რატომ ვერ იყიდა ნაძვის ხე ნათია წიწილაშვილმა - გზაპრესი

რატომ ვერ იყიდა ნაძვის ხე ნათია წიწილაშვილმა

ნათია წიწილაშვილისთვის 2020 წლის ბოლოს, დეკემბერში, ქართულ-ყაზახური პროექტი, ფილმი - Lოვე ინ ტჰე აირ - ნათელი წერტილივით გამოჩნდა. საშინელი წლის ბოლოს გამოიცისკრაო, - თავად ასე ხუმრობს მსახიობი, რომელმაც გადაღება ახლახან დაასრულა და ახალი წლის დღესასწაულისთვის მზადება დაიწყო...

- დღესასწაულებს შორის ახალი წელი ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან რაღაც ახლის დაწყებასთან ასოცირდება. მართალია, წლები გვემატება, მაგრამ ვფიქრობ ხოლმე, თითქოს ახალ ცხოვრებას დავიწყებ, რაღაცებს შევცვლი... მგონი, ახალი წლის დღესასწაული ჩემს დაბადების დღეზე მეტადაც კი მიყვარს. მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის გამო, მინდა, 2021 წელს უფრო მხიარულად, დიდი სიყვარულითა და იმედით შევხვდე, რომ იქნებ, ეს რთული სიტუაცია დასრულდეს. ალბათ, 2021 წელს ყველა განსაკუთრებულად ელის. მეც ამ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები. თან, ჩემს ახალ სახლში, მეუღლესა და ბავშვთან ერთად, ჩემი პირველი ახალი წელი იქნება. საცივი, გოზინაყი არასოდეს გამიკეთებია - ყოველთვის დედა აკეთებდა ან გვიგზავნიდნენ. წელს თავად მომიწევს მომზადება და ამის სურვილიც მაქვს: მინდა, ამ ახალ წელს ცოტათი განსხვავებულად შევხვდე...

- ხუმრობენ, 2020 წლის მეკვლეები სახლში შემოსაშვები არ არიანო. როგორი დამოკიდებულება გაქვს ამ ცრურწმენასთან დაკავშირებით - ყურადღებას აქცევ, ვის როგორი ფეხი აქვს?

- საერთოდ, ასეთი რაღაცების არ მჯერა. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი აბსურდია, თუმცა ზოგჯერ თითქოს ემთხვევა. მაგალითად, ამბობენ: ჩემი მეკვლე ესა და ეს იყო, კარგი წელი მქონდაო და მომავალ წელსაც მეკვლედ იწვევენ... საკუთარ თავს აჯერებ ადამიანი, რომ რადგან ვიღაცასთან მეკვლედ კონკრეტული პიროვნება იყო და ზღაპრული წელი ჰქონდა, ეს პიროვნება შენთანაც უნდა მოვიდეს. შემდეგ ამ ადამიანს ყოველ წელს კარდაკარ დაატარებენ (იცინის). მეკვლეობა მაინც ტრადიციაა და თუ ახალი წლის ღამეს ვინმე სტუმრად მოდის, რა თქმა უნდა, დიდი სიყვარულით ვეგებები; თუ არავინ მსტუმრობს, 12 საათის შესრულებას 1 წუთი რომ დააკლდება, ოჯახის რომელიმე წევრი შინიდან გადის, მერე კი კარზე აკაკუნებს და ხილით, კანფეტებით ხელდამშვენებული შემოდის. მგონი, ამ ტრადიციას ყველა ინარჩუნებს.

- თავად როგორი ფეხი გაქვს, რას გეუბნებიან?

- არ მქონია შემთხვევა, რომ ახალი წლის ღამეს ვინმესთან მარტო მივსულიყავი. ძირითადად, ბევრნი - მეგობრები, ოჯახის წევრები - სადმე ერთად მივდივართ ხოლმე. შესაბამისად, ვერ გეტყვი, როგორი ფეხი მაქვს (იცინის).

