეტყვით, რა არ არის თავისუფლება. თავისუფლება არ არის, თქვა ყველაფერი, რაც ენაზე მოგადგება, ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენო და ეს სიტყვის თავისუფლებით ახსნა. რატომღაც ბევრს ეს ჰგონია თავისუფლება, მე მაგას უკულტურობას ვეძახი. ადამიანი ყოველთვის რაღაცაზე ხარ დამოკიდებული. როცა მუშაობ - სამსახურზე, ქვეყანაზეც ხარ დამოკიდებული, რომლის მოქალაქეც ბრძანდები, კანონზე ხარ დამოკიდებული. თავისუფალ ადამიანს გაქვს შენი საქმე, ვიღაცას შენი სჯერა, გენდობა, გაქვს შემოსავალი, არავის ხელებში არ შეჰყურებ. 21-ე საუკუნეში მატერიალური მხარის გარეშე, თავისუფლებაზე ვერ ვისაუბრებთ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...რომელიმე ნაკლებად წარმატებულ საფეხბურთო გუნდს ვიყიდდი, მერე ტრანსფერებს განვახორციელებდი, გავაძლიერებდი, პოპულარულს გავხდიდი. უჰ! დიდ ამბებში ვიქნებოდი.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს ჩემი ყველაზე დიდი წამალი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობაა. ჩაკეტილობა არ მჩვევია, პირიქით, რთულ პერიოდებში გაცილებით გახსნილი და კონტაქტური ვარ.

- 2020 წელი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო...

- ...მინდა, ეს წელი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ზოგადად, კარგი წელი არ იყო, მაგრამ ერთი კარგი ამბავი მქონდა: ნოემბერში მეორე შვილიშვილი შემეძინა, მას ჩემი სახელი დაარქვეს.

- ახალ წელს ვხვდები...

- ...ოჯახში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა და ე.წ. ცნობადი სახე გავხდი, ბოლო რამდენიმე წელია, ყოველ 31 დეკემბერს რაიმე ღონისძიება მიმყავს. 10 წელია, ახალი წლის დადგომას შინ არ შევხვედრივარ. პანდემიის გამო წელს არანაირი შემოთავაზება არ არის, ძველებურად ყველანი დედასთან შევიკრიბებით და ერთად შევხვდებით.

- საახალწლო საოჯახო სამზადისში...

- ...მხოლოდ მომარაგების ამბავში ვარ ჩართული, დანარჩენი ქალბატონების ხელშია, თავს მშვენივრად ართმევენ. მეუბნებიან, რაც უნდათ და მიმაქვს.

- ჩემი უჩვეულო ახალი წელი...

- ...1994 წელს ძველით ახალი წელი მოდიოდა. მაშინ "კავეენს" ვთამაშობდი. ჩვენი გუნდი ბათუმიდან სოჭში ფესტივალზე კატამარანით უნდა წავსულიყავით, მაგრამ ღელვა იყო და მგზავრობა შეფერხდა. მოგეხსენებათ, მაშინ როგორი რთული პერიოდი იყო, - არც სასტუმროები მუშაობდა, თბილისშიც ვერაფრით ვბრუნდებოდით და რა უნდა გვექნა? ბათუმის პორტში, მოსაცდელ დარბაზში შეგვიშვეს. მართალია, დარბაზი გაყინული იყო, მაგრამ რას დავეძებდით, ღია ცის ქვეშ ყოფნას სჯობდა. 15 მეგობარი ვიყავით. ზოგმა ძეხვი ვიყიდეთ, ზოგმა - პური, სასმელი და დილამდე ვიქეიფეთ. მიუხედავად ყველაფრისა, ის საღამო მაინც ძალიან კარგად მახსენდება.

- დაბოლოს...

- ...ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ და ერთ რამეს გთხოვთ: ერთმანეთს ნუღარ გავლანძღავთ, ეს ცუდია, მერე ვინანებთ. გვიყვარდეს ერთმანეთი, ამაზე კარგი არაფერია. 2021 წელი თითოეული ჩვენგანისთვის ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს!

თამუნა კვინიკაძე