"თქვენ მე დედა მაჩუქეთ..." - გზაპრესი

"თქვენ მე დედა მაჩუქეთ..."

ნუცა ზურაბიანისთვის პროფესიულ საქმიანობასა და ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვისთვის სიკეთის მოტანა შეძლოს. ნუცა ჯანდაცვის აკადემიური დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორია და წლებია, პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ამბობს, რომ ეს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა მისთვის, რადგან სტუდენტებისთვის კლინიკური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ყოველდღიურად უწევს. სოფო ჯაფარიძესთან ერთად არის სამედიცინო ასოციაციის, ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ასევე სამედიცინო პლატფორმა "მედგიდის" შემქმნელი. უამრავ ადამიანს დაეხმარა

"მედგიდი" შექმნილ რთულ ეპიდვითარებაში და არა მხოლოდ იმ პაციენტებს, ვისაც კორონა დაუდასტურდათ, არამედ სხვა დაავადებების მქონეებსაც. ეს პლატფორმა და ექიმები თავიანთი საოცარი გულისხმიერებით ათასობით ადამიანის იმედად იქცნენ.

ნუცა:

- 12 წელია, აქტიური კლინიცისტი ვარ - ექიმი-სტომატოლოგი, ორთოპედი. გულისხმიერება, რის გამოც ბევრი ადამიანი დღეს მადლობას გვიხდის, ჩვენი პროფესიული მოვალეობაა. ეს თვისება თუ არ გაქვს, მგონი ექიმად ვერასდროს შედგები. ეს კი ჩემი პედაგოგების დამსახურებაა, ვინც საუკეთესო განათლება მომცა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მახსოვს, ერთ-ერთ უფროს კოლეგასთან ვიყავი კაბინეტში, ფართომასშტაბიან მორიგ აქტივობას ვგეგმავდით. იმ დროს პაციენტი ჰყავდა, რომელმაც მცირედი უკმაყოფილება დააფიქსირა. ექიმმა არაფერი შეიმჩნია, პაციენტს მოეფერა და მერე მითხრა, - კლინიცისტი ექიმი, რომელსაც გიწევს ამდენი ადამიანის დაყვავება, მათზე "მორგება", ვერასდროს იქნები ბოროტი, გამორიცხულიაო! ეს სიტყვები ჩამრჩა გულში... პაციენტი ყოველთვის მართალია, მას ვუსმენთ, ვუჯერებთ, თმენის ვალდებულება გვაქვს, სამედიცინო ეთიკას ვიცავთ და რეალურად, მთელი ცხოვრება ვსწავლობთ, რომ ვიყოთ მზრუნველები, გამოვიჩინოთ გულისხმიერება. ეს ყველაფერი არ გაძლევს შესაძლებლობას, იყო ბოროტი. რასაც "მედგიდთან" ერთად ვაკეთებთ, სწორედ ჩვენი აკადემიური განათლებისა და გამოცდილების შედეგია.

GzaPress

- როგორ გაჩნდა და რამ განაპირობა ამ პლატფორმის შექმნის იდეა?