- ქვეყანაში შექმნილი არცთუ სასიამოვნო განწყობის გასახალისებლად, წელს საახალწლო სამზადისი ნაადრევად ხომ არ დაიწყე?

- არა, პირიქით... საერთოდ, 15 დეკემბერს სახლში ნაძვის ხე ყოველთვის მორთული მიდგას, მაგრამ წელს გადაღებები გვქონდა: ქართულ-ყაზახურ ფილმში - Lოვე ინ ტჰე აირ ფილმში ვმონაწილეობ. ახლა გადაღებები საქართველოში მიმდინარეობს, იანვარში კი - ყაზახეთში გაგრძელდება. შესაბამისად, 2 კვირის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე გადაღებები მქონდა და ნაძვის ხის ასაწყობად ვერ მოვიცალე. ეგ კი არა, ბავშვიც ხან დედაჩემთან არის, ხან - მამამისთან... თუმცა, გარკვეულ დონეზე თადარიგი დავიჭირე - ალბათ, ვეჭვობდი, რომ შეიძლებოდა რეგულაციები გამკაცრებულიყო და ბავშვისთვის რაღაცების ყიდვა მოვასწარი...

- მოკლედ გვიამბე, ახალი ფილმი რის შესახებაა?

- ფილმში სიყვარულის ამბავია ასახული. კომედიური მელოდრამა გახლავთ: ქართველ გოგონას ყაზახი ბიჭი შეუყვარდება. გარკვეული მოვლენები ისე ვითარდება, რომ წყვილი ერთმანეთს კარგავს, მერე ერთმანეთს ეძებენ... ცხადია, ყველაფერი "ჰეფი ენდით" სრულდება...

- გამკაცრებული რეგულაციების პირობებში როგორ მუშაობდით?

- ყველანი წესების დაცვით ვმუშაობდით. სადეზინფექციო ხსნარით ხელები ყველას "გადამხმარი" გვქონდა. სამედიცინო ნიღბები მხოლოდ მსახიობებს არ გვეკეთა, როცა უკვე გადაღების პროცესი მიმდინარეობდა. აბსოლუტურად ყველა მათგანის ნამუშევრით კმაყოფილი ვარ. ამ პროექტში დიდი შრომაა ჩადებული. ვიმედოვნებ, ძალიან საინტერესო და კარგი ფილმი გამოვა.

- ზოგადი სირთულის მიუხედავად, რაც 2020 წელს ახასიათებს, შენთვის მაინც ნაყოფიერი იყო, არა? კარიერაშიც სიახლე გაქვს და პირად ცხოვრებაშიც - სწორედ წელს დაოჯახდი...

- კი, დავოჯახდი, თუმცა ეს დაოჯახება სახლში გამოკეტილობით გაგრძელდა. საშინელი 2020 წელი ბოლოს ნაყოფიერი გამოდგა, რადგან ქართულ-ყაზახური პროექტის განხორციელება დაიწყო, რამაც ძალიან გამახარა.

- მოგვიყევი, ახლა ახალი წლის დღესასწაულისთვის როგორ ემზადები?

- საერთოდ, 2-3 კვირით ადრე, საახალწლო განათებას ვყიდულობ, ინტერიერს რამე ახალს ვამატებ, ფანჯრებზე რაღაცებს ვაკრავ, ნაძვის ხეს რამე მორთულობას მოვუგონებ... ვცდილობ, მთელი სახლი ისე გავაფორმო, რომ საახალწლო განწყობა იყოს. მინდა, რომ შობა-ახალი წლისთვის დამახასიათებელი სითბო და სიყვარული, რაც ფილმებშია აღწერილი, იგრძნობოდეს. დღესასწაულები ისე მიყვარს, რომ სულ მინდა, განსაკუთრებულად მოვემზადო - ჩაცმულობით, მაკიაჟით... ახალი წლის ღამისთვის გამოვიპრანჭები ხოლმე, ვახშამს ვამზადებ საოცარი სერვირებით, ფუჟერებით, თეფშებით (იცინის)...

წელს ნაძვის ხე ვერ ვიყიდე. ამიტომ თავად, ჩემი ხელით უნდა გავაკეთო. ამასთან დაკავშირებით, რაღაც იდეა მომივიდა. წესით, ძალიან ლამაზი გამოვა... ნაძვის ხეს დისტანციურად ვერ ვიყიდი, რადგან არ ვიცი, როგორს მომიტანენ... ახალ ოჯახში კიდევ უფრო გახარებული და ბედნიერი ვარ, რადგან აქ ახალი წლის დღესასწაულს პირველად ვხვდები. მინდა, 2021 წელი ნაყოფიერი, წარმატებული იყოს. რა თქმა უნდა, ყველას იმავეს ვუსურვებ, რასაც - საკუთარ თავს, მით უმეტეს, რომ 2020 წელს ყველანი ძალიან დავიტანჯეთ...

GzaPress

- შენს გოგონას ახალი წლის დღესასწაულის მიმართ დამოკიდებულება ხომ არ შეეცვალა? თოვლის ბაბუაზე რას ფიქრობს?

- წელს, ზაფხულში აღმოაჩინა, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, ოღონდ - არ ვიცი, საიდან. ვკითხე, - ვინმემ გითხრა-მეთქი? - არა, თავად მივხვდი, შენ და მამა მაღაზიებში ცალ-ცალკე მიდიხართ, საჩუქარს ყიდულობთ. თავადვე ფუთავთ და მალავთო... ვიეჭვე, რამე ხომ არ დაინახა-მეთქი, რადგან ზუსტად ასე ხდება: ნასტიასთვის შერჩეული საჩუქრის შესაფუთ ქაღალდსაც კი თავად ვარჩევ. ბაფთები, ქაღალდი შინ მომაქვს და ვფუთავ. შეიძლება, დაინახა კიდეც, როცა ამას ვაკეთებდი, მაგრამ არა მგონია... მოკლედ, განმიცხადა, - საჩუქარს ნაძვის ხის ქვეშ თავად დებ, ვითომ თოვლის ბაბუა მოვიდაო...

- ამის გამო, საახალწლო სურვილებთან დაკავშირებით, ახლა უფრო ხომ არ გათამამდა, მომთხოვნი გახდა?

- მეც მეგონა, რომ შეკვეთებს მოგვცემდა, მაგრამ - არა. თოვლის ბაბუასთან კიდევ უფრო თამამი იყო. ალბათ, ჩვენთან დაკავშირებით, რაღაცებს ითვალისწინებს და ხვდება, რომ "თოვლის ბაბუები" ვერ ვართ, მაგრამ მეც, მამამისიც, ჩვენი მშობლებიც იმდენ საჩუქარს ვუკეთებთ, რომ უკვე ფანტაზია ამომეწურა, რა შეიძლება ვაჩუქო...

- ანუ საჩუქრებს აღარც ითხოვს?

- არა. ადრე თოვლის ბაბუას წერილს უწერდა. ნასტიას დაბადების დღის საჩუქართან დაკავშირებითაც რომ ჰკითხო, - რა გაჩუქოო? გიპასუხებს, რომ არ იცის, რადგან მართლა არ იცის: არაფერი არ აკლია. მართლა ვერ ხვდება, რა შეიძლება, გვითხრას, რომ ვაჩუქოთ. ამიტომ ამბობს, - თქვენ რასაც მოიფიქრებთ, ის მაჩუქეთ, ყველაფერი გამიხარდებაო. ფიქრით თავს ვიმტვრევ: ხან რას ვჩუქნი, ხან - რას, რადგან მინდა, მისი საჩუქარი განსხვავებული, ორიგინალური იყოს. თოვლის ბაბუას წერილს რომ სწერდა, მაშინაც დახმარება სჭირდებოდა, რომ მოეფიქრებინა, რა სურდა. ხან თითქოს ველოსიპედი, ხან - თოჯინა, ჰოვერბორდი უნდოდა... ვეხმარებოდი, ვარიანტებს ვთავაზობდი...