- ერთი წელია, სოფო მთხოვდა, რომ შეგვექმნა სამედიცინო პლატფორმა, მაგრამ ვერ მოვიცალეთ, რაღაცნაირად თავი ვერ მოვაბით დროის სიმცირის გამო. როდესაც ეპიდემიამ იფეთქა, ჩვენი ასოციაცია ონლაინ ჩაერთო ამ პროცესებში, ვიწვევდით ქართველ თუ უცხოელ პროფესორებს და განვიხილავდით სხვადასხვა საკითხს "კოვიდ 19"-ის შესახებ, მაგრამ მივხვდით, რომ მოსახლეობას არა მარტო ინფორმაციის მიწოდება სჭირდება, არამედ რეალური დახმარება. დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებში, სოფოსთან ვიყავი სახლში და ოთახში სოფოს ბებია, ქალბატონი ციცუკა შემოვიდა, არაჩვეულებრივი ქალბატონი და ჩვენი სფეროს წარმომადგენელი. გვითხრა, თქვენ გაქვთ ის პოტენციალი, რაც მნიშვნელოვანია ხალხისთვის და ახლა, ასეთ რთულ პერიოდში თუ არ შექმნით ამ პლატფორმას, ჩემს თვალში ფასს დაკარგავთო. მაშინვე დავსხედით და მისივე თანდასწრებით შევქმენით "მედგიდი". რაც უფრო მეტი საქმე გაქვს ადამიანს, უფრო მეტად ხარ მობილიზებული და მეტის გაკეთებას ასწრებ, მიზანიც გაქვს, იცი, კონკრეტულად რომელ საათზე რა უნდა გააკეთო. ბავშვობიდან ასეთი ვიყავი - ბევრს ვწვალობდი, ვშრომობდი, ვიბრძოდი რაღაცის მისაღწევად და დღემდე ასეა, ბევრს ვთხოვ საკუთარ თავს. როცა რაღაც გულით გინდა (ოღონდ ეს უნდა იყოს კეთილი საქმე), ამ დროს ყველა და ყველაფერი ერთიანდება თურმე შენს ხელშესაწყობად - ოჯახი, მეგობრები, გარე ძალებიც კი... თუ გაქვს ჭეშმარიტი მოთხოვნილება და სურვილი, აკეთო რაღაც კარგი, მთელი არმია გიდგება გვერდში. ეს ბევრჯერ გამოვცადე და ასე მოხდა "მედგიდის" დაფუძნების დროსაც, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ერთი ინდივიდი ვერაფერს გააკეთებს, აკეთებს სოფო და გუნდი, ნუცა და გუნდი. მოკლედ, ჩვენ გვერდითაა პროფესიონალთა გუნდი. თავდაპირველად მხოლოდ 5000 წევრი გვყავდა და მე და სოფო ვუმკლავდებოდით, მაგრამ თანდათან ჯგუფი იზრდებოდა და მივხვდით, შეუძლებელი იყო ამხელა კონტინგენტს 2 ადამიანი გასწვდენოდა. ამ დროს გაჩნდნენ ჩვენ გვერდით არაჩვეულებრივი ექიმები, დაახლოებით 20-მდე, ვინც ფუნქციები გადაინაწილა და ახლა ყველა ერთად ვემსახურებით კარგ საქმეს.

- იფიქრებდით, რომ ასეთი ამბავი მოჰყვებოდა ამ ყველაფერს და რამხელა საჭიროება ყოფილა მსგავსი სამედიცინო პლატფორმის შექმნის?

- ვიცოდით, რასაც ვაკეთებდით, მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ვერ ვიფიქრებდით, თუ ეს აღმოჩნდებოდა ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც რეალურ ადამიანებზე იქნებოდა მორგებული და ჩვენს პოტენციასა და ამდენწლიან გამოცდილებას მოვახმარდით მათ, ვისაც შეიძლება ცხოვრებაში ვერც შეხვდე. ისე აღმოჩნდა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდით, ქვეყნისა და ხალხისთვის მნიშვნელოვან დროს. თუ ამდენ ადამიანს დავეხმარებოდით და ამდენის სიცოცხლის გადარჩენას შევძლებდით, მართლა ვერ წარმოვიდგენდი. სიცოცხლის გადარჩენა კიდევ უფრო სხვა რამეა, ამაღელვებელიც და ამაღლებულიც... უდიდეს შრომასა და ენერგიას ვდებთ თითოეულ პაციენტში. ზუსტად 5 წუთში ხდება ყველაფერი; 5 წუთი გაქვს იმისთვის, რომ მოიძიო კლინიკა, ექიმები ერთმანეთს დააკავშირო და უმძიმესი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია მოახდინო.