- ქართული საახალწლო სუფრიდან შენი საყვარელი ნუგბარი რა არის?

- გოზინაყი და ჩურჩხელა. არც შოკოლადს, არც სხვა ტკბილეულს არ ვჭამ. სადაც უნდა ვიყო, მხოლოდ ჩურჩხელას და გოზინაყს გეახლები: ჯერ ერთს ავიღებ, მერე - მეორეს, მესამეს... აღარ სრულდება ხოლმე (იცინის).

- ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ, ზედმეტი წონის პრობლემა შეგქმნია?

- არა. ბევრ კერძს რომ ვხედავ, ჭამა აღარ მინდება. რა თქმა უნდა, მივირთმევ, მაგრამ ცოტ-ცოტას. ამიტომ წონაში არ ვიმატებ. უბრალოდ, ნიგვზიანი, "მძიმე" საკვებისგან ორგანიზმი გადაიღლება ხოლმე. ამიტომ წელს საცივის მომზადებას არ ვაპირებ - დედაჩემიც მოამზადებს, დედამთილიც (იღიმის)... ვიფიქრე, თავად განსხვავებულ ვახშამს მოვამზადებ-მეთქი. რა თქმა უნდა, გოზინაყს გავაკეთებ, მაგრამ საცივის, გოჭის და მსგავსი რაღაცების მომზადება ცოტათი მეზარება...

- საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, რომელიმე ფილმის ნახვა ტრადიციად ხომ არ გაქვს ქცეული? თან, საახალწლო ფილმში - "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" თავადაც მონაწილეობ და ეკრანზე ხშირად აჩვენებენ...

- ვერ გეტყვი, ამ ფილმს ველოდები-მეთქი, მაგრამ თუ გადავაწყდი, აუცილებლად ვუყურებ, რადგან ძირითადად, ტელევიზორის ყურების დრო მაინც არაა ხოლმე: ამ დროს ყველანი, განსაკუთრებით - ქალები, საახალწლო სამზადისში ვართ... ბავშვობიდან დღემდე ჩემი საყვარელი ფილმია - "მარტო სახლში". ნასტიასაც ვურთავ ხოლმე. თუ მცალია, მასთან ერთად ვუყურებ... კიდევ არის რამდენიმე ფილმი, რომელიც კონკრეტულად, შობა-ახალ წელთან ასოცირდება... ძირითადად, შინ საახალწლო მუსიკას ვრთავ, რომ განწყობა უფრო ავიმაღლოთ...

- ნათია, აღნიშნე, ნაძვის ხეს დისტანციურად ვერ ვიყიდიო. ონლაინშოპინგთან დაკავშირებით, ცუდი გამოცდილება ხომ არ გაქვს?

- კი, მქონია შემთხვევები, როცა რაღაც შემიძენია და ცოტათი უხარისხო აღმოჩენილა. ამიტომ მინდა, ნივთი შეძენამდე პირადად ვნახო და შევხედო, როგორია... 24 დეკემბერს, როცა მაღაზიები გაიხსნება, ალბათ, სავაჭრო ცენტრებს ყველა მიაწყდება. მეც ასე მოქცევა მომიწევს, რადგან როგორც აღვნიშნე, გადაღებების გამო, ფაქტობრივად, ვერაფრის ყიდვა ვერ მოვასწარი. იმედია, რეგულაციებს ყველანი დავიცავთ და ახალ წელს "კოვიდით 19"-ით არ შევხვდებით... ყველას მოვუწოდებ: რეგულაციები მაქსიმალურად დავიცვათ და ისე "ვიშოპინგოთ", მეგობრებო (იღიმის)!..

ეთო ყორღანაშვილი