თვეზე მეტია, ვარსებობთ და უკვე 57 000 წევრი გვყავს. რაც შეეხება ექიმებს, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის ექიმები ყოფილან საოცრად ადამიანურები, ჰუმანურები. არ ყოფილა ექიმი, რომ ეთქვას, არ მცალია და თქვენ გვერდით ვერ დავდგებიო. პირიქით, როდესაც გაიგეს, რომ იქმნებოდა პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც პროფესიონალ დონეზე მოხდებოდა ექიმისა და პაციენტის დაკავშირება, მზადყოფნა გამოთქვეს. ალბათ იმიტომ, რომ ნანახი ჰქონდათ ჩვენ მიერ განხორციელებული და ორგანიზებული არაერთი მასშტაბური პროექტი. დღემდე გვეუბნებიან ექიმები, გამოგვიყენეთ, თქვენ გვერდით ვართო, უდიდესი მადლობა მათ იმისთვის, რომ სრულიად უანგაროდ აკეთებენ ამ ყველაფერს. მე სტომატოლოგი ვარ და როდესაც პანდემიის გამო კლინიკა დავკეტე, იცით, როგორ გამოუსადეგარ ადამიანად ვგრძნობდი თავს? ვფიქრობდი, ჩემი ქვეყნისთვის არაფერს ვაკეთებ, სახლში ვზივარ-მეთქი. ეს განცდა მეც და სოფოსაც "გვჭამდა". დღეს ვამაყობ და მადლობას ვუხდი სოფოს, რომ სწორედ მისმა იდეამ განაპირობა ჩემს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს გვერდში რომ ვუდგავართ.

- იმედია, პანდემია მალე დასრულდება და რა იქნება შემდეგ, თუ "მედგიდი" მუშაობის იმავე რეჟიმში დარჩება?

- დიახ, ეს პლატფორმა შეინარჩუნებს აქტუალობას. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით უმეტესობას სწორედ კორონას შესახებ აინტერესებს ინფორმაცია და ამის გამო ითხოვს სხვადასხვა სახის დახმარებას, არაერთი სხვა ქრონიკული და მწვავე დაავადებების მქონე პაციენტებსაც სჭირდებათ ექიმების რჩევა და კონსულტაცია. მაგალითად, ემიგრანტებს, რომლებსაც არა აქვთ საბუთები, არ აქვთ დაზღვევა და ექიმთან მისვლის საშუალება. ასე რომ, ექიმები კვლავ ჩვენ გვერდით იქნებიან და პლატფორმა არათუ დაკარგავს აქტუალობას, არამედ უფრო აიმაღლებს თავის სოციალურ სტატუსს საზოგადოებაში.

GzaPress

- ამ ხნის განმავლობაში ყველაზე ემოციურ შემთხვევას თუ გაიხსენებთ?

- გამიჭირდება რომელიმეს გამოყოფა, თუმცა იყო ერთი განსაკუთრებით დრამატული და დასამახსოვრებელი. ეს გოგონა თურმე, 3 დღე წერდა სხვადასხვა ჯგუფში, რომ დედა ჰყავდა მძიმედ, იყო ქრონიკული დაავადებით და სჭირდებოდა სტაციონარი, რეანიმაციული განყოფილება. დედა მიკვდება და გადამირჩინეთო, - იხვეწებოდა თურმე. ერთ დილას მეც მომწერა "მესენჯერში", მაშინვე გადავრეკე კოლეგებთან და რამდენიმე წუთში მოხდა იმ ქალბატონის ჰოსპიტალიზაცია. მერე კვლავ მომწერა ამ გოგონამ, რომ არა ის დილა და თქვენი ჩართულობა, დედას დავკარგავდი, საერთოდ აღარ მქონდა იმედი, რომ ვინმე დამეხმარებოდაო. ამ კონკრეტულ მომენტში მომეცა შესაძლებლობა, ამ ადამიანს დავხმარებოდი და სიტყვები: "მადლობა, თქვენ დედა მაჩუქეთ", ყველაზე ამაღელვებელი და იმის მანიშნებელიც იყო, რომ არასდროს ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო, უნდა გამოიყენო ყველა შესაძლებლობა და ვინმე აუცილებლად გამოგიწვდის დახმარების ხელს.

- ნუცა, თქვენი ოჯახიც გაგვაცანით.

- სამსახური და ოჯახი - ეს არის 2 რამ, რაც ჩემთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. სახლში უნდა მქონდეს მშვიდობა, საზოგადოებისთვის უფრო მეტად ნაყოფიერი და პროდუქტიული რომ ვიყო. მყავს მეუღლე და 3 შვილი. მეუღლეს ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი აქვს, მის ბევრ რჩევას ვითვალისწინებ. ბიზნესმენია, მაგრამ აქტიურად არის ჩართული ჩემს საქმეში. მისთვის მნიშვნელოვანია, ვიყო წარმატებული. სულ მეუბნება, რომ შემიძლია სარგებლის მოტანა სხვებისთვის და მზად არის, ჩემ გვერდით იყოს ნებისმიერ სიტუაციაში. როცა ზურგს ასეთი სტაბილური ოჯახი გიმაგრებს და როდესაც უკან კი არ გექაჩება ვინმე, არამედ პირიქით, მუდმივად გამხნევებს და სტიმულს გაძლევს, უფრო მეტს აკეთებ. მთელ ემოციას სამსახურსა და ოჯახში ვდებ. მეუღლესა და შვილებთან ერთად გატარებული ყოველი წუთი მაბედნიერებს, სულ მენატრებიან, სულ იმის განცდა მაქვს, რომ მათ ყურადღება მოვაკელი. ვარ მეუღლეც, დედაც, დიასახლისიც და შვილიც, მშობლებზე უზომოდ შეყვარებული. მათ მაქსიმუმი გააკეთეს ჩემთვის. სხვათა შორის, დედაც სტომატოლოგია, მამა კანონმდებელი და სულ ვხედავდი, როგორ ზრუნავდნენ ერთმანეთზე და სხვებზეც. მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, როგორც დედა ამბობს, არცთუ ისე კარგი ხასიათით (იცინის). დედა ჩემს პაციენტებს ეუბნება: ნუცა არაჩვეულებრივი ექიმია. მართალია, ძალიან კარგი ხასიათის ვერ არის, მაგრამ ამას ყურადღებას ნუ მიაქცევთო... ყოველ საღამოს მინდა, რომ ოჯახისთვის მაქსიმალურად დავიხარჯო და ის დრო, რომელიც მოვაკელი, ავუნაზღაურო. 19, 13 და 10 წლის არიან ბავშვები. მინდა ისინი კარგი მოქალაქეები იყვნენ და თუ კარგს ვერ გააკეთებენ ქვეყნისთვის, არ ავნონ მაინც; თავიანთი პატიოსნებითა და წესიერებით დაამტკიცონ, რომ ღირსეული ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები არიან. მიუხედავად იმისა, რომ 13 და 10-წლისები არიან, ეს პატარა ადამიანები ისე მიწყობენ ხელს, ისე ცდილობენ ჩემ გვერდით იდგნენ, გაოცდებით. ზედმეტადაც კი არ მირეკავენ, იციან, რომ ბევრი საქმე მაქვს.

- საუბრის ბოლოს, რას ურჩევდით და უსურვებდით ჩვენს მკითხველს?

- შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი და იმედი არ დავკარგოთ. რეალურად რა აგდებს ხალხს პანიკაში? - ინფორმაციის სიმცირე, უცოდინრობა და გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის არარსებობა. ტელევიზიით, სოციალური ქსელების მეშვეობით თუ მუდმივად დატრიალდება, მაგალითად, ვიდეორგოლები, რა შემთხვევაში რა უნდა გააკეთო, არც "ცხელი ხაზები" გადაიტვირთება და არც კლინიკები. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, მარტო ნუცა და სოფო არ აკეთებენ ამ კარგ საქმეს, მასში მონაწილეობს ყველა ექიმი, ვინც არ ზოგავს გამოცდილებასა და დროს ხალხის დასახმარებლად. "მედგიდმა" მკაფიოდ დაგვანახვა, რომ ძალა ერთობაშია. ყველამ ჩვენი საქმე კეთილსინდისიერად რომ ვაკეთოთ, აუცილებლად კარგ სახელმწიფოს ავაშენებთ.

ნინო ჯავახიშვილი